
უბა ბლო გეგა გაგნიძის „იოსები“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

21.02.2026
ზუკა ნემსაძე
უბაბლო გეგა გაგნიძის იოსები
ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართული თეატრი გაფიცვის დასასრულისკენ მიემართებოდა, მაგრამ გაფიცვა დასრულებული არ იყო, მაშინ, როცა დავით დოიაშვილი, პატრიარქის თქმის არ იყოს „ახალი ქართული თეატრის“ შემქმნელი[1] ახალმოხსნილი გახლდათ და აქა-იქ გაფიცული არტისტების უმრავლესობას ჩუმი და სხვებისთვის მალული სარეპეტიციო პროცესები ჰქონდათ, თეატრმა ათონელზე გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლის „იოსები“ პრემიერა დააანონსა.
ქართულ თეატრში ამ ქაოსის, დაპირისპირებების, გადაჯგუფებების, ტრადიციული კლანურობის რღვევისა და ახალი კლანების ჩამოყალიბების ფონზე ახალგაზრდა და უკვე რამდენიმე გახმაურებული სპექტაკლის რეჟისორი, ერთი შეხედვით, „უბაბლო“ პერსონაა.
რას ნიშნავს უბაბლო? ერთი სიტყვით, ცალკე დგას, არავისთანაა! მაგრამ მაყურებელთანაა. თანამედროვე სათეატრო პროცესის ერთ-ერთი მთავარი ძარღვია, მისი იმ არა ორდინალური ნამუშევრებით, რომლებსაც გვთავაზობს და კიდევ იმითაც, რაც უნდა ეჩვენებინა, მაგრამ „პოლიტიკური სუბიექტური აზრის“ ქონის გამო ვერ გვაჩვენა. ამ ფაქტორმა მისი სპექტაკლების მიმართ ინტერესი, გარკვეულწილად, გაზარდა კიდეც. ამიტომაც, „თეატრმა ათონელზე“ „იოსები“ ერთმანეთის მიყოლებით, სამი საღამოს განმავლობაში უჩვენა.
რეჟისორი და პიესის ავტორი გეგა გაგნიძეა, სცენოგრაფი და კოსტიუმების მხატვარი მარიამ ძმანაშვილი, კომპოზიტორი კი ნოე კვირკველიაა. სპექტაკლში ოთხი მსახიობი მონაწილეობს: ნატალია გაბისონია, გიორგი შარვაშიძე, გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია.
კაპელდინერმა გვითხრა, სწრაფად შედით, როგორც კი მაყურებელი დაჯდება სპექტაკლი იმ წამიდან დაიწყებაო. სცენაზე გიორგი შარვაშიძის იოსები წამოწოლილია და სძინავს. ლამაზი გარემო გხვდება, თანამედროვე, მომავლის გარემო არ არის. უფრო ახლანდელია, ჩემს ფულიან ძმაკაცს ჭკვიან სახლში, რომელიც ფეშენებელურ უბანშია, ეგეთი „რაღაცეები“ აქვს, სახის ამომცნობი. ყავა მინდა, ტელეფონში დააჭირა ღილაკს ხელი და ჩამოისხა. აბაზანაში შესვლამდე ისიც შეუძლია წყალი მოუშვას კარგად გაათბოს აბაზანა და ისე შევიდეს, ესეც ტელეფონით - ამიტომ გარემო დიდად გასაკვირი არ არის. თუმცა, მომავალში შეიძლება ფულიანსაც და უფულოსაც ყველას გვქონდეს ასეთი სახლი, როგორც გიორგი შარვაშიძის, იოსებს აქვს.
ხოდა, სცენოგრაფმა და კოსტიუმების მხატვარმა მარიამ ძმანაშვილმა ექსტრავაგანტური, დახვეწილი და „ქუულ“ დეკორაცია და კოსტიუმები შემოგვთავაზა.
ამ სპექტაკლში მომხდარ-გათამაშებული ამბავი ჩვენზეა. ადამიანებზე, ჩვენი პრობლემებით, დაბალანსებული და მხატვრულ პრიზმაში გატარებული პოლიტიკური თემებით. არ გეგონოთ, რომ იქ მისულ პროსახელისუფლებო ან რადიკალ ოპოზიციონერს, ისეთი რამ დახვდება რომ გაუსწორდეს. იქ, იმ პატარა, მაგრამ ლამაზად შეფუთულ სივრცეში არაფერია, „ყურთა თქვენდა საამებლად“. მეტიც, ერთი კაი სილის გაწვნაა. ყველასთვის!
ედემის სახელმწიფოში, რომელშიც გიორგი შარვაშიძე რიგითი მოქალაქეა, გიორგი გიორგანაშვილი და ნიკო ფიფია კი პოლიციელებიც არიან, სპეცრაზმელებიც და თუ საჭირო გახდა „ცუციკებიც“, ნატალია გაბისონია კი პროკურორიც, „ნაშაც“ და ზოგჯერ დედაც, გასაკვირი არაფერია, მეტიც, აქ ამ „წარმტაც ქვეყანაში“ შეიძლება, თეთრ მაისურზე, შავ პერანგზე და მწვანე წინდებზეც მოგდონ შარი და წარგიდგინონ ბრალი.
