თეატრი კარანტინში

გიორგი ყაჯრიშვილი

თეატრი კარანტინში

 

წლევანდელი გაზაფხული უჩვეულო აღმოჩნდა ქართული თეატრისთვის - ამბობენ რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების მიერ დაკავებულ პარიზშიც კი არ დახურულა  თეატრები.

პანდემიის პირველმა  დღეებმა ისე დაძაბა გარემო, რომ შემოქმედ ადამიანთა თითქმის ყველა თაობის (არა მხოლოდ სარისკო ჯგუფების)  წარმომადგენლებს საერთოდ დაავიწყდათ რა იყო სპექტაკლი. იძულებით იზოლაციაში მოხვედრილ სათეატრო დასებს (და მოგეხსენებათ თუ რა ოდენობის ადამიანთა არეალია ეს) მხოლოდ ერთი საზრუნავი გაუჩნდათ: ხელის სისტემატიური დეზინფექცია, პირბადის შოვნა-შეძენა და აუცილებელი პროდუქტების მომარაგება: მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მახსენდებოდა ალბერ კამიუს „შავი ჭირი“ და ექიმი რიე (გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძე ერთად!). მიუხედავად იმისა, რომ კამიუს სპეციალისტები თვლიან, რომ ქალაქს მოდებული შავი ჭირში ავტორი ფაშიზმის გულისხმობდა, მასში აღწერილი კარანტინის შემცველი მომენტების ძალიან ჩამოაგავდა იმას, რასაც ჩვენ მარტსა და აპრილში განვიცდიდით თუ ვნახულობდით: დაცარიელებული ქალაქები, კანტი-კუნტად მოსიარულე ადამიანები, მხოლოდ უპატრონო ძაღლები ქუჩაში და სახლში ჩამწყვდეული საქართველოს მოსახლეობა. ეს ერთგვარი „თეატრიც“ იყო, ტრაგიკული „სანახაობა“  იმ განსხვავებით, რომ თეატრის მოყვარულიც და არამოყვარული ყველა მაყურებელად იქცა, რომლებიც  სახლებში იყვნენ გამოკეტილი და გარესამყაროსთან  მხოლოდ საინფორმაციო სამსახურებით თუ ურთიერთობდნენ.

საგანგებო მდგომარეობაც დამთავრდა, კარანტიც და კომენდანტის საათიც მოიხსნა, მაგრამ თეატრს ჯერ არაფერი ეშველა: მისი მაყურებლისგან „იზოლაცია“ დიდხანს გაგრძელდა და ნაწილობრივ ისევ გრძელდება: თეატრალურმა ხელოვნებამ კონკრეტულად და მთლიანად კულტურამ დიდი ზიანი მიიღო (აქ არა მხოლოდ ფინანსურზეა საუბარი) არამედ ფსიქოლოგიური - აქა იქ გაჩნდა კითხვები, რომელსაც მხოლოდ საკუთრ თავს თუ გაუბედავ  - საჭიროა თუ არა სახელმწიფისთვის თეატრი და მსახიობი (რეჟისორი მითუმეტეს),  თუ მხოლოდ მაშინ გვჭირდება ისინი, როცა გველხინება? გასაგებია, რომ თეატრი და ზოგადად სანახაობრივი დაწესებულება მრავალხალხიან შეკრებას გულისხმობს და ვირუსის გავრცელების საფრთხეც რეალურია, მაგრამ არსებობენ ადამიანები, პირველ რიგში პროფესიონალი მსახიობები და რეჟისორები, რომელთაც საკუთარი პროფესიის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ და  სამსახურის  გარეშე პანდემიურ სტრესს ფსიქოლოგიური სტრესიც ემატება. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ, სწორედ თეატარის დარბაზში სალაროში გამოწერილი ბილეთების (მაგ. მხოლოდ ლუწი ან კენტი ადგილებით, მხოლოდ  7 ბილეთი რიგში) მეშვეობით შესაძლებელია დისტანციის დაცვაც და ვირუსის გავრცელების თავიდან აცილებაც.

