top of page

თინეიჯერი წითელქუდა და „უდანაშაულო დამნაშავენი“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

_MG_4383.CR2

ანა მირიანაშვილი

თინეიჯერი წითელქუდა და „უდანაშაულო დამნაშავენი“

 

„მწვანე კატა“ ქართველი მაყურებლისთვის ჯერჯერობით სრულებით უცნობი პიესაა, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა ლუკა ინწკირველმა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგა. თანამედროვე რუმინელი ავტორის, ელის უილკის პიესა „მწვანე კატა“ 2011 წელს დაიწერა და რამდენიმე ენაზეა თარგმნილი, დადგმულა როგორც რუმინეთში, ისე სხვა ქვეყნების სცენებზე: რუსეთში, გერმანიაში, იტალიაში და სხვა. არსებობს რადიოსპექტაკლის სახითაც. პროფესიული თეატრების გარდა, ეს დრამატული ტექსტი პოპულარულია თეატრალურ სტუდიებსა და სასკოლო თეატრალურ წრეებშიც.

„მწვანე კატის“ ერთ-ერთი ძალიან საინტერესო (Silent Disco) ვერსია რუმინეთში, ქალაქ იაშის მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე რამდენიმე წლის წინ ვნახე (რეჟისორი ბობი პრიკოპი) და საინტერესოდ მეჩვენა. შემდეგ დავინტერესდი ავტორით, მოვიძიე ტექსტი და ელისს მისი ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმნის ნებართვა ვთხოვე.  

ლუკა ინწკირველი პირველი რეჟისორია, რომელმაც ეს თანამედროვე ტექსტი ქართულ სცენაზე დადგა და იმედს ვიტოვებ, რომ ამ ნაწარმოებით სხვა რეჟისორებიც დაინტერესდებიან. რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ ტექსტის მთარგმნელი ვარ და სადადგმო/შემოქმედებით პროცესში მონაწილეობა არ მიმიღია, თავს უფლება მივეცი, „მწვანე კატა“ შევაფასო როგორც თეატრმცოდნემ.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ „მწვანე კატას“ კლასიკური გაგებით პიესის სტრუქტურა არ აქვს, უფრო დრამატული ტექსტი შეიძლება ვუწოდოთ, რომელიც ძირითადად აგებულია  მონოლოგზე, ხშირ შემთხვევაში, თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს და დიალოგიც კი მონოლოგებშია ინტეგრირებული. პერსონაჟების ასაკი მერყეობს 16-დან 19 წლამდე. მოქმედება ხდება თანამედროვე დროში, პატარა ქალაქის ერთ-ერთ მიყრუებულ უბანში, რომელიც სავსეა ნაცრისფერი, უღიმღამო კორპუსებით; მაღაზიები, პარკი, ძველი ქიმიური ქარხანა... ალბათ ამიტომაც, ლუკა ინწკირველის წარმოდგენა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული სივრცის ნაცრისფერ გარემოში ძალიან ორგანულად ჩაჯდა. რეჟისორი მინიმალური დეკორაციითა და რეკვიზიტით შემოიფარგლა, კონსტანტინე ეჯიბაშვილის და ვახტანგ გვახარიას მუსიკამ კი განსაკუთრებული განწყობა შემატა სპექტაკლს. რეჟისორი ძალიან გონივრულად, მიზანმიმართულად იყენებს მუსიკას და ვიდეოპროექციას, რომელიც სათანადო ატმოსფეროს ქმნის. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს სამსახიობო ანსამბლი: თინათინ ნიკოლაშვილი, ნუკა ქევხიშვილი, ანიკო შურღაია, ლადო ვაშაკიძე, სანდრო კახეთელიძე, გიორგი ქორიძე. „მწვანე კატა“ თანამოაზრეთა გუნდის ერთობლივი ქმნილებაა და ეს წარმოდგენის ყველა კომპონენტში იგრძნობა. აქ არ არის მთავარი და მეორეხარისხოვანი როლები, თითოეულ პერსონაჟს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მოვლენათა ერთიან ჯაჭვში თავისი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მსახიობები დაცლილები არიან ყოველგვარი სიყალბისა და პათეტიკისგან.

