top of page

 ტრაგიკული ევერესტი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

7A07CBA8-F0DB-4402-8728-E974876AA7D7.png


თამთა ქაჯაია

 ტრაგიკული ევერესტი

 „გარემო, საზოგადოება მოწყობილია ადამიანის დასაღუპად.

გარემოა დამღუპველი და არა თვითონ მოქმედი გმირები“

ტენეს უილიამსი.

 

 [...] ბევრს ლაპარაკობენ ტრაგედიის შესახებ და მას უწოდებენ „საშინელს“, „დამთრგუნველს“, „პესიმისტურს“ – სიტყვებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ყოველივე ტრაგიკულის მისამართით. მაგრამ მე ვფიქრობ, ტრაგედიას ის მნიშვნელობა აქვს, რომელიც მას ძველმა ბერძნებმა მიანიჭეს. მათთვის იგი იწვევს ეგზალტაციასა და სიცოცხლისკენ სწრაფვას, აღძრავს სიცოცხლის მეტ წყურვილს, ათავისუფლებს ყოველდღიური არსებობის წვრილმანებისაგან და უფრო ღრმა სპირიტული შრეების წვდომისაკენ უბიძგებს მათ. სცენაზე ტრაგედიის ყურებისას ისინი შეიგრძნობდნენ საკუთარ განწირულ იმედებს, ხელოვნებაში გაკეთილშობილებულს“ - იუჯინ ო'ნილი.

ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ო'ნილის „გრძელი დღის შემოღამება“ - პრემიერა თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში 17 მაისს გაიმართა, რომლის ინსცენირების ავტორი და რეჟისორი დიმიტრი ტროიანოვსკი გახლავთ. მოქმედი პირები მერი ტაირონი - ნინელი ჭანკვეტაძე; ჯეიმს ტაირონი - პაატა ბარათაშვილი; ჯეიმი ტაირონი - ბექა ჯუმუტია; ედმუნდ ტაირონი - ლუკა ჩიბუხაია გახლავთ. პიესა ავტორობიოგრაფიულია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ო'ნილმა შეძლო შედევრის შექმნა, ამერიკელმა დრამატურგმა საკუთარი ოჯახის ტკივილი ღიად და გულწრფელად ისე აჩვენა საზოგადოებას, რომ პერსონაჟების რეალური ემოციური სიშიშვლე ყველასათვის ერთნაირად გასაგებია. ო'ნილი კონცენტრირებულად და შემაძრწუნებლად წარმოაჩენს პერსონაჟებს, მას სურდა ისინი მსოფლიოს ენახა, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით - ნაწარმოები მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნებულიყო - მას არ შეეძლო მოესმინა კრიტიკა საკუთარი ოჯახის არსებული მდგომარეობის შესახებ. მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და გულწრფელი ავტობიოგრაფიული პიესის ინტერპრეტაცია ვნახე თუმანიშვილის თეატრში, (ადამიანმა უნდა გაიხსენოს საკუთარი წარსული, განიცადოს თავიდან, რომ დაძლიოს ინფანტილიზმი).

 ამერიკულ დრამაში ამ პიესამ ხელი შეუწყო ფსიქოლოგიური რეალიზმის განვითარებას. უიჯინ ო'ნილის პიესა „გრძელი დღის შემოღამება“ ერთი დღის განმავლობაში, დროის, ადგილისა და მოქმედების ერთიანობაა - ოჯახური (და არა მარტო) დრამა, სადაც ვხედავთ პერსონაჟთა რთულ, წინააღმდეგობრივ ბუნებას, მათ სულიერ სამყაროს, სიღრმისეულად დაფარულ შრეებს - დანაშაულის გააზრება კი თვითგვემის ტოლფასია. სპექტაკლში ნაჩვენებია რეალისტური და მტკივნეული თემები ერთი ოჯახის შესახებ - ავადმყოფობა, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება - ამ ყველაფერთან ერთად კი მათ ერთმანეთის მიმართ დაუსრულებელი წყენა აწუხებთ.

