top of page

„უხერხემლო“ ბათუმში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

დუმილის ზონა სიცოცხლესა და წესებს შორის

03.03.2026

გიორგი ყაჯრიშვილი

„უხერხემლო“ ბათუმში

 

ალექს ჩიღვინაძის პიესა „უხერხემლო“ თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში მგონი ერთადერთია, სადაც მთავარი გმირი უკვე მკვდარია. მართასას და მამიას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა - შვილი აღარ ჰყავთ. პიესაში და სცენიდან ისმის კითხა: თავი მოიკლა თუ მოკლეს. ამბავმა, რაზეც პიესაა დაწერილი ამ რამდენიმე წლის წინ კახეთში მოხდა და მიუხედავად იმისა რომ ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძალადობრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანი, მისი სექსუალური ორიენტაციის გამო  მიუღებელი იყო,  დიდი ვნებათაღელვა მაინც გამოიწვია. ალბათ ამის გამო იყო და არა მარტო, რომ როგორც თანამედროვე დრამატურგიული ნაწარმოები, მართლაც საუკეთესოთა შორის ითვლება, მისსავე „მარინა რევიასთან“ ერთად, ძალიან მალე გახდა პოპულარული (სხვათა შორის მალევე მან მიხეილ თუმანიშვილის ფონდის „თანამედროვე ქართული პიესა“ 2017 წლის  მთავარი პრემია დაიმსახურა). იგი უკვე ხუთ თეატრში დადგმული და ყოველთვის წარმატებით სარგებლობს მაყურებელთა შორის და ნამდვილად იწვევს დიდ ემოციასა და ცრემლს. რასაკვირველია ქალებზე (განსაკუთრებით იქ ტრანსვესტიტ ქალებზე) ამით ძალადობა არ შეწყვეტილა და მკვლელობების სერია ისევ გრძელდება.  საზოგადოება უკვე სხვაგვარად უფრო ფრთხილად, გაგებითა და თუ შეძლება ასე ითქვას ტოლერანტულად ეკიდება ამ პრობლემას.

 

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეჟისორის გაგა გოშაძის არჩევანი სწორედ ამ პიესაზე შეჩერდა. გაგა გოშაძე უკვე გამოცდილი შემოქმედია და საქართველოს მთელ რიგ თეატრებში აქვს დადგმული წარმოდგენები, როგორ კლასიკა ასევე თანამედროვე დრამატურგია. უკვე რამდენიმე წელია მუშაობს ილიაუნის თეატრში, ამდენად ძალიან კარგად იცნობს მის დასს, რაც ამ სპექტაკლშიც გამოიკვეთა - მსახიობთა არჩევანი ზუსტად მოერგო ზემონათქვამ პიესას და თვიდანვე უნდა ითქვას, რომ ვიხილეთ მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებული სახეები და პერსონაჟები.

 

