გაწირული, თავდადებული, ჩუმი გმირები

მაკა ვასაძე,
თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი,  კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის წევრი

გაწირული, თავდადებული, ჩუმი გმირები
ფიქრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის ქართული სახელმწიფო თეატრზე


ჩემი ბავშვობის მეგობარი (ხათუნა-ანა ჭელიძე) ხშირად ამბობს ხოლმე: `ეს ცხოვრება სიმბოლოებით გველაპარაკება~... შეიძლება ითქვას, რომ მისი `საყვარელი გამონათქვამი~, ჩვენი `შეწირულთა თაობის~ (1960-იანების შუაწლებში საქართველოში დაბადებულები), უფრო კონკრეტულად, ჩვენი ამქვეყნად  დარჩენილი სამეგობროს ცხოვრების თანამდევ `რეფრენად~ იქცა. თავისუფლება _ `ძვირად ღირებული~ _ ცნებაა. ჩვენ კი, ღვთის მიერ ბოძებული ყველაზე ძვირფასი, სიცოცხლის ფასი გადავიხადეთ საქართველოს და ჩვენი მომავლის (შთამომავლობის) თავისუფლებისთვის. გადავიხადეთ ისე, რომ კითხვაც კი არ გაგვჩენია, საყვედურიც კი არ გვითქვამს მამებისთვის... ღირდა? დღესაც, იმისდამიუხედავად, რომ `რომანტიკოს შეწირულთა~ სამეგობროს მამაკაცთა სქესის უმრავლესობა, კონკრეტული უძვირფასესი ადამიანები, იმქვეყნიურ საქართველოში, ამქვეყნად დარჩენილებს გველოდებიან, ეჭვგარეშე, უყოყმანოდ გავიმეორებ: რა თქმა უნდა, ღირდა... ჩვენი შვილების, შვილიშვილების, შვილთაშვილების, ჩვენი მომავლის, საქართველოს თავისუფლებისთვის – ღირდა! 
თანამედროვე სათეატრო სამყაროში, უკვე სახელგანთქმული ქართველი დრამატურგი თამარ ბართაია (მისი პიესები მრავალ ენაზეა თარგმნილი და დადგმული სხვადასხვა ქვეყანაში), `რომანტიკოს შეწირულთა~ თაობის წარმომადგენელი და ჩემი მეგობარია. 24 ოქტომბრის დილას, სამსახურში მიმავალს, სწორედ მან დამირეკა და მითხრა - მაკა, ჰერეთში, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოში არსებულ ქართულ თეატრში, ჩემი პიესა _ `მუყაოს სახლები~ _ დაუდგამთ. ხვალ პრემიერაა, წამოხვალო? ნიკა წულუკიძეც (ჩემი უმცროსი მეგობარი-კოლეგა, უკეთილშობილესი ადამიანი) მოდისო. უამრავი საქმის მიუხედავად, უყოყმანოდ დავთანხმდი. ჰერეთისკენ, დილის 7 საათზე გავემგზავრეთ: თამარ ბართაია, ნიკოლოზ წულუკიძე, ფოლკლორისტი დავით გაგოშიძე (ნიკას მეგობარი) და თქვენი `მონა-მორჩილი~.
საზღვარზე გადასულებს: აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის ქართული სახელმწიფო თეატრის სადადგმო ნაწილის გამგე _ კოტე ბარიხაშვილი და `მუყაოს სახლის~ რეჟისორი _ ნაილი თოფალაშვილი შემოგვეგებნენ. ბატონი კოტეს, მისალმების შემდეგმა, პირველივე სიტყვებმა: თქვენ ისე იქცევით, მალე აფხაზეთიც ჩვენნაირად (ჰერეთი) აღარ გეხსომებათო, გული მომიწურეს. ქალბატონმა ნაილიმ კი მანქანაში გეგმა გაგვაცნო: მოგატარებთ კახის რაიონს, გაჩვენებთ, როგორ ვცხოვრობთ, რა გაკეთდა, 2 საათზე `იავნანამ რა ჰქმნას~, ხოლო 4-ზე `მუყაოს სახლს~ გაჩვენებთო. 11-დან 2 საათამდე, ვეცნობოდით ჰერეთის ულამაზეს მხარეს, გვაჩვენეს ქუმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (აქ, ადგილობრივი ქართველები, გიორგობას, 23 ნოემბერს ადიან მოსალოცად) და ორი აღდგენილი, ამჟამად მოქმედი, წმინდა ნიკოლოზის და წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი (ორივეს ერთი მღვდელი ემსახურება). ალიბეგლოში ჩასულებს, კულტურის ნახევრად დანგრეულ სახლში, `ქართული თეატრი~ მთელი შემადგენლობით (და არა მარტო თეატრის წარმომადგენლები) დაგვხვდა. იქ, ხანში შესულმა პენსიაზე გასულმა რეჟისორმა მითხრა: გაგახსენდითო? თვალზე ცრემლმორეულმა, უჩუმრად მეორე `დარტყმაც~ მივიღე...
