თეატრალური შემოდგომის ვარსკვლავთცვენა

ირინა ღოღობერიძე

თეატრალური შემოდგომის ვარსკვლავთცვენა

სექტემბრის შუა რიცხვებიდან თეატრის მოყვარულთ, თუ პროფესიონალებს ამოსუნთქვის საშუალება თითქმის არ ჰქონდათ. 20 დეკემბერს დაიწყო თბილისის საერთაშორისო ფესტივალის უცხოური სპექტაკლების პროგრამა, რომელსაც უკვე 5 ოქტომბრიდან ქართული სპექტაკლების შოუ–ქეისი ჩაენაცვლა; 4–დღიანი ინტერვალით, უფრო ზუსტად კი 13 ოქტომბერს, თეატრალები მიხეილ თუმანიშვილის სახელობის დაბრუნებულმა ფესტივალმა „საჩუქარი“ შეკრიბა. ამ უკანასკნელის ფარგლებში იყო ნაჩვენები მსოფლიო თეატრის კლასიკოსად მიჩნეული პიტერ ბრუკისა და მისი ქალიშვილის ირინა ბრუკის სპექტაკლები; რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო რეჟისორის დიმიტრი კრიმოვის ოთხი ნამუშევარი. და უნდა ითქვეს, რომ ვარსკვლავთცვენა მათ ღისრეულად დააგვირგვინეს.

ქართული შოუ–ქეისი ყოველთვის მიგვაჩნდა თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანულ და მნიშვნელოვან მოვლენად, მაგრამ წელს ეს პროგრამა განსაკუთრებულად მოწესრიგებული და საინეტერესო აღმოჩნდა. შოუ–ქეისი გაჯერებული იყო კარგად შერჩეული სპექტაკლებით, პრემიერებით, მასტერკლასებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებთან შეხვედრებით. შოუ–ქეისის დროს გაკეთებულ ჩანაწერებს რომ გადავხედე, სიმართლე გითხრათ, სათქმელი ბევრი აღმოვაჩინე, მაგრამ ქართულ სპექტაკლებზე აზრის გამოთქმის სიამოვნება ამჯერადაც ჩემს კოლეგებს დავუთმე და ისევ საერთაშორისო პროგრამის მიმოხილვაზე შევჩერდი.

სათქმელი აქაც საკმარისზე მეტი დარჩა: თეატრალური ოსკარის ევროპის ჯილდოსმფლობელი ორი რეჟისორი – კანადელი ფრანგი რობერ ლეპაჟი, პირველთაგანი ევროპულ თეატრში, ვინც ახალი „ტექნოლოგიური რეალიების“ თავისებური გამოყენებით სცენური ხელწერის ყველა მიღებული სტანდარტი დაარღვია და იტალიის თეატრის „ჭირვეულ და სასტიკ ბავშვად“ მონათლული პიპო დელ ბონო; ევროპული სცენის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი და პარადოქსული რეჟისორი, რუმინელი სილვიუ პრუკარეტე და პოლონელი მაია კლიჩევსკა, ამჯერად მოულოდნელი ბრუტალური სპექტაკლით „მაკბეტი“, სადაც გამაღიზიანებელი, ვიტყოდი, უხამსად ნატურალისტური სცენების მიღმა ნათლად იკითხებოდა პოლონეთის უახლესი ისტორია და ძალაუფლებასთან მებრძოლი „განრისხებულთა თაობის“ სულისკვეთება.

პრაქტიკულად ეს ოთხი რეჟისორიც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა გამოცხადებისთანავე წარმატებულად ჩაგვეთვალა, თუმცა ამ ვარსკვლავებთან ერთად უნდა ვახსენო ბრიტანული კომპანია „გეკო“, რომელმაც ჯერ კიდევ ფესტივალის პირველ გამოცემაში  ჩვენი მაყურებელი გოგოლის „შინელის“ არაჩვეულებრივი ინტერპრეტაციით მოხიბლა. წელს ფიზიკური თეატრის საცეკვაო დასმა ვიზუალური ეფექტებით (ფოტოგრაფია, ჩრდილები, პროექცია, განათება) ნაჯერი პერფორმანსი შემოგვთავაზა. „დაკარგულში“ (რეჟ. ამით ლაჰავი) მრავალენოვანი ევროპის გაერთიანების აუცილებლობას გვიჩვენებს ერთი ჩვეულებრივი, წარსულსა და აწმყოს შორის მოქცეული ქალის ამბავი; უფრო ზუსტად კი მის მეხსიერებაში, ნებსით თუ უნებლიედ,  შემორჩენილი მისივე ცხოვრების ის ეპიზოდები, რომლებმაც ესპანელი (თუ ლათინოსი?) ქალი გაერთიანებული ევროპის შვილად აქცია. ეს პოლიტიკური გზავნილი იმდენად ვირტუოზულად იყო მიმობნეული პერფორმანსის დახვეწილ ესთეტურ ქარგაში, რომ ევროგაერთიანების მოწინააღმდეგეებსაც კი დაარწმუნებდა: უნდა გავერთიანდეთ, ქართული ევროპის წიაღშიც  არ დაგვავიწყდება!

