top of page

თუ არჩევანი მორჩილებაა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

e55f9ddc-0605-4361-a40a-9cfbc537051b.jpeg

18.02.2026

ლელა ოჩიაური

თუ არჩევანი მორჩილებაა

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, 2025-2026 წლების სეზონის პირველ ეტაპზე, არჩევანი ორ ახალგაზრდა, ახალბედა რეჟისორზე გაკეთდა. ერთმა - ტატო (ტარიელ) კუბლაშვილმა - თამაზ ჭილაძის გამორჩეული პიესა „ჭალას ჩიტი მომკვდარიყო“ დადგა. მეორემ - ევა გვრიტიშვილმა - სლავომირ მროჟეკის, ასევე გამორჩეული და მსოფლიო სცენებზე (მათ შორის, საქართველოშიც) არა ერთხელ წარმოდგენილი - „სტრიპტიზი“.

არჩევანის წინაპირობა და საფუძველი კი,  2025 წლის რეგიონული თეატრების ფოთის საერთაშორისო ფესტივალი და მის პროგრამაში ახალგაზრდა რეჟისორების კონკურსი იყო, რომლის გამარჯვებულები, წარდგენილი პროექტების საფუძველზე, სწორედ ევა გვრიტიშვილი და ტატო კუბლაშვილი აღმოჩნდნენ. მათთვის სცენის დათმობისა და დადგმის პროცესში მხარდაჭერის  გადაწყვეტილება ფოთის თეატრის დირექტორმა საბა ასლამაზიშვილმა მიიღო, საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით.

„სტრიპტიზი“ ევა გვრიტიშვილის მეორე და პირველი დამოუკიდებელი სპექტაკლია. [წინამორბედი - „ფრეკენ ჟული“ (ავგუსტ სტრინდბერგის პიესაზე) მისი სამაგისტრო სპექტაკლი იყო, ილიაუნის თეატრში]. პიესის ტექსტზე რეჟისორმა და მანანა ანთაძემ იმუშავეს, კომპოზიტორია კონსტანტინე ეჯიბაშვილი, ქორეოგრაფი - ირინა კუპრავა, ტექნიკური რეჟისორი -  ეკა კულუა.

ინსცენიერებაში ნაწილობრივ დაცულია მროჟეკის მითითებები და საავტორო რემარკების აზრი, დაცულია ადგილისა და მოვლენის არსი და პიესის ჟანრი, სპეციფიკური მახასიათებლები შენარჩუნებულია.

ფარსი, გროტესკი, ტრაგიკომედია, სატირა, თითქოს მარტივი, ლოზუნგივით წარმოთქმული ტექსტი, ფრაზები, რომლებიც სინამდვილეში, ღრმააზროვანი და დატვირთულია, სპექტაკლის სახესა და პრობლემის არსს ნათლად გამოკვეთენ. უცნაური სიტუაციაა, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, უცნაური არაფერია. ყველაფერი კარგად ნაცნობია. უბრალოდ, კონცენტრირებულია და ფიზიკურ გარემოშია მოქცეული. დიქტატურის დროა. გაურკვეველი, აბსურდული და საშიში ვითარება, როგორც ყველა რეჟიმის ჟამს. თუმცა, „პირველები, იქნებ ჩვენ თვითონ ავცდით სწორ გზას?!“

აბსურდული გარემოს შექმნა, „ჟანრის კლასიკის“ ფარგლებში ადვილი არაა. თამაშის ხერხის მორგებაც არა ერთ წინაღობასა და სირთულეს მოიცავს. მსახიობებს დიდი დატვირთვა აწევთ, მაგრამ მათ „კარგად უჭირავთ სტილი“ და ჟანრის წესებსა და საავტორო კონცეფციას ადვილად, ოსტატურად პასუხობენ და თავისუფლად იცავენ.

ვისაც მროჟეკის ეს პიესა წაუკითხავს, ან რომელიმე ვერსიით, სპექტაკლად უნახავს, ემახსოვრება, რომ მოქმედება ერთ კარჩაკეტილ ოთახში ხდება, რომელშიც ორი უცნობი მამაკაცი ერთად, ერთდროულად აღმოჩნდება. მათ სახელები არ აქვთ და ასე ქვიათ - პირველი და მეორე. ისინი ერთმანეთს ეცნობიან და გარემოებების გარკვევას უშედეგოდ ცდილობენ. ვერც იმას იხსენებენ, როგორ, რა დროსა და ვითარებაში მოხვდნენ აქ. საიდან გაჩნდნენ, უფრო სწორად, რატომ „გააჩინეს“. მართლა აბსურდულ, შეიძლება, ირეალურ გარემოში, საიდანაც გამოსავალი - გასასვლელი არაა, იმის მიუხედავად, რომ არის კარი, რომელიც ყრუ კედლად იქცა.