როგორც უკვე ვთქვით ძნელია რეჟისორული თვალსაზრისით რაიმე შემატო უკვე მრავალჯერ დადგმულ დრამატულ ნაწარმოებს, მაგრამ გაგა გოშაძის მიერ განხორციელებულ წარმოდგენაში საკმაოდ ბევრი და საინტერესო რეჟისორული მიგნებაა და თავისთავად როცა მსახიობები ასეთი დამაჯერებლები არიან და საქმე გვაქვს ამ დონის სცენურ სიმართლესთან მისასალმებელია და ნამდვილად ამ შემოქმედებითი ჯგუფია წარმატებაა. სპექტაკლი თეატრის მცირე სცენაზე თამაშდება - მრგვალი მაგიდა ორი სკამით და მართლაც ამ ოჯახში მხოლოდ ორი წევრიღაა დარჩენილი, მარცხნივ კარები და იქვე ტანსაცმლის საკიდი, მარჯვნივ სარკე და ქვეშ ტუმბა, რომელიც სამზარეულო მაგისი ფუნქციასაც ასრულებს, ჭერში ჩამოკიდებული საქანელა, უკანა პლანზე თავის დროზე ლამაზი ვიტრაჟი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ეს ფერადი მინები ჩამტვრეულია და აქ-იქ ტყვიის ნატყვიარები ეტყობა (მხატვარი აკაკი ჯაში). ეს სოფლის მაცხოვრებლების „საჩუქარია“ ოჯახს, სადაც მათი შვილი ლევანი (პიესის მიხედვით ელგუჯა) გაიზარდა, რომელმაც გაბედა, „დავაჟკაცების“ ნაცვლად ქალის ტანისამოსი არჩია, სახელად ელე დაირქვა, თამამად გამოაცხადა თავის სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ამიტომ იძულებული გახდა საკუთარი კერა, მშობლები და სოფელი მიეტოვებინა. მხოლოდ ეს არ იკმარა სოფლის საზოგადოებამ - დედამისი (მაია ცეცხლაძე), რომელიც სკოლაში ასწავლიდა სამსახურიდან დაითხოვეს: „მთელი სოფლის დასაცინი გავხდი. შენ რა ბავშვები უნდა გაზარდო, შვილი ვერ გაგიზრდიაო“.

 

მართა შავებში, შავ შალმოხვეული მეორე ოთახის შესასვლელთანა აკრული, სადაც მიცვალებული ასვენია. ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობს, რომლებიც იქვე აწყვია, მაგრამ გადაიფიქრებს. ეს ის ფეხსაცმელია, რომელიც შვილმა აჩუქა და უჭერს. ამ ფეხსაცმელს შემდგომ რამდენჯერმე ჩაიცვამს და გაიხდის, რომელიც სიმბოლურ დატვირთვას იღებს - საკუთარ შვილთან აახლოებს, მაგრამ ეს ტკივილიც  ერთგვარი თვითგვემაა.

 

სკამზე ჩამოჯდება და ცდილობს სხვა საქმეს მიხედოს - პროდუქტების სია ჩამოწეროს რაც მამიას უკმაყოფილებას და ცინიკურ შეძახილს იწვევს - მაინც არავინ მოვა და მართლაც მათი მეორე ქალიშვილიც კი არ ჩამოდის დაკრძალვაზე.

 

წვიმის ხმაური ისმის და არ წყდება - მამია (ტიტე კომახიძე) ეზოდან ბრუნდება სველი, ლაბადას გაიხდის - ეტყობა რომ ძალიან შეწუხებული, ცდილობს ბოთლიდან დალიოს, მართა შეუძახებს - თანდათან იკვეთება რომ ცოლ-ქმარს შორის დიდი ხანია კონფლიქტი არსებობს - მამია ბრალს სდებს მართს და თავის თავსაც რომ დროზე ვერ „უშველეს“ შვილს, რომ ეტყობა რაღაც შეეშალათ. მართა დღემდე ვერ პატიობს მამიას რომ შვილი, თუმცაც ასეთი, სახლიდან გაუგდო. მათ შეგნებაში ვერანაირად ვერ ჯდებოდა, რომ ლევანი, ბავშვობიდან ქალობისკენ  იყო მიდრეკილი, შინაგანად ქალი იყო, ვერავითარი აღზრდა მას სხვანაირს ვერ აქცევდა: ან მთელი ცხოვრება ტყუილში უნდა ეცხოვრა და მამაკიცი  ეთამაშა, ან მოქცეულიყო ისე, როგორც მოიქცა.

 

მართა შინაგანად თანაუგრძნობს მას, თუმცა ქმართან და სხვებთან ამის აღიარების ეშინია - იგი ორცეცხლშუაა  - აშკარად ვერ გამოხატავს ელეს მხარდაჭერას, მხოლოდ ჩუმჩუმად ნახულობს მას ქალაქში და იმ მზესუმზირას გამყიდველ მოხუც ქალზე იყრის ჯავრს, რომელმაც ელე დანახვისას დაწყევლა და შეაგინა. „ახლა ვხვდები, იმ ქალს კი არ ვცემდი, საკუთარ თავში ვიცემდი“ - ამბობს სასოწარკვეთილი მართა.

