top of page

„ტროა უნდა დაეცეს!“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

C25A0080-F863-476D-BCED-071AE925444B.png

10.01.2026

თამარ ქუთათელაძე

„ტროა უნდა დაეცეს!“

 

გიორგი კაშიას დადგმა ევრიპიდეს „იფიგენია ავლისში“ (ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების კოპროდუქცია) კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენს წინაშეა თამამი რეჟისორი, რომელიც არ უშინდება დადგას სპექტაკლი, სადაც მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ბერძნული მითოლოგიის გმირთა სახეების გალერეაა თავმოყრილი. არცთუ დადგმადი პიესის რეალიზება არ არის ადვილი მასში მოქმედი, მაყურებლის ცნობიერებაში დალექილ ტროას ომის გმირთა დღემდე ხელშეუხები სტერეოტიპული სახეების ნგრევის  თვალსაზრისითაც.

       

წარმოდგენაში არაერთი, დღეისათვის ჩვენთვის ძალზე მტკივნეული, ღირებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა იქნა თვალსაჩინოდ გაშლილი. სპექტაკლისადმი ინტერესს აღვივებს არაერთი ფაქტი. მათ შორის ისიც, რომ მონაწილეთაგან რამდენიმე მსახიობი ძალზე ახალგაზრდა, თითქმის დებიუტანტია. თუმცა თითოეული, საინტერესო ნამუშევარს წარმოგვიდგენს. ცნობილ გმირთა სახეების მათზე ეფექტურად მორგება კი, ასევე ახალგაზრდა რეჟისორისთვისაც დიდი ტვირთი რომ იქნებოდა, ესეც ცხადია. განსაკუთრებულ ცნობისმოყვარეობას იწვევს ქალღმერთის ძის, ოლიმპოელთა რჩეულისა და ბერძენთა ლეგენდარული გმირთაგმირის, აქილევსის სახის, მისი თავდაჭერის, წინააღმდეგობრივი ხასიათის, განწყობის იდენტობის განსახიერება. ასევე, ამ არცთუ მიწიერი მეომრის მჭექარე ხმის საჭირო დიაპაზონის გათვალისწინებაც. შესაძლოა აღინიშნოს, რომ რეჟისორი ახერხებს მსახიობებს მოარგოს ამა თუ იმ პერსონაჟთა  სახე-ხასიათები, ზოგიც ნიღბოსან ქოროდ „შეფუთოს“ (ქალთა გუნდი - თამარ მდინარაძე; მარი ხანთაძე; მარიკა ასათიანი; თეა კეჭაყმაძე; შორენა გვეტაძე).

         

დარბაზის ყველა კუთხეში მიმდინარე სპექტაკლს, თან სდევს ძველბერძნული ეგზოტიკის კონტურიცა და თანამედროვეობის ტანდემიც (მხატვარი - ლომგულ მურუსიძე, იაკობ გოგებაშვილის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ოცხელის პრემიების ლაურეატი). აივნებზე განლაგებული ნიღბიანი, სახეგამეხებული მსახიობები მრისხანებენ, ზემოდან თითქმის გაავებულნიც დაჰყურებენ დარბაზში განთავსებულ მაყურებელს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ თავად დარბაზის სივრცეა ალყაშემორტყმული ტროა, რომელიც უპირობოდ უნდა დაეცეს. ტროას დაცემა კი არა მხოლოდ ღირსების აღდგენის, არამედ ცოდვათა ახსნის, განწმენდის ფაქტთანაც ასოცირდება, რასაც ერთხმად მოითხოვს მრევლი (ქორო). ამ რუბიკონის გადალახვა დიდ სიმამაცეს, მასთან ერთად კი მორიგ „დანაშაულსაც“ უტოლდება. ვინ უფრო ძვირფასია, - ძალაუფლება თუ შვილი? ძმა (მისი ცოლი) თუ უსაყვარლესი სიყრმის ქალიშვილი? ერთ-ერთი  საინტერესო სცენა სპექტაკლში სწორედ ძმებს შორის ეს შეჯახებაა.

