top of page

თელავის დრამატული თეატრი

თელავის თეატრი თავისი დრამატული წარსულით და მდიდარი ისტორიით ყველაზე ძველი სათეატრო კერაა კავკასიაში. მუდმივმოქმედ პროფესიულ თეატრებს შორის კი ხანდაზმულობით იგი პირველია კავკასიის რეგიონში და შესაბამისად საქართველოშიც, რომლის ისტორიაც, ჩვენამდე მოღწეულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით, XVIII საუკუნის II ნახევარში იწყება.

XVIII საუკუნეში თელავი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სოციალური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გახდა. პროფესიული სათეატრო ხელოვნების თელავში ჩამოყალიბებას და განვითარებას ხელი შეუწყო პოლიტიკურ-ეკონომიკურმა ფაქტორებმა და მდიდარმა სათეატრო ტრადიციამ (ნიღბოსანთა ხალხური თეატრის - ბერიკაობისა და ყეენობის სახით), რომელსაც მეფე ერეკლე II აწარმოებდა. სწორედ მისი მეფობის პერიოდს უკავშრდება თელავში პირველი პროფესიული წარმოდგენების გამართვა.

პროფესიული თეატრის ჩამოყალიბების პროცესი იყო ხანგრძლივი და თანმიმდევრული. მეფე ერეკლემ  რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდა ქართველი გაგზავნა რუსეთში განათლების მისაღებად. მაშ შორის იყვნენ: დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანაშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი, გაბრიელ არეშაშვილი, შემდეგში მაიორად წოდებული (არეშაშვილობა მეფეს მისთვის სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უბოძებია). მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს თელავში სხვადასხვა ტიპის პროფესიულ თეატრს.

1758 წელს, ერეკლე II თელავში გახსნა ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლა, რომლის პროგრამა და სწავლების შინაარსი ემთხვეოდა რუსეთის თეოლოგიური სკოლების სწავლების მეთოდიკას. ცნობილია, რომ სხვა საგნებთან ერთად, მოსწავლეები რიტორიკას, ანუ „სიტყიერების თეორიას“ და დეკლამაციას სწავლობდნენ. სასწავლო პროგრამით გათვალისიწნებული იყო დრამატული თეორიის წესების შესწავლა, რომლის შედეგიც ახალი, ორიგინალური პიესის შექმნა იყო. ფილოსოფიურ-თეოლოგიური სკოლის აღსაზრდელები თავიანთი რესურესებით დგამდნენ დაწერილ პიესებს და სასკოლო სცენიდან წარუდგენდნენ ფართო საზოგაოდებას. პირველი ასეთი წარმოდგენა სკოლის გახსნიდან სამი წლისთავზე, 1761 წელს წარმოუდგენიათ. სწორედ აქედან იწყება ე.წ. თელავის „სასკოლო თეატრის“ არსებობის ისტორია. ეს თარიღი კი უნდა მივიჩნიოთ თელავში პირველი პროფესიული წარმოდგენის გამართვის თარიღად.

1761 წლიდან პროცესი შეუქცევადი გახდა და სათეატრო ცხოვრებამ თელავში უფრო მრავალფეროვანი სახე მიიღო. ბუნებრივია, სხვადასხვა ტიპის, ფორმის და მოწყობის თეატრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობდა პოლიტიკური ფაქტორებიც, თელავი იმჟამად, ერეკლე II-ის წყალობით, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრად იქცა. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1782 წელს თელავში ფილოსოფიური სემინარიის გახსნა (1758 წელს გახსნილი სკოლის ბაზაზე), რომელმაც კიდევ უფრო განავითარა „სასკოლო თეატრი“. ამ პერიოდში სემინარიის რექტორი იყო დავით ალექსი-მესხიშვილი (1745-1824 წწ.). ამ პერიოდში დაიდგა შემდეგი ორიგინალური ქართული პიესები: „ხოტბა ერეკლე მეორისა“, „გიორგი III“ . თავად დავით მესხიშვილის მისტერია „უსელი“, „გასაუბრება მოხუცი და ახალგაზრდა მწიგნობარისა“ და სხვა. ამ პიესების ჩამონათვალი გვხვდება არა მხოლოდ ქართულ წერილობით წყაროებში, არამედ რუსულშიც.

სასკოლო დრამის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო თელავის სემინარიის რექტორი დავით ალექსი-მესხიშვილი, რომელზედაც მისი თანამედროვენი წერდნენ: „სიტყვამოსწრებული კაცი, პოეტი, კომედიანტი, ავტორი ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო წიგნებისა“. წერილობითი წყაროებით და გადმოცემებით დასტურდება, რომ იგი თავად იღებდა მონაწილეობას თეატრალურ წარმოდგენებში და ცნობილი იყო თავისი „აქტიორული თამაშით“.

