top of page

თოქშოუდ ქცეული სამყარო

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

704527470_1421954666628226_4484277029599951279_n.jpg

01.07.2026

სალომე გულიაშვილი

 

თოქშოუდ ქცეული სამყარო

ჰენრიკ იბსენი „ხალხის მტერი“

 

ჰენრიკ იბსენი — „თანამედროვე დრამის მამად“ აღიარებული ნორვეგიელი დრამატურგი და ევროპული თეატრის უდიდესი რეფორმატორია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბურჟუაზიული კლასის აღზევებისა და რეალიზმის ეპოქაში, მან თეატრალური სცენა სოციალური პრობლემებისა და ადამიანის შინაგანი კრიზისების პლატფორმად აქცია. იბსენმა გააშიშვლა მაშინდელი საზოგადოების მატერიალიზმი, სულიერი სიცარიელე და „პატიოსანი ოჯახის“ მიღმა დამალული ფასადურობა.

იბსენის შემოქმედებაში არაჩვეულებრივად აისახა მისი ეპოქისათვის დამახასიათებელი ყველა ზემოთ ხსენებული პრობლემა. ავტორმა მოახერხა ოჯახური ცხოვრების შიგნიდან ჩვენება და მათი რეალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევა. რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია, მწერალი იწყებს ქალის ფიგურის, ფსიქოლოგიის კვლევას და თავისი პერსონაჟების მეშვეობით მათი პერსპექტივის ჩვენებას. იბსენმა იმ ქალების ხმა გაგვაგონა, რომელთაც ძირითად შემთხვევაში, მის თანამედროვე საზოგადოებაში, ხმის ამოღების უფლებაც არ ჰქონდათ. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ მისი პერსონაჟები მის თანამედროვეებს წარმოადგენენ დღესაც შეგვიძლია მათთან უამრავი საერთოს აღმოჩენა. ოჯახში წარმოშობილი განხეთქილებები, საზოგადოების მუდმივი ზეწოლა, მორალური ნორმები, რომლებსაც ამორალური ეკლესია გვიწესებს, ქალთა მნიშვნელობის შემცირება, სახელმწიფოს მხრიდან კეთილდღეობის სახელით გადადგმული მომაკვდინებელი ნაბიჯები და ხალხი, რომელმაც სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამოაცხადოს ხალხის მტერად. ეს არის ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც იბსენს საკუთარ დრამატურგიაში აქვს წამოწეული. სწორედ ამ საკითხების აქტუალობა განაპირობებს მისი პიესებისადმი მუდმივ ინტერესს.