        

მაყურებლის თვალწინ ჩაივლის ჰალსტუხების მწკრივი, რაც ილუსტრირებს რომ სასწორზე სწორედ მეუფისა და სტრატეგის ღირსებაა დადებული. წარმოდგენაში ე. წ. ჰალსტუხების თემა არაერთხელ „თამაშდება“ სხვადასხვა ფორმით. სწორედ ამ ჭიდილშია აგამემნონის შემსრულებელი მთელი სპექტაკლის მანძილზე. ღმერთების ნებით, მრავალწლიანი მძვინვარე ომის წარმატებული დასასრული, დიდ მსხვერპლს  მოითხოვს. თუმცა, გამარჯვების წინაპირობა აღთქმულია და არც ეს გახლავთ უმნიშვნელო!.. ცხადია, რომ არა უზენაესის დაწესებული წინაღობა, გამარჯვება გარანტირებული იქნებოდა. აგამემნონის სახელოვან ლაშქარს არ გაუჭირდებოდა ტროელთა ძლევა.

         

წარმოდგენას იწყებენ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს, სცენის სიღრმეში მდგარი გიორგი ჩავლეშვილის მისანი კალქასი და გიგა აბულაძის აქილევსი (ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი). სცენაზე, დარბაზსა თუ აივნებზე მიმდინარე მოქმედება, ძალზე ართულებს ყველა მსახიობს მივადევნოთ თვალყური, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. არავინ იცის, როდის და რომელი ლოკაციიდან დაგვატყდება ამა თუ იმ პერსონაჟის „რისხვა“, დაჟინებით რომ ითხოვს მოწინააღმდეგის მარცხს, ტროას დაცემას.

    

კოსტუმების მხატვარი - ქეთი ციციშვილის მიერ დაცული ოქროს შუალედი წარმოგვიდგენს ორი დროის ტანდემით შექმნილ მსახიობთა სამოსს.  გიორგი დოლიძის აგამემნონი აკადემიურ კოსტიუმშია, ასევე აკადემიურად მოწესრიგებულ სერთუკშია ჩაცმული გიგა აბულაძის აქილევსი, ლევან საღინაძის მენელაოსი - ჩვენი დროის ყოველდღიურ ტანსაცმელში ევლინება სცენას, ნუცა აბაშიძის იფიგენია  (შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტი) ძველბერძნული ყაიდის კაბაში, თეა ცინცაძის  უსაზღვროდ მაცდური კლიტემნესტრა -  ელეგანტურ, ვნებიან წითელ კაბასა და მოგვიანებით, თანამედროვე საღამურშია გამოწყობილი.  

       

წარმოდგენაში არაერთი სარისკო სცენაა, რომელზეც ძალზე მარტივია გარდაუვალი მარცხი. თანამედროვე მაყურებელი დაძაბული ადევნეს თვალყურს ძველი თეატრისათვის ორგანულ ე.წ. პათეტიკურ მიზანსცენებს, განსაკუთრებით თუ პედალიზირებულია დიალოგის გარკვეული ფრაზა, რაც ზოგჯერ მაყურებლის ემოციებზე მანიპულირების იაფფასიან საშუალებად გვევლინება ხოლმე. ამ მხრივ სპექტაკლში არაერთი, ლამის მარცხისთვის განწირული ეპიზოდია. (მაგ. იფიგენიას შემოყვანა ლევან საღინაძის მენელაოსის სიზმრიდან). სცენაზე ვხედავთ გაუსაძლის ყინვაში, უხვი ფანტელების ცვენაში ყველასაგან მიტოვებულ აგამემნონს. იგი მხარზე გადაკიდებული თოკით, გაჭირვებით ეზიდება კუბოს, სადაც მისი უძვირფასესი გვამი ასვენია. მიუხედავად ამ უსიამოვნო დეტალისა, რაც უკავშირდება გიორგი კაშიას ყველა სპექტაკლში კუბოს „გასეირნებას“, რეჟისორი ახერხებს მოულოდნელად ლირიკული ინტონაციით შეცვალოს ეს დამთრგუნველ-დამძაბავი განწყობა. თოკგამობმულ კუბოში მისვენებული გვამი, უეცრად ნავით დაბრუნებულ ქალიშვილად, ხოლო მამის დიდი მწუხარება მოზღვავებულ სიხარულად იცვლება.  არანაკლებ სარისკოა სპექტაკლში აგამემნონისა და იფიგენიას მორიგი ურთიერთობის სცენები,  მამისაგან შვილის „გაწირვის“ ეპიზოდები. რამდენჯერმე მეორდება აგამემნონის გრძნობამორეული მიმართვები ქალიშვილისადმი, - „ნეტავ არასდროს მენახე იფიგენია!“, ან ხმალმომარჯვებული, ხელებაკანკალებული მამის მიერ შვილის მკვლელობა და შეყვარებულთა, - აქილევსისა და იფიგენიას ცეცხლოვანი გამოთხოვების მიზანსცენა. წარმოდგენაში არის სცენები, რაც ბუნებრივად გვახსენებს რომანტიკული ეპოქის თეატრის გმირებისათვის დამახასიათებელ ეგზალტაციებს. მაგრამ, ბეწვის ხიდზე მსველელობის მოყვარე რეჟისორი, უმეტესად ახერხებს მსახიობთა მოქმედებებისა და განწყობის რეგულირებას, აშკარად მათი საფუძვლიანი მომზადების ხარჯზე. ვფიქრობ, ამ მხრივ დავით კვერღელიძის მიერ განსახიერებული მოხუცის სცენური სახის ფუნქცია წარმოდგენაში ნაკლებ მოტივირებულია. (ტექსტის ადაპტაცია ეკუთვნის - ვალერი ოთხოზორიასა და გიორგი კაშიას, ორიგინალური მუსიკის ავტორია - ირაკლი სიქტურაშვილი; გიორგი ჯღარკავა). 