XVIII საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს და 90-იანი წლების დასაწყისში თელავში, ერთმანეთის პარალელურად, უკვე არსებობდა გიორგი ავალიშვილის და გაბრიელ მაიორის თეატრები.

იმდროინდელი რეპერტუარი, უმთავრესად, შედგებოდა უცხოური ენებიდან თარგმნილი პიესებისგან. გიორგი ავალიშვილი თარგმნის რუსი დრამატურგის ა.პ. სუმაროკოვის კომედიებს: „რქის მატარებელნი“, „დედა რაყიფი ქალისა“, „საჩხუბარი“ და დიალოგური ფორმის სატირას „მკვდართა უბნობა“. იგი წერს და წარმოადგენს ორიგინალურ პიესას „მეფე თეიმურაზი“.

XVIII საუკუნის 90-იან წლებში გიორგი ავალიშვილის თეატრში იდგმებოდა ალექსანდრე ამილახვარის, გოდერძი ფირანაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის ორიგინალური და თარგმნილი პიესები. ეს ფაქტები კი მოწმობს იმას, რომ ქართული დრამატურგიის და სათეატრო ტრადიცის ჩამოყალიბების ერთადერთი წყარო არ იყო მხოლოდ რუსული კულტურა, ევროპული სათეატრო ტრადიციების და გამოცდილების გასაზიარებლად არსებობდა პირდაპირი გზაც.

გიორგი ავალიშვილის თეატრის პარალელურად მალევე გაჩნდა მეორე სათეატრო კერა, რომელსაც ამავე თეატრის დასის ყოფილი წევრი გაბრიელ მაიორად წოდებული დრამატურგი და ანტეპრენიორი ჩაუდგა სათავეში.

ერეკლე II - ის დროინდელ ქართულ თეატრს უკავშირდება აგრეთვე არტილერიის მაიორი გაბრიელი. მის შესახებ დაცულია თელავის ისტორიული მუზეუმის ხელნაწერ ფონდებში. 60-იან წლებში მწერალ ალექსანდრე ორბელიანს სახლში დაცული ჰქონდა გაბრიელ მაიორის თეატრში შესასვლელი ბილეთი, რომელიც დაბეჭდილი იყო პატარა ლურჯ ქაღალდზე.

გაბრიელ მაიორი იყო ანტეპრენიორი და რეჟისორი. მისი თეატრი მეფის „შესაქცევი“ იყო და „მდაბიოთათვის ხელმიუწვდომელი“. შესაბამისად, რეპერტუარიც საგანგებოდ ირჩეოდა და ეფუძნებოდა კლასიკურ ნაწარმოებებს. ერეკლე II მისთვის არეშაშვილობა უბოძებია.

ერეკლე მეფის ეპოქის თეატრის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურა „მსახიობთა უფროსი“ - მაჩაბელაა, რომელსაც სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით (თამაზ, ლევან, დავით) მოიხსენიებენ. ცნობილია, რომ ის დაბალი ფენიდან გამოსული ნიჭიერი ქართველი მსახიობი იყო. თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ საინტერესო პიროვნებად არის წარმოდგენილი დავით მაჩაბელი. 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას, დავით მაჩაბელი იარაღასხმული მიუძღოდა მებრძოლ-მსახიობთა რაზმს. იგი გმირულად დაიღუპა თანამებრძოლებთან ერთად უთანასწორო ბრძოლაში. „ზედ დააკვდა თავის ზარბაზანსა“ გაბრიელ მაიორიც. ომში დაიღუპა თავადი აბაშიძე იოანე. გაბრიელ მაიორი, როგორც ერეკლე მეფის მდივან-ბეგი და ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე გვამცნობს, დაღუპულია მაჩაბელთან ერთად კრწანისის ომში 1795 წელს. გაბრიელ მაიორი არტილერსიტი იყო და მას მაიორის ჩინი ჰქონდა. როგორც მეზარბაზნე გამოირჩეოდა კრწანისის ბრძოლის ველზე სიმამაცით და თავდადებით.

1795 წელს, „კრწანისის ტრაგედიით, დასრულდა პირველი ქართული პროფესიული თეატრის ისტორია“ - ასე აფასებეს ერეკლე მეფის ეპოქის თეატრს თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე წიგნში „ქართული დრამატული თეატრის ისტორია“.

