
ვართ კი მზად, მივიღოთ სიმართლე?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

25.04.2026
ნინო გაბედავა
ვართ კი მზად, მივიღოთ სიმართლე?
„ჩვენი საზოგადოების მორალური საფუძვლები
მოწამლულია და მთელი სისტემა სიცრუეზეა აგებული“.
ექიმი სტოკმანი
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ დრამატულ თეატრში რეჟისორ სოფო ქელბაქიანის სპექტაკლის „ხალხის მტერი“-ის პრემიერა შედგა. 144 წლის წინ ნორვეგიელი მწერლისა და დრამატურგის ჰენრიკ იბსენის პიესა რეჟისორმა დღევანდელ რეალობას მოარგო, როგორც ინსცენირების, ისე სცენოგრაფიის თვალსაზრისით და წარმოადგინა თავისებური ინტერპრეტაცია.
სპექტაკლის მხატვრობაში, რომელიც ავთო მოდებაძეს ეკუთვნის, შეინიშნება თანამედროვე შტრიხები თუნდაც სამოსში, სცენაზე განლაგებულ ავეჯში, ასევე გამოყენებულია თანამედროვე ტექნიკა, როგორც სახლის ისე სატელევიზიო სტუდიის სცენებში. გარდა ამისა, გამოყენებულია მოდერნისტული მუსიკა (კომპოზიტორი - თამარ ფუტკარაძე-ლაშხი) და აუდიო-ვიდეო გრაფიკული (ავტორი - დათა დვალიშვილი) გაფორმება. ერთი სიტყვით, შემოქმედებითმა ჯგუფმა იბსენის უკვდავი პიესა დღევანდელობას იმდენად მოარგო, რომ გეგონება სარკეში უყურებ ამჟამინდელ ცხოვრების რიტმს და მიმდინარე პროცესებს. არის სცენები, სადაც თითქოს შენც მონაწილე ხარ წარმოდგენის, მსახიობები მაყურებლებთან გამოდიან, ჩვენს გვერდით სხდებიან და ამით რეჟისორი კიდევ უფრო გვაახლოებს იმ პრობლემებთან თუ საკითხებთან, რაც დღეს მძვინვარებს ქვეყანაში.
პირველი მოქმედება მიმდინარეობს ექიმ თომას სტოკმანის (მსახიობი - ნიკა თავაძე) სახლში. მსახიობი კი პირველივე წუთიდან ქმნის ენთუზიაზმით სავსე მეცნიერის სახეს. სწორედ მან აღმოაჩინა პირველმა, რომ ქალაქი შეიძლებლოდა კურორტად ექციათ იმ წყლის მეშვეობით, რომელიც ქალაქის „მთავარი არტერიაა“. თუმცა, ასევე ექიმი სტოკმანი აღმოაჩენს, რომ ეს გრანდიოზული და დიდებული სანატორიუმი ერთი დიდი კუბოა. უამრავი ბაქტერია და მთელი ეს სიბინძურე წამლავს წყალს, რომელსაც საარსებოდ იყენებენ. საქმე იმაშია, რომ არც თავდაპირველად ესმოდათ ექიმის სიტყვების, მისი აღმოჩენის შესახებ და არც ახლა. ამჟამად ის ქალაქის მთავარი სასიცოცხლო ძალაა, ხოლო რეალობის გასაჯაროვება, რა თქმა უნდა, ზიანს მოუტანს სანატორიუმს, უფრო სწორად, ქალაქის მმართველ ძალას. მისი გარდაქმნა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული: არ იქნება შემოსავლის წყარო, საზოგადოება დაუპირისპირდება ხელისუფლებას, ამასთან, სხვა რიგი მიზეზების გამო ქალაქის მერი (მსახიობი - დავით დვალიშვილი) კატეგორიულად ეწინააღმდეგება სიმართლის გახმაურებას, რომელიც აჟიოტაჟს გამოიწვევს. დავით დვალიშვილი კი ქმნის ხელისუფლების ინტერესებზე ორიენტირებულ პერსონაჟს, რომლისთვისაც სიმართლის გაცხადება წესრიგის დარღვევაა.
