„იმედი პროლებშია“

დათა თავაძის „ცრუ განგაში, ცხრა მთას იქეთ“

ელენე შალუტაშვილი

„იმედი პროლებშია“
                                                     
დათა თავაძის   ,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით“

                                                      
სამეფო უბნის თეატრის დაარსების მთავარი მიზანი, შექმნილიყო ახალი, ექსპერიმენტული ხასიათის თეატრი, უდავოა რომ მიღწეულია და მეტიც მან თამამი, პროვოკაციული ხასიათიც შეიძინა. რეჟისორი დათა თავაძე თეატრის ამ ტრადიციას აგრძელებს. ამჯერად, მან ყველაზე ცნობილი თანამედროვე ბრიტანელი დრამატურგების: მარტინ კრიმპისა და ქერილ ჩერჩილის გახმაურებული პიესები თავისი სპექტაკლით ,,ცრუ განგაში, ცხრა მთას იქით" სამეფო უბნის თეატრის სცენაზე გააცოცხლა. რეჟისორმა თავისი სპექტაკლისთვის მარტინ კრიმპის სამი: ,,ცრუ განგაში", ,,სახით კედლისკენ" და ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა", ხოლო ქერილ ჩერჩილის ერთი პიესა: ,,ცხრა მთას იქით" გამოიყენა.


,,-უი!
 -რა?
 -არაფერი.
 -უი!
 -რა?
 -ისევ დაჯდა.
-უი!
 -რა?
 -არაფერი.
 -უი!
 -რა?
 -ისევ დაჯდა...“

მსგავსი დიალოგებითა და სწრაფი ადგილმონაცვლეობით სცენაზე სამი მსახიობი: თორნიკე გოგრიჭიანი, ნატა მურვანიძე და კატო კალატოზიშვილი მაყურებლისთვის, სწორედაც რომ ,,ცრუ განგაშს“ ქმნიან. განგაშს, რომელიც სცენისა და დარბაზის ზღვართან მთავრდება. რეჟისორმა დავით გაბუნიასთან ერთად დრამატურგის მარტინ კრიმპის ორი პიესა: ,,მთელი უსაზღვრო ლურჯი ცა“ და ,,სახით კედლისკენ“ სპექტაკლის პირველ მოქმედებაში მოაქცია. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების შედეგია სპექტაკლის ტემპორიტმის ერთგვარი სტატიკურობა. რეჟისორმა პიესებში მიმდინარე მოვლენები სამ მსახიობს მიანდო, რაც მსახიობისთვის უდავოდ რთული დავალებაა. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა დათა თავაძე ბრწყინვალედ ფლობს მსახიობთან მუშაობის სხვადასხვა ხერხებსა და მიდგომებს, იგი არასოდეს იზღუდავს თავს რომელიმე კონკრეტული სისტემისა, თუ მეთოდის ჩარჩოთი. თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ,,georgian showcase-მა" აჩვენა, რომ ეს არაერთი ახალგაზრდა რეჟისორისთვის აქილევსის ქუსლია.
 

ამ სამ არაჩეულებრივ მსახიობს შორის დანამდვილებით მყარი კავშირია, თუმცა მაყურებელსა და მსახიობებს შორის დიალოგი არ დგება, მიუხედავად ხშირი პირდაპირი მიმართვისა, მასობრივ სცენაში დარბაზში კონკრეტული მაყურებლის კონკრეტული მსახიობებისგან მიშტერებისა, თუ ეს ოდენ ,,ტრენდული" ლანძღვა-გინებისა. „ცრუ განგაში“ ,,In yer face theatre”-ის პრინციპზეა აგებული, რომელიც რეჟისორმა გარკვეულწილად დაარღვია და თავისი ინტერპრეტაცია შესთავაზა მაყურებელს. თუმცა ,,დანიური სასცენო ხელოვნების სკოლის" ალუზიები (თუ ციტატები) რთული შესამჩნევი არ არის.