ერეკლე მეფის ეპოქის სასახლის საერო პროფესიული თეატრის ჩამოყალიბება და მოღვაწეობა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არა მხოლოდ თელავის, არამედ ზოგადად ქართული თეატრის ისტორიაში, ვინაიდან სწორედ აქ, ამ ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი ქართულ ორიგინალურ კლასიცისტურ დრამატულ მწერლობას და კლასიცისტურ პროფესიულ თეატრს.

ერეკლე II სამეფო კარის მსახიობების გმირულად დაღუპვასთან ერთად შეწყდა სათეატრო პროცესი არა მხოლოდ თელავში, არამედ მთელ საქართველოში. მხოლოდ 55 წლის შემდეგ განახლდა თელავში, ამ ძირძველ და ტრადიციებით მდიდარ ქალაქში, წარმოდგენების სისტემატური და სტაბილური გამართვა.

კრწანისის ტრაგედიის შემდეგ პირველი ცნობები თელავში თეატრის განახლებისა 1866 წლით თარიღდება. გაზეთ „დროების“ (#7., 1867) კორესპოდენტის ზ. წინამძღვრიშვილის ცნობით: „გასულ 1866 წელსა ყოფილა ორი წარმოდგენა თელავის ქართული თეატრისა, უთამაშნიათ „გაყრა“ გიორგი ერისთავისა და „მზის დაბნელება საქართველოში“ ზურაბ ანტონოვი ავტორობით. პუბლიკას დიდი სიამოვნება მიუღია წარმოდგენისგან და რაც შემოსავალი ყოფილა ზავედენიის (ანუ თეატრის - ლ.ჩ.) სასარგებლოდ გადაუდიათ“. ავტორი ამავე კორესპოდენციაში გვაუწყებს: „დიდი ხანია ზავედენიის სახლად დანიშნული იყო უწინდელი ჩვენი მეფეების სასახლე და პროექტიც ამის განახლებისთვის კარგა ხანია შემდგარა, მაგრამ დღეს კი ძლივს დავინახეთ შენობა იგი დასრულებული. ამ მიზნით, დღეს, 11 ივლისს, თელავში მოხდა ერთი ამგვარი ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ძლივს ეღირსება ხოლმე იმისთანა ქალაქს, როგორიცაა თელავი. ამ დღეს ეკურთხა ჩვენი მეფეების სასახლე და დაინიშნა წმინდა ნინოს ზავედენიისთვის, ამის შემდეგ სცენისმოყვარეებმა ითამაშეს პიესებიდან თითო მოქმედება“.

მომდევნო წლებში თანდათან მძლავრდება თელავში სათეატრო ცხოვრება, ხოლო მუდმივი დასი 1880 წელს იქმნება. ამ ფაქტს ხელი შეუწყო XIX საუკუნის 70-იან წლების ბოლოს (1879 წ.) თბილისში  „მუდმივი სცენის“ დაარსებამ, რომელმაც ბიძგი მისცა რეგიონებში სათეატრო ცხოვრების აღორძინებას. მუდმივმოქმედი დასის ჩამოყალიბება თეატრის სტაბილური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. თელავში მუდმივმოქმედი დასის დაარსების შესახებ ცნობას გაზეთ „დროების“ ფურცლებიდან გვაწვდის ცნობილი ჟურნალისტი რომანოზ ძამსაშვილი-ცამციევი, რომელიც გვაწუყებს, რომ თელავში დაარსდა კლუბი და დრამატული საზოგადოება. (გაზ. „დროება“, 17 მარტი, 1880). 1880 წელს თელავში ორჯერ დადგმულა წარმოდგენა და ორივეს დიდი წარმატება ხვდა წილად.

XIX საუკუნის 80-იანი წლები დიდი მოძრაობისა და გამოფხიზლების პერიოდია. თელავშიც იცვლება სიტუაცია. იცვლება კულტურული ფონი, ადგილობრივ თეატრალებს ვ. მაქაროვს, უ. ყიფიანს, ნ. რუსიევას და სხვებს ეხმარებიან სათეატრო მოღვაწეები დედაქალაქიდან. თელავის თეატრის სცენაზე გამოდიოდა ბარბარე ჯორჯაძე, ნატო გაბუნია, ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. თავისი მხარის ხშირი სტუმარი იყო მაკო საფაროვა.

განსაკუთრებით მრავალფეროვანი გახდა სათეატრო ცხოვრება თელავში XX საუკუნის დასაწყისში. სათეატრო ცხოვრების გამოცოცხლებას ხელი შეუწყო ერთი მხრივ სათეატრო ცხოვრების გააქტიურებამ დედაქალაქსა და რეგიონებში, ხოლო მეორე მხრივ 1915 წელს თელავში შევიდა რკინიგზა, რამაც უფრო იოლი და ინტენსიური გახადა კულტურული (და არა მხოლოდ) ურთიერთობები დედაქალაქთან.

