„თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

289737141_10160215291701880_5655626210696820543_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

 „თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას“

ქორეოგრაფმა ლაშა რობაქიძემ „მოძრაობის თეატრში“  შექსპირის სონეტები სხეულების ენაზე აამეტყველა.

შექსპირის სონეტები რომ ჯერ კიდევ ამოუცნობი, შეუცნობელი და მოუხელთებელი გრძნობების სამყაროა და „ფიზიკური თეატრისათვის“ ისეთივე მდიდარი საბადო, როგორც დრამატული თეატრისათვის, ამის შესახებ „მოძრაობის თეატრმა“ კიდევ ერთხელ შეგვახსენა. კახა ბაკურაძის  მიერ დაარსებული და არცთუ ხანდაზმული დასის ალბათ ყველაზე „უხუცესმა“ მსახიობმა, მოცეკვავემ და უკვე ქორეოგრაფმა, ლაშა რობაქიძემ შექსპირის 153 სონეტიდან რამდენიმე შეარჩია...შემდეგ მოულოდნელი „ქორეოგრაფიული სინტაქსით“ დატვირთა და  თეატრალური სეზონის ბოლოს, ივლისში მაყურებელსაც გაუზიარა.

დაახლოებით ერთსაათიანი „შექსპირის სონეტების“ ქორეოგრაფია სწორედ ლაშა რობაქიძეს ეკუთვნის, სცენოგრაფია - კახა ბაკურაძეს, ხოლო კოსტიუმები - ტატო გელიაშვილს. მუსიკა უფრო  ჭრელი და ამორფულია: ელექტრონული მუსიკით დაწყებული, ძლივს მბჟუტავი ლირიკული ხმებითა და თავად შექსპირის სონეტების ციტატებით დამთავრებული. შესაბამისად, ჭრელია საუნდისა და მუსიკის ავტორთა სია: სანდრო ნიკოლაძე, მიხეილ ზაქაიძე, დავით კაკულია, ნატა მიხაილოვა. სპექტაკლში  ძირითადად „მოძრაობის თეატრის“ დასის წევრები და ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობენ. თუმცა ერთ-ერთ როლს თავად ქორეოგრაფიც ასრულებს.

არავერბალური თეატრისთვის რომ შექსპირი ისეთივე ბუნებრივი და ორგანულია, როგორც  ყოფნა-არყოფნის მონოლოგი დრამატულ თეატრში, ამის შესახებ ახლახან, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 1957 წელს  დადგმულმა და 2022 წელს აღდგენილმა „ოტელომაც“ დაადასტურა. თუმცა გენიალური მოცეკვავის, ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიამ რამდენად გაუძლო დროს, ან როგორ შემოინახა თანამედროვე ცეკვის ენამ დრამატული ბალეტისათვის დამახასიათებელი, საკმაოდ გაცვეთილი, სახელდახელოდ დაკემსილი და მაინც კლასიკური ჟესტები თუ მოძრაობები, ეს ცალკე მსჯელობის საგანია.

სხვათა შორის, 2016 წელს, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის საიუბილეო თარიღს რუსთაველის თეატრმა მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიული ფანტაზიით შეთხზული „შექსპირი. სიყვარული“  მიუძღვნა, რომელიც რუსთაველის დრამატული თეატრის მსახიობებისა და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“  წამყვანი სოლისტის მონაწილეობით, უფრო გაბედულ ექსპერიმენტს წააგავდა.

იმავე წელს, პანტომიმის სახელმწიფო თეატრმა ასევე შექსპირის საიუბილეოდ კლასიკური პანტომიმის ენაზე დადგმული სადღეგრძელო-სპექტაკლი - „შექსპირის სონეტები“,  წარმოადგინა (რეჟისორი და ქორეოგრაფი ამირან  შალიკაშვილის მემკვიდრე, დავით შალიკაშვილი). ეს უფრო ტრადიციული და ცოტა სტერილურიც წარმოდგენა იყო, თუმცა შექსპირი ალბათ ყველაფერს იტანს - ლამის გაცვეთილი მონოლოგების სიმძიმესაც და ასატანი სხეულების ზედაპირ თუ მსუბუქ ფარფატსაც.