საერთოდ, იბსენი არ ერიდება რთული კითხვების დასმას და საზოგადოების გამოწვევას, სწორედ ამიტომ ის მუდამ აქტუალურია. ის არის ავტორი, რომელიც გვაიძულებს დავფიქრდეთ სიმართლეზე, მორალზე, ჩვენს პასუხისმგებლობაზე საზოგადოების წინაშე. მან ამ პიესაში წარმოაჩინა სოციუმის მტრული დამოკიდებულება გასხვავებული აზრის მიმართ. პიესა „ხალხის მტერი“ კი ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა იმ დამოკიდებულებისა, სადაც უმრავლესობა საკუთარი კომფორტისა და სტაბილურობის შესანარჩუნელბად მზად არის უარყოს სიმართლე და ხალხის მტრად გამოაცხადოს ის ვინც მის გახმაურებას ცდილობს.
სწორედ ამიტომ რეჟისორი, ლიტერატურული საფუძვლის გათვალისწინებით, წინ წევს მორალურ დილემას, რომელიც მაყურებელს არჩევანის წინაშე აყენებს. სპექტაკლში გამოყენებულია მაყურებელთან ინტერაქციული ხრიკი - თამაში, სადაც კონკრეტული ფერის ნივთი უნდა ავირჩიოთ, საბოლოოდ კი ჩვენს მიერ ამორჩეულ საგანს პერსონაჟი ჰოვსტადი (მსახიობი - გიორგი შარვაშიძე) გამოიცნობს. ეს არის იმის მაგალითი თუ რამდენადაა შესაძლებელი საზოგადოების აზრის მანიპულირება. ექიმი სტოკმანისთვის ჰოვსტადი მნიშვნელოვანი ძალაა, რომელიც მხარდამჭერად მოიაზრება, თუმცა ის და მისი გუნდი მალევე იცვლის პოზიციას.
ჰოვსტადი (მსახიობი - გიორგი შარვაშიძე) ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რომელიც სისტემის გავლენის ქვეშ ექცევა, მათ შორისაა, ტელევიზიის გენერალური დირექტორი ასლაკსენი (მსახიობი - გიორგი კიკნაძე), რომელიც სუსტი ფსიქიკის მქონე პიროვნებაა და მისი პოზიცია თავიდანვე ნათელია, და ბილინგი (მსახიობი - ირაკლი ჩხიკვაძე), რომელიც ამავე ტელევიზიის თანამშრომელია, ვითომ დამოუკიდებელი მედიის.
ჰოვსტადი მთავარი პროდიუსერია, ტელეწამყვანი, რომლისთვისაც გადაცემა და სამუშაო ადგილი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ცდილობს გადააფიქრებინოს ექიმს სიმართლის გაჟღერება. მსახიობმა ცინიკური ჰოვსტადი დაგვიხატა, რომელიც უბრალოდ დასცინის ინდივიდს, რომელმაც შესაძლებელია შემდგომი ფატალური შედეგები აარიდოს მოსახლეობას. თუ თავდაპირველად მმართველი ძალა ჰოვსტადისთვის იყო ის მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელმაც ქალაქის ყველა საქმე და ინსტიტუცია ხელში ჩაიგდო და ეს აუცილებელია, რომ სიმართლე ითქვას მედიის საშუალებით, ახლა აცხადებს, რომ ეს არის პროვოკაცია და წაქეზება აგრესიისკენ. მან ძალიან მარტივად შეცვალა პოზიცია ქალაქის მერის მუქარისა და დაშინების შედეგად. მეორე მოქმედება ვითარდება მის სტუდიაში, რომელიც თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი. სცენის რამპასთან ცენტრში დგას მწვანედ განათებული მაგიდა, რომელიც, ვფიქრობ ჭაობის სიმბოლოა, რომელიც ცენტრალური ნაწილია და სადაც იკვეთება ძალაუფლება, მედია და საზოგადოებრივი აზრი. საერთოდ, სპექტაკლის განმავლობაში მწვანე ფერი ხშირად ფიგურირებს, რაც გარკვეული სიმბოლო-მეტაფორა უნდა იყოს. შესაძლებელია ეს ფერი სიცოცხლესთანაც ასოცირდებოდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ შესაძლებელია იმ სისტემის განსახიერება იყოს, რომელიც სიცოცხლისუნარიანი ჩანს, თუმცა შიგნით - დაბინძურებული.
