უწონადობა რეალობას, ილუზიასა და თავისუფლებას შორის
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ლელა ოჩიაური
უწონადობა რეალობას, ილუზიასა და თავისუფლებას შორის
საზოგადოების ცხოვრებაში, რომლის წევრების ურთიერთობები და დესტრუქციული ყოფა მდორედ და თითქოს დროის მიღმა ვითარდება, ხოლო მოვლენების ერთგვარობა ერთმანეთს ჯაჭვურად გადაეცემა თუ ერთიდან მეორეში გადადის - მყარი და სტაბილური არაფერია. საზოგადოების - რომელსაც საყრდენები არ გააჩნია და აღარაფერი შეუძლია, თავის გადარჩენაზე მხოლოდ ფიქრისა და გადარჩენის წარმოსახვითი გზების ძიების გარდა. მაგრამ ყველაზე უიმედო და გამოუვალ ვითარებაშიც, ყოველთვის ჩნდება ვიღაც, ვინც არღვევს ყოფიერების მდორე და მოჩვენებით მსვლელობას და დამარცხების საფასურად, იმარჯვებს.
ასეთი საზოგადოების, მისი და ჩვენი ასეთი რეალობის, შემგუებელი, შემგუებლობასა და ფარისევლობის წინააღმდეგ გალაშქრების არჩევანის შესახებაა ახალგაზრდა რეჟისორ ქეთევან სამხარაძის სპექტაკლი „მიზანთროპი“, ჟან-ბატისტ მოლიერის პიესის მიხედვით, პიესის საკუთარი ადაპტაციით, წარმოდგენილი ილიას უნივერსიტეტის სასწავლო თეატრში. ქეთევან სამხარაძეს ინსცენირებაში ასევე გამოყენებული აქვს - სიმონ დე ბოვუარის, ვირჯინია ვულფის, კოლეტის, ვირჟინი დეპანტის, გრეტა გევრიგისა და კრისტენ გოდსის (ხაზგასმით - ქალი ავტორების - მწერლებისა და მკვლევრების) ტექსტები (არაუდიერად და არა არაკორექტულად).
საავტორო კონცეფციიდან გამომდინარე, ავტორ/ნტერპრეტატორმა მოლიერის პიესის „ტრადიციულისგან“ განსხვავებული და ახალი რეალობა შექმნა და მოქმედება, მოვლენების არსი და „შინაარსი“ მიღებულ/დამკვიდრებულისგან განსხვავებულ კონტექსტში წარმართა. თუმცა, ორიგინალური ტექსტის ბევრი თვისება და თავისებურება, სტრუქტურა და მოვლენათა ლოგიკა, ჟანრიც კი, სრულად შეინარჩუნა.
კარნავალურობა - როგორც თეატრალური ხელოვნების, სანახაობის „თეატრალიზების“ ერთ-ერთი ფორმა, Commedia dell'Arte-ს ხერხები, ხელწერა და მათი პაროდირება, კომედიური და დრამატული ელემენტების თავისებური, „პოსტმოდერნული კომბინაცია“- ქეთევან სამხარაძის სარეჟისორო გადაწყვეტის საფუძველი და მსახიობების მუშაობის სტილი და თან - სპექტაკლის პერსონაჟების - ცხოვრების, ურთიერთობის ფორმა და წესია.
სცენის ერთ მხარეს და ბოლომდე აღმართული, მოხატული კედელია - ავანგარდული მონუმენტური ფერწერული ტილო თუ ასევე მონუმენტური სტენსილი - სპექტაკლის პერსონაჟების „დაფოტოშოფებული“, დეკორატიული გამოსახულებით, თანადროული შინაარსისა და დღევანდელი რეალობის - ამსახველი და ამ რეალობიდან აღებული წარწერებით - ლოზუნგებით - თუ ფეისბუქსა თუ სხვა სოციალურ ქსელებიდან აღებული პოსტებით - ზუსტად რომ ასახავენ ავტორების ვინაობასა და განწყობას - „სამყაროს ვერაფერი შეცვლის“, „ტვინი მომე*ნა“, Fuck You, „იცი, როგორ გაქებენ?“, „კრიმინალური დაჯგუფება Gen Z“, „Censorship“ (!) და სხვა.