XX საუკუნის დასაწყისიდანვე თელავის თეატრის რეპერტუარში გამოჩნდა პიესები, რომელიც ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე იდგმებოდა. ქართველ ავტორებთან ერთად იდგმებოდა მსოფლიო კლასიკის შედევრები, მათ შორის, უ. შექსპირის „ოტელო“ და „ჭირვეულის მორჯულება“, ჯ. ლონდონის „მგლები“, ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“, ა. დიუმას „მარგარიტა გოტიე“, ფ. შილერის „ყაჩარები“ და სხვა. პროფესიული დასის პარალელურად ჩამოყალიბდა მოყვარულთა ორკესტრი, რომელიც სპექტაკლებს მუსიკალურ აკომპანიმენტს უწევდა და თეატრთან გაჩნდა ახალგაზრდებისთვის სცენისმოყვარეთა წრე (1916 წ.), რომელთა წევრებიც მონაწილეობდნენ პროფესიულ თეატრში დადგმულ სპექტაკლებში ეპიზოდურ როლებსა და მასიურ სცენებში.

XX საუკუნის 10-იანი წლების თელავის თეატრის დასიდან გამოირჩეოდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ადგილობრივი მცხოვრები ანა მარქაროვი. თელაველები მას დუმბაცაანთ ანიჩკას სახელით იცნობდნენ. მსახიობი ქალი დიდ წინააღმდეგობას წააწყდა, რადგან მდაბიო ქალის  სცენაზე გამოსვლა მაშინ სამარცხვინოდ ითვლებოდა.  მან პირველი ნათლობა მიიღო სუნდუკიანცის პიესაში. „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“  დებიუტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. ეს იყო 1905 წლის მაისში.  

1926-27 წლის სეზონში თეატრში მოვიდნენ და შემდეგ მთელი თავიანთი შემოქმედებითი მოღვაწეობა აქ გაატარეს გრიგოლ და ქეთევან კევლიშვილებმა. ვახტანგ ბაკურაძემ, მარკოზ ლეკიშვიმა, ქეთევან მაჭავარიანმა, ალექსი კუპატაძემ. 1927 წელს თელავის თეატრს სერგო ორჯონიკიძის სახელი მიენიჭა. 1927-28 წლის სეზონი შედარებით მოგვიანებით დაიწყო.  28 იანვარს შედგა დ. კასრაძის „მეფე არლეკინის“ პრემიერა. თეატრის მთავარ რეჟისორად  ამ პერიოდში მოიწვიეს მოსკოვის თეატრალური სტუდიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი გალაქტიონ რობაქიძე. „მეფე არლეკინი“ მისი სადიპლომო სპექტაკლი იყო, რომელიც გააფორმა მხატვარმა რ. გოგნიაშვილმა. პრესამ კარგი შეფასება მისცა წარმოდგენას. განსაკუთრებით ქებით მოიხსენიებდნენ რეჟისორისა და მხატვრის ნამუშევარს და მსახიობებს გრიგოლ კლდიაშვილსა და ვლადიმერ მარკოზაშვილს. აღსანიშნავია, რომ პიესა პირველად ქართულად თელავის თეატრში დაიდგა.

1931 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ თელავის თეატრს სახელმწიფო სტატუსი მიანიჭა. ხელმძღვანელის პოსტი გამორჩეულმა სათეატრო მოღვაწემ, ინტელექტუალმა და წარმატებულმა რეჟისორმა ვახტანგ გარიკმა ჩაიბარა. თელავის თეატრის მორიგი წარმატება სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული, მისმა შემოქმედებამ კი იმხანად განსაზღვრა თელავის თეატრის მხატვრული სახე.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ისევე როგორც სხვა ქართულ თეატრებს, არც თელავის თეატრს შეუწყვეტია მუშაობა. ომიანობის ჟამს თეატრმა 26 ახალი სპექტაკლი უჩვენა თავის მაყურებელს, მათ შორის, პიესები ომის და პატრიოტიზმის თემაზე. 1939-1940 წლების სათეატრო სეზონზე აკაკი წერეთლის „პატარა კახი“ დაიდგა. ისტორიულ-პატრიოტული თემატიკა იყო სწორედ ამ პერიოდის თელავის თეატრის სარეპერტუარო პოლიტიკის განმსაზღვრელი ფაქტორი.