პიესაში, პირველი და მეორე პანი - I, II - ასე ციფრებით - მამაკაცი - თითქმის ტოლები არიან და რაღაცით გვანან კიდეც ერთმანეთს. სპექტაკლში - ერთი ასაკოვანია - რამინ კილასონია და მეორე - ახალგაზრდა - გენა შონია. ერთმანეთს არ გვანან, მაგრამ საერთო ბევრი აქვთ. ერთნაირი კოსტუმები აცვიათ. ერთნაირი შლაპები ახურავთ და ერთნაირი, ძველმოდური, საბჭოთა კავშირში გავრცელებული პორტფელები უკავიათ. ერთადერთი განმასხვავებელია ახალგაზრდის - სპორტული შავ-თეთრი კედები და  ასაკოვანის - კლასიკური შავი წუღები.

სპექტაკლში მესამე და შეიძლება ითქვას, მთავარი პერსონაჟიცაა - ხმა, რომელიც მამაკაცებს კარნახობს, უთითებს - როგორ მოიქცნენ, რა მოიმოქმედონ და თანდათან აცნობიერებინებს, რომ მათ აღარც ნება, აღარც არჩევანი და აღარაფრის უფლება აღარ აქვთ.  თითოეულ ამ დეტალს და პასაჟს ფილოსოფიურ-პოლიტიკური დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება, რაც ერთიან კონტექსტს განსაზღვრავს და ასეთი რეალობის ამგვარ სახეს აჩვენებს.

რამინ კილასონიას გმირი, შეიძლება იმიტომაც, რომ უფროსი და უფრო გამოცდილია, II-ზე უფრო დაშინებული, უფრო გაუბედავი და უინიციატივო. მან იცის, რომ აზრი არაფერს აქვს და სიჩუმესა და უპირობო თანხმობას ამჯობინებს.

გენა შონიას პერსონაჟი  აქტიურია, მოძრავი, ვერ ისვენებს, გაქცევასა და თავის მორალურ გადარჩენას ცდილობს. მონოლოგ-აღიარებას - რამინ კილასონიას I-სგან განსხვავებით, უფრო ვრცელსა და წინააღმდეგობრივს, ცნობიერად წარმოთქვამს. ჯერ კიდევ აქვს პოზიცია, ჯერ ბოლომდე არ შეხებია დიქტატურის  ხელი და მისი ძალა ჯერ სრულდ არ გამოუცდია.

დასაშვებია, რომ ორივე ერთი და იგივე ადამიანის ორი სახეა - ახალგაზრდობაში და უკვე ასაკში - ადამიანის, რომელსაც შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არაფერი მოიმოქმედა და რა საფრთხის წინაშეც დგას ბევრი ადამიანი ტოტალიტარული რეჟიმის დროს.

სივრცე, სადაც მოქმედება ხდება კონკრეტულ ადგილზე, დროზე, რეალურ ობიექტზე არაფერს მიანიშნებს და არაფერს გამოხატავს. უსახურობის, სიცარიელის, სიცივისა და სრულიად დახშული გარემოა. როგორიც ბევრგან შეიძლება იყოს.  ვაკუუმში მყოფი ადამიანების ამბავი. ვითარება დახურულ, ჩარაზულ კარს მიღმა, რომელიც მხოლოდ მაშინ გაიღება, როდესაც შეეგუები და დათანხმდები. ითანამშრომლებ. დაკეტილი კარი, რომელიც თავიდან გაღიზიანებს, აღარ იქნება გამაღიზიანებელი, თუ და როდესაც დამორჩილდები.

ამ სივრცეს დროდადრო უცნაური, „ლითონის“ ჟღერადობის ხმები არღვევს, საშიში, უცხო და საშიშროების მომასწავებელი. „უსულო“ ხმაურები თითქოს არსაიდან. ასეთივე, ცივი, ნეიტრალური და შფოთის მომგვრელი, ირეალურის ზღვარზეა კონსტანტინე ეჯიბაშვილის მუსიკა, რომელიც, როგორც ხმაური, დროდადრო არღვევს სივრცეს.

გარემო ხან ბნელდება, სრულ დაბნელებამდე, ხან მჭახე შუქით - „ბუნებრივი“ და ცივი „ხელოვნური“ და სხვადასხვა წყაროდან და ფერად ნათდება. ასე ქმნის რეჟისორი არამყუდროების, დისკომფორტის ატმოსფეროს, რომელიც ძალიან ადვილად შეიძლება რეალობად იქცეს.