მერი (მსახიობი - დავით დვალიშვილი), რომელიც ექიმ სტოკმანის ძმაა, წარმოადგენს იმ სახეს, რომლის ხელშიცაა ძალაუფლება და, რომელიც ირჩევს დამალოს სიმართლე საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სპექტაკლიდან არაერთი მნიშვნელოვანი ფრაზა გვესმის, მაგალითად, მერის სიტყვები, რომ ინდივიდი უნდა დაემორჩილოს საზოგადოებას, (ოღონდ, ამ შემთხვევაში, დაჰიპნოზებულ საზოგადოებას) - ანუ ფაქტობრივად ხელისუფლებას. ამის ფონზე კითხვა გვიჩნდება - არის კი საზოგადოება დამოუკიდებელი და კრიტიკულად მოაზროვნე? სპექტაკლში ეს ფრაზა მწვავე ირონიაა, რადგან აქ „საზოგადოება“ სულაც არ ჩანს თავისუფალი ნების მქონე, ის უკვე სისტემის მიერ ფორმირებული ადვილად მართვადი მასაა.
საინტერესო სახე წარმოაჩინა ნატალია გაბისონიამ პეტრას სახით. მასწავლებელი, რომელიც სტოკმანის ქალიშვილია და ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს. ვფიქრობ, რომ პეტრა მომავლისა და მორალური სიცხადის სარკეა, რომლის სიტყვებია: „რა უსამართლობაა, სახლშიც და სკოლაშიც. სახლში ჩუმად უნდა ვიყოთ, სკოლაში კიდევ ბავშვებს ვატყუებთ“. იმის გამო, რომ მან ხმამაღლა განაცხადა თავისი მოსაზრება და დაიცვა მამამისი, მხიარულ ნოტაზე გვამცნობს, რომ სამსახურიდან გაანთავისუფლეს - ეს ხომ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. შედარებით ნეიტრალური პოზიცია უკავია ექიმის მეუღლეს კატრინ სტოკმანს (მსახიობი - თეონა ქოქრაშვილი), რომელიც ინარჩუნებს ბალანსს, არ არის რადიკალი, უფრთხილდება მეუღლეს და ცდილობს თვალები აუხილოს, რომ ამ საქმეში მის გვერდით არავინ დგას. მსახიობმა თბილი, მზრუნველი მეუღლე წარმოაჩინა, რომელიც დაძაბულია, თითქოს რაღაც შინაგან სიმძიმეს ატარებს - ის ხომ ოჯახის კეთილდღეობაზე ზრუნავს.
ჰენრიკ იბსენი თავის პიესაში სხვა საკითხების გარდა, ასევე, ეხება თემებს: განსხვავებული აზრის მიუღებლობა, სოციალური ფარისევლობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ან უმცირესობისა და უმრავლესობის დაპირისპირება, ასევე რეჟისორმა სოფო ქელბაქიანმა, ვთვლი, რომ სპექტაკლშიც ეს ხაზი შეინარჩუნა. „ხალხის მტერი“ არა მხოლოდ კლასიკური ტექსტის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, არამედ, შესაძლებელია ითქვას, რომ ის არის მკვეთრი სოციალური კომენტარიც. შემოქმედებითმა ჯგუფმა სარკეში ჩაგვახედა, სადაც რეალობას ვხედავთ, თუმცა ხშირად გაქცევას ვამჯობინებთ და სწორედ ამ არჩევანში იკვეთება ერთ-ერთი მთავარი კითხვა: ვართ კი მზად, მივიღოთ სიმართლე?
ფოტო ბექა ცირეკიძე