top of page

ტერორი - მოქმედების გარეშე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

770f9b6b-2254-4e84-a88d-7b468c2dc0c2.jpeg

11.03.2026

თამთა ქაჯაია

ტერორი - მოქმედების გარეშე

 „დღევანდელი თეატრი, ჩემი აზრით,

საკმაოდ მძიმე სენით არის შეპყრობილი“ -

მიხეილ თუმანშვილი.

მარჯანიშვილის თეატრში ბოლო სამი პრემიერა ერთმანეთის მიყოლებით გაიმართა -  ნიკა ლუარსაბიშვილის „პინოკიო“, საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღები“ და თემო კუპრავას „ტერორი“. „ტერორს“  საზოგადოებაში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, (ასევე, საბა ასლამაზიშვილის „ყაჩაღებს“)  როგორც ჩანს, მაყურებლისთვის სამივე სპექტაკლის სათქმელი საინტერესო აღმოჩნდა და თითოეული ანშლაგით მიმდინარეობს.  

გერმანელი მწერლის, ფერდინანდ ფონ შირახის „ტერორი“ თეატრის სოციალურ გვერდზე, ხელოვნური ინტელექტის შექმნილი ვიდეორგოლებით გამოჩნდა -  მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ვხედავთ მაყურებელს, რომელიც წითელ და თეთრ ქაღალდს წევს. შემდეგ ვიდეოფრაგმენტში აეროპორტია, სადაც მოქმედება თვითმფრინავში ვითარდება.

მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს,  ასევე, სპექტაკლის სათქმელსა და კონცეფციასაც. ჩემთვის, როგორც თეატროლოგისთვის სპექტაკლზე მეტად მნიშვნელოვანი ამბავი აღმოჩნდა, რადგან დაახლოებით 110 წუთის განმავლობაში ვისმენდი მხოლოდ პიესის შინაარსს, ფაქტებსა და იურიდიულ კანონებს. წარმოდგენის დროს არ არსებობს სპექტაკლის რიტმი, მიზანსცენები და რეჟისურა.   სცენური მოქმედება მინიმუმამდეა დაყვანილი, წარმოდგენა მსახიობების წარმოთქმულ ტექსტებსა და სიუჟეტის თხრობაზეა აგებული, რაც სპექტაკლის დინამიკას ამცირებს. მაყურებელი ძირითადად, სიტყვიერ ამბის თხრობას ვისმენთ - რეჟისორული ინტერპრეტაცია და სცენური მრავალფეროვნება კი, ფაქტობრივად, არ არსებობს. სწორედ ამიტომ, მიუხედავად პიესის საინტერსო თემატური საფუძვლისა, წარმოდგენა უფრო შინაარსზე დაფუძნებული თხრობაა.

პიესა და რეჟისურა ცალ-ცალკე დეფინიციაა, რომლის გამიჯვნაც ჩვენს პროფესიაში ხშირად არ ხდება. ზოგადი განმარტებით, რეჟისურა თეატრალური ნაწარმოების შექმნის ხელოვნებაა, რომელიც ინდივიდუალურ ხედვას, ფორმასა და სათქმელს მოიაზრებს. მხოლოდ დრამატული ტექსტის გადმოცემით არ შემოიფარგლება და ცდილობს სათქმელის ინტერპრეტაციას. პიესა კი  ნაწარმოებია - მოქმედებათა, მოვლენათა ერთობლიობა, რომელშიც იხსნება ნაწარმოების ძირითადი შინაარსი.

სპექტაკლის დასაწყისში მოსამართლე, (ეკა ჩხეიძე) გვაფრთხილებს მაყურებელს და მოგვიწოდებს წარმოდგენაში მაქსიმალური ჩართულობისკენ, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები ვინც ვწყვეტთ მსჯავრდადებულის თავისუფლებას. ეს კარგი ხერხი აღმოჩნდა მაყურებლის დასაჭერად, რადგან დარბაზის უმეტესობამ პასუხისმგებლობა ვიგრძენით, თუმცა, რამდენად გავიაზრეთ სამართლის ცნების ობიექტური პასუხისმგებლობა - ეს ცალკე საკითხია.  მხატვარმა (ანკა კალატოზიშვილი) ზედმიწევნით შექმნა სასამართლო დარბაზის გარემო, პარტერში მოხსნილია რიგები რის ხარჯზეც მაყურებელი მოვლენათა ეპიცენტში ფაქტობრივად შეჭრილია.