თინა გობეჯიშვილის დეკორაცია ლაკონური, ნეიტრალური და თითქოს უმეტყველოა. მხოლოდ თეთრი კედლები, რომლებიც ერთმანეთზე თეთრი ლედგანათებების პანელებითაა გადაბმული,  კედლებს ზედა ნაწილშიც ნათურების, არშიასავით რიგი მიუყვება; ორი თეთრი ტუმბო - დასაჯდომად და თავსახურიანი თეთრი ყუთი-უჯრა, რომელშიც მამაკაცები თავიანთ ნივთებს ყრიან, იქიდან კი - ხელბორკილი - როგორც ტყვეობის სიმბოლო ამოაქვთ, რომლითაც შემდეგ, ხმის ბრძანებით, ერთმანეთს თვითონვე ეჯაჭვებიან. ბოლოს ყუთიდან უნიფორმებს იღებენ, რომლებსაც ასევე მორჩილად იცვამენ.

თითოეული ეს ელემენტი მეტაფორაა,  ამბის ნამდვილი არსისა და ვითარების, მოქმედების ადგილისა და ნაცნობი ანალოგიური სიტუაციების გამომხატველი, წარსულისაც, აწმყოსიც, ისტორიისაც, რეალობისაც და იმ აწმყო თუ სამომავლო საფრთხისაც... ამ ყველაფერს ევა გვრიტიშვილი და მსახიობები აჩვენებდენ მსუბუქად, შავ იუმორით, ძალდაუტანებლად და გახსნილად, რაც უფრო სასტიკს ხდის ამბავს.

სადაა და რა ადგილია ეს, სად და როდის ხდება მოქმედება, ბოლომდე საიდუმლოდ რჩება. ისევე, როგორც არ ცხადდება, ვინაა მოვლენების უშუალო გამკარგავი და ვის ეკუთვნის ხმა, რომლის ბრძანებებს ორნი ასრულებენ. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს. ასეთი ადგილი და ასეთი „ხმა“ ყველგან შეიძლება იყოს, სადაც და როდესაც ქვეყანაში დიქტატურაა, რომლის ტყვეობაშიც ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს, მაშინაც, როდესაც საზოგადოება შინაგან თავისუფლებას საკუთარი ნებითაც კარგავს, როდესაც ადამიანები თავადვე ამბობენ საკუთარ თავზე უარს. უარს ამბობენ თავიანთ უფლებებზე, დარჩნენ ადამიანად, რადგან წინააღმდეგობის გაწევისა და საკუთარი ნების აღსრულების ძალა არ აქვთ. ასე კი მაშინ ხდება, როდესაც საზოგადოება არაა თავისუფალი და როდესაც მას არ გააჩნია „შინაგანი თავისუფლების სისრულე“. 

„სტრიპტიზში“ ცხადად ჩანს, როგორ შეიძლება, თვალსა და ხელს შუა დააძაბუნო, დაიმორჩილო, დააშინო ადამიანი, როდესაც საშიში თითქოს არაფერია და მის სიმშვიდესა და მშვიდობას არაფერი ემუქრება. ახალი და უცხო ამაშიც არაფერია.

„სტრიპტიზი“ კონფორმიზმზეა, მორჩილებაზე, რომელსაც „ლურჯი ფერი უფრო უხდება“ და ისიც „ყველამ იცის, რომ მორჩილება ყავაში შაქრის საათის ისრის მიმართულებით მორევაა“, რომ მორჩილება ტყუილზე ტყუილით პასუხია, რომ მორჩილებაა, როდესაც გზას არ ეძებ და ბოდიშს იხდი იმაზე, რაზეც ბოდიშის მოხდა არ გიფიქრია..

ნამდვილი თავისუფლება კი ისაა, როდესაც „უსამართლობას არ გადაყლაპავ“; როდესაც  იმედს არასდროს კარგავ; როდესაც ხმას აძლევ სიკეთეს, სინათლეს, როდესაც დუმილი სიტყვებზე ხმამაღალია და როდესაც თავისუფლება გინდა.

სტრიპტიზი - გახდაა, გაშიშვლება - გათავისუფლება, აღიარება, აღსარება - პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე. და საკუთარი თავის აღმოჩენა არსებულ რეალობაში. და მსახიობები იწყებენ გახდას - მიკროფონების შტატივებით ხელში და გარშემო, როგორც სტრიპტიზის მოცეკვავეები ჭოკთან. ნელ-ნელა იხდიან და ერთნაირ შავ წინდებში, ერთნაირ თეთრ საცვლებში რჩებიან. არც თუ ჩვეულებრივ საცვლებში, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით და ჭვრეტაში გართულს, მოგეჩვენოს. დაკვირვებისას კი ჩანს, რომ მათი მაისურები დანომრილია, შტრიხკოდებით და მათი ნომრები, რიგით, რამდენიმე ათასს აჭარბებს.

