„თეატრალური იმერეთი 2015“

„თეატრალური იმერეთი 2015“ - ფორუმი, რომელიც იმერეთს და ქართულ თეატრს სჭირდება

ლაშა ჩხარტიშვილი

უკვე მეორე წელია იმერეთის თეატრალური საზოგადოების ორგანიზებით, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქუთაისის მერიის ხელშეწყობითა და იმერეთის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი მნიშვნელოვან სათეატრო ფორუმ-ფესტივალს „თეატრალური იმერეთი 2015“ მასპინძლობს. ამ ფესტივალს დიდი ტრადიციები აქვს, რომელიც გაცილებით მასშტაბური იყო, თუმცა ამ ტრადიციების აღდგენასა და განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი იმერეთის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს ლევან როხვაძესა და მის არც თუ მრავალრიცხოვან გუნდს (მაია პაქსაშვილი და გელა ძაგნიძე) მიუძღვის. წლიდან წლამდე ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების ხარისხი, მაყურებელთა დასწრების რიცხვი და ინტერესი სათეატრო სფეროში იზრდება. ამის დასტური იყო, რომ ფესტივალი 16 000 მდე მაყურებელმა ნახა და რაოდენ სასიხარულოა, რომ მაყურებელთა შორის უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ. ფესტივალს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები: თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ირინა ღოღობერიძე, გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის ბლოკის მიმომხილველი და რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ლელა ოჩიაური, კავშირი „კულტურ“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი მაკა ვასაძე, თეატრალური ცენტრის ხელმძღვანელი თეა კახიანი, თეატრმცოდნეები თამარ კიკნაველიძე და გვანცა გულიაშვილი. აქტიურად ადევნებდნენ ფესტივალის მიმდინარეობას თვალს მესხიშვილის თეატრის მსახიობები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო მეტი მობილიზებისა და პასუხისმგებლობისაკენ ფესტივალში მონაწილე მუნიციპალური თეატრების  მსახიობებისთვის.

ფორუმს „თეატრალური იმერეთი 2015“ კონკურს-ფესტივალის  სახე აქვს, რაც თავისთავში ითვალისიწნებს ერთგვარ შეჯიბრს სათეატრო დასებს შორის. საუკეთესოების გამორჩევა კი წელსაც საგანგებოდ შერჩეულ ჟიურის დაეკისრა. ჟიურის შემადგენლობა წელს გაცილებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა და ის მთლიანად დაკომპლექტდა თეორეტიკოსებით. „თეატრალური იმერეთი 2015“ - ის მონიტორინგს ახორციელებდნენ: მწერალი და საზოგადო მოღვაწე, იმერეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მწერალთა, მეცნიერთა და ხელოვანთა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი თეიმურაზ ლანჩავა, თეატრმცოდნე და კრიტიკოსი, გადაცემა „ტელე სპექტაკლების“ ავტორი და პროდიუსერი,  საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ნერონ აბულაძე და ჟიურის ხელმძღვანელობდა ამ სტატიის ავტორი.