ყვითელი პრესის ფენომენი რეჟისორისთვის მთავარი ინტერესის საგანი გამოდგა, შესაბამისად სპექტაკლის რეკვიზიტი ჟურნალისტისთვის აუცილებელი ნივთები: საბეჭდი მანქანა, ფოტოაპარატი და ვიდეოკამერაა. რეჟისორი იმდენად კარგად იყენებს ამ ყველაფერს, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ვიღაცეები სადღაც ისე წერენ ჩვენ დღევანდელობას, როგორც მათ აწყობთ. აღსანიშნავია, პირველი მოქმედების ფინალში ჩნდება გაზეთი და მსახიობებს შორის გათამაშებული დიალოგი ერთგვარ სცენიურ აბსურდს ქმნის, რომელსაც რეჟისორის გადაწყვეტით არც მკაფიო ინტელექტუალური შინაარსი აქვს და არც ემოციური სიღრმე.


მეორე მოქმედებაში თამაშდება ქერილ ჩერჩილის დისტროპიული პიესა ,,ცხრა მთას იქით“, რომელმაც ჯორჯ ორუელის ,,1984“-თან გააჩინა ასოციაცია. არ ვყოფილვარ პირველი, ვინც ურთიერთკავშირი იპოვა ამ ორ ნაწარმოებს შორის. მაიკლ ბილინგტონი „The Guardian”-ში წერს, რომ ქერილ ჩერჩილის სწორედ ამ პიესით შეგვიძლია ,,1984“ დავივიწყოთ, თუმც ჩემი სუბიექტური აზრით, რეჟისორი სპექტაკლში რომანიდან გარკვეულ პასაჟებს იყენებს (რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ). არ ვიცი რამდენად მართალი ვარ, თუმცა ვფიქრობ, რომ კოსტიუმების მუქი ლურჯი ფერი შემთხვევითი არაა, ეს ერთგვარი გადაძახილია ჯორჯ ორუელთან, ვინაიდან პიესასა და რომანში გამოყენებული მეტაფორები მსგავსია. ჯოანი (კატო კალატოზიშვილი) და ტოდი (თორნიკე გოგრიჭიანი) ისევე ქმნიან ქუდებს, რომელიც გონებაჩაკეტილი საზოგადოების გონებაჩაკეტილობას გაუსვამს ხაზს, როგორც ჯულია და უინსტონი მუშაობენ „დიდი ძმისთვის“. რეალურად ჯოანი და ტოდი ზუსტად იგივენაირი „აზრკრიმინალები“ არიან, როგორც ჯულია და უინსტონი. სპექტაკლის მიწურულს ჰარპერსა (ნატა მურვანიძე) და ტოდს შორის გამართული დიალოგი სატირულია: ირმები 3 კვირაა რაც ამათ მხარეს გადმოვიდნენ, კატები ცუდები არიან, რომელიღაცა ცხოველი რომელიღაცა ქვეყანას შეუერთდა, რომელიღაცა ქვეყნის მოქალაქეები არ ვარგიან და ა.შ.

 

