
თეატრალური იმერეთი 2025 ჩვენს პატარა ქალაქში
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ლელა არაბიძე
თეატრალური იმერეთი 2025 ჩვენს პატარა ქალაქში
„თეატრალური იმერეთი" ის ფესტივალია, რომელსაც აგერ უკვე მეთექვსმეტე წელია განსაკუთრებით ელის მაყურებელი. მესხიშვილის თეატრი სპექტაკლების დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ივსება, თქვენ აქ ვერ გაიგებთ ჩოჩქოლს, ალიაქოთსა და ტელეფონის ზარს. დღესასწაული, რომელიც ყოველი ზაფხულის დასაწყისში დგება იმერეთში, მოიცავს ათობით როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სპექტაკლს, როგორც ქართულ, ასევე უცხოურ პროგრამას, მაგრამ პროგრამის ძირითადი ნაწილი იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო თეატრების წარმოდგენებია, თეატრებისა, რომლებიც სწორედ ამ ფესტივალის მოლოდინით ცხოვრობენ წლიდან წლამდე. ქართული თეატრის, რეგიონული თეატრების განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თეატრალური იმერეთის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მნიშვნელოვანია იმ მაყურებლის იმედების გამართლება, ვინც მთელი გულით ელოდება ახალ სპექტაკლებს და ოვაციებით ავსებს მესხიშვილის თეატრს. სახალხო თეატრები და დამოუკიდებელი დასები, მიუხედავად მათ წინაშე არსებული უამრავი გამოწვევისა და პრობლემისა, დაუღალავად მუშაობენ და ყოველ წელს სთავაზობენ მაყურებელს ახალ წარმოდგენას.
ისეთ ქალაქში, სადაც ქუჩაში დადიხარ და გგონია, გვერდით უცებ ერთობ სევდიანი ქალბატონი იანგაროზა ჩაგივლის „ჩვენი პატარა ქალაქიდან“, „კრასნაია მასკვათი მკრთალად დანამული ბარხატის კაბაში გამოწყობილი, მშვენიერი, უდროოდ და იოლად წასული საკომისიოს დირექტორის ქვრივი“, ძნელია თეატრზე არ იფიქრო. ისეთ ქალაქში, სადაც რესტორნის მენიუზე პეტრე ოცხელის „ფრთოსანი მღებავი“ გხვდება, ძნელია თეატრზე არ იფიქრო. ისეთ ქალაქში, სადაც კოტე მარჯანიშვილმა განუმეორებელი თეატრალური ეპოქა შექმნა, ეპოქა სახელად „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ",ზ ძნელია თეატრზე არ იფიქრო. სწორედ ამიტომ განსაკუთრებით ფაქიზი და ორიგინალური სახელწოდება „თეატრალური იმერეთი“ ასე უხდება ფესტივალს რომელიც ამ ქალაქში 16 წლის წინ დაარსდა, ფესტივალის სულისჩამდგმელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან როხვაძეა, მისთვის ეს ფესტივალი უფრო მეტია, ვიდრე თეატრალური ფესტივალი, მისი ცხოვრების სიამაყე და მონაპოვარია, ამიტომ დიდი სიხარულით ელოდება იმ დღეს, როდესაც ფესტივალის მრგვალ თარიღებს იზეიმებს „თეატრალური იმერეთი - 20" „თეატრალური იმერეთი - 30" და ა. შ.
მანამდე კი...
რვა წლის წინ ფესტივალი საერთაშორისო გახდა, მაყურებელს საშუალება ეძლევა ნახოს არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო პროგრამა, გაზიარდეს გამოცდილებები, დაიგეგმოს ახალი პროექტები და აქტივობები, გაიზარდოს ფესტივალისა და შესაბამისად ქართული კულტურის პოპულარიზაცია ქვეყნის საზღვრებს გარეთ; ქუთაისში კი, საფესტივალო დღეები გახდეს უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო, მით უფრო, რომ ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ ყველა სპექტალზე დასწრება თავისუფალია, მაყურებელს უყვარს თეატრი, ქუთაისს უყვარს თეატრი და ეს ცხადი იყო ყოველდღე, ყოველ საღამოს, ყოველი თავკვრისას, მე ვნახე მაყურებელი, რომლისთვისაც უკვე ადგილი აღარ იყო დარბაზში და უკან გაბრუნდა, ვნახე მაყურებელი, რომელიც ერთი საათით ადრე უკვე თეატრის შენობის წინ იდგა, ნახევარი საათით ადრე კი თავისი ადგილი დაიკავა, ქუთაისმა იცის თეატრი, ქუთაისს უყვარს თეატრი...
