
უსამართლო სასამართლო
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

10.11.2025
თეკლა თალაკვაძე
უსამართლო სასამართლო
გეგა გაგნიძის საავტორო სპექტაკლის „იოსების“ პრემიერა შედგა 30 მაისს ათონელის თეატრში. ახალგაზრდა თაობაში გეგა გაგნიძემ, როგორც რეჟისორმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა. მისმა სპექტაკლმა „ბალიშის კაცუნამ“ თეატრალური საზოგადოების ყურადღება მაშინვე მიიქცია. მას შემდეგ, მან არაერთი საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს, რომელიც ყოველთვის აქტუალური საკითხებით გამოირჩევა ( „რობერტო ზუკო“, „შავი ფრინველი“, „მზის ხაზი“ და სხვა).
რეჟისორმა სპექტაკლი „იოსები“ კაფკას „პროცესის“ მიხედვით დადგა და გამოხატა პროტესტი არსებული რეალობის მიმართ. მე-20 საუკუნის გენიალური მწერლის ფრანც
კაფკას „პროცესი“ არის ეგზისტენციალური ელემენტებით გამდიდრებული რომანი. სიუჟეტის
მთელი აბსურდი, აგებულია ერთი კაცის უცნაური თავგადასავლის ირგვლივ, რომელიც
დაუდგენელ „დანაშაულს“ სჩადის. მთავარი გმირი-იოსები, ერთ დილას გაიღვიძებს
და აღმოაჩენს, რომ ის დაპატიმრებულია, თუმცა მას არავინ უხსნის, რისთვის და რატომ ისჯება. რაც უფრო ცდილობს სიმართლის დადგენას, მით უფრო იხლართება აბსურდულ ბიუროკრატიულ სისტემაში, რომელსაც საბოლოოდ ეწირება კიდეც.
„პროცესი“ მოდერნიზმის ეპოქის ნაწარმოებია, სადაც ჩანს ინდივიდის შიში, გაუცხოება და ბრძოლა ულმობელ ბიუროკრატიულ სახელმწიფოსთან. გეგა გაგნიძის სპექტაკლში, სცენაზე ჭარბობს თეთრი ფერი. იატაკიც თვალისმომჭრელად ანათებს (სცენოგრაფი, კოსტიუმების მხატვარი - მარიამ ძმანაშვილი). თავის პალატაში გამომწყვდეულ იოსებსაც თეთრი-გიჟის ხალათი აცვია. პირველივე სცენებიდან ჩანს, რომ სისიტემა ცდილობს ტყუილებითა და ძალადობით მის ჭკუიდან შეშლას. სპექტაკლის ყურებისას, სცენოგრაფიასა და პერსონაჟთა ჩაცმულობაში, შავი და თეთრი ფერებია დომინანტი, მხოლოდ თვალში გვხვდება, ყვითელი წინდები, რომელიც იოსებს აცვია, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდება. მას თავიდანვე გააფრთხილებენ, რომ პროკურორს არ მოსწონს ყვითელი ფერი და ამიტომ უნდა გაიხადოს. ამ აბსურდულ შეთავაზებას იოსები არაფრად ჩააგდებს, არ დაემორჩილება, რაც საბოლოოდ მისთვის სიკვდილით დასჯის მიზეზი გახდება. რეჟიმი განსხვავებულ ადამიანებს არაფერს პატიობს და სასტიკად ეპყრობა. გიორგი შარვაშიძემ განასახიერა პერსონაჟი, რომელიც დაპირისპირებულია სახელმწიფოსთან და სპექტაკლის განმავლობაში, განიცდის სულიერ ტრანსფორმაციას. მისი პლასტიკა და განცდები წარმოაჩენს, თუ როგორ ინგრევა პიროვნება „უსამართლო სასამართლოს“ ზეწოლის ქვეშ და როგორ კარგავს იდენტობას.