ბუნებრივია, ნებისმიერი ჟიურის გადაწყვეტილება ნებისმიერ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს,  რაც ლოგიკურია, ვინაიდან თეატრმცოდნეობა ჩვენში, დიდი ტრადიციების მიუხედავად, არაზუსტი მეცნიერებაა და მკვეთრად ფიქსირებული კრიტერიუმები ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. ასეთი ტიპის ფესტივალებისთვის ჟიურის წევრებს ყოველთვის მოუწევს გარკვეული ფაქტორების გათვალისწინება, ვინაიდან ერთ სიბრტყეზე, არათანაბარი რესურსებით განიხილებიან პროფესიული და ნახევრად პროფესიული, ან მთლიანად მოყვარული არტისტ-რეჟისორებით დაკომპლექტებული დასების ნამუშევრები. ერთი მხირვ, ერთ სიბრტყეზე შეჯიბრს აქვს თავისი ხიბლიც, განსაკუთრებით მოყვარულებისთვის, რომლებიც სწორებას მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით პროფესიულ თეატრებზე აკეთებენ. მონდოებული და მიზანდასახული მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები კი ცდილობენ სპექტაკლი პროფესიონალ  რეჟისორებს რამდენიმე პროფესიონალი მსახიობის მონაწილოებით დაადგმევინონ და რაც მთავარია, თავად პროფესიული თეატრები არ მოდუნდნენ, რათა ყოველთვის იყვნენ უპირატეს პოზიციაში მოყვარულ თეატრებთან. მით უმეტეს, იმის ფონზე, როცა ზოგჯერ  მუნიციპალური თეატრი მოულოდნელ ეფექტს ახდენს არა მხოლოდ მაყურებელზე, არამედ ჟიურის წევრებზეც მათი მომზადებულობის, სცენური გულწრფელობისა და ზუსტად მიგნებული მხატვრული სახეების შექმნის გამო. საკითხი პრობლემურია და განხილვისთვის მუდამ ღია, მაგრამ ეს სხვა თემაა, რადგან ჟიურის არჩევანის გაკეთება ამ მოცემულობაზე დაყრდნობით უწევს.

წელს ფესტივალზე თოთხმეტი თეატრი წარსდგა მესხიშვილის თეატრის სცენაზე მაყურებლით გადაჭედილ დარბაზში. სპექტაკლების დიდი ნაწილი თანამედროვე ქართული და კლასიკური დრამატურგიის სცენურ ინტერპრეტაციას წარმოადგენდა. ინტერესი ეროვნული დრამატურგიისადმი თეატრების მხირდან მისასალმებელია და მნიშვნელოვანიც არა მხოლოდ ქართული კლასიკური მწერლობის მემკივდრეობისა და თანამედროვე დრამატირგიის პოპულარიზაციის მიზნით, არამედ მაყურებელში მეტი ინტერესის გამოწვევისა და დასების მიერ დრამატურგიული მასალის დაძლევის, სპექტაკლში დასმული პრობლემის მაყურებლამდე უკეთ მიტანის მიზნით.  

ფესტივალი მესხიშვილის თეატრში გიორგი თავაძე-იმარინდოს მიერ დადგმული სპექტაკლით „მარწყვის ცივი ტორტი“ გაიხსნა. ალექსანდრე ქოქრაშვილის პიესა 90-იან წლებში დაიწერა და საქართველოს პოლიტიკურ სიტუაციას მეტაფორულად ასახავს, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე აქტუალური რჩება. რეჟისორი სპექტაკლის სცენოგრაფადაც მოგვევლინა და მან კოსტიუმებზე ქეთევან ციციშვილთან ერთად იმუშავა. თამაშის პირობით-გროტესკული ხერხი ამ რეჟისორის შემოქმედებისთვის ერთ-ერთ მთავარი დამახასიათებელი ფაქტორია, რომელიც მეტაფორული ენით გადმოსცემს რეალობას. ამ სპექტაკლში მნიშვნელოვანია სიზუსტე მონაწილე მსახიობებისთვის, რადგან მთელი რიგი მოძრაობა და ტექსტი მუსიკალურ აქცენტებზეა აწყობილი. რეჟისორი იყენებს თანამედროვე თეატრში მოდურ მულტიმედიურ ხერხს, ჩრდილების ხელოვნებას, რომელიც სცენოგრაფიაში ორგანულად ეწერება და საინტერესო სანახაობასთან ერთად, ეფექტურსაც ხდის. სპექტაკლში მთავარ როლებს მსახიობები: მარიკა სამანიშვილი, თენგიზ ჯავახაძე, ირინე გუბელაძე და გოჩა ნემსიწვერიძე ასრულობენ. ამ სპექტაკლს პრიზი ერთდროულად  საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისა და საუკეთესო სცენოგრაფიისთვის გადაეცა.