წელს ფესტივალმა უმასპინძლა ორ საერთაშორისო დასს (ლიეტუვა - კაუნასის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა თეატრმა ქუთაისის თოჯინების თეატრში დარიო ფოს „ძარცვა იტალიურად“ წარმოადგინა, ხოლო ნაპოლის ექსპერიმენტულმა თეატრმა „იცცო“ მაყურებელს „პულჩინელა ბედნიერია სამყაროს დასასრულს“ წარუდგინა მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე) ფესტივალის პროგრამის უმთავრესი ნაწილი სწორედ მესხიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გათამაშდა.
ფესტივალი 18 ივნისს ქუთაისის დრამატულმა თეატრის დასმა გახსნა სპექტაკლით „იმერული რეკვიემი“ (დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე, რეჟისორი თორნიკე მარჯანიშვილი) პიესის ავტორი თავად ქუთაისელი რეზო კლდიაშვილია, მისი პიესის გმირები კი იმერული „წინწკილას“ უცნაური და სევდიანი ბინადრები არიან.
„თეატრალური იმერეთის“ ფარგლებში სამი სახელმწიფო, პროფესიული თეატრის დადგმა ვნახეთ, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატული თეატრი, რომელმაც კლასიკური ქართული დრამატურგია - თეატრის ბოლო დროის პოპულარული სპექტაკლი “ყვარყვარე თუთაბერი“ წარმოგვიდგინა (რეჟისორი ვატო ჯუღელი) და ბოლოს - ფესტივალის დახურვაზე ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულმა თეატრმა დავით ნიკოლაძის სპექტაკლი „ცხოვრება თამაშია“ გვიჩვენა, რომელიც გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქას“ მოტივებზე იყო აგებული.
რასაკვირველია, ფესტივალის ყველაზე დიდი ნაწილი საკონკურსო სპექტაკლებს დაეთმო - ეს არის იმერეთის მუნიციპალიტეტების სახალხო თეატრები, უკვე მეთექვსმეტე წელია ისინი განსაკუთრებით ემზადებიან ზაფხულის დასაწყისისა და თეატრალური ზეიმისთვის იმერეთის მთავარ ქალაქში, სადაც მესხიშვილის თეატრის გადაჭედილ დარბაზში (ესეც ტრადიციულად) მაყურებელს უჩვენებენ იმას, რისი მოპოვებაც სულაც არ არის ადვილი- ხან სადადგმო ხარჯის, ხანაც მუდმივმოქმედი რეპერტუარის, ხანაც სულაც ადამიანური რესურსის არ არსებობის გამო, წლევანდელ წარმოდგენებს თუ გადავხედავთ სახალხო თეატრების პროგრამაში თანაბრად ვნახეთ როგორც ქართული, ასევე უცხოური კლასიკური და თანამედროვე დრამატურგია.
პირველი საკონკურსო დღე სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის დრამატული თეატრის სპექტაკლით "სან ნიკოლას პიაცა" გაიხსნა (პიესის ავტორი ქეთი პატარაია, რეჟისორი ვეფხია ნადირაძე) ექვსი ბავშვობის მეგობარი მთიან სოფელში იკრიბება, ისინი ერთგვარ ძველებურ სათეატრო შენობასა თუ კლუბში აღმოჩნდებიან, ზღვრულ სიტუაციაში კი მათი სახეები იკვეთება, თუმცა არ შეშინდეთ, ეს ყველაფერი ხომ უბრალოდ კინოს გადასაღები მოედანია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს... მაგალითად, ყველამ აჩვენოს თავისი ნამდვილი სახე, რასაც ასე საგულდაგულოდ ვმალავთ ადამიანები, ორიგინალური ვიდეო ინსტალაცია კი საინტერესო სცენოგრაფიას ორგანულად ერწყმოდა - მხატვარი ნანა რუხაძე ჟიურიმ საუკეთესო სცენოგრაფიისთვის დააჯილდოვა.
წყალტუბოს თეატრმა ინგლისელი კინოს, თეატრისა და დოკუმენტური ფილმების რეჟისორის ლინდსი ანდერსონის შემოქმედების მოტივებზე აგებული სპექტაკლი შემოგვთავაზა - სოციალური სატირა, სადაც პატარა ჩანართებითა და პარალელური რეალობით რამდენიმე ამბავი იყო მოთხრობილი, ინსცენირება და დადგმა კი ზაზა კიკნაველიძეს ეკუთვნოდა. სპექტაკლში გამორჩეული და აღსანიშნავი იყო მსახიობ ზურაბ ყურაშვილის პერსონაჟი და ჟიურიმ მას პრიზი მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის გადასცა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრმა „ზღაპარი რუსთაველის #1 ში“ - ავთო ვარსიმაშვილის პიესა წარმოადგინა, (რეჟისორი ლუკა ინწკირველი) ეს იყო თბილი და სევდიანი ამბავი მარტოსულ ახალგაზრდა ქალსა და მის ავადმყოფ დედაზე. მაშინ, როცა სრულებით არ ელი და არც მზად ხარ, შენს ცხოვრებაში სიყვარული მოვა, რომელიც სრულიად შეცვლის სამყაროს... ჟიურიმ ახალგაზრდა ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად სწორედ გურანდა ბარბაქაძე მიიჩნია და ამ ნომინაციაში გამარჯვებულად გამოავლინა.
