top of page

„UNMEMORY“ - დაუვიწყარი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

262599187_1769727543236739_436047046332318230_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

„UNMEMORY“ - დაუვიწყარი

ფოტო: გიორგი ყოლბაია

 

„შვება არაა, რომ სადმე, რაიმე ფორმით დაგიმახსოვრეს.

[...] თუ შვება არაა, არც ტრაგედია ყოფილა.

ამიტომ არ იდარდო.“

[დავით ხორბალაძის პიესიდან -„UNMEMORY“]

 

 

„UNMEMORY“ - ასე ქვია დავით ხორბალაძისა (რეჟისორი) 90 წუთიან ნამუშევარს, რომლის პრემიერაც „ღია სივრცეში“, 2021 წლის 27-28 ნოემბერს შედგა; მუსიკალურად დატვირთული (მუსიკა: დავით ხორბალაძე და @gabiskiriamalia) წარმოდგენა ძლიერი ვიზუალური მხარითაც (სცენოგრაფი ანა გურგენიძე) გამოირჩევა. როგორ უნდა ამოვიდეთ კუბოდან, თუკი ცოცხალი დაგვმარხეს? - ამ შეკითხვით დაიწყო„UNMEMORY“-ზე მუშაობა, რომლის რეცეპტსაც ანა გურგენიძემ გაზეთის ფურცელზე მიაგნო (სცენას შესანიშნავად ასახიერებს ლაშა ლაშხი). ცოცხლად დამარხვის მეტაფორა ჯერ პანდემიურ ყოფაზე გავრცელდა, შემდეგ კი დავით ხორბალაძის ტექსტში მეხსიერების ისტორიულ-კულტურულ და სუბიექტურ - ინდივიდუალურ თუ კოლექტიურ - პერიპეტიებს გადასწვდა. რატომ და როგორ „ახსოვს“ მე-ს ის, რასაც ვერ მოესწრო (წარსული) და რასაც შესაძლოა ვერც მოესწროს (მომავალი)? დროის შინაგანი პროექცია, რომელიც კულტურული ტრავმისა და - პიროვნული თუ ჯგუფური - პათოლოგიის რელსებზე გადის, ლინგვისტურ-ინსტიტუციურ ტრანსგრესიად რეპრეზენტირდება (კორპორატიულ-ტექნოლოგიური ენის ბასრი სიცივე პათოლოგიურ-პოეტური ენის ჩანჩქერებს გამსჭვალავს). ტექსტი, მუსიკა და სცენოგრაფია განუმეორებელ, სასოწარკვეთამდე რეალურ და ამავე დროს ოცნებამდე ფანტასმაგორიულ ატმოსფეროს ქმნის, რომელშიც სამი მსახიობი ქალი (მსახიობებად ქალების არჩევა შემთხვევითი როდია. სპექტაკლის შემდეგ შეხვედრაზე დავით ხორბალაძემ თქვა, რომ ქალი სცენაზე ბევრად ღიაა ყველაფრის მიმართ და მამაკაცთან შედარებით ნაკლები „მარწუხები აწუხებს“...) - მარინა ჯოხაძე, თამარა ჩუმაშვილი და გვანცა ენუქიძე, - გამორჩეული ენერგეტიკით ძირს აგდებს (!) მოჩვენებით „დრამას“ – „დრამა მჭირდება! სიკვდილი მჭირდება! დავიწყება მჭირდება!“ - და შეგვაჯახებსრეალურს - რაც „გვკლავს“, „არ გვჭირდება“ და „სხვა ცხოვრებამდე“ ვერ დავიმახსოვრებთ. სხვა ცხოვრება კი შეუძლებელია ან მხოლოდ წარმოუდგენელ მომავალშია შესაძლებელი, მაგრამ არაფერია წარსულზე - თუნდაც უსაშინლესზე - საყვარელი. 