ვანის თეატრმა კოტე აბაშიძის რეჟისურით დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ შემოგვთავაზა, რომელშიც ადგილობრივ მსახიობებთან ერთად, მაყურებლის წინაშე მესხიშვილის თეატრის მსახიობები სოფიო ჩირაძე, მაგდა გერაძე და აბელ სოსელია წარსდგნენ. მათ შესაშური პარტნიორობა გაუწიეს სოფიო ნანაძემ, თინათინ არაბიძემ, მურთაზ პირველაშვილმა და გიგა ბუბუტეიშვილმა. კოტე აბაშიძემ დახვეწილი და კულტურული სპექტაკლი გვიჩვენა. მან კლდიაშვილის პერსონაჟები, როგორც საოჯახო ალბომის გმირები ისე გააცოცხლა და ჩვენს თანამედროვეობაში გადმოიყვანა. კლასიკური დრამატურგიის ხიბლიც სწორედ ის არის, რომ საუკუნეების წინ დასმული პრობლემები დღესაც აქტუალურია და არ ძველდება, ამიტომ კოტე აბაშიძემ ჩვენს თავლწინ ისტორიული პორტრეტები და სიტუაციები გააცოცხლა. რამდენიმე სცენა სპექტაკლში საკმაოდ აქცენტირებულია. მაგალითად, ე.წ. „ფინჯნის სცენა“. მთლიაობაში სპექტაკლმა მაყურებელზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჭიათურის თეატრის დასი, რომ ყოველთვის გამორჩეული იყო და დღემდე ასე რჩება, ეს ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლში მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსშიც“ კარგად ჩანდა. დასი სავსეა პროფესიონალი არტისტებით, ინდივიდებით, საინტერესო შემოქმდებითი პერსონებით. ჭიათურის თეატრმა ტიპაჟებით და მხატვრული სახეებით მდიდარი სპექტაკლი შემოგვთავაზა, ერთგვარი გალერეა, სადაც ყველა ტიპის ნამუშევარს წააწყდებოდით. კახა გოგიძის მიერ დადგმული სპექტაკლი ნამდვილი თეატრალური ზეიმი იყო, სიკეთით და სიცოცხლით სავსე; მდიდარი ტიპაჟებითა და ხასიათებით. სპექტაკლის რიტმი არ დუნდებოდა და სცენაზე ნამდვილი სანახაობა იყო წარმოდგენილი.

ზესტაფონის თეატრმა ტენესი უილიამსის  „ვარდის სვირინგი“ წარმოადგინა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ლიპარტიანის რეჟისურით. სპექტაკლი გამოირჩეოდა დახვეწილი მიზანსცენებით, სათეატრო კულტურითა და გემოვნებით. სპექტაკლის პირველ ნაწილში მთლიანად დაცული იყო ულიამსისეული ატმოსფერო, თუმცა მეორე ნაწილში ეს განწყობა რეალისტურ,ყოფით სივრცეში გაგრძელდა. რეჟისორის მცდელობა - ფიქსირებული ჟანრის შენარჩუნებისა, მსახიობების ნაწილმა დაარღვია. არტისტული ნამუშევრებისგან განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ მსახიობები გიორგი გლოველი და ნინო აბესაძე. სცენაზე სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ჰარმონიულად მუშაობდნენ, რაც მაყურებელს პერსონაჟების მიმართაც დადებითად განაწყობდა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა გურამ ოდიშარიას მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „დაბრუნება სოხუმში“ შემოგვთავაზა, რომელიც გაჯერებული იყო სპექტაკლის ავტორის ლალი კუბლაშვილის მიერ ჩართული ტექსტუალური კუპიურებით, რამაც ნაწარმოები დრამატურგული წყობის თვალსაზრისით დაანგრია და გახადა ცალმხირვი. კონფლიქტი ჩაქრა და სპექტაკლის გმირი პერსონაჟი ანტიგმირად იქცა. მნიშვნელოვან, პრობლემატურ და სათუთ საკითხებზე საუბარი სცენიდან დიდ ოსტატობას მოითხოვს როგორც დამდგმელის, ასევე შემსრულებელი მსახიობის მხირდან. დასმული პრობლემა ჯერ რეჟისორს, ხოლო შემდეგ შემსრულებელს გულწრფელად უნდა აღელვებდეს. სცენა ვერ იტანს სიყალბეს და ხოლო თანამედროვე თეატრი პათეტიკურობას. ვისურვებდი თეატრის ხელმძღვანელობამ კარგად შეიგრძნოს ფუნქცია და შეასრულოს მხოლოდ ის მისია, რომელიც მას აკისრია.