სრულიად განსხვავებული გამომსახველობითი ფორმის, არავერბალური სპექტაკლი ითამაშა ფესტივალზე საჩახერის თეატრმა, ფრანც კაფკას „მეტამორფოზა“ რეჟისრომა გიორგი მეტონიძემ და მსახიობებმა ორიგინალური პროექციისა და ქორეოგრაფიის თანხლებით წარმოადგინეს, კომპოზიტორმა ბეგი ნიკოლეიშვილმა კი მართლაც სახასიათო და გამორჩეული მუსიკა შექმნა სპექტაკლისთვის და პრიზიც დაიმსახურა საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის.
სცენა სავსეა ნაგვით, სცენა ნაგავსაყრელად იქცევა, რას აღარ ნახავთ აქ - კანფეტის ქაღალდები, ნაგლეჯები, ხარახურა, ამ ნაგავსაყრელზე, თეთრ სარეცელზე უცნაური წყვილი წევს - ეს სარეცელია მათი სცენური სივრცე, ლუარსაბი და დარეჯანი ბუზებს ითვლიან, ალბათ გახსოვთ, რომ ეს მათი საყვარელი საქმიანობაა, ალბათ მათი „გამომგონებელიც“ გახსოვთ - ქართველი ერის მამა - ილია ჭავჭავაძე - რეჟისორს ისიც შემოუყვანია დადგმაში, სევდიანი უყურებს თავისივე შექმნილ გმირებს და „რა გითხრათ, რით გაგახაროთო“ გვეუბნება. ეს ორიგინალური გადაწყვეტა რეჟისორ ლაშა ლომჯარიას ეკუთვნის ვანის თეატრის სპექტაკლში „კაცია - ადამიანი? ჟიურის პრიზიც საუკეთესო რეჟისურაში სწორედ მას ერგო.
უჩვეულო სივრცე აირჩია სპექტაკლის გასათამაშებლად რეჟისორმა გოჩა კაპაანაძემ და ხონის თეატრის მსახიობებთან ერთად სპექტაკლი „გაიღიმე, ჩიტი გამოფრინდება“ მესხიშვილის თეატრის ფოიეში წარმოადგინა. დოკუმენტურ ლირიკულ დრამაში მოთხობილი იყო ისტორიები ცხობილი ხონელების - ირაკლი აბაშიძის, იპოლიტე ხვიჩიას და სხვათა შესახებ. ორიგინალური, ვინტაჟური და ნოსტალგიური სივრცე (მხატვარი ლომგულ მურუსიძე) და ეფექტურად გამოყენებული პროექცია მაყურებელს საშუალებას აძლევდა ძველებურ ხონში ემოგზაურა და ცნობილი ხონელების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.
თანამედროვე ქართველი დრამატურგის ბასა ჯანიკაშვილის პიესა „მშვიდობით, თემურ“ ხარაგაულის თეატრმა გაითამაშა, (წელს თეატრს დაარსებიდან 125 წელი უსრულდება) თემური ახალგაზრდა, ხელმოცარული კაცია, რომელიც თვითმკვლელობას გადაწყვეტს. ამის თვითმხილველმა ადამიანებმა კი (მხატვარი, დეპუტატი, სესხის ოფიცერი, დამკრძალავი ბიუროს წარმომადგენელი, ჟურნალისტი, თემურის მეუღლეც კი...) ნაცვლად იმისა, რომ თემურს გადაწყვეტილება შეაცვლევინონ, აჟიტირებულნი ცდილობენ ამ ამბავში დადებითი პასაჟები დაინახონ, საკუთარი გამორჩენა დაინახონ, ამიტომ პიესის მთავარ გმირს სუიციდისკენ უბიძგებენ, საზოგადოების გუგლგრილობას და გაუფასურებას გვიჩვენებენ. სპექტაკლში ჟიურიმ ორი პრიზი გასცა - ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი (ირინე ჩხაიძე - მხატვრის როლისთვის) მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი (ვასილ კიკნაძე - თემურის როლისთვის).
თანამედროვე პრობლემები, სისტემის სისასტიკე, სიყვარულის, თავისუფლების, ღირსების დაცვის იდეა - ეს არის ბაღდათის თეატრის სპექტაკლის „ათვინიერებენ მიმინოს“ ლაიტმოტივი, რომელიც თანამედროვე ქართველი დრამატურგის ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით დადგა რეჟისორმა ლაშა ლომჯარიამ. როგორ უნდა მოიპოვონ თავისუფლება გიომ და ანიმ, თუ ისინი სისტემის ტყვედ იქცნენ და სიყვარულსაც გაცამტვერების საფრთხე დაემუქრა?! გიოს როლის შესრულებისთვის გიორგი ჭაფოძემ მიიღო პრიზი - ახალგაზრდა მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.