აქვე მინდა ვახსენო ძირითადი პროგრამის მეორე ლონდონური დასი  „კომპანია 1927“ სპექტაკლით „ბავშვები და ძაღლები მოედნენ ქუჩას“ (რეჟ. სუზან ანდრადე). ქალაქის განაპირა, საშიშ და უსახურ სახლში უამრავი რამ ხდებოდა, მაგრამ სპექტაკლში ნაჩვენები,  ხშირად სასტიკი  ყოველდღიურობა  კინემატოგრაფის, ანიმაციის, ცოცხალი მუსიკისა და თეატრის მოხერხებული და კონცეპტუალურად გამართლებული შეჯვარება ხიბლით სავსე თეატრალურ წარმოდგენად იყო ქცეული.

ფესტივალის ძირითად პროგრამას, როგორც ყოველთვის თან ახლდა პროგრამა „ნიუ” და აქ, ალბათ, უნდა გამოვყო ფინეთის კალო კოლექტივის  დინამიური და ექსცენტრიული ჯამბაზთა შოუ და პოლონეთის თეატრ პროვისორიუმის სპექტაკლი „ძმები კარამაზოვები“ (რეჟ. იანუშ ოპრინსკი), რომელიც მსახიობებმა ექტრემალურ პირობებში ითამაშეს, რადგან დეკორაცია არ ჩამოვიდა. დოსტოევსკი ნამდვილად არა, მაგრამ პოლინური სამსახიობო სკოლის დიდი ტრადიცია და ოსტატობა მსახიობებმა ნამდვილად  წარმოაჩინეს.

რა თქმა უნდა, ყველაზე გემრიელი ლუკმა მიმოხილვის ბოლო ბლოკისთვის ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი თანმიმდევრობით შემოვინახე: რობერ ლეპაჟი, სილვიუ პურკარეტე და პიპო დელ ბონო. მაია კლეჩევსკაზე წელს – დუმილი მხოლოდ და მკითხველს ვთხოვ, დუმილიც პოზიციად ჩამითვალოს.