ჯეიმსი (პაატა ბარათაშვილი) კარიერისტი და ძუნწი ადამიანია, რომელსაც ბავშვობაში არა ერთი გაჭირვება უნახავს... მასაც, როგორც დანარჩენ სამ პერსონაჟს თავისი სიმართლე აქვს. პაატა ბართაშვილი ქმნის ფსიქოლოგიურად რთულ პერსონაჟს/სახეს, ის ერთდროულად მკაცრია, და წუწურაქიც მაგრამ ამავდროულად მის შესრულების მანერებში ჩანს, რომ ღრმა პასუხისმგებლობითა და ოჯახისადმი ერთგულებით გამოირჩევა. საუბრის მანერა ზოგჯერ თავშეკავებულია, მაგრამ მისი ტონი იცვლება, როდესაც ის საკუთარ სიღარიბეს და ბავშვობას იხსენებს. ოსტატურად იყენებს პაუზებს, ჩერდება, ფიქრობს, ზუსტად ისე, როგორც ადამიანი, რომელიც ფულსა და გრძნობებს ერთი ხელით ანაწილებს. პაატა ბარათაშვილის მოძრაობა გამიზნულია - დაკვირვებული სიარული - სტრუქტურული სიზუსტე აძლევს მაყურებელს საშუალებას დაინახოს პერსონაჟი არა როგორც კარიკატურა, არამედ როგორც ადამიანური ტრაგიკული ფიგურა რომლის მიმართაც სადღაც, ემპათია გიჩნდება. სპექტაკლის დასაწყისში დარბაზში შესვლისთანავე პირველი რასაც ამჩნევ კვამლია, სადაც არაფერი არ ჩანს, დეკორაცია (მხატვარი - ავთო მოდებაძე) ბუნდოვნად აღიქმება. თუმცა, მალევე ვხედავთ ედმუნდი და ჯეიმი როგორ ხსნიან გადაფარებულ ავეჯს პარკებს და ჯეიმსი ვაშლის გათლას იწყებს. საწყისი ცოდვა მამისგან იღებს სათავეს (და არა ქალისგან) და ამასობაში დარბაზში კვამლიც იფანტება (ადამიანმა უნდა გაიხსენოს საკუთარი წარსული, განიცადოს თავიდან, რომ დაძლიოს ინფანტილიზმი).

ნინელი ჭანკვეტაძის მერი როდესაც სცენაზეა, მხოლოდ მას უყურებ, მას უსმენ და აღმერთებ, მაშინაც კი, როდესაც ყველაზე იდუმალებით მოცული და დაბნეულია. ნინელი ჭანკვეტაძე იმდენად დამაჯერებელია, რომ მის მიმართ სიყვარულს გრძნობ, როდესაც სიყვარულზე საუბრობს ან როდესაც აღმერთებს საკუთარ უმცროს შვილს. ნინელი ჭანკვეტაძე თავის პერსონაჟში ყველაფერს გამოხატავს და მისი ემოციური რყევებიც აშკარაა. იგი ქმნის შინაგანი დაძაბულობის განცდას - მაყურებელი ხედავს, როგორ ებრძვის პერსონაჟი საკუთარ სურვილებს, შიშებსა და ვალდებულებებს. ეს შინაგანი კონფლიქტი გადმოიცემა არა ხმამაღალი ემოციებით, არამედ თავშეკავებული გამომსახველობით - რაც როლს უფრო მეტად სიღრმისეულს ხდის. მერი მუდმივად იხსენებს წარსულს რაც მის შინაგან ტკივილსა და დანაშაულის გრძნობაზე მიგვანიშნებს. „[....] წარსული იგივე აწმყოა. იგივე მომავალია“. წარსულის გახსენება გადამწყვეტად მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მისი ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულება სპექტაკლში ნაჩვენებია არა როგორც უბრალოდ ფიზიკური მიჯაჭვულობა, არამედ როგორც რეალობისგან და საკუთარი თავისგან გაქცევა. ნინელი ჭანკვეტაძის მერის პერსონაჟში ვხედავთ შინაგან ბრძოლას, ძალას და სილაჩრეს რომელიც ერთდროულად არსებობს მასში - მსახიობი ოსტატურად, პროფესიონალიზმით გადმოსცემს ყოველ შეგრძნებასა თუ ემოციას.