„ხალხის მტერი“ იბსენის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე, პოლიტიკურად აქტუალური დრამაა. მასში ავტორი უპირისპირდება მე-19 საუკუნის „ლიბერალურ უმრავლესობას“ და სვამს საკმაოდ თამამ კითხვას: „შესაძლებელია თუ არა, უმრავლესობა ყოველთვის მართალი იყოს?“ პიესაში კარგად არის წარმოჩენილი, რომ შესაძლებელია უმრავლესობაც ცდებოდეს და ზოგჯერ სიმართლე მხოლოდ ერთი ადამიანის მხარეს იყოს. თუმცა, რამდენად მოახერხებს ეს ერთი ადამიანი უმრავლესობის ძალისა და მათ ხელში არსებული ძალაუფლების დაძლევას, ნამდვილად საეჭვოა. მოაზროვნე ადამიანი, რომლის მიზანსაც საკუთარი ხალხის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს, აღმოჩნდება ბრბოს წინააღმდეგ, რომლისთვისაც მატერიალური კეთილდღეობაა პრიორიტეტული. მიუხედავად იმისა, რომ პიესის მთავარი პერსონაჟის ექიმი სტოკმანის აღმოჩენა საციცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია და სწორი მოქმედების შემთხვევაში ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება, ძირითადი შემოსავლის დაკარგვის შიში ხალხს დაუნდობელ ტირანად აქცევს. გარდა საზოგადოებაში ჩამოვარდნილი განხეთქილებისა, იბსენი არაჩვეულებრივად ახერხებს მიმდინარე მოვლენების ფონზე ოჯახში წარმოშობილ პრობლემებზე საუბარს. თომას სტოკმანი და პიტერ სტოკმანი ძმები არიან — ერთი კურორტის ექიმია, მეორე კი — კურორტის მმართველი (მერი). ძმები, რომლებსაც განსხვავებული მორალი და პრიორიტეტები გააჩნიათ, არსებული დაძაბულობის პირობებში ერთმანეთს უპირისპირდებიან. არც ერთს არ შეუძლია საკუთარი პოზიციის დათმობა. ერთი საუბრობს სიმართლის სახელით, მეორე კი მხოლოდ საკუთარ მატერიალურ სარგებელზეა ორიენტირებული და კურორტის კეთილდღეობა უბრალოდ სიტყვის მასალად მოაქვს. ადამიანი, რომელიც შემოსავლისთვის ხალხის დაღუპვის საფრთხეს უგულებელყოფს, შეუძლებელია ვინმეზე ზრუნავდეს. ასევე, მკაფიოდაა წარმოჩენილი ექიმი სტოკმანის ცოლის შიში საკუთარი ქმრისა და ოჯახის გამო. იგი კარგად აანალიზებს მოსალოდნელ საფრთხეს და მეუღლეს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. მაგრამ, ძმების დაპირისპირებისაგან განსხვავებით, ეს არ ხდება სხვადასხვა მორალური პრინციპების არსებობის გამო; პირიქით, ფრუ სტოკმანი ექიმს უპირობოდ უდგას გვერდში, ის უბრალოდ ცდილობს, საკუთარ ოჯახს მოუფრთხილდეს. სწორად იაზრებს სიტუაციას მათი ქალიშვილი პეტრაც, რომელიც ჩემთვის ძლიერი, განათლებული და სიმართლის მხარეს მდგომი ქალის ეტალონია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც იბსენი პიესის საშუალებით გვესაუბრება არის მედიის როლი საზოგადოების ცხოვრებაში და პროპაგანდის უარყოფითი გავლენა ხალხზე. თუ დასაწყისში გაზეთ „სახალხო უწყების“ რედაქტორი ჰოვსტადი და მისი თანამშრომლების თომას სტოკმანის მხარს იჭერენ, საბოლოო ჯამში ისინი ბრობოს მხარეს გადადიან და მატერიალურ კეთილდღეობას ამჯობინებენ.

მიმდინარე წლის 17 აპრილს მარჯანიშვილის თეატრში შედგა იბსენის პიესის „ხალხის მტერის“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა, რომლის რეჟისორიც სოფიო ქელბაქიანია. ახალგაზრდა რეჟისორი შეეცადა პიესაში გადმოცემული თემები ჩვენს თანამედროვეობაში გადმოეტანა და დღევანდელობისთვის მოერგო. ამის კარგი მაგალითია გაზეთისა და გამომცემლობის ტელევიზიით ჩანაცვლება, რაც ოცდამეერთე საუკუნისთვის საკმაოდ სწორი აქცენტია. სპექტაკლი თითქმის უცვლელად მიჰყვება პიესას, თუ რამდენიმე სცენის ამოღებას არ ჩავთვლით, რაც საკმაოდ ლოგიკურია ზემოთ ნახსენები ცვლილებიდან გამომდინარე.

პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო სცენოგრაფიაზე (მხატვარი - ავთო მოდებაძე), რომელიც მოქმედების განვითარებასთან ერთად იცვლება და არა მხოლოდ გარეგნული, არამედ შინაარსობრივი დატვირთვაც გააჩნია. თავდაპირველად ჩვენ ვეცნობით ექიმი სტოკმანისა და მისი ოჯახის საცხოვრებელ სახლს. ჩვენ წინ მოჩანს მათი მისაღები ოთახი, მის უკან კი - გამოყოფილი სამზარეულო. პირველივე სცენიდან რეჟისორი კარგად გვიჩვენებს ოჯახის დამოკიდებულებას სხვა ხალხის მიმართ. ისინი მასპინძლობით გამორჩეულები არიან, უყვართ სახლში ახალგაზრდების მიღება, მათთან საუბარი და სხვადასხვა თემის განხილვა. რამდენიმე ეპიზოდში მისაღებ ოთახსა და სამზარეულოში მოქმედებები პარალელურად მიმდინარეობს, რაც სცენებს დინამიკურობას უნარჩუნებს. სტოკმანების ოჯახის ბინის მოწყობილობიდან ასევე კარგად ჩანს რამდენად მოწესრიგებულ და შეძლებულ ოჯახთან გვაქვს საქმე, რაც რიგ შემთხვევებში სხვა პერსონაჟების აღფრთოვანებას იწვევს. შემდგომი ეპიზოდები ტელევიზიაში ვითარდება, სადაც მისი თანამშრომლების საქმიანობასა და მათ დამოკიდებულებებს უკეთ ვეცნობით. ეს, მწვანე შუქით განათებული, შავკედლებიანი გარემო სიცივისა და გულგრილობის შეგრძნებას ტოვებს. აქ ხალხი ცივი გონებით იღებს გადაწყვეტილებებს — ზოგჯერ ისეთ გადაწყვეტილებებს, რაც სხვებისთვის საზიანოა, თუმცა მათთვის „წარმატების“ მომტანი. ძალიან კარგად არის წარმოჩენილი, როგორ მსჯელობენ ერთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და რა უფრო პრიორიტეტულია მათთვის; როგორ შეუძლიათ, სულ მოკლე ხანში, პროპაგანდის მეშვეობით ადამიანების ცხოვრება დაანგრიონ. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მეორე მოქმედების დასაწყისში, სადაც ძმებ სტოკმანებს შორის სატელევიზიო დებატები იმართება. რეჟისორის გადაწყვეტილებით, ამ ეპიზოდში მაყურებლის დარბაზიც განათებული რჩება, რაც სცენაზე მიმდინარე მოვლენებთან ერთიანობის შეგრძნებას ქმნის. თითქოს სწორედ მაყურებელია ის ხალხი, რომელსაც ექიმი სტოკმანი მიმართავს და რომლისგანაც მხარდაჭერის იმედი აქვს. საინტერესო ჩანაფიქრია დებატებამდე გამართული პატარა თამაში, სადაც გიორგი შარვაშიძის პერსონაჟი — ჰოვსტადი, ეკრანზე გამოსახულ ნივთებს შორის ერთს გვარჩევინებს, საბოლოო ჯამში კი მის „გამოცნობას“ ახერხებს. ეს პირდაპირი მეტაფორაა ტელევიზიის გავლენაზე — იმაზე, თუ როგორ მოქმედებს პროპაგანდა ხალხზე. დასასრულს ვუბრუნდებით სტოკმანების სახლს, მაგრამ დასაწყისისგან განსხვავებით, ჩვენ ვხედავთ ქვებისგან ჩალეწილ ფანჯრებს. თითქოს სახლის მდგომარეობა ოჯახის შინაგანი მდგომარეობის ანარეკლია.

კომპოზიტორ თამარ ფუტკარაძე-ლაშხის მიერ შექმნილი მუსიკალური კომპოზიციები არაჩვეულებრივად ერწყმის სპექტაკლის შინაარსობრივ განვითარებას და პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის თანმდევი ხდება. მუსიკასთან ერთად გამოყენებულია აუდიო-ვიდეო გრაფიკული გაფორმებები (ვიდეო-გრაფიკული უზრუნველყოფა - დათა დვალიშვილი), რაც პიესას კიდევ უფრო აახლოვებს თანამედროვეობასთან, თუმცა რიგ შემთხვევებში უფრო მეტად ვიზუალური ეფექტისთვის გამოიყენება ვიდრე შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე (მაგალითად იმ ეპიზოდში, როდესაც ექიმი სტოკმანი საკუთარი აღმოჩენის შესახებ აცნობს სხვებს).

ნიკა თავაძის მიერ შექმნილი ექიმი სტოკმანი სამართლიანი, მეოჯახე, მეგობრული, თავისი პროფესიისათვის თავდადებული და სიმართლისათვის მებრძოლი ადამიანია. მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ განათლებული პიროვნებაა, ცოტა გულუბრყვილოა, რადგან ყველას თავისნაირად აღიქვამს და ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი ყოველივე ღირებულის წინააღმდეგ. სიტყვა „გულუბრყვილო“ შესაძლოა ცოტა უხეშად ჟღერდეს ამ პერსონაჟის დახასიათებისას, თუმცა ამაში იგულისხმება ის უანგარობა და პირდაპირობა, რასაც საზოგადოება არასდროს გპატიობს. ამ თვისებების დაფასების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, მათ შენ საწინააღმდეგოდ იყენებს და საბოლოოდ გასამარებს. პიესის სახისაგან განსხვავებით, თითქოს ნიკა თავაძის პერსონაჟი უფრო მძაფრად გამოხატავს იმედგაცრუებას შექმნილი სიტუაციის მიმართ. ის ბრაზი, რაც თავდაპირველად ბრძოლაში ეხმარება, საბოლოო ჯამში, იმედგაცრუებაში გადასდის. მსახიობი არაჩვეულებრივად ახერხებს პერსონაჟის თითოეული ემოციის მაყურებლამდე მიტანას და ფაქიზად ძერწავს მის თითოეულ ჟესტსა თუ მიმიკას.

