top of page

უხერხემლო

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

331557780_1145929522765164_646715690342595196_n.jpg

ნუცა კობაიძე

უხერხემლო

„როგორ გიხდება, ბიჭო, ეს კაბა! არ დაგცინი. მართლა გიხდება, დედა!“

მართა: და ეს ნასესხები რომ არ გათავდა. რა ხანია კვირტები გასკდნენ.

ჭკუა არ ჰქონდა ჩემს შვილს, არა! გაზაფხულზე სიკვდილი გამიგია?

როცა გარშემო ყველაფერი ყვავის?

 

ჩემზე არავინ იტყვის, ჰეტეროსექსუალმა ნუცამ რეცენზია დაწერა „უხერხემლოზე“, რომელიც ტრანსგენდერი ქალის ცხოვრებაზე მოგვითხრობსო. იმიტომ რომ ჰეტეროსექსუალი ნორმაა და ტრანსსექსუალი ან ელჯიბითი თემის ნებისმიერი სხვა წარმომადგენელი - არა... ახლო წარსულში, ლიზა ქისტაური რომ გარდაიცვალა, ტელევიზიები და სოციალური ქსელები სიტყვა ტრანსგენდერით აჭრელდა. აი, სწორედ ეს არის ადამიანების თემებად და ჯგუფებად დაყოფა. მერე ვის რა მოვუწოდოთ? როგორ მოვითხოვოთ უფლებების დაცვა, როცა ჩვენ თვითონ ვარღვევთ მათ და გამოვყოფთ ადამიანებს სექსუალური იდენტობის მიხედვით. სამედიცინო ენა ამ შემთხვევაში სხვაა და სამეტყველო - სხვა. ვემიჯნები მსგავსი ტერმინების გამოყენებას და ვფიქრობ, მოვახერხებ სათქმელის გადმოცემას იმ იარლიყებისა თუ „იდენტობების“ გარეშე, ჩვენდაუნებურად რომ მივიკერეთ, ან მოგვაკერეს.

პიესა „უხერხემლო“ (ავტორი: ალექს ჩიღვინაძე) მესამედ დაიდგა თეატრის სცენაზე და ახლა, უკვე ვანო ხუციშვილი იწყებს მუშაობას კონკრეტულ ნაწარმოებზე. მალე, გიგიშა აბაშიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმიც გამოვა. საინტერესო და პრობლემურ საკითხზე რომ არის პიესა დაწერილი, უკვე მიხვდებოდით. ეს არის ამბავი ერთ-ერთ ოჯახში განსხვავებული შეხედულების გამო დატრიალებულ ტრაგედიაზე, საზოგადოების მიუღებლობაზე, ჰომოფობიაზე, დამკვიდრებულ სტერეოტიპებზე, არატოლერანტულობაზე...

ილიაუნის თეატრი, რეჟისორი - გელა გულიაშვილი.

მართა (მაიკო ხორნაული), მამია (გიორგი ცერცვაძე), ნინო (ანიკო შურღაია) და დანიელი (გიორგი მიქაძე) - ის პერსონაჟები არიან, რომლებიც ერთი ტრაგედიის გარშემო გაერთიანდნენ და საპირისპირო შეხედულებების მიუხედავად, უმძიმესი ტრაგედიის პერიოდში მოახერხეს ამბის „Happy End”-ით დასრულება. დიახ, ფინალი ამერიკულ „ბედნიერ დასასრულს“ ჰგავს, სადაც კონფლიქტში მყოფი ადამიანები ერთმანეთს ეხუტებიან და შეხმატკბილებულები გადიან სცენიდან. ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა ჭირისუფალ ოჯახში ჩასული ახალგაზრდების დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად გასაგებია მათი პოზიცია - შეესრულებინათ გარდაცვლილის უკანასკნელი სურვილი. ანიკო შურღაიას და გიორგი მაქაძის პერსონაჟები ცოტა მეტი ემპათიით რომ ყოფილიყვნენ გამსჭვალულები, სპექტაკლი უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა. დანიელისგან საერთოდ არ იგრძნობა საყვარელი ადამიანის დაკარგვის ტრაგიზმი. ბედნიერი ახარებს გარდაცვლილის მამას, რომ საფლავი გათხარა... ასევე უემოციოდ იხსენებს, თუ როგორ გეგმავდა ელასთან ერთად კუნძულზე წასვლას. ამ დროს, მონატრების და სევდის ნაცვლად, ცარიელ სიტყვებს ვისმენთ.

გიორგი ცერცვაძე ასახიერებს 60 წლის მამას, რომელსაც შვილი სანადიროდ დაჰყავდა, შეშას აჩეხინებდა, წყალს აზიდვინებდა. მამას, რომელსაც ხალიჩაზე ხანჯლები უკიდია და ტრადიციების დამცველია. ის არის კაცი, რომელმაც შვილი სახლიდან გააგდო, თუმცა მის ფოტოს გულით ატარებს და ვხვდებით, რომ მამამ კი არა, საზოგადოებამ გარიყა ბავშვი, მშობლები კი მათ წინააღმდეგ ვერ წავიდნენ. „[...] დიდი ხნის წინ გამოვიტირეთ. ახლა დავმარხავთ უბრალოდ და მორჩება [...]“ - ეს არის მამის სიტყვები, რომელსაც საკუთარი ხელებით დაკრეფილი ყვავილები მიაქვს გარდაცვლილ შვილთან (ერთადერთი სცენა, სადაც ვერ შევიკავე ცრემლები). გიორგი ცერცვაძე გამორჩეულად კარგია სპექტაკლში.