აპოკალიპსის წინა ქაოსი რეჟისორის გადაწყვეტილებით ყოველგვარ დინამიზმს არის მოკლებული. ამის გამო სცენაზე არსებული არეულობა მაყურებელში არანაირ განცდას არ აჩენს (რთული სათქმელია ამ ხერხს შეგნებულად მიმართავს რეჟისორი, თუ არა). ჯოანი სცენაზე შემოსვლისას ყვება ცხრა მთის იქით მიღწევის ამბავს, თუ როგორ გაუჭირდა გადარჩენა, რომ ლამის მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცოდა, თუ ვინ ვის მხარეს იყო. კატო კალატოზიშვილი ბრწყინვალედ ასრულებს ამ სცენას, მას ბოლომდე აქვს გააზრებული აპოკალიპსურ სამყაროში მცხოვრები გმირის მდგომარეობა. ეს სპექტაკლის ყველაზე შთამბეჭდავი და ემოციური ეპიზოდია. ბოლოს ისევ საბეჭდი მანქანის ხმა ისმის, თითქოს სადღაც ამ ისტორიას ვიღაც უკვე თავისებურად წერს და სცენაც ბნელდება... მწერალი დავით გაბუნია, რეჟისორი დათა თავაძე, მუსიკოსი ნიკა ფასური და მხატვარი ქეთი ნადიბაიძე ძალიან საინტერესო შემოქმედებით გუნდს კრავენ. ვფიქრობ, ოთხივე ერთიან შემოქმედებით ტალღაზეა და ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. სცენის ყოველი მონაკვეთი ათვისებულია, დახვეწილი სცენოგრაფია და გემოვნებიანი მუსიკა სპექტაკლის ერთიან ფორმას ქმნიან, აქ ყოველი დეტალი კარგად არის მოფიქრებული, შემთხვევითი არაფერია. ვფიქრობ, სპექტაკლი ექსპერიმენტული ნამუშევარია, მაგრამ მისი მეტაფორები და პარალელები ზედმეტად ,,დაშიფრულია" და მაყურებლისთვის არ ტოვებს მკაფიო მსჯელობის საგანს.


საგულისხმოა, რომ სპექტაკლის დადგმის პერიოდს დაემთხვა თბილისში მომხდარი ,,გავრილოვის ღამე“, რამაც სპექტაკლის ხასიათზე აშკარა გავლენა იქონია. ვინ არის სამეფო უბნის თეატრის მაყურებელი? ახალგაზრდა თაობა, ადამიანები, რომლებიც ამ მოვლენების მიმდინარეობისას ვიდექით პარლამენტთან, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, თუ უნივერსიტეტებთან, რათა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გაგვეწია წინააღმდეგობა ქართული მიწისა და მენტალობის ოკუპაციისთვის. ბევრი რამის წინაშე უძლურნიც აღმოვჩნდით, სპექტაკლში მოთხრობილ მოვლენათა ქაოტურობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილიცაა და ჩვენ ვერ ვხედავთ მასში რაიმე ახალს, საიმედოს, იგი მხოლოდ და მხოლოდ ასახვაა ჩვენი რეალობის. ვეცდები ისევ ჯორჯ ორუელს დავესესხო - წარმოვიდგინოთ რომ თბილისელთა უმეტესი ნაწილი „აზრკრიმინალებადაა“ გადაქცეული (ადამიანებად, რომლებიც თავიანთი ყოველდღიურობის აბსურდულობა იციან, თუმცა ამის წინააღმდეგ წასვლისთანავე მათ ფიზიკურ ზიანს აყენებენ, რომელიც საბოლოოდ ადამიანებს მორალურ სახესაც აკარგვინებს).

 

აზრკრიმინალი რეჟისორი თავის ნაშრომს წარუდგენს აზრკრიმინალ მაყურებელს, აზრკრიმინალი თეატრმცოდნეები აზრკრიმინალურ რეცენზიებს დაწერენ და არაფერი შეიცვლება, საზოგადოება ერთ წრეზე გააგრძელებს ბრუნვას. ჩემთვის ყველაზე საინტერესოა გავიგო იმ ადამიანების აზრი, ვინც ამ ქაოტურ რუტინაში არ ცხოვრობს, ვისთვისაც ჯერ კიდევ მთავარია ადამიანური ფასეულობები და შეძლებენ გარედან შეხედონ სპექტაკლში განვითარებულ მოვლენებს. მართლაც, რას იტყვიან ჩვენი ქვეყნის პატარა ქალაქებსა და დაბებში მცხოვრები ადამიანები, რომლებშიც იმაზე მეტია სულიერი და მორალური ძალა, ვიდრე ეს მათ ჰგონიათ.

 

ისევ ორუელს დავუბრუნდები და ვიტყვი რომ: „იმედი პროლებშია“.