რობერ ლეპაჟი, დრამატურგი, რეჟისორი, მსახიობი, სცენოგრაფი და კინორეჟისორი, საერთაშორისო კრიტიკის აზრით „როგორც ნამდვილი კანდელი ენობრივ და ეროვნულ ბარიერებს მიღმა მყოფი ხელოვანი, ახალი თეატრალური ფორმების ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული შემქმნელი და ახალი ათასწლეულის ყველაზე წარმატებული ადამიანია მსოფლიო თეატრალურ სივრცეში“. 17 წლისა შედის კვებეკის თეატრალურ აკადემიაში, რამდენიმე წელი მსახიობად მუშაობს ცნობილი  რეჟისორის ჟაკ ლესარის დასში , მიდის სტაჟირებაზე პარიზში, სწავლობს სხვადასხვა ქვეყნების სასცენო მოძრაობის ხელოვნებას და 27 წლის ასაკში ქმნის პირველ დამოუკიდებელ სპექტაკლს „მოძრაობანი“ (1984 წ.), რომელიც კვებეკის სართაშორისო ორკვირეულზე მთავარ ჯილდოს იღებს. მომდევნო წელს დადგმულმა პირველმა მულტიჟანრულმა სპექტაკლმა „დრაკონების ტრილოგია“ (1985 წ.) ლეპაჟს უკვე საერთაშორისო აღიარება მოუტანა. ექსპერიმენტული სპექტაკლების კვალდაკვალ ლეპაჟი სახელს გაითქვამს, როგორც კლასიკის არაორდინარული ინტერპრეტატორი და უჩვეულო ვიზუალური ეფექტებით განხორცილებული მონო სპექტაკლების რეჟისორი და  შემსრულებელი. ასეთებია: „ნემსები და ოპიუმი“ (1991–93 წწ., ახალი ვერსია 1994–96 წწ.), „კორიოლანოსი“, „მაკბეტი“ და „ქარიშხალი“ (1992–94). რობერ ლეპაჟი პირველი ჩრდილო ამერიკელი იყო, რომელსაც ლონდონის ნაციონალურ თეატრში შექსპირის დადგმის პატივი ხვდა წილად – „ზაფხულის ღამის სიზმარი (1992). იმავე წელს ის აფუძნებს მულტიდისციპლინარულ კომპანიას, პროექტი „ექს მაკინა“, სწორედ იქ განახორციელებს დადგმას „ელსინორ“ (1995), სადაც ჰალეტის როლს გაასახიერებს. 2009–2010 წლებში რობერტ ლეპაჟი თავის ყველაზე ამბიციურ პროექტებს ქმნის: „მზის ცირკთან“ ერთად ლას ვეგასის დიდ შაპიტოში დგამს მულტიდისციპლინარულ (ცირკი, ოპერა, დრამა, პლასტიკა..) სპექტაკლს „ტოტემი“, რომელიც ერთი წლის შემდეგ ორწლიან მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება; 2009 წელს კი ფრანგების კანადაში დასახლების ოთხასი წლის იუბილესთვის, ისევ „ექს მაკინასთან ერთად ქმნის „არქიტექტურულ პროექტს“, კვებეკის  თეატრალიზებულ განათებას – „გამოსახულებათა წისქვილი“, რომელსაც ერთი წლის შემდეგ, დღესაც მოქმედი, პირველისაგან კონცეპტუალურად განსხვავებული სანახაობა– განათებით შეცვლის და „ბორეალის კუნძულების განთიადს“ უწოდებს. დრამატული ილუზიის დიდოსტატი მსუბუქად და აბსოლუტური სიზუსტით იყენებს განათებას, სივრცეს, პერსპექტივას, აკრობატულ ილეთებს, ხმაურის სპეციალურ ეფექტებს, სხვადასხვა განწყობის შემქმნელ რთულ მუსიკალურ ფრაზებს, მსახიობის სხეულს,  ხმას, გრძნობათა ბუნებას. პლასტიკა და ვიზუალური ეფექტები  რობერტ ლეპაჟის სპექტაკლებში იმდენად ნარატიულია, რომ სიტყვა, ხშირად, საჭირო არც არის. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს ფესტივალზე ჩამოტანილ „მთვარის ფარულ მხარეში“, რომელიც  რობერ ლეპაჟის ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ მონოსპექტაკლად არის აღიარებული, სევდანარევი ირონიით შეფერილ, ღრმად ფილოსოფიურ ტექსტთან ერთად მუშაობს. დედის გარდაცვალების შემდეგ ორი ძმა, ერთი – წარმატებული ტელეწამყვანია,  მეორე – კოსმოსში სიცოცხლის კვალის უიღბლო მაძიებელი. დედის გარდაცვალების შემდეგ, ერთმანეთისაგან გაუცხოებულ ძმებს დედის დანატოვარი ერთადერთი საერთო ცოცხალი არსება შემორჩათ – თევზი სახელად ბეთჰოვენი. ძმების ხელახლა დაახლოვების ისტორია სცენაზე მთვარის შეფერილობით შესრულებული და ჰორიზონტალურად განთავსებული ტიხრის წინ არის წარმოდგენილი, აქვეა ის  სამყარო, სადაც რუსები და ამერიკელები კოსმოსში პირველობას არავის უთმობენ, სადაც  კგბ–ს გენერლები სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობენ, სადაც ძმები ცხოვრებას  ებრძვიან და ერთმანეთისკენ სავალ გზებს, შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მაგრამ მაინც  ეძებენ. ტიხარის მიღმა, იდუმალი უსასრულობა და, ალბათ,  მთვარის შორეულ მხარეა მოთავსებული, რომელიც ხან ვარსკვლავებით მოჭედილ ცას,  ხან სამყაროს ყველაზე ძვირფას ქმნილებას, პატარა კოსმონავტს მოუვლენს ტიხრის აქეთა სივრცეს, კოსმონავტებიც იქ მიფრინავენ, იქედან მოედინება იდუმალების შუქი და კაცობრიობის ისტორიის ანარეკლი. მართალია, არავინ იცის ჰარმონიულია თუ არა მთვარის მეორე მხარე, მაგრამ სპექტაკლის ფინალი, ნამდვილად  კოსმიურ განზომილებაში არის გადაწყვეტილი: თევზი ბეთჰოვენი, დარდით თუ უგერგილო მოვლით კვდება, კოსმოსთან საერთო ენის მაძიებელ ძმას საათის გადაყვანა დაავიწყდება და უფოლოგების კონფერენციაზე დააგვიანებს, წარმატებით თავგასული ტელეწამყვანი მას ვახშამზე ეპატიჟება, მაგრამ ძმა დაღლასა და ბეთჰოვენის სიკვდილს მოიმიზეზებს და სწორედ აქ ისმის საკრალური ფრაზა– „ბეთჰოვენი მოკვდა, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ, მე მომიარე!“ ვახშამი შედგება და დიდი ხნის უნახავი ძმები შეხვედრის, ერთმანეთის აღმოჩენის ბედნიერებას უწონადობის რეჟიმში შესრულებური ერთგვარი ტოტემური ცეკვით იზეიმებენ. ფინალში მუშაობს მხოლოდ ცოცხალი, ვიტყოდი, „ძველი“  თეატრის ხერხი  – მსახიობის განსაცვიფრებელი პლასტიკა, ტიხარი, რომლის ლაპლაპა ძედაპირი სარკისებურად ირეკლავს მოძრაობას და მუსიკა – ბეთჰოვენის  „მთვარის სონატა“.