თამარ სამხარაძის დეკორაციაში ერთ „სიბრტყეზე“, ერთ „გუმბათქვეშ“ ყველაფერია გაერთიანებული - სასტუმრო ოთახები, თუ თვალსმოფარებული სათავსოები, ოფისები (თუ რაღაც მსგავსი), კლუბები, ბრჭყვიალა „წვიმის“ კედელი/ფარდა, კედლების რიგი, რომლებიც პოლიციის ფარებით შექმნილ ჩამკეტ ბარიერს ჰგავს (ბევრჯერ რომ გვინახავს); პოდიუმისა თუ საკონცერტო-სათეატრო სცენა - როგორც „თამაშის“ კიდევ ერთი ადგილი - რომელზეც პერსონაჟები - ელენე ქურთიშვილის სელიმენა, ნიკა ჯაფარიძის ორონტი, ნინა ყიფშიძის არსინოა, ანა ლევენეცის ელიანტა, თორნიკე ნუკრაძის ალცესტი, გიორგი გელაშვილის ფილინტი, გოდვინ თუდების კლიტანდრი, ალექსანდრე კაკულიას აკასტი - ხან დეფილირებენ, ხან ცეკვავენ, ხან დეკლამირებენ თუ სარეკლამო/საიმიჯო ტექსტებით გამოდიან და ხან - ცხოვრობენ - ყოფისგან თითქოს შორს, მისგან თავარიდებულები და როგორც ტყვეები (სიტყვისა თუ ცნების უშუალო და ზუსტი განსაზღვრებით).
მათ, ერთი მხრივ, „არ შეუძლიათ გულწრფელი იდეებით არსებობა“, მაგრამ თან რეალობასთან შეუგუებლები არიან, რაღაც მნიშვნელობით, თავისებური მეამბოხეებიც. საკუთარი თამაშისა წესებისა და ერთმანეთსა და გარესამყაროსთან ურთიერთობებში საკუთარი კანონების დამკვიდრების, დამტკიცების მცდელობების ვარიაციებით. თუმცა, მიზნის მისაღწევად, თუ ცხოვრების ამგვარობისგან თავის დასაღწევად - მოქმედების გეგმისა თუ „სტრატეგიის“ გარეშე.
ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპში“ ბევრი და თანადროულობის მეტყველი მახასიათებელი „ნიშანია“ თავმოყრილი - მორალისა და ცხოვრების წესის სხვადასხვაგვარი გაგება, თავისუფალი სექსი და სასიყვარულო ურთიერთობების უსიყვარულოდ, „ზედაპირულად“ გაბმა; ნარკოტიკები, ინტრიგები და კონკურენციისთვის მეტოქეობა; სასამართლოში აღძრული საქმეები და ნებისმიერის - ხელოვანისა და არახელოვანის - აუღიარებლობა ყველას მხრიდან და თვითაღიარების მცდელობები; პიროვნულობის არცნობა და საქმიანობის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგნორირება; კომპლექსები და კომპლექსებით გამოწვეული უმართავი ამბიციები; ყველა ყველას წინააღმდეგ და მაინც ერთად. ახალი თავშესაფრის ძიება სხვადასხვა ხერხით. თავადვე შედგენილი წესებითა და მათ წინააღმდეგ, წესების დარღვევით, ქაოსით ამ გორგალში, გამონაგონით, რომელიც ეფემერული და რეალურ საზღვრებს აცდენილია. ილუზორული სამყაროს ილუზორული და ყალბი, გამომგონილი კავშირები და „ავტოპორტრეტები“, რომლებსაც რეალობასთან მხოლოდ ის აქვთ საერთო, რომ ანაცვლებენ რეალობას და „სამალავად“ იქცევიან.
