top of page

„ვამბობ იმას თუ როგორ უნდა იყოს და არ იმას, როგორც არის“

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

290050119_5381654171880282_4207793912566225942_n.jpeg

გიორგი ყაჯრიშვილი

„ვამბობ იმას თუ როგორ უნდა იყოს და არა იმას, როგორც არის“

 

თავისუფალ თეატრში პრემიერა შედგა: რეჟისორმა ირაკლი გურგენიძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა (რომელიც ძირითად მოწვეული მსახიობებისგან შედგება) ტენესი უილიამსის „ტრამვაი, სახელად „სურვილი“ წარმოადგინეს. სცენაზე ჭვავის ყანის მსგავსი დეკორაციაა და უნებლიედ გახსენდება ჯერომ სელინჯერის რომანი „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც გასული საუკუნის ამერიკის 50-იანი წლების ყოველდღიურობას ასახავს. რომანის გმირი ჭვავის ყანის პირად დგას, რომ შემთხვევით იქ მოთამაშე ბავშვები უფსკრულში არ გადავარდნენ. ირაკლი გურგენიძის სპექტაკლის გმირი სტენლი კი პირიქით - თვითონ უბიძგებს ბლანშ დუბუას, რომ ამ ქვესკნელში გადაიჩეხოს. სტენლი და მისი მეგობრები ხმაურითა და რკინის ჭრიახით ათავისუფლებენ საასპარეზო სივრცეს, სადაც ბლანშ დუბუა (ანი იმნაძე) ჩამოდის. ზემოთ იგი რაღაც მისტიკური სამყაროდან, თეთრ მოსასხამშემოხვეული წარდგება ჩვენს წინაშე, შემდეგ კი კიბეებით ქვემოთ ეშვება. კრემისფერი ლამაზი კაბა აცვია (მხატვარი გიორგი უსტიაშვილი) და ასეთივე ფერის ფეხსაცმელი, თან ჩემოდნის ფერიც მსგავსი შეურჩევია. ცხადია, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს იმას, თუ როგორ გამოიყურება და რა აცვია. მისი აქ გამოჩენა თავიდანვე გაკვირვებას იწვევს - ამ „ბუნაგში“ მოხვედრა სულაც არ იყო მის გეგმებში, დაბნეულიც კია. მდიდრული სახლის „ოცნების“ დაკარგვის შემდეგ სტენლისა და სტელას საცხოვრებელი ახალ ორლეანში, როგორც იუნისის (ანა ბერელაშვილი) ჩაცმულობა და მისი უეცარი „უშუალობა“, თითქმის რომ ფეხებზე გადაასხამს ჭუჭყიან წყალს.

მიუხედავად დის, სტელას (შორენა ზუბიაშვილი) კეთილგანწყობის და თბილი დახვედრისა, მას ერთი პატარა კუთხეც არ აქვს და მხოლოდ აბაზანაში თუ ახერხებს მარტო, თავის ფიქრებთან დარჩენას. უდიდესი ტრაგედიების გადატანის შემდგომ: მშობლების დაკარგვა, ახალგაზრდა მეუღლის ღალატი და თვითმკვლელობა, სკოლიდან სამარცხვინო გამოძევება და ბოლოს საკუთარი საცხოვრებელი სახლის დაკარგვა, მას დაუშვებელი შეცდომებისკენ უბიძგებს. უიმედობით ცხოვრების ორომტრიალში გადავარდნილი ვერც კი ხვდება, როგორ დაეცა და სადამდე მიიყვანს მას ასეთი ცხოვრება. მიუხედავად ამ ყველაფრისა, იგი არ გაბოროტებულა, არც შურისძიებითა და ანგარიშსწორებითაა აღვსილი. პირიქით, ბლანშს რომანტიკული ბუნება კიდევ შემორჩენია: „დიახ, ხანდახან ვტყუი, ვამბობ იმას, თუ როგორ უნდა იყოს და არა იმას, როგორც არის“ – ეს მისი დევიზია და ცდილობს ახლა მაინც ასე იცხოვროს.