 „მწვანე კატა“ ერთგვარი დეტექტივია, მაყურებელი თავისდაუნებურად დანაშაულის გამოძიების პროცესში ერთვება - რეჟისორის მხატვრული გადაწყვეტით, სპექტაკლის პერსონაჟები ხან დაკითხვაზე მყოფი მოპასუხეები არიან, მეორე წუთში კი ცივსისხლიან გამომძიებლებად იქცევიან. ეს მხატვრული ხერხი შემთხვევითი არ არის - მაყურებელი ხედავს, რომ მომხდარ ტრაგედიაში ირიბად ყველას მიუძღვის ბრალი და ამავე დროს, თითოეული მათგანი თავისებურად უდანაშაულოცაა. ნიშანდობლივია, რომ მსახიობები დროდადრო მაყურებლების გვერდითაც სხდებიან და ამ ხერხით რეჟისორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ეს ყველაფერი ჩვენი საზოგადოების პრობლემაცაა. ასეთი ახალგაზრდები ჩვენ გვერდით სხედან თუნდაც მეტროში, ავტობუსში, ლექციაზე, სამსახურში თუ ოჯახში. მაყურებელთან ასე ახლო მანძილზე მუშაობა არათუ ახალბედა, ზოგჯერ საკმაოდ გამოცდილ მსახიობებისაც კი უჭირთ. უნდა ითქვას, რომ რეჟისორმა ახალგაზრდა მსახიობებს ამ მხრივ მეტად რთული ამოცანა მისცა, რომელსაც მათ წარმატებით გაართვეს თავი. წარმოდგენის მსვლელობისას გრჩება განცდა, რომ ეს ყველაფერი სადღაც ჩვენ გვერდით, ძალიან ახლოს ხდება. საკმარისია, პერსონაჟებს სახელი შეუცვალო (მაგალითად, ბიანკა ანკად აქციო), და მიიღებ თანამედროვე ქართულ რეალობას, პრობლემებს, რომლებსაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით.

სარეჟისორო გადაწყვეტის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა სცენა, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ბიანკას წითელ ქუდს ესვრიან - თითოეული მათგანი ამ ქუდს იჭერს და თითქოს თავს იმართლებს, თავის უდანაშაულობას ამტკიცებს, იხსენებს იმ საშინელი დღეების ზოგიერთ დეტალს და მერე ერთი სული აქვს, ქუდი სხვას გადაუგდოს, მოიშოროს, როგორც სისხლის წითელი ლაქა. წითელი ქუდი ერთდროულად სიმბოლოცაა და ამავდროულად საქმის გახსნისთვის მნიშვნელოვანი დეტალიც; შესაძლოა მაყურებელს უნებურად ზღაპრის პერსონაჟი წითელქუდაც კი გაახსენდეს - სინამდვილეში ბიანკაც ხომ პატარა, გზააბნეული გოგოა, თანამედროვე თინეიჯერი წითელქუდა, რომელმაც არასწორი არჩევანი გააკეთა.

საინტერესოა, რომ ელის უილკის ტექსტსა და ლუკა ინწკირველის სპექტაკლშიც ფერებს მნიშვნელოვან დატვირთვა ენიჭება, აქ ვერ ნახავთ ნახევარტონებს: მწვანე კატა, წითელი ქუდი, ლურჯი სანთებელა, ნაცრისფერი უბანი, უფერული ცხოვრება, რომლის გაფერადებასაც ახალგაზრდები სხვადასხვა გზით ცდილობენ, მაგალითად ბუგი (ლადო ვაშაკიძე) ათასნაირ აბს ყლაპავს, რომ მოწყდეს რეალობას და ფერადი ილუზიების სამყაროში გადაინაცვლოს.

