
თოჯინები თ მოთხრობილი მსახიობი ქალის ტრაგიკული ამბავი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მაია კიკნაძე
თოჯინებით მოთხრობილი მსახიობი ქალის ტრაგიკული ამბავი
2024 წლის მაისის თვეში, თბილისში ახალი თეატრალური სივრცე, „თოჯინების სახლი“ ჩამოყალიბდა. თეატრის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ საბაშვილი თეატრში მისულ სტუმრებს სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. თეატრის პატარა ფოიეში სხვადასხვა ნივთებია განლაგებული, აქვე ვხვდებით მინიატიურულ თოჯინებსაც- თეატრის კრიტიკოსებს, რომლებიც „თოჯინების სახლის“ მუდმივი სტუმრები არიან და ზემოდან დასცქერიან ყველას და ყველაფერს. მაყურებელი კი ცდილობს მათში ნაცნობი სახეების ამოცნობას.
თეატრი „თოჯინების სახლი,“ როგორც რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უფროსებისათვისაა განკუთვნილი.
პირველი სპექტაკლი „რეჟისორის ცოლი,“ ავტორმა და რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა, დოკუმენტურ მასალაზე ააგო და ცნობილი ოჯახის - სანდრო ახმეტელისა და მისი ცოლის ისტორია შესთავაზა მაყურებელს.
1937 წელი, „სტალინური რეპრესიების,“პერიოდი, რომელსაც მრავალი ადამიანი შეეწირა, ჩვენს მეხსიერებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა, როგორც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი. რეჟიმი, არავის ინდობდა და თავისი სისასტიკით, საზოგადოების ყველა ფენაზე ახდენდა გავლენას. განსაკუთრებით ერჩოდნენ ცნობილი ადამიანებს- მწერლებს, მხატვრებს, თეატრალური მოღვაწეებს. „ურჩობით“ გამორჩეულ ხელოვანებს. ამ თვალსაზრისით, ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული რუსთაველის თეატრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სანდრო ახმეტელი, რომელიც ჯერ, დაიჭირეს, 222 დღე აწამეს და ბოლოს სიკვდილი მიუსაჯეს(1937. 29.06). მისი ცოლი მსახიობი თამარ ჭავჭავაძე კი 34 წლის ასაკში დააპატიმრეს. როდესაც მსახიობი დაჰკითხეს, 1937 წლის 25 ივნისს სუკის არქივების საბრალდებო დასკვნაში ჩაწერეს: „იყო აქტიური მონაწილე კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციისა, რომელსაც მისი ქმარი ახმეტელი ხელმძღვანელობდა.’’ 28 ივნისს, კი აღნიშნეს: „დანაშაულს აღიარებს, რომ მონაწილეობდა კონტრრევოლუციური ჯგუფში, რომელიც ეწეოდა ძირგამომთხრელ მუშაობას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ახმეტელის ხელმძღვანელობით, თავს არ თვლის დამნაშავედ ტერორისტულ მუშაობაში[1].“ ასე და ამგვარად, როგორც სანდრო ახმეტელის ცოლს, თამარ ჭავჭავაძეს გადასახლება მიუსაჯეს...
რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი, მთელი სპექტაკლის მანძილზე თანმიმდევრულად გვიყვება მსახიობი ქალის ცხოვრების ეპიზოდებს, რომელიც დაკავშირებული იყო არაერთ მნიშვნელოვან ამბავთან. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი, ბიოგრაფიული ხასიათისაა, სადაც ცოლ-ქმრული ცხოვრების დეტალებიც არის გადმოცემული (მათი სიყვარული, შეუღლება და სხვა), რეჟისორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკურ გარემოზე და ამ გარემოში პიროვნების ბედზე. სწორედ ამ პრიზმიდან, დაგვანახებს რეპრესირებულ ადამიანთა ცხოვრებას, მათ გაუსაძლის ყოფას და სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებისთვის ბრძოლას. სიცოცხლის სიყვარული, მორალური თუ ფიზიკური გადარჩენა, არის სპექტაკლის მთავარი იდეაც, რომელსაც რეჟისორი თამარ წულუკიძის ცხოვრების მაგალითზე წარმოგვიდგენს.
სპექტაკლი წამყვანის გამოსვლით იწყება. ნიკოლოზ საბაშვილმა მთხრობლის როლი ნიკოლოზ წულუკიძის თოჯინას დააკისრა, რომელიც მთელი სპექტაკლის მანძილზე ერთვება მოქმედებაში და მოვლენების გარკვევაში ეხმარება მაყურებელს.
