top of page

ცხინვალის თეატრი

ცხინვალის თეატრი ერთ-ერთი უძველესი თეატრია საქართველოში, თითქმის საუკუნე-ნახევარს ითვლის და ლტოლვილია საკუთარ ქვეყანაში. თეატრის სახელი მისი დაარსების დღიდან დაკავშირებულია გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ივანე მაჩაბლის სახელთან. სწორედ მისი და მისი ძმის, ზაალ მაჩაბლის თაოსნობით იდგმებოდა პირველი საქველმოქმედო წარმოდგენები ცხინვალში. პირველ წერილობით ცნობას, ამის შესახებ,  გაზეთ „დროებაში“ (1875 წ. 12. 09. N104) ვხვდებით, სადაც  ვკითხულობთ: „ცხინვალში წარმოადგინეს „გაყრა“ გ. ერისთავისა, აგვისტოს 31–ს კვირა დღეს“. ამის შემდეგ ცხინვალში წარმოდგენების გამართვას ინტენსიური ხასიათი მიეცა.

ქართულმა დასმა მრავალ წარმატებას მიაღწია. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა ხშირად იცვლებოდა.  სხვადასხვა წლებში ცხინვალის  თეატრის ცალკეულ სპექტაკლებში მონაწილეობას იღებდნენ გამოჩენილი მსახიობები: ვერიკო ანჯაფარიძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, რამაზ ჩხიკვაძე, თენგიზ მაისურაძე, გივი ბერიკაშვილი...

1990 წელს, ქართულმა დასმა დიდი ძალისხმევის შედეგად აისრულა მრავალი წლის ოცნება: ცხინვალის ქართული თეატრი ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურულ ერთეულად და მიენიჭა ივანე მაჩაბლის სახელი.   

გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულსა და  90-იანი წლების დასაწყისში  გამწვავდა ქართულ-ოსური ურთიერთობები, რაც პირდაპირ აისახა ქართული თეატრის ყოფაზე. 1991 წლის დასაწყისში თეატრის მთელი კოლექტივი ლტოლვილად იქცა და დედაქალაქს შეაფარა თავი.

ურთულესი იყო თეატრის შემოქმედებითი გზა დევნილობის პერიოდში. შენობიდან შენობაში მოხეტიალე ცხოვრების და უამრავი პრობლემის მიუხედავად,  ცხინვალის თეატრმა ღირსეული რეპერტუარი შექმნა და თავისი მაყურებელი შეიძინა თბილისში. ამ დროს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო რეჟისორი გოგი გაბილაია.  

2011 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა რეჟისორი გოჩა კაპანაძე. დაიწყო თეატრის შემოქმედებითი აღმავლობის ხანა. მრავალფეროვანი გახდა რეპერტუარი.

2017 წელს, კვლავ ქუჩაში აღმოჩენილი თეატრი, კულტურის სამინისტრომ შეიფარა საკუთარ შენობაში და  უზრუნველყო ცხინვალის თეატრის სპექტაკლების ჩვენება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე.

დღეს თეატრის ძირითადი პრიორიტეტებია: ეროვნული დრამატურგიაზე ორიენტირება, თანამედროვე ქართული დრამატურგიის პოპულარიზაცია, თეატრის საგანმანათლებლო ფუნქციის გაძლიერება, საერთაშორისო კონტაქტების მოძიება-გააქტიურება, გასვლითი წარმოდგენები, განსაკუთრებით კი საოკუპაციო ზოლთან მცხოვრებთა და  კომპაქტურად დასახლებულ დევნილთა მომსახურება.

2019 წელს, კულტურის სამინისტროს დახმარებით, თეატრს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, გადაეცა ფართი, რომელიც რეკონსტრუქციას საჭიროებს. ამჟამად მიმდინარეობს საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები.

bottom of page