ბლანშ დუბუას (ანი იმნაძე) განწყობა ყოველ წუთს იცვლება - მსახიობი პერსონაჟის ყველა ფრაზასა და აზრს სხვადასხვა განწყობით და გრძნობით წარმოთქვამს, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს რომ მის პერსონაჟს ერთი და ჩამოყალიბებული ხასიათი არ ჰქონდეს. მისი ეს „თითქოსდა“ ყოველწუთიერი ცვლილებები გარშემო მყოფ ადამიანთა ურთიერთობის შედეგად იცვლება და ვარირდება. ჩამოსვლისთანავე იგრძნობა, რომ მას აქ კეთილგანწყობილი გარემო არ უნდა დახვდეს. არ ელოდნენ (ყოველ შემთხვევაში ამ დღეს მაინც!). იუნისის დახვედრაც ამის დემონსტრირებაა. არც ოთახი მოუმზადებიათ მისთვის. მიუხედავად სტელას ყურადღებისა და ალერსიანი საუბრისა (თუმცა უმალავს, რომ ფეხმძიმედაა), ვითარება მაინც დაძაბულია და თავისთავად ეს ყველაფერი კეთილ დასასრულს არ მოასწავებს. ამ ყველაფერს კი განსაკუთრებით ამძაფრებს სტენლისა და მისი მეგობრების გამოჩენა. უხეში, ბილწსიტყვიანი ანეკდოტები, ლოთობით და კარტის თამაშით „გაჟღენთილი“ გარემო საშინელ შთაბეჭდილებას ახდენს ბლანშზე. ამას ემატება პირველივე სიტყვიერი შეტაკება სიძესთან, ლოთი დებოში და ცემა-ტყეპა, სტელას შეურაცხყოფა, რომელსაც მოგვიანებით სტენლი მოაწყობს.

ბლანში ცდილობს თავშეკავებული და მომთმენი იყოს - არც აქვს სხვა გამოსავალი. თუმცა, პერიოდულად მაინც ცდილობს პროტესტის გამოხატვას ან თავის დაცვას - „თავშესაფარში“ - აბაზანაში იმალება ან ცდილობს საკუთარ დას ჩააგონოს, რომ იგი ამ უხეში, თავხედი და ლოთი სტენლის საკადრისი არაა.

სტენლის (ოთო ჩიქობავა - ახმეტელის თეატრის მსახიობი) თავისი სიმართლე აქვს. მან მაღალი ფენის საზოგადოებას გამოგლიჯა თავისი ცოლი და აქ ჩამოიყვანა ბედნიერებისთვის. ერთმანეთს ეჯახება 50-იანი წლების ამერიკის ჯარიდან დაბრუნებული, წარუმატებელ მამაკაცთა უხეში სამყარო და მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი, რომანტიკოსი, მეოცნებე, სიყვარულს მოწყურებული, მაგრამ მორალურად განადგურებული მარტოხელა ქალის ბუნება. სტელაც (შორენა ზუბიაშვილი) ადრე ბლანშს ჰგავდა - ერთად ოცნებობდნენ დები მომავალზე, წარმატებულ კარიერაზე და ბედნიერ ცხოვრებაზე, მაგრამ ყველაფერს მან სტენლი ამჯობინა - თავის უხამსობით, უხეშობით, უზრდელობით - სამაგიეროდ მის თვალში ძლიერი მამაკაცია, ოჯახს ინახავს და სრულიად აკმაყოფილებს ცოლის ყველა მოთხოვნილებას, ძლიერია და თავდაუზოგავი სექსშიც. ახლა კი ორივე შვილის მოლოდინში არიან და „ბედნიერი“ ოჯახის იდილიით ტკბებოდნენ, ვიდრე მათ ცხოვრებაში ბლანში არ შემოიჭრებოდა და მთლად არ აურევდა ყველაფერს.

თუმცა შურისძიება და მისი თავიდან მოცილება არაა ძნელი: მხოლოდ რამდენიმე არაკეთილგანწყობილი ადამიანის მოგონება ბლანშ დუბუას წინა ცხოვრებაზე და სტენლიც უზუსტესად სარგებლობს ამ მოცემული შესაძლებლობით. სტენლის მიერ პირველი შეხსენება სასტუმრო „ფლამინგოს“ შესახებ ბლანშს არწმუნებს, რომ მისი „თამაში“ გამოაშკარავდა. ის, რომ მას უთვალთვალებენ, მის პირად ნივთებში (ჩემოდანში) იქექებიან, საკმარისი არ აღმოჩნდა სტენლი კოვალსკისთვის. მან გადაწყვიტა სამუდამოდ გაუსწორდეს ბლანშს, რომელიც, მისი აზრით, ცუდ გავლენას ახდენს სტელაზე. მის ამ გადაწყვეტილებაზე სტელას თხოვნა და მუდარაც ვერ ააღებინებს ხელს.

წამოყენებულ ბრალდებებს ყველაზე მთავარი ემატება - მცდელობა ჩამოაშოროს მითჩი (თორნიკე ბელთაძე - სანდრო მრევლიშვილის თეატრის მსახიობი), ბლანშის ერთადერთი იმედი, რომ როგორმე საკუთარ ცხოვრებას დაალაგებს და ოჯახს შექმნის. ყველაფერი ეს კი ბლანშის დაბადების დღეს უნდა მოხდეს.

