top of page

უამრავი ოქრო სინდისის ნაცვლად

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

3D523C20-DC50-4C70-B50C-CB9637825099.jpeg

მარიამ ბელთაძე

უამრავი ოქრო სინდისის ნაცვლად

 

ერისთავის თეატრი სეზონის დასასრულს შვეიცარიელი დრამატურგის, ფრიდრიხ დიურენმატის, ყველაზე ცნობილი პიესის “მილიონერი ქალის ვიზიტი”-ს მიხედვით გვთავაზობს სპექტაკლს “ვიზიტი”. პიესის ეს ვერსია შექმნილია ერისთავის თეატრისთვის გიორგი თენაძის მიერ.

 

მოქმედება გაღატაკებულ ქალაქ გიულენში ხდება, სადაც უკვე დიდიხანია დრო იმდენად გაჩერებულია, რომ მცხოვრებლებმა არც კი იციან რომელი საათია. ამ ქალაქში საათი უკვე დიდიხანია აღარავის აქვს. მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც გიულენს ვიზიტით ეწვევა კლარა ცახანასიანი - ქალი, რომელიც ერთ დროს აქ ცხოვრობდა. მდიდარ ქალბატონზე ლეგენდები დადის და ქალაქი დასახვედრად ემზადება. მათ სჯერათ, რომ კლარა ქალაქს ახალ სიცოცხლეს აჩუქებს და ფინანსურად დაეხმარება. ასეც ხდება - ის მართლაც ჰპირდება ხალხს დახმარებას, თუმცა, ქალბატონ კლარას თავისი პირობა აქვს და თავისი სარგებლის გარეშე უბრალოდ ქველმოქმედებას ის არ აპირებს. საკუთარ სახლში მელანქოლიისა და მონატრების ნაცვლად შურისძიების სურვილით ჩამოდის და ქალაქში მცხოვრებლებს პირობას უყენებს, რომ თუ მის ყოფილ საყვარელს, ალფრედს, მოკლავენ, ის მათ უამრავი ოქროთი დააჯილდოვებს და გიულენს მართლაც ახალ სიცოცხლეს აჩუქებს. ალფრედისგან გატეხილ გულს მხოლოდ ალფრედის სიკვდილი განკურნავს. ქალაქის მცხოვრებლები აღშფოდებიან ქალის სიტყვით და, რასაკვირველია, დაუყოვნებლივ უარყოფენ მას, თუმცა, ყველაფერი იცვლება. ქალაქს ნელ-ნელა წითელი ფერი იპყრობს და მატერიალური სარგებლის მორევში იძირება. ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი მომდევნო სცენის შემდგომ პერსონაჟების ჩაცმულობაში წითელი დეტალები ჩნდება და ნელ-ნელა მათი სამოსი წითლად გარდაიქმნება. ეს კარგად გვიხატავს იმ სურათს, თუ როგორ შეაღწია კლარამ მათ გონებაში და როგორ დაიწყეს მისი შეთავაზების რეალურად განხილვა. ასევე ვხედავთ საათებს და ვიგებთ, რომ კლარას დამსახურებით ისევ ჩნდება ქალაქში დრო.

 

ქალბატონ კლარას ლიკა კევლიშვილი განასახიერებს და ცდილობს ჩვენამდე მოიტანოს კლარა ცახანასიანის ის ბრუტალური მხარე, რომელსაც პერსონაჟი ლამაზი სამოსისა და სასიამოვნო ღიმილის მიღმა მალავს. მისი ყველა მოქმედება და შეფასება ბუნებრივი და გულწრფელია. მსახიობს ეტყობა, რომ ბოლომდე გააზრებული აქვს პერსონაჟი და მისი შინაგანი ბრძოლა. ის ახერხებს პერსონაჟის შინაგანი დამოკიდებულება მაყურებლამდე უსიტყვოდაც მიიტანოს. კლარა გიულენში მის ბრმა მსახურებთან - რობისთან (გიორგი ჩოჩნიძე), კობისთან (კობა კოპაძე) და ქმარი N9- სთან (თორნიკე ბასიშვილი) ერთად ჩამოდის. მსახიობებმა იდეალურად შეითავსეს ერთმანეთის ტემპი და სცენური რიტმი. ალფრედ ილის პერსონაჟს, კაცს, რომელიც კლარას შურისძიების მსხვერპლი ხდება და წარსულის დანაშაულისთვის ისჯება, კახა ბერიძე წარმოგვიდგენს. უნდა აღინიშნოს მსახიობის ხმის ტემბრი, რომლის სიღრმე და ინტონაციური სიზუსტე სპექტაკლის ემოციურ ფონზე დიდ გავლენას ახდენდა. კონფერანსიე - დაჩი ბაბუნაშვილი არის ფიგურა, რომელიც სცენასა და მაყურებელს შორის ხიდია. მეოთხე კედლის დარღვევით ის მაყურებელს ეხმარება სიუჟეტში ბოლომდე შესვლასა და სცენაზე გადმოცემული მოქმედების უკეთ გააზრებაში. ის ქალაქის ამბავსა და გასაჭირს სიმღერის საშუალებითაც კი გადმოგვცემს (სასიმღერო ტექსტის ავტორი ლუკა ბაზაძეა). კონფერანსიე სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილია. მის შესრულებაში იგრძნობოდა მაქსიმალური თავდაჯერება, რაც განსაზღვრავდა სპექტაკლის ტემპსა და განწყობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ის ერთადერთი პერსონაჟია, რომლის ჩაცმულობაშიც არ შემოდის ფერი წითელი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის არ განიხილავს კლარას ბრუტალურ შეთავაზებას და ასევე აფრთხილებს კიდევაც ალფრედს. ჰელგა(მარი არღუთაშვილი) და ელზა (ქეთი ლუარსაბიშვილი) პიესის ამ ვერსიაში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები არიან, რომელთა სცენაზე თითოეული გამოჩენა  მაყურებელს საოცრად ახალისებს. ბურგომისტრი (მერაბ ჭანკოტაძე), პოლიციელი (ლევან ჯამბრიშვილი), პასტორი (ზაზა ცარულაშვილი), უსახლკარო (ქიშვარდ მანველიშვილი), მოსამართლე (ლევან ოზგებაშვილი), ჟურნალისტი x (მზიკო ტურაშვილი) ჟურნალისტი y(ნათია ტატულაშვილი) კვარტეტი - (დალი ნათელაშვილი/ ზვიად მაღალაშვილი/ ზურაბ ხინჩიკაშვილი/ ზურაბ პავლიაშვილი) - მსახიობთა ანსამბლმა ზუსტი ენერგიით სიუჟეტის ემოციური სიღრმე გამოჰკვეთა. ერთიანი შესრულება და მკაფიო ენერგეტიკული შერწყმა მსახიობებს შორის მაყურებელზე ძლიერ გავლენას ახდენდა. მხატვარი ნისა სამადბეგიშვილია, მის მიერ შექმნილი გარემო ერწყმოდა სიუჟეტს და ქალაქ გიულენის ხასიათი კარგად მოჰქონდა მაყურებლამდე.

