თეატრი და covid – 19
ელენე შალუტაშვილი
თეატრი და covid – 19
იმხელა პასუხისმგებლობა, როგორიც 21-ე საუკუნის თეატრს აკისრია, ვფიქრობ, ხელოვნების არც ერთ დარგს არც ერთ საუკუნეში არ ჰქონია. გარდა იმისა, რომ ტექნოლოგიურად განვითარებულ სამყაროში თეატრი ,,აქ და ახლა” ყოფნის საუკეთესო სივრცედ იქცა, მან თავისდაუნებურად ტაძრის ფუნქციაც აითვისა. უდიდესი კომპოზიტორისა და პუბლიცისტის - რიხარდ ვაგნერის თქმით - დადგებოდა დრო, როდესაც რელიგია ხელოვნებით ჩანაცვლდებოდა. ვფიქრობ, ვაგნერის წინასწარმეტყველება სწორედ ჩვენ დროში ახდა, როდესაც ,,მებრძოლი ათეიზმი” შემოქმედებით ფანატიზმად გარდაისახა. თუ ტაძარი არის სივრცე, სადაც ერთ გუმბათქვეშ ათობით, ასობით ან კიდევ ათასობით ადამიანი ეძებს ღმერთს, ანუ სიცოცხლის მარადიულ ჯაჭვს, თეატრში მისი ალტერნატივის ძიება მიმდინარეობს. ღვთის ალტერნატივაში კი იგულისხმება ყველაფერი, რაც იმედის ნაპერწკალს აღვივებს - კეთილსინდისიერება, სიყვარული, დემოკრატია, უზენაესი სამართალი, ლიბერალური ღირებულებები, სოციალური თანასწორობა, ჰუმანიზმი, ან თუნდაც ,,გოდო”.
თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძე წერს: ,,თეატრის ქმნილება - სპექტაკლი მხოლოდ ერთ საღამოს ცოცხლობს. განმეორებისას - ისევ მხოლოდ ერთ საღამოს! არაა დიდი დრო, მაგრამ რამდენს იტევს იგი? - მოიცავს ხელოვნების ყველა სახეობას: ლიტერატურას, მხატვრობას, მუსიკას, ქორეოგრაფიას, სცენაზე მათი განხორციელებისთვის აუცილებელ და განსხვავებულ ტექნიკურ საშუალებებს, მსახიობისა და რეჟისორის შემოქმედებას, მაყურებელს, სცენასა და მაყურებელთა დარბაზს შორის ცოცხალ კონტაქტს და კიდევ მრავალ სხვას, ჯერაც ამოუხსნელს...”. Covid-19 -ის პანდემიის ,,წყალობით” ინტერნეტ სივრცეში არაერთი პროექტი განხორციელდა, რომელთა მიზანი ჟამიანობის პერიოდში თეატრის სხვადასხვა ფუნქციის ათვისება იყო. ამის შედეგად მართალია არა უშუალო, თუმცა ძალიან სასარგებლო და ბევრი ახალგაზრდისთვის (მათ შორის ჩემთვის) საოცნებო კონტაქტები დამყარდა. დაიწყო ,,პიესების ონლაინ კითხვა”, ჩაწერილი სპექტაკლების ონლაინ სივრცეში გაშვება, შეხვედრები ქართველ შემოქმედებთან, ანუ ,,შექსპირი თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში” და სამეფო უბნის თეატრის Instagram Live-ები. Live stream-ით გავიდა ტელე-ეკრანებზე რობერტ სტურუას ,,თამაშის დასასრული”, ხოლო სამეფო უბნის თეატრმა და თემურ ჩხეიძის სახელოსნომ ორიგინალური ხერხი იპოვეს მოექციათ მაყურებელი ერთ დროსა და სივრცეში და განხორციელდა პროექტი ,,იქ დრამაა”. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ზემოხსენებულ სპექტაკლებს აკლდათ თეატრალური სპექტაკლის უმთავრესი ფენომენი: ცოცხლი კონტაქტი სცენასა და მაყურებელს შორის და რაც მთავარია ,,კიდევ მრავალი სხვა, ჯერაც ამოუხსნელი...”.