ფესტივალის ფარგლებში ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრში კახა ბაკურაძის მიერ დადგმული „დონ ჟუანიც“ ვიხილეთ. დასი იშვიათად წარმოადგენს მშობლიურ ქვეყანაში ამ სპექტაკლს, ისინი ხშირად არიან სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეები და ხშირად პრიზიორებიც კი. კრიტიკოსების ნაწილს დიდი ხანია აინტერესებდა ენახა წარმატებით  ევროპამოვლილი დასის ნამუშევარი. ფესტივალმა „თეატრალური იმერეთი“ ამის საშუალება მოგვცა. კახა ბაკურაძე საინტერესოდ მოგვითხრობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დღემდე პოპიულარული პერსონაჟის დონ ჟუანის თავგადდასავალს მოძრაობით, ცეკვით, იუმორითა და ირონიით, სიტყვის გარეშე.  ამ თეატრის არსებობას და შემდგომ წარმატებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული თეატრისთვის, ვინაიდან ის ერთადერთი არავერბალური თეატრია დედაქალაქის გარეთ, რომელიც წარმოადგენს კლაისკური დრამატული თეატრის ალტერნატივას.

თერჯოლის სახალხო თეატრმა თამაზ მეტრეველის ნაკლებად ცნობილი პიესა „ბზარი“ წარმოადგინა. სამწუხაროდ, სპექტაკლმა არც მაყურებელზე და არც ჟიურიზე არ დატოვა სასიამოვნო შთაბეჭდილება. ვიცნობ და მინახავს რა ამ დასის შესაძლებლობა და რესურსი, ვფიქრობ, პრობლემა დრამატურგიული მასალის არასწორ არჩევანშია. ნაკლებად აქტუალური პრობლემა, სუსტი დრამატურგიული მასალა სცენაზე პერსონაჟებს კიდე უფრო სქემატურს ხდიდა. შარშან დასმა „ბაკულას ღორები“ წარმოადგინადა „ანსამბლური სექტაკლის“ ჯილდოც დაიმსახურა, რადგან მსახიობები ქმნიდნენ საინტერესო ტიპაჟებს და ცოცხალ გმირებს სცენაზე.

საჩხერის თეატრმა რთული დრამატურგიული ქსოვილის პოემა, აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ წარმოადგინა, რომელიც გიორგი მეტონიძემ დადგა. რეჟისორი ტავად გახლავთ ინსცენირების ავტორიც და სპექტაკლის სცენოგრაფიც. მოქმედება სპექტაკლში სამ განზომილებაში ვითარდება, რასაც ემატება მულტიმედიური ხერხის გამოყენების მცდელობა, რაც თავისთავად კარგია მუნიციპალურ თეატრებში თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების ცდები, რომელიც მომავალში განვითარდება და უფრო დაიხვეწება. რეჟისორმა მოახერხა სცენაზე თეატრალური სამყაროს შექმნა ისე, რომ არ დაერღვია პოემის სტრუქტურა და ხასიათი.

წყალტუბოს თეატრმა მაყურებელს გივი გოგნიაშვილის „მეცამეტე შეხვედრა“ შესთავაზა, რომელის რეჟისორიც ვაჟა გედენიძე გახლდათ. სპექტაკლი გასული საუკუნის 90-იანი წლების საოჯახო ყოფას ასახავს. პრობლემა, რომელიც სპექტაკლშია წამოჭრილი დღეს ოდნავ აქტუალობა დაკარგულია. მხატვრული სახეები სქემატური და ერთფეროვანი იყო, რომელიც არ ვითარდებოდა, ამის გამო დაიკარგა კომუნიკაცია სცენასა და პარტერს შორის. აღსანიშნავია თინათინ პატარიძის მიერ შესრულებული ბებიას როლი, რომელიც გამოირჩეოდა გულწრფელობითა და სცენური სიმართლით.