1940 წლის მიწურულში თეატრმა მაყურებელს უჩვენა ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“ (რეჟისორი გ. როსება), რომელიც პირველად თელავის თეატრში დაიდგა. არსებითად, აქედან იწყება პიესის სცენური ისტორია. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ომის პერიოდში თეატრის რეპერტუარი შედგენისას მთავარი ორიენტირი პატრიოტულ და ომის თემაზე შექმნილი პიესების დადგმა იყო, თეატრი არც პატარა მაყურებელს ივიწყებდა და არც კომედიური ჟანრის პიესების დადგმაზე ამბობდა უარს. ასეთი მუშაობისთვის საბჭოთა მთავრობამ თეატრის ხელმძღვანელობა წაახალისა კიდეც. 1941 წლის 21 თებერვალს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით თეატრის მთავარ რეჟისორს გ. როსებას  საქართველოს სსრ ხელოვნების  დამსახურებელი მოღვაწეის საპატიო წოდება მიენიჭა.  

1960-1965 წლების თელავის თეატრის რეპერტუარში ჩნდება ახალი ქართული პიესების სცენური ინტერპრეტაციები. ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“, გ. ბერძენიშვილის „ვაზის ტირილი“, ო. მამფორიას „მეტეხის ჩრდილში“, რ. ჯაფარიძის „ჯარისკაცის ქვრივი. ამ პერიოდში თეატრის სცენაზე დაიდგა ქართული და უცხოური კლასიკური მწერლობის თვალსაჩინო ნიმუშები: ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“, ა. წერეთელის „პატარა კახი“, მაინ რიდის  „უთავო მხედარი“, მ. ლერმონტოვის „მასკარადი“, ვ. ჰიუგოს „მარია ტიუდორი“, ე. ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, მოლიერის „სკაპენის ოინები“.

1975-76 წლის სეზონში თეატრის მთავარ რეჟისორად დაინიშნა ნუგზარ ლორთქიფანიძე. მასთან შეხვედრა თელაველ მაყურებელს კარგად დაამახსოვრდა და ამიტომაც მისი ახალი ნამუშევრის მიმართ დიდი იყო ინტერესი. ნუგზარ ლორთქიფანიძის ინიციატივით და ძალისხმევით თეატრს შემოუერთდა მსახიობები: ნინო მამულაიშვილი, ზურაბ ანტელავა და ვანო იანტბელიძე. დროის განმავლობაში ეს შემადგენლობა შემდგომში თეატრის მთავარ საყრდენ ძალადაც გადაიქცა. როგორც XX საუკუნის 70-იანი წლების პრესიდან ირკვევა ნუგზარ ლორთქიფანიძის დადგმები ახალი და განსხვავებული მოვლენა იყო თელავის თეატრის ისტორიაში, რომელმაც ოდნავ შეცვალა კიდეც თეატრის მუშაობის სტილისტიკა და ხელწერა. თელავის თეატრის გამოჩენილ მსახიობებთან ვახტანგ ჩელთისპირელთან, თინა ბურბუთაშვილთან, ვენერა ფეიქრიშვილთან და სხვებთან ერთად, დიდი წარმატება ხვდა წილად ზურაბ ანთელავას დერვიშის როლში. ნუგზარ ლორთქიფანიძემ ასევე დადგა: გ. ხუხაშვილის „აღმართ-დაღმართი“, რომელიც თეატრმა თბილისში, რესპუბლიკური თეატრების დათვალიერებაზე აჩვენა. მოეწყო სპექტაკლის განხილვა. იმჟამად საქართველოს თეატრალური საზოგაოდების თავმჯდომარემ დიმიტრი ალექსიძემ დადებითად შეაფასა სპექტაკლი, მაგრამ დადგმის თაობაზე დისკუსია გაიართა თეატრმცოდნეებს გ. გოგოლაძესა და კ. ნინიკაშვილს შორის.