 „მწვანე კატა“ - ეს არის სპექტაკლი ახალგაზრდებზე, სიყვარულსა და უსიყვარულობაზე, მარტოობაზე, სულიერ ტრავმებზე, რომლებიც ადამიანს ცხოვრების ბოლომდე მიჰყვება, დანაშაულსა და ბრალის გრძნობაზე; ამავე დროს ეს არის ამბავი მშობლებზე, რომლებიც შვილების გვერდით არ არიან მათი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს პერიოდში. ბიანკას (ნუკა ქევხიშვილი) და ფლორის (ანიკო შურღაია) მამა სამი წელია არ უნახავთ, დედას მათთვის არ სცალია; როქსანა (თინათინ ნიკოლაშვილი) ბებიასთან ერთად ცხოვრობს, მისი მშობლები სხვა ქვეყანაში მუშაობენ; რობერტის (სანდრო კახეთელიძე) მშობლები კი პირიქით, ერთადერთი შვილის მიმართ გადაჭარბებულ მზრუნველობას იჩენენ, საუკეთესო სკოლაში დაჰყავთ, არ აკლებენ რეპეტიტორებს, ჩოგბურთსა და ძვირფას საჩუქრებს, შვილისთვის საუკეთესო მომავალს გეგმავენ, მაგრამ ყურადღების მიღმა რჩებათ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი რამ; რობერტიც მონდომებით თამაშობს სანიმუშო შვილის როლს და ოსტატურად მალავს ნამდვილ სახეს, (განსაკუთრებით დასამახსოვრებელია რობერტი-სანდრო კახეთელიძე დაკითხვის სცენებსა და მის ფინალურ მონოლოგში) და ბოლოს, დანი (გიორგი ქორიძე), რომელსაც ალკოჰოლიკ მამასთან ერთად ცხოვრებამ, მუდმივმა იმედგაცრუებამ და პრობლემებმა ფსიქიკა ბავშვობიდან დაუმახინჯა; რეჟისორმა და მსახიობმა ძალიან ზუსტად ააგეს ამ პერსონაჟის ხასიათი - ერთი შეხედვით მშვიდი და უწყინარი ფსიქოპათი, რომლისთვისაც არყის სუნი ერთგვარი „ტრიგერი“ ხდება და დანისთვის ასე საძულველი სუნი მასში მოძალადეს აღვიძებს. ბიანკა სცენაზე გათამაშებული ტრაგედიის ფიზიკური მსხვერპლია, მაგრამ ეს ამბავი თითოეულ პერსონაჟზე უმძიმეს კვალს ტოვებს - ცხოვრება ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორც მანამდე.

სპექტაკლის განმავლობაში მაყურებელს განუწყვეტლივ თან სდევს გამოუვალობის, ბედისწერის გარდაუვალობის განცდა, გეგონება უკანასკნელი იმედიც გტოვებს - ბიანკასა და როქსანას მიერ გამოგონილი საზიარო ანგელოზიც კი ქრება, რომელიც მანამდე გოგონებს რთულ სიტუაციაში არაერთხელ დახმარებია - „იქნებ ანგელოზებიც არ არიან უკვდავები“ - ამბობს ვიქტორის გაუჩინარებით გაკვირვებული როქსანა, მაყურებელი კი უნებურად იმაზე დაფიქრდება - იქნებ ჩვენს ცხოვრებაში ზოგჯერ ისეთი რამეც ხდება, როცა ანგელოზებიც კი უძლურნი არიან.  წარმოდგენის ფინალურ ნაწილში, როცა ყველასთვის ცხადი ხდება, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს, წარსულს ვერ დააბრუნებ, მომხდარს ვერ შეცვლი და მთელი ცხოვრება მძიმე ტვირთის ზიდვა მოგიწევს, ყველა ერთხმად იწყებს ისტერიკულ ყვირილს, ხავილს, რომელიც თავიდან თითქოს ყურს ჭრის, თითქოს გაწუხებს, დისკომფორტს გიქმნის და მერე უცებ ისეთი გადამდები ხდება, რომ შენც გინდა მსახიობებთან ერთად ამოიყვირო, გამოუშვა დაგროვებული ბრაზი და ტკივილი.

ვფიქრობ, „მწვანე კატის“ მოგზაურობა ქართულ თეატრალურ სივრცეში დიდი წარმატებით დაიწყო და წარმოდგენას მაყურებელი არ მოაკლდება. ეს სპექტაკლი განსაკუთრებით დააინტერესებს თინეიჯერებს (16+) და ახალგაზრდებს, მე კი მათ მშობლებსაც ვურჩევდი შვილებთან ერთად წარმოდგენის ნახვას.

bottom of page