„[...] პატარა იყო უზარმაზარ დოქს რომ აიკიდებდა და მოარბენინებდა წყალს“ – შეიძლება სულაც არ უფიქრია ავტორს ამ სიმბოლურ დატვირთვაზე, თუმცა მაინც აღსანიშნია, რომ  „წყალი პირველსაწყისი ქაოსია, რომლიდანაც შეიქმნა მიწა [...] ქრისტიანობაში წყალი განახლებაა, აღდგენაა, განწმენდაა, კურთხევა და ნათლობაა. მდინარე ქრისტეს სიმბოლოა, როგორც წყარო მარადიული სიცოცხლისა ..." (წყლის სიმბოლო). მეტამორფოზაა გამოსახული გარდაცვლილის სხეულზე - ჭუპრიდან პეპელას გამოსვლა.

მართა - 55 წლის ქალი, რომელიც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავისი საიდუმლოებები აქვს - შინ მარტო დარჩენილი თამბაქოს აბოლებს. ის არის ცოლი, რომელსაც ქმრის აუტანლობა ჭირს: „იცი მარტო ჩვენს შვილს არ უნდოდა სახლიდან გაქცევა“, მაგრამ მასთან ერთად ბერდება. მიზანსცენაში, სადაც ცოლი ქმარს სასმელს უმალავს და მერე ისევ თავის ადგილას დებს, ვხედავთ დამოკიდებულებას: სიბრალულს, ზრუნვას, დარდს, ერთგვარ სიყვარულს და პატივისცემას ქმრის მიმართ. ქალი, რომელიც უბრალო სოფლის ტანსაცმლით შემოსილია, გასვენების სცენაში გაპრანჭული მაღალ ქუსლებზე გამოდის, ესეც ხომ ქართული ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ მაიკო ხორნაულს ტრაგიკული პერსონაჟის შესრულება უწევს და საკმაოდ დამაჯერებლად, მაინც რთული სათამაშო აღმოჩნდა მისთვის ზოგი ეპიზოდი: „როგორ გიხდება, ბიჭო, ეს კაბა! არ დაგცინი. მართლა გიხდება, დედა!“ - წესით ყველაზე მძიმე სცენა უნდა იყოს, როცა მართა დასტირის თავის შვილს და აცმევს კაბას, თუმცა შეგრძნება მრჩება, რომ ინსტინქტურად, გაუაზრებლად ჰყვება ტექსტს. შემდეგი ეპიზოდი - ჩასასვენებელში შვილის ფეხებთან როცა აღმოაჩენს მკვდარ კატას, ამ შემზარავ ფაქტს ძალიან გულგრილად იღებს.

შენიშვნები: ხმასთან ერთად, რომელიც მთელი წარმოდგენის მანძილზე ძალიან დაბალ ტემბრში ისმის (მიუხედავად იმისა რომ კამერული სივრცეა), სპექტაკლის ერთ-ერთი სუსტი მხარეა დიდი პაუზები და გაწელილი სცენები. რეჟისორს თავისუფლად შეუძლია თითქმის 2 საათიანი სპექტაკლის დაყვანა ერთ საათამდე, რაც ნამდვილად მომხიბვლელს გახდის წარმოდგენას. სცენა, როცა დანიელი (გიორგი მაქაძე) გლოვობს შეყვარებულს, ამ დროს ნინო (ანიკო შურღაია) კამერას ამონტაჟებს ნახატში და შემოდის წვიმისგან დასველებული მამა, რომელიც დაბოდიალობს ოთახში, ხან წამალს სვამს, ხან კი ალკოჰოლს და ამ დროს ვხედავ, როგორ იწყენს მაყურებელი. ასევე გაწელილი სცენაა, როცა გიორგი ცერცვაძის პერსონაჟს სასტუმრო ოთახის შუა გულიდან ამოაქვს თავისი ხელით შეკრული კუბო. მანეკენის ნაცვლად მუთაქა, ან რაიმე მასიური რომ გამოეყენებინათ ,უკეთესი იქნებოდა, რადგან მისი თავის და ხელის დანახვა იმ მძიმე ატმოსფეროდან გაგდებს, რაც სცენაზე უნდა ტრიალებდეს.

„და ჩვენი ძროხა გახსოვს, დედა? მადონა? გახსოვს ბებია რომ მოკვდა მაგის ხბო დავკალით ქელეხში. მადონა მთელი დღე ღობეს არ მოსცილებია. მთელი დღე ბღაოდა. ჩვენ კიდევ მის შვილს ვჭამდით. ერთმანეთს თეფშზე ვუღებდით კარგ ნაჭრებს. ვღრღნიდით მის ძვლებს. თურმე როგორ განიცდიან ძროხებიც შვილის სიკვდილს-მეთქი, ვამბობდით და ჭამა არავის შეგვიწყვეტია. მხოლოდ შენ არ ჭამდი. მადონა კი ბღაოდა და ბღაოდა. დაუკლეს შვილი, შეუჭამეს“.

bottom of page