რობერ ლეპაჟს აქვს სპექტაკლები, რომელიც, მისივე თქმით, პატარა შენაკადით იწყება და წლების შემდეგ დიდ მდინარედ იქცევა ხოლმე. ასეთი იყო, მაგალითად, „ოპიუმი და ნემსები“, სადაც ლეპაჟი თავად ასახიერებდა ჟან კოქტოსა და და მისი მეგობრის, ცნობილი ჯაზმენის მაილს დევისის როლებს. სპექტაკლში, თავდაპირველად, მხოლოდ კოქტოსა და დევისის განშორების   ამბავი იყო ნაჩვენები. ორი წლის განმავლობაში იგი ახალი „შენაკადებით“ შეივსო და ოპიუმის სამყაროში მოხვედრილთა ბედის ამსახველ მაშტაბურ ტილოდ იქცა. დიდ მდინარედ გადაზრდილ სპექტაკლად შეიძლება ჩაითვალოს, აგრეთვე, „მთვარის ფარული მხარე“. პიესა ლეპაჟმა დედის გარდაცვალების შემდეგ 2000 წელს დაწერა, ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, როგორც თვითონ ამბობდა ვიზუალური ეფექტების მოსაშინჯად, პირველი სასცენო ვერსია 2003 წელს კანადაში შექმნა,. 2007 წელს ლეპაჟი ევროპის თეატრალური პრემიის ლაურეატი გახდა და ჯილდოს გადაცემის ცერემონიალზე სპექტაკლის „ორი მცირე კოსმიური შენაკადი წარმოადგინა“. ეს მართლაც ორი პატარა სცენა იყო. ერთი სრულ ვარიანტში  კოსმოსიდან მოვლენილ პატარა არსებასთან თამაშის სცენად იქცა, ხოლო მეორე – სპექტაკლის ფინალად. საბერძნეთში, თესალონიკის ეროვნული თეატრის შიშველ სცენაზე ერთად–ერთი პერსონაჟი მოძრაობდა. თავშალმოხვეულ და თეატრის გარდერობში სახელდახელოდ შერჩეულ ჩითის კაბაში გამოწყობილ რობერ ლეპაჟს  ხელში სასაცილო თვალებდაჭყეტილი თოჯინა ეჭირა. ყოველგვარი ეფექტებისა და განათების გარეშე, უსიტყვოდ, მაგრამ საოცარი პლასტიკითა და გრძნობათა უძლიერესი ემოციური ნაკადით არტისტმა  ერთი უტყუარი, მაგრამ კაცობრიობის მიერ ჯერ ბოლომდე გაუცნობიერებული ჭეშმარიტება  დაგვანახა:  სამყაროს უნივერსალური, მამოძრავებელი ძალა მხოლოდ  სიყვარული და სათნოება უნდა იყოს.

თბილისის საერთაშორისო ფესტივალმა აღარ მახსოვს  მეორე თუ მესამე გამოცემის დროს ფესტივალისთვის  მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სლოგანი მონახა – „რეალობის ნატიფი გრძნობით“. ფესტივალის მეხუთე გამოცემა თავისი შინაარსითა  და ხარისხით   ამ დევიზის უპირობო  ასახვად იქცა!