დათო ტურაშვილის საკმაოდ აქტუალური პიესის სცენური ვერსია შემოგვთავაზა ბაღდათის სახალხო თეატრმა, რომელიც რეჟისორმა პავლე აბულაძემ დადგა. ემიგრანტების თემა საკმაოდ აქტუალურია ჩვენი საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით იმერეთის მხარისთვის, რადგან ასობით დიასახლისი სწორედ საზღვარგარეთ მუშაობს საკუთარი ოჯახების შესანახად. თითქოს კომედიის ჟანრში დაწერილი სოციალური პიესა ჩვენი ცხოვრების ტრაგიკულ რეალობას აღწერს. დადგმა გამოირჩეოდა სადადგმო კულტურით, თუმცა გარკვეული მსახიობების შესრულებას თან ახლდა პათეტიკურობა და სიყალბე, რაც უხერხულობას ქმნიდა მაყურებელში.

სერიალების და თავგადასავლების მოყვარული მაყურებლისთვის სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობსი თეატრმა თავის მაყურებელს ნამდვილი სიურპრიზი მოუმზადა. ალეხანდრო კასონას „ველური“  რეჟისორმა ვეფხია ნადირაძემ ნამდვილ თეატრალურ სერიალად აქცია, რომელიც მდიდარი იყო ჩახლართული დრამატურგიული კოლიზიებით, ერთგვარი მოულოდნელობებით, კეთილი და მოსალოდნელი ფინალით, ზღაპრული სიუჟეტით და დიდი იუმორით გაჯერებული.

ხონის თეატრმა რეჟისორ პეტრე ჩარგეიშვილის რეჟისურით აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოგვიდგინა. რეჟისორმა უპრეტენზიო, იუმორით გაჯერებული, კულტურული სპექტაკლი შემოგვთავაზა, რომელიც მდიდარი იყო ხასიათებით და დახვეწილი არტისტული ნამუშევრით. მსახიობებმა გივი პაპავამ, გოჩა რუხაძემ, თინათინ კიკალიშვილმა, თინათინ გელენიძემ და ქეთევან მაღლაკელიძემ საინტერესოდ გააცოცხლეს მე-19 საუკუნის თბილისის პერსონაჟები და ის კოლორიტი, რაც ამ პერიოდის ქართულ არისტოკრატულ ოჯახებს ჰქონდა.

“მოხუცი ჯამბაზი” წარმოადგინა ქუთაისის დამოუკიდებელმა ნიღბების თეატრმა, რომელიც რეჟისორმა დავით ჯიშკარიანმა დადგა. სპექტკლი ძირითადად ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. არაფერს ვიტყოდი გაპარულ დიალექტზე და სალიტერატურო ქართულიდან უხეშ გადახვევებზე, სპექტაკლს ბავშვებში ფსიქოლოგიური სტრესი რომ არ გამოეწვია. თეატრალური ფესტივალი იმერეთში თუნდაც ამითაც არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, რომ ფართო საზოგადოება ვერასდროს გაეცნობოდა ნიღბების თეატრის ამ ნამუშევარს, რომელიც გარდა საეჭვო და სუსტი მხატვრული ღირებულებებისა, ეყრდნობა გაურკვეველ დრამატურგიულ მასალას და სუსტ სამსახიობო ანსამბლს. დიდი თოჯინები მიკროფონით მეტყველებენ, ტექნიკურად ეს პროცესი იმდენად გაუმართავია, რომ მსახიობთა მიერ წარმოთქმული ტექსტი ფაქტობრივად არ ისმის, თუმცა არც უმიკროფონოდ მოსაუბრე მსახიობთა ტექსტია გამართული და დახვეწილი. ინტონაცია დაუდგენელი და შესრულების მანერა დეკლამატიური, რომელიც შორს არის გულწრფელობისგან.