სცენის ცენტრში სასადილო მაგიდას აწყობს სტელა, სანთლებიანი სადღესასწაულო ტორტიც გამოაქვს. სუფრას სამნი უსხედან. მეოთხე, მითჩის ადგილი, თავისუფალია - იგი არ მოვა. ბლანში ძალიან ლამაზად და სადღესასწაულოდ გამოწყობილა, სტელას საღამოს კაბა აცვია. მხოლოდ სტენლია ისევ მუშის სპეცტანსაცმელში. მისთვის ეს დღესასწაული არაა, პირიქით, მისთვის ეს შურისძიების და ბლანშის განადგურების დღეა.

ასეც იქცევა, გამომწვევად თითებს ყოფს ტორტში და ასე ცდილობს ყველა დაამციროს. თეფშებს იატაკზე ყრის და აქვე ატყობინებს მითჩის არ მოსვლის მიზეზს. საწადელი მიღწეულია, საღამო არა მხოლოდ წარუმატებლად დასრულდა, არამედ შურისძიებაც შედგა, ბლანში განადგურებულია. თუმცა, არც ესაა დასასრული, სტელას მშობიარობის დროს ერთდროულად ისმის დების კივილი: ბავშვის გაჩენის სიმწრისა და სტენლის მიერ გაუპატიურებული ბლანშის. სტენლისთან მარტო დარჩენილი ბლანში, რომელმაც უკვე მოახერხა საკმაოდ ბევრი სასმლის მიღებაც, ერთგვარად თვითონ მიდის პროვოკაციაზე. მაშინ, როცა სტენლი მიუახლოვდება სიტყვებით: „მართლა გგონია თავს დაგესხმები?“ - ბლანში მხრებზე მოხვეულ შარფს მოიხსნის და მოშიშვლებული მხრებითა და მკერდით წინ აღუდგება გამხეცებულ მამაკაცს, თითქმის უბიძგებს, რომ მასზე იძალადოს - ამ უკიდურესად დაძაბული სიტუაციიდან მხოლოდ ეს ეჩვენება სტენლიზე შურისძიებად - აიძულოს ჩაიდინოს ის, რაც სამუდამოდ დაასრულებს მათ ურთიერთობას.

ტენესი უილიამსი არტურ მილერთან ერთად ტიპური ამერიკელი დრამატურგები არიან, რომელთა პიესები ძირითადად, ასე ვთქვათ „ვარსკვლავურია“, საბენეფისო, სადაც ყველაფერი ერთი მთავარი პერსონაჟის გარშემო ტრიალებს: „ტრამვაი, სახელად „სურვილი “, „კატა გავარვარებული თუნუქის სახურავზე“, „შუშის სამხეცე“, „ტატუირებული ვარდი“, „ახალგაზრდობის ტკბილხმიანი ჩიტი“ და სხვა. დღევანდელი წარმოდგენაც ამ „გასაღებითაა“ შექმნილი, არა მხოლოდ იმიტომ რომ ბლანში (ანი იმნაძე) სულ სცენაზეა და გამუდმებით ვაკვირდებით მისი გრძნობათა ბუნების ყოველ ცვლილებას, იმიტომაც, რომ წარმოდგენაში გათამაშებული ამბავი ძირითადად მასზეა და სხვა მოქმედი პერსონაჟები, საბოლოო ჯამში, ისინი არიან, რომლებიც მის ბედს განაგებენ. ნამდვილად გულწრფელად განიცდის სტელა: „ბლანშ, ბლანშ, ეს რა ჩავიდინე?“ - თუმცა ახლა ეს გოდება არაფერს ცვლის. მას ბანს აძლევენ მისი ოჯახის წევრი და მისი მეგობრები - მათი გამოძახილი ცდილობს ჩაახშოს სტელას ეს მოთქმა და სასოწარკვეთილება.

ყველასგან შეურაცხყოფილი, დამცირებული და მიტოვებული ბლანში კი იძულებულია დაემორჩილოს საკუთარ ბედისწერას. უკეთესი ცხოვრებისთვის და სიმშვიდისთვის ტრამვაი სახელად „სურვილით“ აქ ჩამოსული, აღმოჩნდება იქ, სადაც ყველაზე ძალიან არ უნდოდა ყოფნა - იგი ძალით მეორე ტრამვაიში გადასვეს, რომელსაც „სასაფლაო“ ერქვა. მშვიდად მიჰყვება ექიმს - მაღლა ადის და კვლავ იმ ილუზიის ბადეში ეხვევა, თავიდან რომ სურვილს და მომავალს უსახავდა.

bottom of page