დავით დვალიშვილის პიტერ სტოკმანი, თავისი ძმისგან განსხვავებით, სრულიად პრაგმატული, სტაბილურობის სახელით მოლაპარაკე პოლიტიკოსია. ის მანიპულატორია, რომელმაც კარგად იცის, როგორ უნდა მიუდგეს ხალხს და რა პრიორიტეტები წამოსწიოს წინ, რათა მათი დამორჩილება და თავის მხარეს გადმობირება მოახერხოს. პიტერი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია, რადგან კარგად იცნობს იმ საზოგადოებას, რომელშიც ცხოვრობს, და მათგან უპირობო მხარდაჭერას ელოდება. მსახიობი ახერხებს, დაგვიხატოს ცივი, კარიერისტი, ეგოისტურად მოაზროვნე და მატერიალური „კეთილდღეობისათვის“ თავგანწირული სისტემის მსახურის სახე, რომელიც მაღალ საფეხურებზე ასვლას მხოლოდ სხვების დაზიანების ხარჯზე ახერხებს.

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა მსახიობმა გიორგი შარვაშიძემ, რომელიც ტელევიზიის თანამშრომელ ჰოვსტადს განასახიერებს. თავდაპირველად მისი პერსონაჟი მაყურებელში სიმპატიასაც იწვევს, რადგან საკმაოდ კომუნიკაბელური, აქტიური და მის გარშემო მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული ადამიანია. თუმცა, მოქმედების განვითარებასთან ერთად, თვალსაჩინო ხდება, რომ ეს დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ მისი კარიერული წინსვლიდან გამომდინარეობს. ერთადერთი ინტერესი, რაც ჰოვსტადს გააჩნია, არის სატელევიზიო ეთერისთვის საინტერესო მასალის მოპოვება და მისი მაყურებლისათვის გაცნობა. რეჟისორის მხრიდან მალევე ესმევა ხაზი პერსონაჟის რეალურ სახეს, როდესაც მსახიობი ჩვენ წინაშე, სტოკმანების ოჯახში, ბავშვის გასართობად მისული კლოუნის ნიღბით ჩნდება. ეს პირდაპირი მეტაფორაა მედიის დღევანდელ სახეზე. მათ ხომ თავისი ნამდვილი დანიშნულება დაკარგეს და მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალების ხმის გამჟღერებლებად გადაიქცნენ.

საინტერესო სახეს ქმნის ნატალია გაბისონია, რომელიც სტოკმანების უფროს ქალიშვილს, პეტრას განასახიერებს. ეს არის განათლებული, ძლიერი ქალი, რომელიც რეალობას ისეთად აღიქვამს, როგორიც სინამდვილეშია. პეტრას, მამამისის მსგავსად, ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი პრინციპები და მზადაა, მათ დასაცავად ბოლომდე იბრძოლოს. ის არის პიროვნება, რომელიც სამსახურის დაკარგვასაც არ უშინდება და ბრძოლისუნარიანობას არ კარგავს. პერსონაჟის ყველა ეს თვისება მსახიობის საშუალებით ცოცხლდება და მის თითოეულ მოძრაობასა თუ ემოციაში იკითხება. განსაკუთრებით ემოციურია სპექტაკლის ის ნაწილი, როდესაც ნატალია გაბისონიას პერსონაჟი სატელევიზიო ეთერის შემდეგ მამამისის დასაცავად მონოლოგს წარმოთქვამს. ეს სილის შემორტყმის ტოლფასია; რაღაც მომენტში იშლება ზღვარი იბსენის სამყაროსა და ჩვენს დღევანდელობას შორის. მსახიობის მიერ წარმოთქმული სიტყვები პირდაპირ გულზე გხვდება და სპექტაკლის ემოციური განვითარების მნიშვნელოვან პიკს წარმოადგენს.