გამოცხადებული რეგულაციებით თუ ვიმსჯელებთ, (რითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავლაში თეატრებმა),  მისი  ავტორები ისე შორს არიან თეატრალური პროცესებისგან (რეპეტიციები, კოსტუმის მორგება-ჩაცმა, გრიმის გაკეთება და თვით სპექტაკლის მიმდინარეობა თუ მართვა), როგორც ჩვენ, თეატრის სპეციალისტები ვირუსის აღმოჩენის და მისი მკურნალობის პროცესებისგან. სამი სააათი, ზაფხულში (უკონდიციონერო) მაყურებელთა დარბაზში ერთი ანტრაქტით სპექტაკლის ცქერა მართლაც  რომ  ძნელი გასაძლები  იქნება. ან რას უნდა ნიშნავდეს მხოლოდ 10 მსახიობის რეპეტიცია და რა ვუყოთ სიმფონიურ ორკესტრებს, გუნდსა თუ კორდებალეტს?

სამწუხარო ფაქტია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება თეატრალური სეზონის შუა პერიოდს დაემთხვა, რის გამოც შეჩერდა მთელი რიგი სპექტაკლების მზადების პროცესი. ასე მაგალითად: ვ. აბაშიძის სახ. მუსიკისა და დრამის თეატრში ა. ჩეხოვის პიესის „თოლია“ (რეჟისორი დ. დოიაშვილი), ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ფრენსის გუდრიჩის და ალბერტ ჰაკეთის  „ანა ფრანკის დღიურის“ (რეჟისორი ნ. ხუსკივაძე), ნ. ხარატიშვილი პიესის  „კოლონია“ (რეჟისორი ნ. ბურდული) საპრემიერო მზადება ილიაუნის თეატრში და სხვა მრავალი, რომელზედაც საქართველოს თითქმის მთელი თეატრები მუშაობდნენ და რაოდენ სავალალოც არ უნდა იყოს, მაშინ როდესაც თეატრების დასები შენობაში შესვლის ნებართვას მიიღებენ, ყველა ეს სამუშაო თავიდან იქნება ჩასატარებელი.

რუსთაველის თეატრმა კი მოასწო ახალი სპექტაკლის - ს.  ბეკეტის „თამაშის დასასრული“ (რეჟისორი რ. სტურუა) და თეატრის მონატრებულ მაყურებელს პანდემიის აკრძალვათა მოხსნის მესამე ეტაპის პერიოდში ამ სპექტაკლის  ვიდეოტრანსლიაცია შესთავაზა ტელევიზია „იმედის“ დახმარებით.

ძალიან სერიოზული დარტყმა მიიღო თეატრალურმა ფესტივალებმაც: დღემდე გაურკვეველია ჩატარდება თუ არა ის ფესტივალები, რომელებიც შემოდგომაზე იმართებოდა. რაც შეეხება ზაფხულში გამართულ ფესტივალებს ისინი გადატანილ იქნა, (იმერეთის თეატრალური ფესტივალი, რეგიონული თეატრების ფესტივალი) ზოგიერთი კი ამ წელს საერთოდ გაუქმდა (გორის გ. ერისთავის სახ. კომედიის ფესტივალი, წინანდლის მუსიკალური ფესტივალი). ფესტივალი „საჩუქარის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ქეთი დოლიძემ უარი განაცხადა 2020 წლის ფესტივალის ჩატარებაზე და საქართველოს მთავრობას თხოვნით მომართა, რომ ფესტივალის ამ წლის დაფინანსება სრულად ჩაირიცხოს ფონდში, რომელიც პანდემიის დასამარცხებლად შეიქმნა. ზემოთ დასახელებული ფესტივალების სამხატვრო ხელმძღვანელები და დირექტორები (ნ. ჭანკვეტაძე/მ. ხუხია,  მ. პაქსაშვილი/ როყვაძე, ეკა მაზმიშვილი) ჯერ კიდევ ძიებაში არიან თუ როგორი ფორმითა და როდის ჩატარდეს ეს ფესტივალები.  ასევე  მცირე ფორმით ჩატარდება „მარტვილის კამერიტა“ (შ. არახამია, ბ.ბაგრატიონ-გრუზინსკი). ჯერ კიდევ უცნობია რა ბედი ეწევა ჯაზ-ფესტივალს, ელისო ვირსალაძის თელავის მუსიკალურ ფესტივალს, თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალ „პრომეთეს“ (დირექტორები: ნ. ანჯაფარიძე, გ. ჩხეიძე) იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ კულტურის სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოეჭრა 40.3 მილიონი ლარი.