თოჯინურ სპექტაკლში, მთავარი შემოქმედი მეთოჯინეთა ანსამბლია, რომლის დამსახურებაცაა დღევანდელი სპექტაკლის წარმატება. სწორედ მათი ოსტატობის წყალობით გახდა შესაძლებელი თამარ წულუკიძის, კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ახმეტელის პერსონაჟთა ხასიათების ჩვენება, მათი ბუნების გადმოცემა. მეთოჯინეთა გუნდის წევრები (გიორგი ღონღაძე, ანა ბეჟაშვილი, დავით ბერიძე, ნელი ვარშალომიძე, ვახტანგ ქორიძე, ანა დოლიძე), შავ სამოსში გამოწყობილნი, ერთდროულად სხვადასხვა თოჯინებს ათამაშებენ და სრული სიზუსტით, სინქრონულად გადმოსცემენ თითოეული პერსონაჟის /საგნების/ მოძრაობებს.
გმირთა ტრაგიკულ ბედისწერას, სულიერ განცდებს უფრო მეტად ამძაფრებს მუსიკალური გაფორმება (ნიკოლოზ საბაშვილი). სპექტაკლში, განსაკუთრებით აღსანიშნავია სცენოგრაფიის როლი, აქ წარმოდგენილი მინიატიურული თოჯინები, პატარა ნივთები (მაგ. დაპატიმრებული ახმეტელი, გისოსებიანი ცეცხლმოკიდებული საკანი, ზურგზე მოკიდებული რუსთაველის თეატრი, პატარა ბავშვები და სხვა ), საკმაოდ რეალისტურ გარემოს ქმნიან. განსაკუთრებით თვალშისაცემია ჭადრაკის დაფის ალეგორიული გააზრებაა, სადაც ნაჩვენებია ახმეტელსა და მარჯანიშვილის შორის მძაფრი დაპირისპირება.
სპექტაკლში თითოეული მიზანსცენა, ღრმად არის გააზრებული. ეს ეხება პირველ რიგში შვილის დატირების სცენას, როდესაც გადასახლებაში მყოფი თამარ წულუკიძე შვილის გარდაცვალებას შეიტყობს. ეს მცირე ეპიზოდი ისე არის გადმოცემული, რომ მისი ყურება მძაფრი ემოციების გარეშე შეუძლებელია. იგივე შეიძლება ითქვას ახმეტელის დახვრეტის სცენაზეც. თუმცა სპექტაკლში ოპტიმისტური ნოტები გამოკვეთილია. გადასახლებაში მყოფი რეჟისორის ცოლი, გადარჩენის მიზნით, ბავშვებისთვის თოჯინების თეატრს ქმნის. თოვლით დაფარულ სცენაზე, საშინელ ყინვაში ბავშვებისთვის თოჯინებს ათამაშებს, რათა სიხარული მიანიჭოს მათ და საკუთარ თავსაც. ეს სცენა ესთეტიკურადაც ლამაზი სანახავია და მსახიობი ქალის სულიერ გამძლეობასაც უსვამს ხაზს. ეს არის პასუხი იმაზე, თუ როგორ გადარჩა გულაგში გამომწყვდეული პატიმარი ქალი, რომელსაც ქმარი დაუხვრიტეს, შვილი მოუკვდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც შეძლო სამშობლოში დაბრუნება, ხოლო მოგვიანებით თავისი საქმის გაგრძელება.
1952 წლის 25 ნოემბერს, გადასახლებაში მყოფი თამარ წულუკიძე ლავრენტი ბერიას ქართულად სწერდა, რომ დააბრუნონ საქართველოში და სიმართლის დასადგენად მისი საქმე განიხილონ. საჩივარი მართლაც განიხილეს, თუმცა 1953 წელს 14 იანვარს, მის თხოვნას უარი ეთქვა.
სპექტაკლი, ნიკოლოზ საბაშვილის დადგმებში ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია. როგორც ფორმის, ისე სათქმელისა და იდეის გამოხატვის თვალსაზრისით, რაც რეჟისორის ფანტაზიის წყალობით მიიღწევა.
ნიკოლოზ საბაშვილის სარეჟისორო ესთეტიკამ, მეთოჯინეთა ოსტატობამ, სპექტაკლის ფორმამ, ნიკოლოზ წულუკიძის-/წამყვანის/ ხმამ და მისი თხრობის მანერამ, ყველაფერმა ერთად მთლიანობაში განაპირობა სპექტაკლის წარმატება.
სპექტაკლს, შემეცნებითი ხასიათიც აქვს. მაყურებელი ბევრ საინტერესო ამბავს მოისმენს. კარგი იქნება თუ ახალგაზრდები ესტუმრებიან თეატრს, რათა კიდევ ერთხელ გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის ტრაგიკული ისტორია...
P. S
სულ რამდენიმე დღეში, თეატრს დაარსებიდან ერთი წელი უსრულდება.
ვულოცავ, „თოჯინების სახლს,“ მის ხელმძღვანელს ნიკოლოზ საბაშვილს, მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ერთი წლის იუბილეს და ბევრ საინტერესო დადგმებსა და შემოქმედებით წარმატებებს ვუსურვებ!
[1] ვ.კიკნაძე წამებული რაინდები, თბ.1992, გვ.125