თეონა ქოქრაშვილი მეოჯახე, ჭკვიანი და მზრუნველი ქალის სახეს ქმნის. ქმრისგან განსხვავებით ფრუ სტოკმანი მალევე იაზრებს მოსალოდნელ უბედურებას და ექიმს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. იგი შეშინებულია საკუთარი ოჯახის გამო და ცდილობს ყველაფერი ცუდი თავიდან აარიდოს მათ. დიმა ტატიშვილის მიერ შექმნილი მორტენ კიილი ცბიერი ადამიანია, რომელიც სიამოვნებას იღებს სხვების დამცირებით. მას სრულიადაც არ ანაღვლებს თავისი ახლობლების კეთილდღეობა; უბრალოდ, ტკბება მათ გარშემო დატრიალებული უბედურებით და ხელის შეწყობის ნაცვლად, მათ მორალურ დაცემას კიდევ უფრო უწყობს ხელს. ასევე, დასამახსოვრებელ სახეს ქმნის გიორგი კიკნაძე. ტელევიზიის თანამშრომელი ასლაქსენი მშიშარა, საკუთარ სტატუსზე მზრუნავი ადამიანია, რომელიც თავიდანვე ერიდება, ღიად დაუპირისპირდეს ქალაქის მმართველობას, რათა საკუთარი ადგილი შეინარჩუნოს.

ნაკლებად დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან ირაკლი ჩხიკვაძე და კოკო როინიშვილი. ეს გამომდინარეობს პიესის კონკრეტული სცენების შემცირებიდან და მისი თანამედროვეობასთან ადაპტირებიდან. მაგალითად, ბილინგი (ირაკლი ჩხიკვაძე) იმის მიუხედავად, რომ ჩართულია მიმდინარე პროცესებში, მისი პირადი მიზანი მაინც ნაკლებადაა გამოკვეთილი; ხოლო ჰორსტერი (კოკო როინიშვილი) მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში ჩნდება, რის გამოც მისი პერსონაჟის განვითარება სრულიად შეუმჩნეველი რჩება მაყურებლისთვის.

რეჟისორი ახერხებს, XIX საუკუნეში შექმნილი პიესა თანამედროვეობას იდეალურად მოარგოს და დასვას მკვეთრი აქცენტები იმაზე, რაც დღევანდელ საზოგადოებას აწუხებს. სოფიო ქელბაქიანი ღია ფინალს ტოვებს — რაც იბსენის პიესაშიც ასეა, თუმცა მასში რიგი ცვლილებები აქვს შეტანილი. პიესაში კარგად ჩანს, რომ ოჯახი ქალაქში დარჩენას და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, სპექტაკლში კი ეს მკვეთრად არაა გამოხატული. სპექტაკლის დასასრულს გაქცევისა და უსამართლობისაგან თავის დაღწევის სურვილი უფრო იგრძნობა, თუმცა გადაჭრით არაფერია ნაჩვენები; შესაბამისად, მაყურებელს თავად შეუძლია გააკეთოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი არჩევანი გააკეთა თომას სტოკმანმა და მისმა ოჯახმა. ბოლო სცენაში ძმებს შორის დიალოგი ეკრანის მეშვეობით, დისტანციურად მიმდინარეობს, რაც შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც მათ შორის გაჩენილი უფსკრული, მათი ურთიერთობის გაციების მეტაფორა. ასევე ეკრანიდან გვეცხადება მორტენ კიილის პერსონაჟიც — თითქოს ექიმი ყველასთან გაუცხოვდა და ამ ადამიანებსაც ზუსტად ისე აღიქვამს, როგორც არაფრისმთქმელ, პროპაგანდით გაჟღენთილ ტელევიზიებს, რომელთა მთავარ მიზანსაც ადამიანების დამორჩილება წარმოადგენს. ვფიქრობ, რეჟისორის ძირითადი სათქმელიც ესაა — გვაჩვენოს სამყარო, სადაც ადამიანები ერთმანეთის მიმართ გაცივდნენ, ხოლო ძირითადი ღირებულებები, როგორიცაა სიმართლე და სამართლიანობისათვის ბრძოლა, ჩაანაცვლა სოციალური ქსელებისა და ტელევიზიების სამყარომ, სადაც ყველა ხერხი მიღებულია და ყველანაირი პროპაგანდა გამართლებულია. ამ შემთხვევაში, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის მხარეს დაიჭერს და ვის გამოაცხადებს ხალხის მტრად.

bottom of page