1981 წელს გაიხსნა თელავის თეატრის ახალი შენობა, რომელიც აკმაყოფილებდა თანამედროვე სათეატრო ნაგებობის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. ახალი შენობა, რომელშიც დღემდე მოღვაწეობს თელავის თეატრი, 800 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ავტორია გრიგოლ ჯაბუა. თეატრის შენობის განსაკუთრებულ სიდიადეს ქმნის მდიდრული ინტერიერი, ვრცელი ფოიე შიგ ხელუხლებლად მოქცეული ისტორიული ძეგლით (ერეკლე მეფის სადროშის ნაშთი), მაღალმხატვრული პანოთი და კერამიკული გორელიეფებით, თეატრს ამშვენებს მხატვრული გაფორმება, რომელზედაც მუშაობდნენ ფუნჯისა და საჭრეთლის ოსტატები ე. კოპაძე, გ. ქლიბაძე, ჯ. რუხაძე და არქიტექტორი გ. ცხაკაია. შენობის ფასადს ამშვენებს ვიტრაჟები, რომელშიც თეატრის ფოიე მოჩანს, ვესტიბიული და ფოიე ორგანულად ერწყმის ერთმანეთს. თეატრის ასეთი ფასადი ორიგინალური და უცხო იყო იმ პერიოდის საქართველოში, ვინაიდან საბჭოტა სათეატრო არქიტექტურა ანტიკური არქიტექტურის გავლენით აგებდა თეატრებს. თელავის თეატრი დღემდე ორიგინალურ სათეატრო ნაგებობად ითვლება საქართველოში (თუ არ ჩავთვლით, შემდეგ წლებში მესხეთის, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში ფოთის დრამატული თეატრის შენობას, სადაც ვიტრაჟის პრინციპია გამოყენებული).

განახლებულ თეატრში ნუგზარ ლორთქიფანიძემ ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილის“  ახლებური და ორიგინალური ვერსია შესთავაზა მაყურებელს, რომელშიც კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა მთელი დასის შემოქმედებითი პოტენციალი. თეატრმა სპექტაკლი თელავში გამართულ კლასიკური დრამატურგიის პირველ რესპუბლიკურ ფესტივალზე  წარადგინა. დასი ადაპტირებას გადიოდა ახალ შენობაში, დიდი იყო მღელვარებაც, თუმცა სპექტაკლის დამთავრებას ხანგრძლივი ოვაცია გამართა მაყურებელმა. კონკურსზე კი ამ სპექტაკლში გულქანის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ახალგაზრდა მსახიობს ელდინო ტუხაშვილი სიგელით და ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდა. საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიურ კონკურსში „თანამედროვეობა და თეატრი“ მუდმივმოქმედმა ჟიურიმ 1980-1981 წლების სეზონში შემოქმედებითი წარმატებისათვის პრემია მიანიჭა ნინო მამულაიშვილს თელავის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლში „იცოცხლე და გახსოვდეს“ ნასტენკას  როლის შესრულებისათვის. ეს იყო თეატრის მთელი კოლექტივის წარმატების აღიარება.

1982 წელს თელავის თეატრს სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა, ფაქტობრივად დებიუტანტი რეჟისორი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია, რომლის თელავის თეატრში მოსვლის შემდეგ ახალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება თეატრის ისტორიაში. თეატრის ახალგზარდა, ჯერ კიდევ გამოუცდელმა რეჟისორმა პირველივე დადგმებიდან მიიპყრო თეატრალური საზოგადოების ყურადღება თავისი თეატრალური იდეებით, რეჟისორული აზროვნებით, მოქალაქეობრივი პოზიციით. მისი ხელმძღვანელობით თელავის თეატრი საქართველოს წარმატებულ თეატრთა ჩამონათვალში აღმოჩნდა.

1982-1983 წლების სათეატრო სეზონზე თელავის თეატრმა გასტროლები გამართა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. საგასტროლო სპექტალებად შეირჩა თეატრის ბოლო ორი წარმატებული სპექტაკლი: რევაზ ინანიშვილის „ჩემი წყალ-ჭალის ხმები“ და ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“. ეს იყო პირველი საერთაშორისო გასტროლი თელავის თეატრის ისტორიაში, დასისთვის კი დიდი პასუხისმგებლობა ამავდროულად. სპექტაკლები კინგისების აკადემიურ თეატრში გაიმართა. თელავის თეატრის სახელი უცხო იყო ესტონელი მაყურებლისთვის.