აღსანიშნავია, რომ დრამატული სპექტაკლის უმთავრესი თვისებაა, ერთ დროსა და სივრცეში იარსებოს მაყურებელთან ერთად. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შემოქმედებითმა ჯგუფებმა თავდაუზოგავი შრომით მოახერხეს ერთ დროში, თუმცა აბსტრაქტულ - ინტერნეტ სივრცეში შეეყვანათ მაყურებელი. პროექტი ,,იქ დრამაა” სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ კარჩაკეტილი არტისტები და მაყურებელი პირისპირ დაეყენებინათ და რეალურ სივრცეში ერთად მოექციათ.
საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ცოცხალი კონტაქტი და ,,კიდევ მრავალი სხვა, ჯერაც ამოუხსნელი”, რაც ცალსახად თეატრის ძალიან მნიშვნელოვანი (ჩვენ დროში კი უმთავრესი) კომპონენტია, Covid -19 - ის პანდემიის დროს შეუძლებელი იყო შემდგარიყო. რატომ არის თეატრის კარის ამდენთვიანი ჩაკეტვა ბევრად უფრო დიდი დანაკარგი მაყურებლისთვის, ვიდრე ეს ქოლერისა და ,,ისპანკის” ეპიდემიების დროს იყო? რატომ შეიძინა თეატრმა ტაძრის ფუნქცია და რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც დღეს? რატომ უნდა დარჩეს დღეს შექმნილი ყველა ონლაინ პროექტის ფორმა (და არა შინაარსი) პანდემიას და რატომ უნდა გაიხსნას თეატრის კარი რაც შეიძლება მალე? ყოველი პროექტი დროსა და სივრცეში ერთიანად თუ არა, სივრცეში მაინც იყო გაყინული (გავიმეორებ, რომ ონლაინ სივრცე აბსტრაქტულია). შესაბამისად ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმ ენერგეტიკული ველის შექმნა, რომლის გარეშეც თეატრი არ არსებობს. ლიტურგიული დრამა, როგორც თეატრის ერთ-ერთი მიმდინარეობა, მას ტაძრის ფუნქციას უქმნიდა: ერთ დროსა და სივრცეში ენერგეტიკული (უხილავი) ველის წყალობით მრევლს აქცევდა წირვა-ლოცვის ნაწილად. ეს ბუნების კანონის გამოღვიძებაა ადამიანის შემოქმედებაში, რომელიც ცალსახად გულისხმობს, რომ ყველა ადამიანი ერთი დიდი მთლიანიბის - სამყაროს ნაწილია. სწორედ ასე აქცევს სპექტაკლი მაყურებელს ერთი მთლიანი მიკრო სამყაროს ანუ თეატრის ცოცხალ ნაწილად.
დღესდღეობით ყოველი ფსიქოთერაპია იწყება შემდეგი წინადადებით: ,,ნაკლები დრო ინტერნეტთან”. თავად ინტერნეტ სივრცეა გავსებული შემდეგი წინადადებებით: ,,Social media seriously harms your mental health”. დღევანდელობაში, როდესაც ფიზიკის კანონები ირღვევა, დრო აჩქარებულია, ხოლო ენერგიის მუდმივობა სამყაროს აღარ ემორჩილება და ჩვენი მაცოცხლებელი ძალის - ენერგიის პატარა ნაწილაკები სადღაც იკარგება, მხოლოდ ტაძრად ქცეულ თეატრში შეგვიძლია ვიპოვოთ ხსნა აბსტრაქტული სამყაროსგან და ვიყოთ ,,აქ და ახლა”, ერთი დროისა და სივრცის ნაწილები. სწორედ თეატრშია დღეს შესაძლებელი სიცოცხლის მარადიული ჯაჭვის გაბმა, რის გამოც ,,იქ მარადისობაა”. და გზამ, რომელზეც ახლა ვდგავართ, თუ ტაძრამდე არა იქნებ თეატრამდე მაინც მიგვიყვანოს.