 

რეჟისორმა გიორგი თენაძემ პიესაში ისეთ შრეებს გაუსვა ხაზი, რომელიც ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას სრული სიზუსტით ეხმიანება. რეჟისორს ბოლომდე ჰქონდა გააზრებული თითოეული პერსონაჟი. ცდილობდა მათი მეშვეობით ესაუბრა და ყველას ტექსტში ზუსტი ადგილებისთვის გაესვა ხაზი. ჩვენი დღევანდელი ყოფა ძალიან ჰგავს გიულენის და ქალაქის მკვიდრთა ცხოვრებას. ჩვენც გვყავს დღეს ჩვენი ქალბატონი კლარა, რომელიც ცდილობს ჩვენს მართვას და ყოველდღე ჩვენც ვხედავთ, თუ როგორ შემოდის ჩვენს ქალაქში წითელი ფერი. ჩვენც გვყავს მსხვერპლი, ბატონი ალფრედი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან არაერთია და სპექტაკლის ყურების დროს კარგად გავაცნობიერებთ იმას, თუ რაში ვართ და სად გვიწევს ცხოვრება, ვაკეთებთ თუ არა რამეს ამის შესაცვლელად და რით განვსხვავდებით გიულენის მცხოვრებლებისგან. როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვისაც ნაცნობია ის სიტუაცია, როდესაც ჩვენიანი ბრუნდება მშობლიურ მიწაზე და ხალხის მართვას ისე იწყებს, თითქოს ამის უფლება ჰქონდეს. მოპოვებული სიმდიდრე არავის აძლევს უფლებას მართოს სხვა და საკუთარი თავი სხვაზე მაღლა დააყენოს. დღეს ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ და ბოლომდე ზოგიერთი ჩვენგანი ვერც კი აცნობიერებს რამხელა პრობლემაა ეს. ასეთი ადამიანები არასდროს გაუწევენ ხალხს დახმარებას და მანამდე იქნებიან მოჩვენებითად ხალხის გვერდში, სანამ მათთვის იქნება ხელსაყრელი. სასურველი ძალაუფლებისა და გავლენის მოპოვების შემდეგ კი საკუთარ რეალურ სახეებს გამოაჩენენ. სპექტაკლის დადგმისთვის რეჟისორმა ზუსტი დრო შეარჩია. ის ცდილობს მაყურებელს გარედან დაანახოს საკუთარი ცხოვრება და ყოველდღიურობა. მართალია, კლარამ ამ ქალაქში დრო და საათები დააბრუნა, თუმცა, უკან როდის წაიღებს ამას - ეს მის ხელშია. გიულენელებისგან განსხვავებით, მანამდე უნდა გამოვფხიზლდეთ, სანამ ჩვენს ქალაქში კიდევ არის დრო და ჩვენს ხელებს საათები ამშვენებს.

 

კლარამ მიიღო სასურველი შურისძიება და მაშინვე სულერთი გახდა მისთვის ხალხი. ის მათ დახმარებას არც არასდროს აპირებდა. გიულენის მცხოვრებლებმა საკუთარი მიწის შვილი იმ ოქროს გამო გაწირეს, რომელსაც თურმე არავინ მისცემდა.

და მაინც, რომ მიეცა ეს ოქრო კლარას მათთვის, ეღირებოდა ეს ოქრო ამ ყველაფრად ?

bottom of page