შეიძლება, ისინი მართლა ფარისევლები (როგორც ალცესტი უწოდებს და ასეც ჩანს) არიან, მაგრამ მათ იძულებით ფარისევლობასაც აქვს გამართლება, რადგან სხვა აღარაფერი დარჩენიათ სიცრუისა და შენიღბვის გარდა, რადგან უნდა გადარჩნენ. გადარჩენა კი, როგორც ცნობილია, ზოგჯერ, თუ ფიზიკურს არა, მორალურ მსხვერპლს მაინც მოითხოვს.
თითოეული პერსონაჟი სხვადასხვაგვარად იბრძვის საკუთარი თავისა და არა ყველას - დანარჩენების - გადასარჩენად. დიდი გამძლეობა, შემართება და ჟინი სჭირდება ასეთ ბრძოლას. მოხერხებულობა და განსაცდელთან გამკლავების უნარი. თუნდაც, სხვისი თავისუფლებისა და ნების, ღირსებისა და პატივმოყვარეობის, ცხოვრების წესისა თუ ურთიერთობების ფორმების შეზღუდვის ფასად თუ სანაცვლოდ. აქვს ამ ყველაფერს გამართლება, თუ არ აქვს.
რაც ქეთევან სამხარაძის სპექტაკლში ხდება - „თამაშის თამაშია “ - ნიღაბი, ფარი - საზოგადოების მხრიდან ძალადობის, ცხოვრების დამკვიდრებული ნორმების, ფსევდოტრადიციების, წეს-ჩვეულებებისგან თავდასაცავად. და უიმედო ამბოხი მარტოობის წინააღმდეგ, მათგან, რომლებიც თვითონ ქმნიან ასეთ რეალობას, ასეთ ცხოვრებას, ასეთ მარტოობას და შემდეგ, თავადვე გაურბიან.
შემდეგ, ეს საზოგადოება ნელ-ნელა გამოფხიზლებას იწყებს, რადგან მის წარმომადგენლებს პროტესტისა და ადრე დაფარულის, ართქმულის თქმის სურვილი უჩნდებათ. „წესრიგს“ ჯერ ელიანტა, შემდეგ ორონტი უპირისპირდებიან და მათ (ჩვენც) უჩნდებათ შანსი - გადარჩნენ და სხვაც - სხვებიც გადაარჩინონ - ნელ-ნელა და ეტაპობრივად.
ქეთევან სამხარაძის სპექტაკლი მოიცავს - სოციალურ და გაუცხოების საკითხებს, მარტოსულობის, განმარტოების სირთულეებს, ადამიანების ზოგადად და განსაკუთრებით, ქალების დარღვეულ უფლებებს, მათ უუფლებობასა და პროტესტს; კარიერიზმის საკითხებსა და საზოგადოების შეხედულებებს ამ ყველაფერზე; ადამიანების ადგილის ძიებისა და სამყაროში თავის დამკვიდრების, საზოგადოებაზე გავლენის მოპოვების მცდელობებს (შედეგითა და უშედეგოდ), გარიყულობისა და ძალადობის, ცენზურის, დევნისა და ძალაუფლების (თუნდაც მცირე მასშტაბის) ბოროტად გამოყენების, უკანონობის საკითხებს; საზოგადოების წინაშე მუდმივად არსებული პრობლემების ვარიაციებს - თანამედროვე „ჩვეულებრივი მოქალაქეებისა“ თუ პოლიტიკური სპექტრის, სხვადასხვა სოციალური ფენისა თუ გენდერული კუთვნილების, უმცირესობებისა და „უმრავლესობის“ უფლებებისა და უუფლებობის მიხედვით.