კულტურა რომ  განათლების სამინისროს  ამ „ქვესამინისტროს“ ზრუნვის საგანი უნდა ყოფილიყო ცხადზე უცხადესია, თუმცა სინამდვილეში ასე სულაც არაა. ჯერ იყო და გამოცხადებული კონკურსის ვადები უცბად შემცირდა და სასწრაფო წესით კონკურსის შედეგებიც გამოცხადდა, თუმცა მასში 70% ის თეატრები დაფინანსდა, რომლებიც სამინისტროს ბენეფიციანტები იყვნენ და რომელთა ბიუჯეტის ისედაც  ხელუხლებელი დარჩა. გამარჯვებული 19  პროექტებიდან  მხოლოდ  7 რეგიონულმა თეატრმა მიიღო დაფინანსება და ამ ცხრამეტიდან მხოლოდ 6 პროექტია სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი თეატრების (მათ შორის ერთი-  „თავისუფალი“  კერძო თეატრის). რეზო გაბრიძის დიდი პატივისცემის მიუხედავად ჩემთვის ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა - „სპექტაკლის „ალფრედი და ვიოლეტა“ სადადგმო ხარჯებით ხელშეწყობა“ - სპექტაკლის, რომელიც თუ არ ვცდები თეატრის დაარსებიდან რეპერტუარშია. ზოგადად წარმოდგენილ პროექტების რეპერტუარს თუ შეხედავ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ ისინი ამ გლობალური პანდემიის წინა პერიოდშია დაწრილი და თითქოს მსოფლიოში არც არაფერი მომხდარა. რასაკვირველია პიესების ჩამონათვალის მიხედვით ძნელია იმსჯელო იმაზე, თუ როგორ აისახება გაზაფხულში განვითარებული (საგანგებო მდგომარეობის) მოვლენები წარმოდგენებში, თუმცა ერთი ცხადია, ამ პროექტების მიხედვით „მოსალოდნელი“ ახალი თეატრალური ფორმების დაბადებასთან აშკარად არ გვექნება საქმე.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილი მხოლოდ რუსთავის თეატრმა აირჩია პიესა, რომელიც რაღაცით პანდემიასა და კარანტინს უკავშირდება, რომლის შექმნაზეც რეჟისორი სოსო ნემსაძე მუშაობს.

ყველაზე მთავარი საკითხი კი, რაც ამ სტატიის დაწერის მიზანი გახდა ესაა როგორი იქნება ახალი თეატრი - თეატრი, რომელთა შემოქმედებითი კოლექტივების იძულებითი წესით მთავრობას  სახლში გამოკეტვა მოუწია.  

დღეისათვის უკვე რამოდენიმე ახალგაზრდა „კრეატიულმა“ რეჟისორმა უკვე განახორციელა ახალი პროექტი: ესაა პირველ რიგში „სამეფო უბანის“ თეატრის და თემურ ჩხეიძის სახელოსნოს ერთობლივი ნამუშევარი  „იქ დრამაა“ (ავტორები: თემო რეხვიაშვილი, დავით ხორბალაძე, ვალერი ოთხოზორია, ანა სანაია, ალექსანდრე გოგოლაძე & თაკო შუკაკიძე), სადაც მინის კარს მიღმა სამი მსახიობი (მაგდა ლებანიძე, ქეთა შათირიშვილი, სოსო ხვედელიძე) 9 საათის განმავლობაში თითქმის უმოძრაოდ კითხულობდნენ სხვადასხვა ტექსტებს, მაყურებელი კი ქუჩიდან აკვირდებოდა ამ მართლაც რომ ხანგრძლივ მარათონს. და გ. მაცხონაშვილ-შევარდნაძის სპექტაკლი „ელექტრას ომი“ ნ. ხარატიშვილის  პიესის მიხედვით, რომელიც 17-18 ივლისს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის თეატრის წინ გაიმართება.

მოლოდინი იმისა, რომ სულ მალე ახალ თეატრალური ფორმებს  ვიხილავთ დიდია, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მომავლის სურათი, სამინისტროს დაფინანსებულ სპექტაკლების ჩამონათვალის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება. ნეტავ  ვცდებოდე  და „ზოგი ჭირი მარგებელიას“ იმედით მოუთმენლად ველი ამ სეზონის დასრულებას თუ არა, ახალი სეზონის ნორმალურად დაწყებას.