დაიწყო პირველი წარმოდგენა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.Lრეჟისორმა ლერი შიოშვილმა იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოების მოკლე, კომპაქტური, ყოვლისმთქმელი ინსცენირება თავად გააკეთა და სპექტაკლი მუსიკალურადაც გააფორმა. ციური ემრაშვილმა კი `არაფრისგან~, მინიშნებებით შექმნა პერსონაჟი-მსახიობებისთვის სათამაშო გარემო. ორი ფარდა (ე. წ. `ზადნიკი~) ზურაბ ქართველაძის და ნაიბის სამოსახლოს აღმნიშვნელია, მაგდანის სავარძელთან წნულში ჩადებული საქსოვი, თეთრი ჩამოშვებული, ფერადი ლენტებით გაფორმებული ნაჭერი, ცისარტყელიანი ცის ასოციაციას იწვევს, ტაბლა-მაგიდა... სულ ესაა სპექტაკლის დეკორაცია-რეკვიზიტი. უფროსებთან _ ბესარიონ ჭაჭაშვილი, ვაჟა ანდრიაშვილი, ნონა ჭაჭაშვილი, ვიტალი სუყაშვილი, ლაშა ასლამაზიშვილი, ბიჭიკო შიოშვილი, მაყვალა ემრაშვილი _ ერთად სპექტაკლში პატარა ბავშვები და ყმაწვილებიც მონაწილეობენ: ანანო ანდრიაშვილი, თამარ მალუმაშვილი, ბერიკები: ანა ბარიხაშვილი, აჩიკო ჟანაშვილი, ირაკლი ასლამაზიშვილი. თეატრს სულ 12 მსახიობი ჰყავს შტატში და გასაკვირი არაა, რომ ხელმძღვანელობა ბავშვებს იწვევს ხოლმე სათამაშოდ (ისინი კახის ფოლკლორულ ანსამბლ `ფესვების~ წევრები არიან). წარმოდგენას კახის რაიონის გამგეობის და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. წარმოდგენის დასასრულს ყველას (აზერბაიჯანელს, ქართველს, ლეკს) ცრემლი გვედგა თვალზე. იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოები ხომ იმიტომაცაა დიდი ლიტერატურა, რომ კონკრეტული ამბის განზოგადება, ინტერპრეტაცია ნებისმიერი ხალხის, ქვეყნის წარმომადგენელს შეუძლია.
მცირეხნიანი შესვენების შემდეგ, თამარ ბართაიას პიესის ნაილი თოფალაშვილის იტერპრეტირებული, თანამედროვე ხერხებით გადაწყვეტილი, სარეჟისორო ნამუშევარი ვნახეთ. პიესაც და დადგმაც კომიკური ელემენტებით გაჯერებული, ჩვენი თანამედროვე ყოფის ამსახველი დრამაა (ახლა ასე მოდური ე. წ. `სოციალური თემატიკის შემცველიც). აქაც, უქონლობის გამო, ციური ემრაშვილმა არაფრისგან შექმნა წარმოდგენაში გათამაშებული ამბის ინტერიერი: რბილი ტახტი, სავარძელი, მაგიდა, რამდენიმე სკამი, ტელივიზორი, არხების დამჭერი მოწყობილობა, ტელევიზორის პულტი. ვიტალი სუყაშვილმა (`იავნანაში~ ისმაილი _ ერთ-ერთი გამტაცებელი ლეკი) კი დადგმა მუსიკალურად გააფორმა. ორ წყვილსა და მღვდელს: რაული ბარიხაშვილი, ნინო ბარიხაშვილი, ზურაბ ჭაჭაშვილი, ნინო ბარიხაშვილი (შეცდომა არაა) და ბესარიონ ჭაჭაშვილი ასახიერებენ. სპექტაკლების შემდეგ, კახის რაიონში არსებულმა ქართული ხალხური ფოლკლორული ანსამბლის _ `ფესვების~ _ ახალგაზრდა წევრებმა სახელდახელო კონცერტიც გაგვიმართეს. ასეთი ქართველები არ მოგვიშალოს ღმერთმა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკა დიდად უწყობს ხელს თეატრს. 1985 წ. დაარსებულ, ილია ჭავჭავაძის სახელობის სახალხო თეატრს,  2004 წ. სახელმწიფო სტატუსი მიანიჭეს. დღეს დირექტორის _ ზიტა ხალილოვას ძალისხმევით,  მსახიობებს, ორ რეჟისორს და 2-3 ადმინისტრაციაში მომუშავეს ხელფასებიც დაუნიშნეს... მაგრამ.... უჭირთ, ძალიან უჭირთ ჩვენგან მოწყვეტილებს, 500-ზე მეტი ქართული ოჯახი ცხოვრობს, საუკეთესო ქართულით მეტყველებენ... უყვართ ერთმანეთი და პატივსსცემენ ერთმანეთს. და, ვუყვარვართ ჩვენ... დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა... რატომ დაგვივიწყეთო, მოხუცმა რეჟისორმა მკითხა... რომ ვბრუნდებოდით, ქალბატონები და ბავშვები (არაჩვეულებრივები: ლამაზები, ნიჭიერები, ჭკვიანები...) გვეკითხებოდნენ: ხომ ჩამოხვალთ, ხომ აღარ მიგვატოვებთო... 