მსახიობის ოსტატობაზე საუბრისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე მრავალშრიან და შინაგანად წინააღმდეგობრივ პერსონაჟს ეხება, მნიშვნელოვანია გარდასახვის დიაპაზონისა და მისი შესრულების ხარისხის შეფასება. ამ თვალსაზრისით, გიორგი შარვაშიძის ეს კონკრეტული როლი გამორჩეულია, რადგან მასში აკუმულირებულია პროფესიული კონცენტრაციის ტექნიკა და გმირის ხასიათის დრამატურგიული განვითარება, გამომსახველობითი საშუალებების ზომიერება და სიზუსტე.
გიორგი შარვაშიძე ქმნის ისეთ პერსონაჟს, რომელიც ერთდროულად მებრძოლი და მორჩილია - ძალაუფლებისკენ მიდრეკილი და ამავე დროს მის წინაშე დამთმობი. ეს დუალიზმი მსახიობის მიერ პერსონაჟში არა პლაკატურად, არამედ ირიბი ქმედებით, შინაგანი დინამიკურობითა და ფსიქოლოგიური პაუზების მეშვეობით ფორმირდება. გიორგი შარვაშიძის გმირი მუდმივ მოქმედებაშია, არ ჩერდება, არ ნებდება...
განსაკუთრებით საყურადღებოა, როგორ ახერხებს მსახიობი გონიერებისა და სიყალბის, სიფხიზლისა და გულუბრყვილობის პარალელურად წარმოჩენას. იოსები ერთ ეპიზოდში გამჭრიახი ანალიტიკოსია, ხოლო მეორეში კი ემოციური იმპულსების მძევალი. შარვაშიძე ამ გარდასახვებს ლოგიკურ ჯაჭვში აქცევს, რითაც პერსონაჟის წინააღმდეგობრივ ბუნებას ერთიან ფსიქოლოგიურ სისტემად აყალიბებს.
უზრდელობა და ბრუტალურობა, თავაზიანობა და თავდაჯერებულობა, რომელსაც პერსონაჟი ავლენს, მსახიობის შესრულებაში ლოგიკურია. ეს კონტრასტულობა აქ პერსონაჟის ხიბლია. უცნაური და არაადეკვატური ქმედებები კი პერსონაჟის შინაგანი დაუცველობის, შიშისა და ძალაუფლების კომპლექსის გამოხატულებად იქცევა.
გიორგი შარვაშიძის იოსები არის მრავალპლანიანი, პარადოქსული და დრამატურგიულად კონტრასტული პერსონაჟი, რომელშიც შერწყმულია მებრძოლი ხასიათი და მორჩილებას, გონიერება და სიბრიყვე, ზრდილობა და უზრდელობა. ამ ფაქტორების გამო, ვფიქრობ, მსახიობი პროფესიონალიზმის სხვა საფეხურს აღწევს.
გიორგი გიორგანაშვილისა და ნიკო ფიფიას პერსონაჟებიც ისეთივე უცნაურები არიან, როგორც თავად იოსები. პოლიციელი გიორგი გიორგანაშვილი შემოსვლის წამიდან უგულებელყოფს მაყურებელს, ოღონდ იქამდე, სანამ ვიღაცას ჩართულ ტელეფონს არ აღმოუჩენს, ზმუილით და სახის მიმიკით არ მისცემს შენიშვნას, ხოლო ნიკო ფიფია შემოსვლის წამიდან, მაყურებელზე მუშაობს, ხან სალათის ფურცლებს ატენის მაყურებელს და უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. მსგავსი ინტერაქტივი მაყურებელთან ინტენსიურად გრძელდება სპექტაკლის დასრულებამდე. რეჟისორი მაყურებელთან დიალოგს დარბაზში შესვლისთანავე იწყებს და ამ დიალოგს არ წყვეტს, მუდმივად კონტაქტშია მსახიობი დარბაზთან.
გიორგანაშვილისა და ფიფიას სცენებში გადასარევად ჩანს, რა ხდება სისტემაში, სისტემას ჭკვიანიც ჰყავს და სულელიც, განათლებულიც და გაუნათლებელიც, რა თქმა უნდა, რეჟისორი ხშირად უტრირებს და ამით ამძაფრებს შეგრძნებებს საზოგადოების გამოსაფხიზლებლად. პარალელურად კი ვუყურებთ სისტემას და მასში დატრიალებულ ამბებს, რომელიც უკვე წრეზე სიარულს ჰგავს, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით და მივეჩვიეთ კიდეც, თითქოს, როგორც ავთენტური ტრადიცია ჩვენი არსებობისა და არა ცხოვრებისა.
სპექტაკლის გამორჩეული გმირია ნატალია გაბისონია, მსახიობი, რომელიც პროფესიონალიზმის, თვითმყოფადობის და იმპროვიზაციის განსაკუთრებული უნარების ერთგვარი გამოვლინებაა. მსახიობი ზუსტად ფლობს მოცემულობას, სხარტად აზროვნებს სცენაზე, რეაგირებს და თან ინარჩუნებს პერსონაჟის ხასიათის სტრუქტურას.