1988 წელი იმათაც არის მნიშვნელოვანი თელავის თეატრისთვის, რომ ამ წელს საქართველოს ესტუმრა მსოფლიო მასშტაბის გამოჩენილი ბრიტანელი რეჟისორი პიტერ ბრუკი. იგი თელავსაც ეწვია და ბუნებრივია მისი მასპინძელი კახეთში თელავის თეატრი იყო. პიტერ ბრუკმა ნახა კახეთის ღირშესანიშნაობები და რა თქმა უნდა, ეწვია თელავის თეატრსაც. პიტერ ბრუკი მიიწვიეს სპექტაკლზე „ალალე“, ბუნებრივია, მსახიობები ძლიერ ღელავდნენ, ვინაიდან დარბაზში თანამედროვე მსოფლიო თეატრის ერთგვარი მეთაური - პიტერ ბრუკი იჯდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ პიტერ ბრუკმა მიულოცა დასს წარმატება. „კარგი სპექტაკლია, საინტერესოა იმ მხრივ, რომ ცოცხალია. ვხედავ, ეს თეატრი არის ნაწილი ქართული თეატრისა, ბუნებრივად თამაშობთ. ვგრძნობდი მაყურებლის დამოკიდებულებას სპექტაკლისადმი, ვხვდებოდი, რომმათთვის ახლობელი იყო ის, რაც სცენაზე ხდებოდა, ისინი ცნობდნენ თავიანთ ცხოვრებას. მაყურებელი იმასაც გრძნობდა, რომ მსახიობებს სიამოვნებდათ რასაც თამაშობდნენ.“ პიტერ ბრუკის ვიზიტი კიდევ ერთი სტიმული იყო თელავის თეატრისთვის, რომ დასი აღიარებული იყო და ერთ-ერთი სანიმუშო საქართველოს თეატრებს შორის. ეს აღიარება კი მეტ მოტივაციას აძლევდა დასს მომავალი მუშაობისთვის.

XX საუკუნის 80-იან წლებში თელავის თეატრის მსახიობები ნამდვილ სათეატრო ვარსკვლავებად იქცნენ. ამ პერიოდში და შემდეგაც, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდნენ: ვანო იანტბელიძე, ნაზი არავიაშვილი, მარიამ ღაღაშვილი, ზაზა კოლელიშვილი, ვენერა ფეიქრიშვილი, გელა ჩოთალაშვილი, ნათია როსტომაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, მაია ბიჩელაშვილი, ნინო კურტანიძე, ზურაბ ანთელავა, ზურაბ ლომიძე, ეთერ ბაბილაშვილი, შოთა ბეჟაშვილი, დავით ღაღანიძე, თემურ ხუნაშვილი, გიორგი მამუჩიშვილი, ელდარ თავდიშვილი, ავთანდილ გულიაშვილი, კარლო ქართველიშვილი, მაია ლობჟანიძე, შოთა ბეჟანიშვილი, თამარ მაისურაძე, ციცინო პაპიაშვილი, მანანა ზაუტაშვილი, კახი როსტომაშვილი, ლიანა ასლამაზიშვილი, დავით მღებრიშვილი, ხვიჩა ირემაძე და სხვები.

ადვილი არ იყო გოგი ჩაკვეტაძისთვის პროფესიულად მაღალ დონეზე მდგარი თელავის თეატრის სახელმძღვანელოდ გადაბარება. იმედიანად შეხვდა დასი გოგი ჩაკვეტაძის ხელმძღვანელად დანიშვნას და თავად რეჟისორიც გრძნობდა უზარმაზარ პასუხისმგებლობას. იმდენად დაახლოვდა ის თელავის თეატრთან, რომ მთელი თავისი ცხოვრება თბილისელმა კაცმა თელავს მიუძღვნა. ამაში გასაკვირი და უცნაური არაფერია, რადგან თელავი, როგორც ქალაქი თავისი საზოგადოებით, შარმით, კულტურულობით იზიდავს ყველას და უჩენს სურვილს იქ დასახლების. ამ მხრივ, არც გოგი ჩაკვეტაძე იყო გამონაკლისი.

წარმატებული აღმოჩნდა თამაზ ჭილაძის პიესის „ნახვის დღე“ გოგი ჩაკვეტაძისეული სცენური ინტერპრეტაცია თელავის თეატრში. პიესა ფანტასმაგორიის ჟანრს განეკუთვნება ეს კი სიახლეს წარმოადგენდა თელავის თეატრის დასისთვის. შესაბამისად, თელავის თეატრისთვის ორმაგი პასუხისმგებლობა იყო პიესის დადგმა, ერთი მხრივ, ჟანრის ზუსტი გრძნობა, ხოლომოერე მხრივ უცნაური პერსონაჟების სათეატრო ენაზე ამეტყველება.

1989 წელს თელავის თეატრი გასტროლებს მართავს გერმანიაში, ქალაქ ბიბერახში. თელავი და ბიბერახი დამეგობრებული ქალაქები იყვნენ და აღნიშნული გასტროლიც, სწორედ ამ მეგობრობის ფორმატში გაიმართა. საგასტროლოდ წარმოდგენილი იყო ორი სპექტაკლი: „ალალე“ (რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია) და „ნახვის დღე“ (რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე). თელაველთა სპექტაკლებს დიდი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლები სინქრონული თარგმანის საშუალებით მიმდინარეობდა. „ალალეს“ წარმოდგენის დროს, მაყურებელმა ყურსასმენები მოიხსნა და ისე უყურებდა სპექტაკლს, ვინაიდან გამომსახველობითი საშუალებების უხვი გამოყენებით ყველაფერი ნათელი იყო.