წარმოდგენის - რომელსაც „სპექტაკლიც“ შეიძლება ეწოდოს და „პერფორმანსიც“ - ამ სიტყვის კარგი გაგებით (რადგან დამაკნინებლადაც იყენებენ ხოლმე ჩვენთან ამ სიტყვას), - პირველად ნახვისას იმდენად შემიპყრო ვიზუალმა - აქ კი არაერთი დეტალია, რომელიც თავში უროსავით გეცემა: ჩემი ფავორიტი - მწვანეპლუშიანი გოგონა ველოსიპედით - მსახიობი გვანცა ენუქიძე (შესანიშნავი კოსტუმების დიზაინი ეკუთვნის ნინი გოდერიძეს), სეფის მსგავსი „ხვრელი“ თუ „მილი“, გნებავთ „პლატონის გამოქვაბული“ დავარქვათ; იატაკი, ან სიბრტყე ვერცხლისფერი „ჟეშტის“ ნაჭრებითა და მიწით შექმნილი და სხვ. - მუსიკამ და ტექსტმა - სიტყვებმა, მოკლე ფრაზებმა და უბრალოდ ხმებმა, რომლებიც ყივილს, წკავწკავს წააგავს, - რომ სპექტაკლი მთლიანობაში ფრაგმენტული და შეუკრავი მომეჩვენა, მაგრამ თურმე მეორედ უნდა ნახო, რათა რეალური ტკბობა და კათარზისი განიცადო. ფინალი, მართლაც, წარმოდგენის უძლიერესი მხარეა, რომლის დასპოილერებას არ ვაპირებ, თუმცა ორიოდე სიტყვა მაინც წამომცდება: სიკვდილის მოსვლა, როგორც პრიალა „ჟეშტებით“ გადაფარვა...

„UNMEMORY“-მა ერთდროულად გამახსენა კვენტინ ტარანტინოს „მოკალი ბილი“ (ცოცხლად დამარხვისა და კუბოდან ამოსვლის თემა), ლეო კარაქსის „ჰოლი მოტორსი“ ბევრი თვალსაზრისით, და ალექსანდრ ეკმანის „ფლეი“ - თანამედროვე ბალეტი, ერთ-ერთი პერსონაჟის, მასწავლებლის გამო, რომელსაც, ჩემი აზრით, ჰგავს პიანინოზე დამკვრელი ქალი-„პედაგოგი“(მსახიობი მარინა ჯოხაძე);ვფიქრობ, არც ისაა შემთხვევითი, რომ უმეტესად ფილმები გამახსენდა, ვინაიდან „UNMEMORY“იმდენად „კინოგენური“ წარმოდგენაა, შეიძლება თავი ფილმის გადასაღებ მოედანზე, ან უშუალოდ ფილმში გეგონოს; მეტსაც ვიტყვი: გარკვეული თვალსაზრისით, ზმანებისეული ფაქტურა, რიტმი და აფექტური კვანძები სპექტაკლისა სიზმრისეულ შეგრძნებებსაც იწვევს, რაც აბსოლუტურად ზუსტია ტრავმის, ფრუსტრაციისა და მელანქოლიის შინაგანი რეფლექსიის, ასე ვთქვათ „გადახარშვის“ საგნად ქცევისთვის.

ცხადია, არაფერია სრულყოფილი და „UNMEMORY“-საც შეიძლება პატარ-პატარა ნაკლები მოვუძებნოთ, მაგრამ ვერაფრით დავფარავთ იმ სიშიშვლეს, რომელშიც „დრამა მკვდარია, კონფლიქტი არ მაინტერესებს“, მტვერსასრუტთან კოცნაობას აღფრთოვანებით ვუცქერ და ყველაფერზე - უპირველეს ყოვლისა,ჩემი ყოფის მარგინალურობასა და ისტორიაზე - ერთბაშად ვფიქრობ და განვიცდი.

„UNMEMORY“ დაუვიწყარია.

bottom of page