ნატალია გაბისონიას მიერ შესრულებული პროკურორი ძალაუფლების არქეტიპია, მკაცრი, შინაგანად ცივი პერსონა, რომლისთვისაც კანონი არა ეთიკური საზომი, არამედ ინსტრუმენტია. გაბისონია პერსონაჟს არ ასახიერებს მხოლოდ ავტორიტარული ჟესტებით; იგი ქმნის მიკრო რიტმებს, მკაცრ ინტონაციას, აკონტროლებს პაუზათა სიხშირესა და პერიოდულობას, ახერხებს ჟესტების მკვეთრ ფიქსაციას, რაც ძალაუფლების მქონე მოხელეთა პროტოტიპებად აქცევს.
საინტერესოა მსახიობის ორპლანიანობა. როდესაც სცენაზე მოულოდნელად შემოდის პირადი სივრცე, შვილის სატელეფონო ზარი - პროკურორის მონოლითური იმიჯი ორ წამში ირღვევა. გაბისონია ამ გარდატეხას მინიმალისტური, მაგრამ ზუსტი შეფასებით აღწევს: ხმის ტემბრი თბება, მეტყველება რბილდება, სხეულის პოზა თავისუფლდება. ამ მცირე ეპიზოდში ჩანს არა ძალაუფლების მექანიზმი, არამედ დედა. თუმცა ზარის დასრულებისთანავე პერსონაჟი კვლავ ჩვეულ მდგომარეობას უბრუნდება.
მნიშვნელოვანია, რომ მსახიობი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თემას კარიკატურასა და გროტესკში ხატავს. იგი აჩვენებს, როგორ შეიძლება სამართლებრივი მექანიზმი იქცეს თვითნებობის იარაღად. გაბისონიას, პროკურორი მზად არის კანონი ისე ინტერპრეტირდეს, რომ ადამიანის ბედი ფორმალურ, ხშირად აბსურდულ მიზეზებზეც კი დაჰკიდოს, თუნდაც სიმბოლური „ყვითელი წინდის“ ჩაცმის გამო. ეს ჰიპერბოლა პერსონაჟის დიქტატორულ ბუნებას გამოკვეთს და ძალაუფლების უკონტროლო ლოგიკას ამხელს.
ნატალია გაბისონია ქმნის რთულ, ფსიქოლოგიურად მრავალშრიან პერსონაჟს: ქალი, რომელიც ერთდროულად არის დედა და სისტემის ცივი წარმომადგენელი; ადამიანი, რომელსაც შეუძლია სითბო, მაგრამ არჩევს სიმკაცრეს; პროფესიონალი, რომელიც იმპროვიზაციის სივრცეშიც კი პერსონაჟის შინაგან თანმიმდევრულობას არ არღვევს.
იგი განსაკუთრებულადაა მაყურებელთან ჩართული, მუდმივ კავშირზე, ვიღაცას ტელეფონის გამო აძლევს შენიშვნას და უწყობს სასამართლოს, ვიღაცას ჯდომის მანერაზე მიუთითებს... მოკლედ, ყველას და ყველაფერს აკონტროლებს.
გაგნიძის ფსიქოლოგიური მანიპულაცია შედგა, ისე მძაფრად, ისე მკაცრად და ისე საყვარლად, რომ სპექტაკლიდან, რომ გამოდიხარ რეჟისორზე გეფიქრება, როგორ არის ნეტავ ახლა? ხომ არ სცივა? ხომ არ სწყურია? - მერე ბრაზდები, იმიტომ რომ გახსენდება, როგორ გეღადავებოდა მთელი სპექტაკლი, როგორ გირტყამდა ალიყურს ყოველ წამს, როგორ გაწვალებდა, როგორ გამწარებდა და ბოლოს, უბრაზდები საკუთარ თავს. „უბაბლო“ გეგა გაგნიძე, მოკლედ დაგვცინის ყველას: მის კოლეგებს, მსახიობებს, დირექტორებს, ხელისუფლებას, ოპოზიციას და საერთოდ ადამიანს ამ სამყაროში.
და ბოლოს, აღმოვაჩინე, რომ ყველას შეგვიძლია ვიყოთ პროკურორები, პოლიციელები, სულელი და ჭკვიანი ადამიანები და უბრალოდ მძიმე სისტემის ნაწილი, რომელსაც ყოველ დღე შევქმნით, სანამ არ გავიაზრებთ, რომ ჩვენი საქმით, პროფესიონალიზმით და განათლებით უნდა შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს, - ოღონდ ისე როგორც ეს თანამედროვე კრებსით იოსებს ძალუძთ, და არა - „სისტემა ყველას კარზე დააკაკუნებს“ - ბაბლს.
[1] ასე შეაფასა პატრიარქმა დავით დოიაშვილის „ქეთო და კოტე“ პრემიერის შემდეგ.