       

დადგმაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამა-ხელისუფლის მიერ განხორციელებული მსხვერპლშეწირვა. მისი გადაწყვეტილება სწორედ წარმატების ლამის უპირობო გარანტიითააა მოტივირებული. გარდა ამისა, სასწორზე დევს როგორც უსაზღვროდ პატივმოყვარე უმაღლესი ხელისუფლის ავტორიტეტი, ისე გარკვეულ დანაშაულზე პასუხისმგებლობის გრძნობაც, რაც ღმერთების სასჯელში გამოიხატა. ამ ცოდვის „ახსნის“, ერის ნების აღსრულების, მამასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობის გაზიარების ვალდებულებას აცნობიერებს აგამემნონის დიდსულოვანი ქალიშვილიც. გონიერი იფიგენია საკუთარ ბედნიერებას უპირობოდ თმობს ქვეყნის, საყვარელი მამის, როგორც ეროვნული ინტერესებისთვის თავდადებული, გამორჩეული წინამძღოლისთვის. ამ ორი ადამიანის მიერ გაღებული მსხვერპლი  იდენტურია.  ისინი ამ ღირებულებებს სცნობენ და აღიარებენ ერთმანეთში, რაც სიამაყესთან ერთად, ღრმა  სულიერ ტკივილსა და ტრაგიზმს განაცდევინებთ.

        

მსახიობი გიორგი დოლიძე მთელი წარმოდგენის მანძილზე სახიერად, გაგებით თამაშობს მისი გმირის გაუსაძლის სულიერ ბრძოლას. მრავალწლიანი უშედეგო ბრძოლით დაღლილი, ღირსებაშელახული, აცნობიერებს, რომ მის ვალდებულებად იქცა არა მხოლოდ მშვენიერი ელენეს გამოხსნა, არამედ მემკვიდრეობითაც კუთვნილი დანაშაულის ახსნაც. ამ მძიმე ჯვრის ტარება, მხოლოდ მისი, როგორც ღირსებით აღსავსე ხელისუფლისა და მისივე უსაყვარლესი,  მამასავით მამაცი ქალიშვილის  ვალიც გახდა.

       

ახალგაზრდა მსახიობი ნუცა აბაშიძე გააზრებულად, თავდაპირველად ნახევარტონებში, მაგრამ სულ უფრო მკვეთრი საღებავებით ქმნის საკუთარ სცენურ სახეს. თავდაპირველად თამაშობს ნაზი, საყვარელ ადამიანთან ბედნიერების მოლოდინში მყოფი, თითქოსდა სუსტი გოგონას ხასიათს. მკაცრი რეალობის, არჩევანის პირისპირ მყოფი, უსწრაფესად ახერხებს გარდაისახოს დაბრძენებულ, მშვიდ, პატრიოტულად მოაზროვნე მკვეთრ პიროვნებად, გმირად. მას შესწევს უნარი საკუთარ თავში იპოვოს დიდი შინაგანი ძალა, შეუმცდარად გათვალოს საკუთარი არჩევანის შედეგი, მიიღოს სწორი, აუცილებელი გადაწყვეტილება. ჯერ კიდევ სტუდენტი ნუცა აბაშიძე,  ღირსეულ პარტნიორობას უწევს უკვე გამოცდილ, დინჯ მსახიობ  გიორგი დოლიძეს, რომელიც გასულ სეზონებში ექვთიმე თაყაიშვილის თითქმის ანალოგიური ხასიათის სცენურ სახეში ვიხილეთ. 

bottom of page