უსახურები ანუ სახედაკარულები
სპექაკლი უფროსებისა და პატარებისათვის

ლაშა ჩხარტიშვილი

 

უსახურები ანუ სახედაკარგულები - სპექტაკლი უფროსებისა და პატარებისათვის

 

„უსახური“ ნიკა საბაშვილის მორიგი საავტორო სპექტაკლია, რომელიც მან თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დადგა და პოსტპანდემიური სეზონიც სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელის ამ წარმოდგენით გაიხსნა.

ნიკა საბაშვილი ძირითადად საავტორო სპექტაკლებს დგამს, რაც რეჟისურასთან ერთად სპექტაკლის დრამატურგიასა და სცენოგრაფიაში ვლინდებოდა. ამჯერად, ის კომპოზიტორადაც მოგვევლინა, რომელმაც წარმოდგენის მუსიკალური პარტიტურაც შექმნა. წარმოდგენის დაწყებამდე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, სპექტაკლის რეჟისორის პროტოტიპი თოჯინა სცენიდან გვესალმება (რეჟისორისვე ხმით), მადლობას გვიხდის თეატრში მიბრძანებულ მაყურებელს სტუმრობისთვის და გვთხოვს, მობილური ტელეფონების გამორთვას. ამ მომენტიდან იქმნება განწყობა და იწყება სპექტაკლი, რომლის სიუჟეტიც, სცენოგრაფიაც, მუსიკალური თანხლება და რეჟისურა ნიკა საბაშვილს ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ „უსახურში“ ყველა პერსონაჟი სახედაკარგულია, თითოეულ მათგანს მკვეთრად ჩამოყალიბებული, ხილული ხასიათი აქვთ. გარეგნულად ისინი სპეტაკებს მოგაგონებთ, რადგან თეთრ ფერებში არიან გადაწყვეტილნი, მაგრამ მათი შინაგანი სამყარო, მისწრაფებები, მსოფლმხედველობა განსხვავდება ერთმანეთისგან.

მთავარი გმირი, რომელსაც სახეც კი არ აქვს და რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს, ფართო და ღრმა სულიერი სამყარო, ოცნებები და მიზნები გააჩნია. ის მიზნად საკმაოდ რთულ, ლამის დოქტორ ფაუსტუსის მსგავს ამოცანას დაისახავს: სურს სამყაროს შემეცნება, ჩასწვდეს ადამიანის არსს, დაადგინოს რით განსხვავდებიან სულიერი არსებები ერთმანეთისგან. ეს აზრები საკმაოდ გრძელ ფილოსოფიურ მონოლოგებში ვლინდება, რომელსაც საინტერესოდ ახმოვანებს, უფრო სწორად მოგვითხრობს მსახიობი მალხაზ გაბუნია. ამ მონოლოგებს რეჟისორი ილუსტრაციების სახით ავსებს საკმაოდ ეფექტური ვიზუალით. ამ ვიზუალს კი გაცოცხლებული საგნები ქმნიან მსახიობების გია გოგიშვილის, ლევან კაციაშვილის, მალხაზ გაბუნიას, თორნიკე ფრანგიშვილის, გიორგი ღონღაძის, დავით ბეკოშვილის, რომა ბოგვერაძის, თამთა ბაქრაძის, რამონა მიქელაძის, ნინო პაპიაშვილისა და ანა ბეჟაშვილის საშუალებით.

პირველივე ეპიზოდიდანვე მაყურებელი თვალს ადევნებს ერთი ადამიანის ყოფის ჩვეულებრივ, რიგით დღეს, რომლის ერთფეროვან, მონოტონურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანის გამოჩენა, რომელიც მას სტუმრის სტატუსით ეცხადება, იჭრება მის ცხოვრებაში, პირად სივრცეში და ამ „საწყალი“ ადამიანის გამოჩენის წამიდან რადიკალურად იცვლება მთავარი გმირის ცხოვრება, ყველაფერი თავდაყირა დგება. ორიგინალურადაა გადაწყვეტილი დიალოგები მათ შორის, ისინი ფაქტობრივად არც ერთ სიტყვას არ ამთავრებენ, მხოლოდ ინტონაციებითა და რამდენიმე ბგერის კომბინაციით ნათელი ხდება მათი საუბრის შინაარსი. „საწყალი, ფეხები დამიკოცნა საკვებისა და წყლისთვის, მე კიდე ერთი მადლობა არ მითქვამს ღმერთისვის, არ ვაფასებ რაც მაქვს, მადლობა გზავნილისთვის, უფალო!“ - ამბობს მთავარი გმირი და მიამიტურად სახლში უშვებს მას, ვინც მას ცხოვრებას უნგრევს, საკუთარ ჭერს ართმევს, საკუთარ ბინაში მდგმურად აქცევს. სტუმარი, რომელიც მასპინძელს ანგელოზი ჰგონია, ნამდვილ ბედისწერად და გამოცდად იქცევა.