საქართველოს სათეატრო საზოგადოება (და არა მარტო) ალიბეგლოს ქართულ თეატრს აუცილებლად გვერდით უნდა დავუდქეთ და ის საბედისწერო შეცდომა აღარ გავიმეოროთ, რაც ერთხელ უკვე მოხდა... 
ჰერეთში, კახის რაიონში წლების წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის (`ბოროტების იმპერიის~) ერთ-ერთი რესპუბლიკა რომ გვერქვა საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც, ქართული დასი ერთმა თავდადებულმა და თეატრით მაცხოვრებელმა, თეატრის დანიშნულების კარგად გამაცნობიერებელმა ქართველმა - ბატონმა ანზორ დოლენჯაშვილმა შექმნა. შემდეგ `მოღალატე~, მხოლოდ საკუთარ კუჭზე მზრუნველმა ქართველებმა თუ აზერბაიჯანელებმა, ისე ქნეს, რომ ეს კაცი ციხეში აღმოჩნდა. დღეს იგი ინვალიდია, ოჯახთან ერთად ეკონომიურ სიდუხჭირეში, საქართველოში ცხოვრობს. იშვიათად, აქა-იქ ვიღაცას გაახსენდება ხოლმე... 
ამქვეყნად, სასწაულები ხდება... ჩემი უმცროსი კოლეგის, ნიკა წულუკიძის სოციალურ ქსელში, დაბრუნებისთანავე გამოქვეყნებულმა მოწოდებამ ნაყოფი გამოიღო. მთელი საქართველოს თეატრები ჰერეთის ქართული სახელმწიფო დრამატული თეატრის დასახმარებლად `ფეხზე დადგა~. ისინი მზად არიან დაეხმარონ კოსტიუმებით, რეკვიზიტით, სხვადასხვა საჭირო ნივთით. ჩავიდნენ საგასტროლოდ, აქეთ ჩამოიყვანონ და ათამაშონ სპექტაკლები (ჩემდაუნებურად 9 აპრილის ტრაგიკული ღამის წინა პერიოდის განწყობა გამახსენდა. მაშინ საქართველოს მოსახლეობას ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი... და ერთ მუშტად ვიყავით შეკრულები). მთავარია, ყველაფერი ეს სამთავრობო, სახელმწიფო, სამინისტროების დონეზე გაკეთდეს. ვინაიდან დღეს, ჩვენ ამიერკავკასიის ორი, მართალია, ძმური, მეგობრული, მაგრამ დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვართ და საზღვრები გვაქვს. საზღვრების გადალახვა-გადმოლახვის, ტვირთის გადაზიდვა-გადმოზიდვის დროს პრობლემების და გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კულტურის, განათლების, ინტეგრაციის და ა. შ სამინისტროებმა, მათში ხალხისთვის მომუშავე `ჩინოვნიკებმა~ კეთილი ინებონ და ხალხზე იზრუნონ. და, ღმერთმა დაგვიფაროს, მომავლში, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს, ისეთივე საყვედური უთხრან, ბატონმა კოტემ საზღვარ-გადაკვეთილებს, რომ მოგვმართა... 
დიდი მადლობა მათ, ჰერეთელ ქართველებს... დიდი მადლობა თითოეულ მათგანს, იმისათვის, რომ არსებობენ...