მსახიობი ანუკი ბუბუტეიშვილი პროკურორს განასახიერებს, რომელსაც სპექტაკლის დასაწყისშივე აგრესიულსა და ირონიულის ვხედავთ, რაც სრულიად გაუგებარია. მისი მოქმედება  წინააღმდეგობაში მოდის სათქემლთან და პოზიციასთან, რადგან პროკურორის პერსონაჟი, როგორც  წესი, ასოცირდება სამართლიანობის იდეასთან და ლოგიკურ აზროვნებასთან, რომელიც სიტუაცის მიხედვით მოქნილად მოქმედებს.  მსახიობის შექმნილი გმირი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული რომ ყოფილიყო, ხოლო მის ინტონაციაში სარკაზმი და ირონია გვეგრძნო, მისი ხასიათი  უფრო საინტერესო გახდებოდა.

ნინო კვირიკაშვილი მსჯავრდადებულის ადვოკატი გახლავთ, მისი სუბიექტური დამოკიდებულება ლარს კოხის (პაატა ინაური) მიმართ,  სპექტაკლის დასაწყისში ცალსახად ჩანს. თუმცა, მთელი წარმოდგენის განმავლობაში მაქსიმალურად ჩართულია პროცესში, მაშინაც კი როდესაც მისი გმირი პასიურ მდგომარეობაშია. ნინო კვირიკაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სიმართლეში, ბოლომდე დარწმუნებულია და ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი.

პაატა ინაურის პერსონაჟი პროტაგონისტია, მის გადაწყვეტილებაზე, მორალსა და ღირებულებზეა მთელი პიესა აგებული. ინაურის გმირი განათლებული, ურყევი და უდრეკი პილოტია, რომელიც მომხდარი ფაქტის შემდეგაც მყარად რჩება საკუთარ პოზიციაზე. მხოლოდ ერთ მომენტში ტყდება მისი სულიერი სიმტკიცე, როდესაც პროკურორი უსვამს მთავარ, საკვანძო კითხვას: „თქვენი ცოლი და შვილი, რომ მჯდარიყო იმ თვითმფრინავში, მაინც ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდით?“. ამ კითხვაზე პაატა ინაურს პასუხი არ აქვს და სწორედ აქ ვხედავთ მისი პერსონაჟის უსუსურობას. სწორედ ეს კითხვა აღმოჩნდა ჩემთვისაც გარდამტეხი მთელი სპექტაკლის განამავლობაში და ეს კითხვა უნდა საზღვრავდეს მაყურებლის საბოლოო შედეგს, თუმცა ასე არ ხდება.

სპექტაკლის კიდევ ერთი პერსონაჟი - გარდაცვლილის ცოლი (თეა ალფაიძე), ბუნებრივად, გარეგნული ზედაპირული თამაშის გარეშე ცდილობს დაგვანახოს საკუთარი  ტრაგედია. თუმცა, მისი ემოციური შესრულება პათეტიკურია, რადგან ყვირილისა და ზედმეტი ემოციის გარეშეც შესაძლებელია აღნიშნული.

სპექტაკლის სიუჟეტურ ხაზს შეგნებულად ვარიდებ თავს და არ ვყვები, არც მის გამოწვევებზე, მორალსა და ღირებულებებზე ვისაუბრებ. პიესაში გაშლილი მორალური დილემები თუ კონფლიქტი, აქტუალური და საინტერესოა, რაც განაპირობებს მაყურებლის სიმრავლეს. პროფესიულად, ასეთი ზედმიწევნით სასამართლოს იმიტირება, სასამართლო პროცესის ანალოგია, რომელიც მოსაწყენ წარმოდგენად გადაიქცევა. საზოგადოებაში კი  დიდ ინტერესს იწვევს, ნაფიც მსაჯულის როლში ყოფნა. თუმცა, ფაქტია, რომ ამ სპექტაკლმა ხმაური გამოიწვია, ამსჯელა და ზოგს წააკითხა კიდეც პიესა.

bottom of page