სპექტაკლში რამდენიმე სცენა მეორდება. პირველ მიზანსცენაში იოსები პროკურორს მიაყენებს შეურაცხყოფას (ამის დამადასტურებელი ვიდეოც აქვთ), რის გამოც მას გაასამართლებენ. ხოლო მეორე მიზანსცენაში, როდესაც ის ხელახლა იღვიძებს პროკურორს შეურაცხყოფას აღარ მიაყენებს, მაგრამ მას მაინც ასამართლებენ.
გასამართლების პროცესში, აღმოაჩენენ, რომ არანაირი დანაშაული არ არსებობს. მაყურებელს ჰგონია, რომ იოსები გადარჩა, თუმცა სპექტაკლში მოვლენები სწრაფად იცვლება და იოსებს ახალ დანაშულს „გამოუჩხრეკენ.“ ეს ხომ მისი ყვითელი წინდებია...
სპექტაკლში, რამდენიმე სცენა ლამაზად და კინემატოგრაფიულად არის გადაწყვეტილი. მაგ.
როდესაც მოხელეები ტრიალებენ და საპნის ბუშტებს ისვრიან თოფებიდან. სცენაზე ოთხი
პატარა მონიტორი დგას, რადგან ოთხივე მხრიდან დაინახოს მაყურებელმა გამოსახულება. ერთ-ერთ მიზანსცენაში მონიტორზე თვალი ჩანს, ეს თვალი თითქოს იმაზე მეტყველებს, რომ გამუდმებით გვითვალთვალებენ, რათა თავისუფლად და დამოუკიდებლად მოქმედების უფლება არ გვქონდეს. სპექტაკლში კარგად არის გამოყენებული მუსიკლური გაფორმება. აქ
ვხვდებით სხვადასხვა ჟანრს, როგორც მეტალს, ასევე საოპერო არიას, რომელსაც შესანიშნავად ასრულებს გიორგი შარვაშიძე (კომპოზიტორი - ნოე კვირკველია).
მოხელეებს მუქი ტანისამოსი აცვიათ და მუქი სათვალეები უკეთიათ, რაც ჩემი აზრით,
მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ბრმად ასრულებენ უფროსის დავალებებს. მოხელეთაგან გამოსარჩევია ერთ-ერთი პერსონაჟი, რომლის როლსაც ნიკო ფიფია თამაშობს. მსახიობი კომიკურად გადმოსცემს გმირის ხასიათს. ის თავდაპირველად თითქოს დებილი, მიამიტი და მგრძნობიარე ტიპია, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის. თუმცა, საბოლოოდ მოიპოვებს ძალაუფლებას და მისი კოლეგის პოზიციას დაიკავებს. მეორე მოხელის როლში კი მსახიობი გიორგი გიორგანაშვილია.
თავდაპირველად თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, რის გამოც თანამდებობას
დაატოვებინებენ. სპექტაკლში ნათლად ჩანს, რომ უსამართლო სისტემა საბოლოოდ ყველას
ანადგურებს, იქნება ეს ბრალდებული თუ მისი მსახური. ნატალია გაბისონია განასახიერებს
პროკურორს, რომელიც არის მკაცრი, უსამართლო, შეუბრალებელი. მისი აბსურდული მოქმედება, ავტომატური, დაპროგრამებული მოძრაობა და საუბრის მანერა, ზუსტად აღწერს პერსონაჟის სულიერ მდგომარეობას.
სპექტაკლში, კარგად იკვეთება დღევანდელი რეალობის ამსახველი პრობლემები. რეჟისორი,
ყურადღებას ამახვილებს „უსამართლო სასამართლო“ სისტემაზე, სადაც სამართალი აღარ
არსებობს, ხოლო ინდივიდი მექანიზმისთვის უმნიშვნელო ნაწილად იქცევა. რეჟისორი, გეგა
გაგნიძე ცდილობს გვიჩვენოს ინსტიტუციური აბსურდი, სადაც არაკომპეტენტური ადამიანები
იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ძალაუფლებისა და ფულის გამო. საბოლოოდ რეჟისორი კომიკურად ავლენს საზოგადოების მანკიერ მხარეს.