2003 წელს თელავის თეატრს აკადემიური თეატრის სტატუსი მიენიჭა. 2003-2012 წლებში თეატრში მოღვაწეობდნენ რეჟისორები: დავით მღებრიშვილი, კოტე აბაშიძე, გოგი ჩაკვეტაძე და სხვები.

2012 წელს თელავის თეატრის მმართველად დაინიშნა მასხიობი პაატა გულიაშვილი, რომლისთვისაც თელავის თეატრი არ იყო უცხო, მისი სამსახიობო დებიუტი სწორედ ამ თეატრის სცენაზე რეჟისორ ნუკრი ქანთარიას სპექტაკლში „ჩემი წყალ-ჭალის წყლები“ შედგა, თუმცა მანამდე პაატა გულიაშვილს ხშირად უწევდა თელავის თეატრში ყოფნა, ვინაიდან მისი მამა ავთანდილ გულიაშვილი ამ თეატრის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი იყო.

პაატა გულიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი საინტერესო, ორიგინალური სპექტაკლი დაიდგა. პაატა გულიაშვილმა, როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რამდენიმე ახალგაზრდა რეჟისორს მისცა საშუალება შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად. ლევან ხვიჩიამ, რომელიც რობერტ სტურუას ხელმძღვაელობით თეატრისა და კინოს მაგისტრატურა დრამის რეჟსიორის სპეცილობით დაამთავრა რამდენიმე ექსპერიმენტული პროექტი განახორციელა თელავის თეატში. აღსანიშნავია, მის მიერ დადგმული რ. სმოროდინოვის პატარა ფარსების მიხედვით „ესპრესსო”, გიორგი ბაიდაურის  „ალისას საახალწლო თავგადასავალი” და „ჰორაციო“. დებიუტანტმა რეჟისორმა თათა პოპიაშვილმა, რომელმაც თემურ ჩხეიძის სახელოსნო დაამთავრა, ნილ საიმონის „მგზნებარე შეყვარებულების” დადგმა განახორციელა. პოპულარული კომედია რეი კუნის „იოლი ფული“ დადგა. ექსპერიმენტული სპექტაკლი სარა კეინი „ფსიქოზი 4.48”  განახორციელა ახალგაზრდა რეჟისორმა კ. როყვამ, რომელთანაც ახალი თაობის გამორჩეულმა სცენოგრაფმა შოთა ბაგალიშვილმა იმუშავა. ახალგაზრდა რეჟისორმა ჯაბა პაპუაშვილმა თანამედროვე პოპულარული ქართველი დრამატურგის ლაშა ბუღაძის „ქეთათოს” დადგმა განახორციელა.   

კლასიკური დრამატურგიის სცენური ინტერპრეტაციებით გაამდიდრა თელავის თეატის რეპერტუარი თელავის თეატრის მთავარმა რეჟისორმა გიორგი ჩაკვეტაძემ. მის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა: ნოდარ დუმბაძის „თეთრი  ბაირაღების” განახლებული დადგმა, გოგი ჩაკვეტაძემ ასევე აღადგინა კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“.  რეჟისორმა კვლავ გააგრძელა ძიებები თამაზ ჭილაძის დრამატურგიულ სამყაროში და განახორციელა მისი პიესების: „მე პაწია მერცხალი ვარ”, „დაკრძალვა სახელმწიფო ხარჯით” დადგმები. მას არც პატარა მაყურებელი დავიწყებია და მათ ნ. რამიშვილის „ქართული საშობაო ზღაპარი” და „მაშიკოს თავგადასავალი” შესთავაზა. გოგი ჩაკვეტაძემ ამავე პერიოდში დადგა ლაშა თაბუკაშვილის პოპულარული პიესა  „დარაბებს მიღმა გაზაფხულია”.

260 წლის თელავის თეატრი, რომელიც ქართულ პროფესიულ თეატრებს შორის, დღემდე აღმოჩენილ წერილობით დოკუმენტებზე დაყრნობით, პირველი თეატრია, რომელმაც ორსაუკუნე ნახევარზე მეტი ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქმნის არამატერიალურ კულტურას, რომელიც ქართული ხელოვნების ნამდვილი საგანძურია.

თელავის თეატრი დღესაც ღირსეულად აგრძელებს ტრადიციებს და ცდილობს ქართული თეატრის სათეატრო ავანგარდში იყოს.

წიგნიდან "258 წლის თელავის თეატრი"

bottom of page