 

მამიაც თვითგვემას მისცემია - ყველამ უარი უთხრა, სოფლის სასაფლაოზე არ დაკრძალოთო, მღვდელმა უარით გამოისტუმრა წესს ვერ ავუგებო, მესაფლავესაც „მასალა“ არ აღმოჩნდა სასახლის შესაკრავად, აგერ ცოლი სულ უხერხემლოსა და უნებისყოფოს ეძახის და უფრო მეტიც სახლში პანაშვიდზე თავისი შვილის საყვარელი - ბიჭი დანიელი მოევლინა - „არ დაგინახო ჩემს სახლში“ გაცოფებული ყვირის მამია და სახლიდან გარბის.

 

სპექტაკლში რამდენიმე ძლიერი სცენაა მსახიობთა შესანიშნავი შესრულებით. მამია (ტიტე კომახიძე) ღობეს დაშლის რომ ამ ფიცრებიდან სასახლე შეკრას, მასზე შვილის ყვავილების ნახატებს აღმოაჩენს - ამ  ყვავილებს ეფერება და შვილის პატარაობას და ახალგაზრდობას იხსენებს. მართა მოძღვართან (კახა კობალაძე) მიდის, იქნებ წესის აღებაზე დაიყოლიოს. სცენის უკანა პლანი ნათდება სახლის მეორე სართულს ჰგავს. მართა დაკეტილ კართან დაემხობა და მოძღვარს, რომელიც კარს მიღმაა ტირილითა და გოდებით შესთხოვს, რათა მიცვალებულის დედას ანგარიში გაუწიოს მათთან მივიდეს და მის შვილს წესი აუგოს. აქვე დავამატებ რომ ასეთი სცენა პიესაში არაა, იგი რეჟისორისა და მსახიობ მაია ცეცხლაძის მიერაა შექმნილი.

 

სპექტაკლის სხვა პერსონაჟებს ნინოს (მარიამ გველესიანი) და დანიელს (თორნიკე ბარამიძე), ერთადერთ მეგობრებს, რომლებიც სოფელში ჩამოვიდნენ დიდი ამოცანა აქვთ - ელას ანდერძის აღსრულება - ქალის კაბით დაკრძალვა, წითელი კაბაც ჩამოუტანიათ, რითაც ის ნინოს ვიდეოფილმში იყო გადაღებული. საკითხის ასე დაყენება თავიდან ორივე მშობელში დიდ პროტესტს იწვევს, მაგრამ მოგვიანებით მართა გატყდება, კაბას ამოიღებს, ოთახში შევა და კაბას ჩააცმევს.

 

თორნიკე ბარამიძის დანიელი ბავშვობაში დაკომპლექსებული, მშიშარა ახალგაზრდა იყო, რომელმაც მხოლოდ ელას მეშვეობით შეძლო ამ კომპლექსებიდან თავის დაღწევა: ელე რომ გვიცანი, ასეთი ვიყავი... ელემ მასწავლა როგორ გადამელახა ეს შიში... შეიძლება უმიზეზოდ მიყვარდა. იმიტომ რომ არავის შევხვედრივარ მასზე მზრუნველს...“

 

ახლობელის გარდაცვალების ტკივილი, მის მიმართ დაშვებული შეცდომების სინანული  ეს მძიმე ტრაგედია აერთიანებს ამ სახლში მყოფ ოთხ ადამიანს. უკანასკნელ გზაზე ერთად აცილებენ მას.

 

დაფრინავენ პეპლები ელეს საფლავზე, თითქოს ელოდნენ მას, ესალმებიან მის იქ მისვლას.

ფოტო: თორნიკე თავაძე

bottom of page