რეჟისორი თანამედროვე საზოგადოების არა ერთ პრობლემას ირონიით, მკვეთრად გამომსახველი კომედიური ხერხებით აჩვენებს და მსახიობებიც იყენებენ - კომედიურობის, სატირისა და ექსცენტრიკის, ფარსისა და უკიდურესად უტრირებულ ზოგიერთ ეპიზოდში, „ბუტაფორიული“ ელემენტებით დატვირთულ - საშემსრულებლო ხერხებს და მხოლოდ დროდადრო, მსუბუქად და შეფარვით „გადაჰყავთ“ ქმედება „ზომიერი“ დრამის ფარგლებში, მოვლენისა თუ საერთო სისტემის ექსპრესიული, „ბალაგანური“ - ვერბალური, პლასტიკური - გამომსახველობითი და თავისთავადი მანერულობით აგებული აქტივობიდან. თუმცა, ეს არ არღვევს სპექტაკლის ამოცანას, სტილსა და გადაწყვეტის საერთო ხასიათს.
ჯაბა ქურთიშვილის შექმნილი - მშვენიერი საღამოს კაბები, მამაკაცების უცნაური და სტილიზებული, ხაზგასმით „თეატრალური“ კოსტუმები, თეთრი საყელოები, წითელბაფთიანი სარტყელები, კორსეტები, ჟაბოები, ტყავის შარვლები და ქურთუკები, მარაოები, „მხატვრული“ და აკადემიური ვარცხნილობა (ბუნებრივი თმა, პარიკები), ნაწნავები, დრედები, რა თქმა უნდა, ტელეფონები, ალკოჰოლის თანამედროვე დიზაინის ბოთლები და სასმისები, სამკაულები, გრიმი და სხვა და სხვა - მოკლედ, განსხვავებული ეპოქებისა და დანიშნულების ატრიბუტიკა, კოსტუმების, ნივთების (რეკვიზიტის) მთელი „არსენალი“, ეპოქების საზღვრების რღვევით მიღებული არასტანდარტულობა, ატმოსფეროს პირობითობასა და გამოგონილ რეალობაში სინამდვილის არსებობის მტკიცებულებას მეტყველად გამოხატავს.
ახალგაზრდა რეჟისორთან (რომლისთვისაც, სპექტაკლის მხატვრული გადაწყვეტის რთულ და მრავალფეროვან ფორმებით აზროვნებასთან, შემოქმედებით ხედვასა და ყველა სადადგმო კომპონენტის ორგანულ ერთობასთან ერთად, მნიშვნელოვანია მსახიობი და მისი „ცოცხალი“ ჩართულობა მოვლენების წარმართვისას), „მიზანთროპის“ მონაწილეები (რომლებსაც ჯერ არ აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური სამსახიობო გამოცდილება და ზოგს - საერთოდ არ აქვს) პერსონაჟების ხასიათების გახსნის რთულ პროცესში, გამოცდილი და „მრავლისმნახველი“ არტისტებივით იქცევიან. მათ იციან ხელობა და იყენებენ ამ ცოდნას, რაც მათი უნარების, მონაცემებისა და რეჟისორისგან ზუსტად განსაზღვრული, დასახულ/აღქმული ამოცანების მიმღებლობის შედეგია.