ადამიანის სიხარბეს საზღვარი რომ არ აქვს კარგად ჩანს ნიკა საბაშვილის სპექტაკლიდან, მაყურებელი დიდი ინტერესით ელოდება, სანამდე დაეშვება ადამიანი ფსკერზე, რომელიც არა მხოლოდ სახეს კარგავს, არამედ სულსაც. ნიკა საბაშვილის მიერ შეთხზულ ამბავში კი ადამიანის სიხარბე, სითავხედე და ბოროტები უკიდეგანო (უსაზღვრო) კატეგორიებად იქცევა და ყოველგვარ ლოგიკურ მოლოდინს სცილდება სიუჟეტის განვითარება. ყოველ მომდევნო ეპიზოდში ვაკვირდებით როგორ იზრდება ერთი უსახური პერსონაჟის გავლენა მეორე მიამიტ, უსუსურ პერსონაჟზე. ერთი მხრივ, ვხედავთ ყოვლად თავნება პერსონაჟს, მეორე მხრივ, ვუცქერთ სასოწარკვეთილ, იმედგაცრუებულ, უსამართლობის მსხვერპლს.

ნიკა საბაშვილის სპექტაკლი ადამიანს ახსენებს, პატარებს კი ასწავლის ცხოვრებას (ამზადებს მასთან შესახვედრად), რომელიც მხოლოდ მშვენიერი კი არ არის, არამედ დიდი ლაბირინთია, მუდმივი ბრძოლაა წინაააღმდეგობათა გადასალახად. ადამიანი კი, რომელიც ცდილობს უცოდველი იყოს, არ გამოსდის, ყველაფერი წყალს მიაქვს და ჩვენ რეალურად ვუყურებთ კამერულ სცენაზე, მართლაც როგორ მიაქვს ყველა და ყველაფერი წყალს. სპექტაკლში ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანისთვის დამახასიათებელი რამდენიმე გრძნობა: ზიზღი და სიყვარული, კადნიერება და სინანული, ტრივიალურად კი სიკეთე და ბოროტება.

ნიკა საბაშვილის სპექტაკლი მულტიპლიკაციურია, მაყურებლის წინ, ცხადად თამაშდება ნახატი ფილმი. ამ წარმოდგენაში ყველაფერი სულიერდება, უსულო საგნებიც კი პერსონაჟებად იქცევიან, რომლებიც ხანაც ქოროდ, ხანაც კი საზოგადოებად აღიქმებიან, რომელთაც აქვთ თავიანთი დამოკიდებულება მოვლენებისადმი. გამომსახველობითი საშუალებების სიმწირეს არც ამჯერად უჩივის რეჟისორი. უფრო მეტიც, მეტაფორული, ვიზუალურად ეფექტური და შინაარსობრივად დატვირთული მიზანსცენებით წარმოდგენა გადატვირთულიც კი არის.

ნიკა საბაშვილი წარმოდგენაში იყენებს საავტორო მუსიკალურ თემებს, ხმაურებს, მოკლე მელოდიებს, რომელიც მუდმივად თანხვედრაშია (როგორც შინაარსობრივად, ისე ტექნიკურად) ტექსტთან, მოქმედებასთან, მოვლენებთან, თოჯინების და რეკვიზიტის მოძრაობასთან, მუსიკა თითოეული მოვლენის წარმმართველია, განწყობის შემქმნელია, დომინანტია. მაგრამ სპექტაკლის შემადგენელი კომპონენტების ჭიდილში მუსიკა (ხმოვან რიგთან ერთად), მთავარი პერსონაჟის მონოლოგები და თოჯინების მოქმედებები ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაში არიან და ჯამში ქმნიან ფილოსოფიურ იგავს, რომელიც მაყურებელს ბევრ რამეზე დააფიქრებს, ცხოვრების ხელახლა გააზრებისკენ უბიძგებს და ადამიანის არსზე შეხედულებებს გადააფასებინებს.

„როცა ერთმანეთს ვკლავთ, გამოდის, რომ ცაში ღმერთებს ვხოცავთ, რადგან ადამიანი დაცემული ღმერთია“ - ასკვნის მთავარი გმირი და ის სინანულის შემდეგ, სხვა სამყაროში გადადის, ღმერთს უბრუნდება.