წელს ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს საშუალება ჰქონდათ ენახათ ერთი დამოუკიდებელი დასის წარმოდგენა - ეს იყო ქუთაისის ერემია და ზვიად სვანაძეების სახელობის დამოუკიდებელი დასის სპექტაკლი ქუთაისის ნიღბების თეატრში, ქართული სცენისთვის ასე ახლობელი პოლონელი დრამატურგის სლავომირ მროჟეკის ცნობილი პიესა “ემიგრანტები“. რა იმალება ემიგრაციის მიღმა? ეს არის ტკივილიანი ისტორია ორი სრულიად განსხვავებული ადამიანის შესახებ, მათი საკუთარი ქვეყნიდან გაქცევის მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა საერთოა ის, რაც ემიგრაციის მიღმა იმალება... დამოუკიდებელი დასების არსებობა და ხელშეწყობა კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სპექტაკლს ერგო ჟიურის სპეციალური პრიზი.
ბოლოს კი გამარჯვებული გამოვლინდა - თერჯოლის თეატრი - იასმინა რეზა „ომის ღმერთი“, გადმოაქართულა თამაზ გოდერძიშვილმა. რა ხდება მაშინ, როდესაც ორი მოზარდი სერიოზულად წაკინკლავდება? „შავი კომედიის“ პრინციპებზე აგებულ წარმოდგენაში ვხედავთ მოზარდების მშობლების დიალოგს, სადაც იკვეთება მათი კომპლექსები, ღირებულებები, ცხოვრებასთან, დანაშაულთან დამოკიდებულებები, შვილების აღზრდისას დაშვებული შეცდომები, იკვეთება ის, რომ მთავარი პრობლემა ბავშვების კინკლაობის მიღმაა და გაცილებით უფრო ღრმაა. დინამიურ წარმოდგენაში, რომლის რეჟისორი მამუკა ცერცვაძეა, ოთხი მსახიობი - ორიგინალური გამომსახველობითი საშუალებით, სიყალბის, პათეტიკის გარეშე თამაშობს (ინგა კაკიაშვილი, ნანა ამირანაშვილი, კონსტანტინე რობაქიძე, გიო გლოველი) და ორი სრულიად განსხვავებული ოჯახის ფონზე ვხედავთ ადამიანების ყველაზე დაფარულ თვისებებს, წინააღმდეგობებსა და სისასტიკეს.
წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური დღე იყო, როდესაც მესხიშვილის თეატრის სცენაზე ჩვენებურები წარსდგნენ - ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ერთადერთი პროფესიული ქართული თეატრი - საინგილო, ჰერეთი - კახის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი. ისინი - ჩვენი ჰერეთელი ძმები და დები - გმირები არიან - ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, სპექტაკლებს თამაშობენ, ქართულად სწამთ, უხარიათ და სტკივათ. სპექტაკლის დასასრულს თეატრის ფოიეში თვალცრემლიანი მაყურებლის ხმა მომესმა - მხოლოდ ამიტომ ღირდა ეს ფესტივალი, “ჩვენებურები“ ვნახეთო... აზერბაიჯანის ქართულმა სახელმწიფო თეატრმა შოთა როყვას პიესა „ჭიშკართან“ წარმოადგინა.
დამთავრდა მეთექვსმეტე „თეატრალური იმერეთი“... ვემშვიდობებით ფესტივალის სულისჩამდგემელებს - ლევან როხვაძეს, მაია პაქსაშვილსა და გელა ძაგნიძეს...
29 ივნისს, ფესტივალზე სტუმრის სტატუსით რუსთაველის ეროვნული თეატრი იყო მოწვეული სპექტაკლით „მილიონერი ნაპოლი“ (რეჟისორი გოჩა კაპანაძე). 29 ივნისი რეზო გაბრიაძის დაბადების დღეა და მესხიშვილის თეატრი გადაჭედილია, ქუთაისში თეატრი ხმაურობს, ქუთაისში თეატრი მღერის... ამ ჩვენს პატარა ქალაქში საცაა გათენდება. ეგერ ე თითქოს მუჭიდან დაყრილ გორაზე მყუდრო სასაფლაოა რომელზედაც ბარე ორად დამსწრე მაყურებელს ყავს მიბარებული თავისი მიცვალებული. რამდენი ადამიანი წავიდა მოუსვლელში, რამდენი ოცნება დარჩა იქ იმ გორაზე, მწუხარება სიყვარული, გაცრუებული იმედი"...