ნინა ყიფშიძე, ელენე ქურთიშვილი, ნიკა ჯაფარიძე, ანა ლევენეცი, თორნიკე ნუკრაძე, ალექსანდრე კაკულია, გოდვინ თუდები, გიორგი გელაშვილი - ორგანულად გრძნობენ თავს შექმნილ გარემოში, ზუსტად აღიქვამენ და გრძნობენ ატმოსფეროს, ერთმანეთს მშვენიერ პარტნიორობას უწევენ და განსახიერებული პერსონაჟების მოჩვენებითი თავისუფლებისგან განსხვავებით, მართლა თავისუფლები არიან. თითოეული - მთავარ და მეორე როლებში (თუმცა, ეს ზღვარი საკმაოდ სუსტია, მოქმედებაში ჩართულობის, ინტენსივობის, აქტიურად მინიჭებული ფუნქციიდან გამომდინარე) ქმნის მოცულობით, მრავალშრიან და რთულად ამოსაცნობ (გასაშიფრ) და ამავე დროს, ტიპურ მახასიათებელნიშნიან სახეებს. რისთვისაც იყენებენ - კომედიურ, სახასიათო, დრამატულ თუ „ყოფითი“ ელემენტების ორგანულ ნაზავს, ავსებენ და ამთლიანებენ თითოეულ პერსონაჟს და დაშლილი და დანაწევრებული სამყაროს სურათს ერთობლივი ძალებით ასახავენ. როგორც სპექტაკლის პროგრამაში წერია - სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაში შემოქმედებითი გუნდის ყველა წევრი მონაწილეობდა. და ესეც მათი ანსამბლურობის, თანამოაზრეობის გამომხატველია. და აქვე, პირდაპირ, შეუფარავად ვიტყვი - სიხარულისმომგვრელია სპექტაკლისა და მათი - მსახიობების ნამუშევრის ყურება.
ქეთევან სამხარაძის „მიზანთროპი“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეჟისორ იოანე ხუციშვილის საავტორო სამაგისტრო პროგრამის „ცოცხალი თეატრის ხელოვნება: დადგმა და თამაში“ პირველი საკვალიფიკაციო ნამუშევარია (რომელიც აჩვენებს ახალი პროგრამის პირველ შედეგსა და მის არსებობას ამართლებს). რაც, უფრო მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა რეჟისორის გამორჩეული საავტორო (მაგრამ არა სადებიუტო) სპექტაკლია, რამდენადაც ის, ხარისხით, ხელწერით, შემოქმედებითი ამოცანებითა და გამომსახველი საშუალებების თავისთავადობით, პოზიციითა (მოქალაქეობრივიც და პრივატულიც) და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობით, „აბიჯებს“ სასწავლო სპექტაკლების ნორმა-ჩარჩოებს და თანამედროვე ქართული თეატრის სივრცეში არსებობის არა ერთი მყარი საფუძველი აქვს.
როგორც შემოქმედები ჯგუფი იუწყება - სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის / Tbilisi City Hall ფინანსური ხელშეწყობით, პროდუსერია ანა ამაშუკელი, ტექნიკური რეჟისორები - ნათია სამადაშვილი, ლენი ფანჯავიძე. სპექტაკლში გამოყენებული სამაგიდო თამაში Dring Deck სპეციალურად, სპექტაკლისთვის შექმნა, სამაგიდო თამაშების გილდია გუნდმა. (აქვე უნდა ვაღიარო, რომ არ ვიცი, ვერ ვხვდები, რას ნიშნავს და ამდენად, რას გულისხმობს ეს სამაგიდო თამაში).
სამაგიეროდ, ვხვდები და მჯერა, რომ, როგორც თორნიკე ნუკრაძის ალცესტი - „სიცრუის ბრჭყვიალა ნიღბებთან, მატყუარებთან“ გამომშვიდობებისას , „ამ სამყაროდან, რაც შეიძლება შორს წასვლის“ წინ, ამბობს - ახალი თაობის მიერ „დამწვარი“ ხიდებმა, გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღწევად ქმედითად და მიზანმიმართულად გადადგმულმა ნაბიჯებმა, შესაძლებელია, გზა ჩვენც გვიჩვენონ და გაგვინათონ.
თუ მიმოვიხედავთ, გარეთაც გავიხედავთ და თანადროულობას თამამად შევხედავთ, თუ დღევანდელობას ჩავუღრმავდებით, ასეთი „მოძრაობის“ შემთხვევებს ბევრგან გადავაწყდებით. და ისიც ხომ ვიცით, რომ მხოლოდ პროტესტი და ბრძოლაა თავისუფლებაც და გადარჩენაც. ფიზიკურიც და მორალურიც. რა თქმა უნდა, თუ შეგვწევს ბრძოლის ძალა და სიმართლისთვის თვალის გასწორების სურვილიც გვაქვს.