ეს ტრაგიფარსული სცენა, რომელსაც სპექტაკლში ერთ-ერთი ცენტრალური - იდეური და მხატვრული ფუნქცია აქვს, რეჟისორის ჩანაფიქრით, ირინა  ყურუას ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში, იუმორით, სარკაზმითა და პაროდიის ელემენტებით იტვირთება. დამატებით მხატვრულ შრეს ქმნის და მოქმედებას სიცოცხლითა და სიხალასით ავსებს.

უნიფორმებში გამოწყობილი მამაკაცები დარბაზში ჩადიან და მაყურებელს ათვალიერებენ. მათ შორის, რიგებში დადიან და ახალ მსხვერპლს ეძებენ, სისტემა იწყებს ახალი ობიექტის ძებნას და პოულობს. ობიექტის  პოვნა კი არაა რთული, რა თქმა უნდა, თუ  არჩევანს ვერ ან არ ვაკეთებთ და „ქვემდებარედ“, შემსრულებლებად ვარჩევთ/ვირჩევთ ყოფნას. „არადანად“.

მაყურებელი ყველაფრის მოწმე, მონაწილე და განმსჯელი ხდება. არა იმდენად და მხოლოდ პერსონაჟებისა და სიტუაციის, არამედ საკუთარი თავისა და საქციელის გაცნობიერების წინაშე დადგომის შანსი უჩნდება. იმაზე დაფიქრების (მაშინაც კი, თუ ამაზე აქამდეც უფიქრია) - როგორ ცხოვრობს და იქცევა, დახურულ კარს მიღმა. იქ მოხვედრამდე. იქ მოხვედრის „შანსი“ კი ყველას აქვს. და იმის განსჯისაც, რომ თუ ასე მოხდება, თვითონაც ახალ ობიექტად ხომ არ იქცევა.

სლავომირ მროჟეკის ეს პიესა და ევა გვრიტიშვილის სპექტაკლი დიქტატურის დროზე და თავისუფლების არჩევანზეა - როდესაც ირჩევ - თავისუფალი ხარ, როდესაც ემორჩილები - არავინ. დიქტატურის დამარცხება, გარკვეულ დრომდე,  თითქმის შეუძლებელია. დამორჩილება ადვილი. მაგრამ ცდა ყოველთვის შეიძლება, რადგან, როგორც ცნობილია, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

P.S. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ცხოვრება მიმდინარე სეზონში საკმაოდ დატვირთული და „მოსავლიანი“ იყო. ამ მოსავალში, პრემიერებისა და სარეპერტუარო სპექტაკლების გარდა, შედის - გასტროლები, საქართველოს ქალაქებში და მის საზღვრებს გარეთ, პრემიები და ჯილდოები ფესტივალებსა თუ სხვადასხვა ნომინაციაში.

თათა პოპიაშვილი „ადამიანის ხმა“, ჟან კოქტოს პიესაზე, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის „შოუქეისის“ პროგრამაში უჩვენეს. ამ სპექტაკლში შესრულებული როლისთვის ანიკო შურღაია, საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირის ყოველწლიური პრემიის ჟიურიმ - საუკეთესო ახალგაზდა მსახიობად დაასახელა; იგივე პრემიის ფარგლებში - წლის საუკეთესო რეჟისორად  საბა ასლამაზიშვილი აღიარა,   სპექტაკლისთვის „მსხვერპლი“. წელს, პირველ ფესტივალზე „მაჩაბელას შემოდგომა თელავში“, საბა ასლამაზიშვილის „ყვარყვარემ“ სამი პრიზი მიიღო -  კონსტანტინე ეჯიბაშვილმა - საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის; •საბა ასლამაზიშვილმა - საუკეთესო სცენოგრაფიისთვის; მაყურებლის სიმპატია კი, სპექტაკლის ერთდაერთი მონაწილე ჯანო იზორია გახდა.

ამ სპექტაკლით ფოთის თეატრი გასტროლზე იყო - ბრიუსელში, სენაკში; საბა ასლამაზიშვილის „ანას მომენტით“ (მარი ბექაურის რომანის მიხედვით)  - ესტონეთში; მისივე „პატარა ცახესი, ცინობერად წოდებული“ (ერნსტ ჰოფმანის უკვდავი ზღაპარი) და მისივე „მსხვერპლი“ (დავით კლდიაშვილის მოთხრობის ინსცენირება) - თბილისში ანშლაგებით უჩვენეს.

ახლახან, სტამბოლში,  სახელმწიფო თეატრების IV საერთაშორისო, ქალი დრამატურგების, ფესტივალზე ფოთის თეატრმა პაატა ციკოლიას გამორჩეული სპექტაკლი „ხრამუნა“ (იასმინა რიზას პიესის გადმოქართულებული ვერსია) დიდი წარმატებით წარადგინა.

და კიდევ, 2025 წელს, საბა ასლამაზიშვილს სიღნაღის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა, როგორც სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის წარმატებულ დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს.

bottom of page