თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თარიღის დასადგენად

თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თარიღის დასადგენად 

 

გუბაზ მეგრელიძე


მინდა საქმიანად გამოვეხმაურო ჩემს კოლეგა გიორგი ცქიტიშვილს, რომელმაც ჟურნალ `თეატრის” ამავე ნომერში სათაურით `ვითარება” სამსჯელოდ გამოიტანა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დაარსების თარიღის დადგენა. ავტორი ამბობს, რომ დაარსების თარიღად უნდა აღიარდეს 1939 წელი, საიდანაც იწყება მისი მუშაობის უწყვეტი პერიოდი. ამჟამად კი დაარსების თარიღად 1923 წელია მიჩნეული, როდესაც საქართველოს განსახკომის ბრძანებით თეატრალური ინსტიტუტი შეიქმნა. ამ თარიღის მართებულობა ბატონმა ვასო კიკნაძემ დაასაბუთა. გიორგი ცქიტიშვილს, თავისი აზრის დასამტკიცებლად, ის მოსაზრება მოჰყავს, რომ 1923 წელს გახსნილმა ინსტიტუტმა მხოლოდ სამი წელი იარსება და წყვეტილი 13 წელი იყო.
ვფიქრობ, ისტორიული თარიღის აღიარება 1923 წლიდან უნდა დავიწყოთ და არ დავკარგოთ თეატრალური განათლების სტაჟი. მითუმეტეს, როცა ამ პერიოდში არაერთი კორიფე აღიზარდა, რომელთა შესახებაც თავად ავტორი წერს. 
ამ მსჯელობით, რა ვუყოთ ერეკლე II-ს კარის თეატრს, რომლის აღდგენაც მხოლოდ 55 წლის შემდეგ, 1850 წელს მოახერხა გიორგი ერისთავმა? თუმცა არც ეს თარიღი გამოდგება. პროფესიული ქართული თეატრის აღდგენის თარიღად არა გიორგი ერისთავის თეატრის პერიოდი, არამედ 1879 წელი უნდა ვაღიაროთ, საიდანაც იწყება ქართული თეატრის მუშაობის უწყვეტი პერიოდი. მათ შორის წყვეტა 1856 წლიდან 1879 წლამდე 23 წელი იყო. გაცილებით მეტი, ვიდრე თეატრალური ინსტიტუტის შემთხვევაში. საერთო ჯამში (1791 წლიდან 1879 წლამდე) კი იკარგება პროფესიული თეატრის ისტორიის 88 წელი. მეორე მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებლობის 100 წლის აღნიშვნა. დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ ხომ მხოლოდ სამი წელი იარსება და 70 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. გამოდის, ეს თარიღი 1991 წლიდან უნდა აღვნიშნოთ. ჟურნალისტებს შორისაც მიმდინარეობდა კამათი, ქართული ჟურნალისტიკის დღე 1819 წლის 21 (ახალი სტილით) მარტს, თუ ილია ჭავჭავაძის გაზეთ `ივერიის” გამოცემის თარიღიდან, 1877 წლის 16 (ახალი სტილით) მარტიდან, დაწყებულიყო, რის შედეგადაც დაიკარგებოდა 56 წლიანი ჟურნალისტიკის ისტორია. აღიარებულად მაინც 21 მარტი დარჩა, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება. ვფიქრობ, მეტი ფაქტების მოყვანა აღარაა საჭირო, ვინაიდან პრაქტიკამ თარიღების დადგენის საკითხი გაარკვია. 
საკამათოა ავტორის დასკვნაც: `იმედი მაქვს, ამ პუბლიკაციას სათანადო გამოხმაურება მოჰყვება და გარკვეული მსჯელობის შემდეგ მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, მის მდიდარ ისტორიას სულაც არ სჭირდება და, ალბათ, არც ეკადრება არარსებული 13 წლით საკუთარი არსებობის ყალბად გახანგრძივება”. ავტორს აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა საზოგადოების სამსჯავროზე გამოაქვს, მაგრამ იქვე ცდილობს საკუთარი მოსაზრების თავზე მოხვევას, როგორც უკვე დადგენილი ჭეშმარიტების. მან ხომ ჯერ არ იცის სხვა თეატრმცოდნეთა პოზიცია. ვფიქრობ, უნივერსიტეტის დაარსების ადრეული თარიღი საამაყო უნდა იყოს, რაც თეატრალური კულტურის უფრო დიდ ტრადიციაზე მეტყველებს.