მსახიობების სრიალი ზედაპირზე, მათი შემოსაზღვრული მოძრაობანი სცენურ კვადრატზე, რიტმული თუ არითმიული როკვა ჰაერში ბაგირებზე, ეფექტური დუეტები და სხეულთა სინქრონული ბზრიალი თოკებზე (ჰაერში გამოკიდებული სხეულების მოძრაობები განსაკუთრებით ეფექტურია), განსხვავებულ შეგრძნებებსა და შეფასებებს ბადებს. ამდენად, ძნელია უშუალოდ მისდიო სონეტებიდან ამოკრეფილ სტროფებს, მათ შინაარს, ან განსაზღვრო რომელი მოძრაობებიდან იმზირება პოეტის მუზა - ქერა და მშვენიერი ქალი, საიდან ჩნდება და სად გვეპატიჟება „შავგვრემანი ქალბატონი“,  ან რომელია სონეტების ავტორის მეგობარი ახალგაზრდა მამაკაცი? სწორედ ეს მისტიკური საბურველი და სიყვარულით შენიღბული გაურკვევლობა აძლევს შექსპირის სონეტების მკვლევრებს ბისექსუალური შინაარსის კომენტარებისა და ვარაუდების საფუძველს.

რამდენიც არ უნდა ვამტკიცოთ, რომ შექსპირის უნივერსალური ტექსტის ჩატევა ყველა ფორმაში შეიძლება, დღევანდელი, მკაცრი და ტოტალური რეჟისორული (იგივე ქორეოგრაფიული)  კონცეფციებიდან გამომდინარე, ერთი რამ აუცილებლად უნდა ითქვას: როცა რეჟისორი თუ ქორეოგრაფი ხელს კიდებს შექსპირს, ის ზუსტად უნდა განსაზღვრავდეს სათქმელი შინაარსსაც და ფორმასაც; უნდა კითხულობდეს ტექსტს აქ და ახლა კონკრეტული მკაფიო სათქმელის გათვალისწინებით. ამდენად ჩვენი შენიშვნა სწორედ ამ მკაფიოობას და სიზუსტეს ეხება.

დინამიზმისა და ეფექტური სცენების, მსახიობთა სრულიად თავდაუზოგავი როკვა-ქმედებისა თუ ეფექტური მუსიკალური გაფორმების მიუხედავად, მაინც რჩება გარკვეული შეკითხვები: რას გულისხმობდა მაგალითად, ეს შვიდი ნახევარმანეკენი სცენაზე, რომლებსაც სპექტაკლის დასაწყისში დაწოლილი მსახიობები ეხვევიან და შემდგომ სცენიდან მოისვრიან? ან რა პრინციპზეა აგებული საცეკვავო დუეტები? უბრალოდ, ყველა მსახიობს რაღაც ეპიზოდი რომ ერგოს, თუ  ეს სასიყვარულო დუეტებია, რომელიც თავად სპექტაკლიდან გამომდინარეა...

იქნებ, მთელი სცენური სივრცე მიტოვებული სამკერვალო ფაბრიკაა და აქ  გათამაშებული ამბავი უფრო ხილვაა, რომელიც გვამცნობს მანეკენები ადამიანთა  სხეულებს როგორ„იხსენებენ“, ან პირიქით, მოცეკვავეები იხსენებენ მანეკებს და მათში ცოცხალ ადამიანებს ხედავენ? ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბუნდოვანება არ იხსნება სპექტაკლის ბოლომდე, როცა შვიდივე მოცეკვავე ფინალურ ექსტაზში ებმება და ოთხი ქალისა და სამი მამაკაცისაგან შემდგარი ოქტეტი ცდილობს სანიმუშო თუ საჩვენებელი ენერგია ასევე სანიმუშო სინქრონულობად გამოძერწოს.

„თუკი ისწავლი ჩემი მუნჯი სიტყვის წაკითხვას, მაშინ თვალებით გაიგონებ სატრფომ რა გითხრა“ - სონეტის ეს ფრაგმენტი სპექტაკლის ფინალში შეგვიძლია გარკვეულწილად კონცეფციად ვაქციოთ - თუკი ისწავლით მათი მეტყველი სხეულის ენას, მაშინ თვალებით გაიგონებთ რეჟისორის ხმას... და თუ ბოლომდე ამ ხმას მაინც ვერ გაიგონებთ და ვერ დაინახავთ, მსახიობების გარჯას მაინც იგრძნობთ...

 

აი, ისინიც: საინტერესო მარი ენგურული, ქარიზმატული მიხეილ ზაქაიძე, გამოცდილი ლაშა რობაქიძე, მომნუსხველი ანა თალაკვაძე, დებიუტანტი თანო ჩხეიძე, ზომიერად ძლიერი კოტე ლიპარტელიანი და მონდომებული ნანა ბიბილაშვილი. დანარჩენი თქვენს ფანტაზიაზე და აღქმაზეა დამოკიდებული. სამყარო ხომ ჩვენი აღქმებია (როგორც ერთმა გაპოლიტიკოსებულმა ჟურნალისტმა თქვა) და არა ჩვენი რეალობა.