ერთ-ერთ კომოდზე კიბეა მიდგმული ზემოდან კი თოლიას ფიგურას ვხედავთ, დაუსრულებელი ოცნებებისა და თავისუფლების სიმბოლოს, დაუცველი თავისუფლებისა და იდეალიზმის, რომელიც იმსხვრევა მტკივნეული რეალობის წინაშე. ერთ-ერთ ეპიზოდში მხოლოდ ედმუნდი ადის კიბეზე და იქიდან კითხულობს საკუთარ დაწერილ ლექსს. ედმუნდი (ლუკა ჩიბუხაია) პიესაშიც და სპექტაკლშიც ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც ცდილობს სილამაზის დანახვას ბუნებაში, (დრამატურგი საკუთარ თავს აიგივებდა ედმუნდის გმირში) პოეზიის ძალის გაგებას - მისი ავადმყოფობა ამ მგრძნობიარობის ფიზიკურ პროექციად იქცევა. თითქოს მისი სხეული ვერ იტანს იმდენივე სიმძიმეს, რამდენსაც მისი სული ატარებს და ეს მის ჰაბიტუსშიც (მეტისმეტად გამხდარია) ჩანს. მისი დაავადება ტუბერკულოზი - სპექტაკლში განაჩენივით ჟღერს - არავინ იცის გადარჩება თუ არა ედმუნდი, მაგრამ, ყველასთვის ცხადია, რომ სიკვდილი ჰორიზონტზეა. ამით ის იძენს ფატალურ განცდებს, თითქოს მხოლოდ დრო დარჩა და ყველა წუთი უფრო ძვირფასია, უფრო მტკივნეული.

ლუკა ჩიბუხაია ედმუნდის პერსონაჟის ტრაგიკულ ბედსა და ბუნებას აჩვენებს ოსტატურად უხატავს მაყურებელს. ტაირონების ოჯახში ავადმყოფობა ბრალდების ინსტრუმენტადაც იხმარება. მამა წუწუნებს ექიმის ფულზე, დედა ვერ იტანს სტრესს და ისევ მორფინს უბრუნდება, ძმა კი ეჭვიანობს მის ინტელექტზე. ედმუნდიც გრძნობს, რომ თითქოს ის არავის ჭირდება და მხოლოდ მძიმე ტვირთად არის ქცეული. მისი დაავადება ოჯახური კრახის ფონზე კიდევ ურო სიმბოლურად აღიქმება - როგორც ტანჯვისა და უიმედობის საერთო სიმპტომი. პიესა ოთხ აქტად არის წარმოდგენილი და თითოეული აქტის განმავლობაში განწყობა თანდათან ბნელდება, როგორც სინათლე გარეთ და ნისლიც იფანტება. დროის დინება პიესაშიც და სპექტაკლშიც სიმბოლურია - „გრძელი დღე“ ემოციური თვალსაზრისით უსასრულო ტკივილის ტრაგიკულ ევერესტს ნიშნავს (ადამიანმა უნდა გაიხსენოს საკუთარი წარსული, განიცადოს თავიდან, რომ დაძლიოს ინფანტილიზმი).

 რაც შეეხება ჯეიმი ტაირონს (ბექა ჯუმუტია) უფროსი ვაჟი, მერისა და ჯეინის, გარემოებების ისეთივე მსხვერპლია, როგორც მისი ოჯახის წევრები. მამის სახელისგან მხოლოდ ერთი ასო განასხვავებს - შინაგანი მდგომარეობა მხოლოდ სახეცვლილია მასში. იგი ეძებს დამნაშავეს, მამისკენ იშვერს ხელს, თუმცა, ამავდროულად აღიარებს საკუთარ შურს ძმის მიმართ. სპექტაკლში მკვეთრად არის ხაზგასმული საკუთარი სახლის არ ქონა რა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მერისთვის, იგი ტრაგედიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად სწორედ ამას ასახელებს. მათი მუდმივი გადაბარგება იდენტობის კრიზისსა და საკუთარი თავის პოვნის/დამკვიდრების პრობლემას წარმოშობს. თითქოს მოხეტიალე ცხოვრებაში დაკარგეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, სიყვარული რომელსაც ვეღარ პოულობენ... სპექტაკლის გმირები ვერ აღწევენ კათარსისს - ბერძნულ ტრაგედიებში ღვთაებრივი წონასწორობის აღდგენა სამართლიანობას უკავშირდება, სპექტაკლში კი პერსონაჟთა განცდებს ემყარება - ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი დასრულებულია. [....] ეს რაღაც ბედისწერა იქნება, რაღაც წყევლა....

bottom of page