დავთ კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ წარმოადგინა ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა ირინე ჩხეიძის რეჟისურით. მართას როლში თავად რეჟისორი მოგვევლინა, რომელმაც გმირს დარბაისლური იმერლობა და კოლორიტი არ დაუკარგა. ხარაგაულის თეატრა კოლორიტული, ამბიციების და პოზების გარეშე შემოგვთავაზა სანახაობა, რომელიც ერთდროულად ეხმიანებოდა ისტორიულ ყოფას და ჩვენს თანამედროვეობას. აშკარად ჩანდა დასის დიდი მონდომება და სწრაფვა პროფესიონალიზმისკენ.

მთლიანობაში, ჟიურიმ პრიზები შემდეგნაირად გადანაწილა:

ჟიურის სპეციალური პრიზები

ნომინაციაში- თანამედროვე ქართული მწერლობის მხარდაჭერისათვის სათეატრო სივრცეში – სპექტაკლისთვის „დაბრუნება სოხუმში“ დაჯილდოვდა  ტყიბულის  მუნიციპალიტეტის თეატრი;

ბებიას როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის სპექტაკლში ,,ბზარი“ პრიზი გადაეცა  თერჯოლის სახალხო თეატრის მსახიობს თინათინ პატარიძეს; 

ნომინაციაში -მაყურებლის სიმპათია - დაჯილდოვდა წყალტუბოს სახალხო თეატრი სპექტაკლისათვის „მეცამეტე შეხვედრა“;

ნომინაციაში - საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისათვის პრიზიორი გახდა სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის დრამატულ თეატრს სპექტაკლისათვის „ველური“.

 

ჟიურის ფავორიტი სპექტაკლები:

ნომინაციაში- ანსამბლური სპექტაკლი;  ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს სპექტაკლისათვის ,,დარისპანის გასაჭირი,, 

ნომინაციაში- თანამედროვე ქართული დრამატურგიის მხარდაჭერისა და პოპულარიზაციისთვის; ბაღდათის სახალხო თეატრს სპექტაკლსტვის ,,დოდოს მოლოდინში,,

ნომინაციაში- ქართული კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის; ხონის კულტურის ცენტრის სახალხო თეატრს სპექტაკლისტვის ,,ბუტიაობა,, 

ნომინაციაში- ჟიურის ფავორიტი სპექტაკლი; ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის ,, დარისპანის გასაჭირი,,

 

ჟიურის მთავარი პრიზები:

ნომინაციაში -საუკეთესო ქორეოგრაფიული გადაწყვეტა; ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრს  სპექტაკლისთვის ,,დონჟუანი,,

ნომინაციაში- მამაკაცის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს; საჩხერის სახალხო თეატრის მსახიობს გოჩა ლურსმანაშვილს 

ნომინაციაში- მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის; ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობს  ამირან ნასყიდაშვილს

ნომინაციაში-მამაკაცის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის; ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს გიორგი გლოველს 

 ნომინაციაში- ქალის როლის საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელს; ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობს – ნინო აბესაძეს

ნომინაციაში - ქალის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის; ვანის სახალხო თეატრისა და ქუთაისის ახალგაზრდულ თეატრის მსახიობს სოფიო ჩირაძეს მართასა და დონა ანას როლების შექმნისთვის 

ნომინაციაში-საუკეთესო სცენოგრაფიული გადაწყვეტისათვის; გიორგი თავაძეს და ქეთევან ციციშვილს სპექტაკლისათვის ,,მარწყვის ცივი ტორტი“

ნომინაციაში- საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის; რეჟისორს გიორგი თავაძეს სპექტაკლისთვის „მარწყვის ცივი ტორტი“

ნომინაციაში –ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლისათვის; ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრს სპექტაკლისთვის „მუსისი“.

 

ფესტივალი „თეატრალური იმერეთი 2015“ მომავალ წლამდ დაგვემშივოდბა იმ იმედით, რომ მომავალში ფესტივალზე წარმოდგენილი სპექტაკლების ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება და ფორუმი ნამდვილ სათეატრო დღესასწაულად გადაიქცევა. ამ პროცესის ნიშნები წელსაც კარგად გამოიკვეთა, რაც მაყურებელთა და სპეციალისტთა ინტერესში გამოიხატა პირველ ყოვლისა.