
რამდენიმე სიტყვა ვახტანგ ნიკოლავას გან

რამდენიმე სიტყვა ვახტანგ ნიკოლავასგან
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ხელმძღვანელი
ესაუბრება მანანა თევზაძე
მაისის თვეში, სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, ორი სპექტაკლი წარმოადგინა: ჯანი როდარის „ჩიპოლინო“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“. ორივე სპექტაკლმა მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და ვფიქრობ, სენაკელი მსახიობები კმაყოფილნი დაბრუნდნენ მშობლიურ ქალაქში.
სენაკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვახტანგ ნიკოლავასა და მის მშვენიერ მეუღლეს, მსახიობ სოფი ჩალაშვილს თბილისური გასტროლის მეორე დღეს შევხვდი რუსთაველის თეატრში, 2025 წლის 24 მაისს. მსურდა სპექტაკლ „კაცია ადამიანის?!“ შესახებ გვესაუბრა, რომელმაც თბილისელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჩემი ინტერესი მხოლოდ სპექტაკლით არ შემოიფარგლა და ვახტანგ ნიკოლავას ბევრი რამის მოყოლა მოუხდა თავისი შემოქმედებითი ბიოგრაფიიდან:
ვახტანგ ნიკოლავა - 45 წლის ვარ და ცხოვრებისეული გზაც საკმაოდ გამოვიარე. ბავშვობიდან მოზარდ მაყურებელთა თეატრის საბავშვო სტუდიაში დავდიოდი, გია კიტიასთან. სკოლა რომ დავამთავრე, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, სამსახიობო ფაკულტეტზე გოგი მარგველაშვილის ჯგუფში მოვხვდი. მსახიობის პროფესიას, ძალიან დიდი სითამამე სჭირდება, ამიტომ შემდეგ სარეჟისოროზე ჩავაბარე და ბატონი გიზო ჟორდანიას ჯგუფი დავამთავრე. პირველი სპექტაკლები: „ჭექა-ქუხილი“, „არტურო უის კარიერა“, აგატა კრისტის „კრიმინალური დეტექტივი“ გრიბოედოვის თეატრში დავდგი, მერე რუსეთში გავემგზავრე, რეჟისორ შაპიროსთან ერთად ისრაელშიც ვიყავი... მოვიარე პერმის, რიაზანის, ინგუშეთის თეატრები, დავდგი სპექტაკლები. პანდემიის დროს კი, თუმცა რუსეთიდან ისევ მქონდა მიწვევა, ვეღარსად წავედი. მერე პოლიტიკური ურთიერთობაც დაიძაბა და ორი წლით სხვა სფეროში გადავინაცვლე, თეატრს მოვწყდი... მაგრამ თეატრი, რეჟისურა ისეთი რამაა, კონკურსი რომ გამოცხადდა, სიხარულით მივიღე მონაწილეობა და საბედნიეროდ, სენაკში მოვხვდი.
სამი წელია აქ ვარ, ერთი წელიღა დამრჩა, მაგრამ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა ჩემთვის ეს წლები. თეატრი ახალი გარემონტებული და სრულიად ცარიელი დაგვხვდა. არც ერთი რეკვიზიტი, არც ერთი კოსტუმი აღარ იყო, ალბათ რემონტის დროს დაიკარგა, მოძველდა და ჩამოწერეს. რეპერტუარიც არ ჰქონდათ. სასწრაფოდ ორი სპექტაკლი აღვადგინე, მერე სხვა პიესებიც განაწილდა, პრემიერები გაიმართა და ახლა უკვე კვირაში ორჯერ ვთამაშობთ. ერთი თვის აფიშას რომ ვაკეთებთ, რვა სპექტაკლი ნაწილდება. გვაქვს ერთ-ერთი უმდიდრესი საკოსტიუმე-სამკერვალო, სარეკვიზიტო საამქროები.
მუშაობის დასაწყისშივე, სამოქმედო პროგრამა შევადგინე. დიახ, შეიძლება ბეკეტიც დადგა, ჰამსუნიც, მაგრამ კომერციული გათვლაა საჭირო, რომ თეატრმა იარსებოს. გადავწყვიტე ერთი სპექტაკლი ბავშვებისათვის დამედგა, მეორე - დიდებისთვის. ახალგაზრდები სკოლას რომ ამთავრებენ, მიდიან და ქალაქში არავინ რჩება. ამიტომაც ეს სამი წელი, სკოლის პატარა ბავშვებთან ისეთი სასკოლო პროგრამით ვიმუშავეთ, როგორიცაა გოგებაშვილი, ჭავჭავაძე... რეპერტუარში გვაქვს „მაკნატუნა“, „ჩიპოლინო“, ვდგამთ სპექტაკლებს დიდებისთვის: „კაცია-ადამიანი?!“, „რომეო და ჯულიეტა“, „აჯანყებულთა ვაგონი“, „კარალი“... ოღონდ ესაა, რომ კომედია არ გვაქვს. წელს, შემოდგომაზე, ამ თეატრის 145 და აკაკი ხორავას 130 წლისთავი სრულდება და რადგან ავქსენტი ცაგარელი ახალსენაკის რკინიგზის უფროსად მუშაობდა და მეუღლესთან ერთად დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალურ ცხოვრებაში, თეატრის საიუბილეოდ „ხანუმას“ დადგმას ვაპირებთ... ესაა, რომ სადადგმო თანხები არ გაგვაჩნია და პროექტებითა და გაყიდული ბილეთებით ვარსებობთ.
ჩვენი თეატრი, მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფო თეატრია, თავიდანვე, რაღაც განსაკუთრებულ ტალღაში მოექცა. ბიუჯეტი მხოლოდ სახელფასოა, არც კომუნალური გვაქვს, არც სადადგმო. თეატრს დიდი სცენა აქვს, 400 კაციანი დარბაზით. რა თქმა უნდა, დიდი სცენა სხვა თანხებს მოითხოვს. ჩვენი სპექტაკლები, „კაცია-ადამიანიც“ და „ჩიპოლინოც“ ძალიან ძვირი სპექტაკლებია, რადგან კოსტიუმებისათვის, ძვირფას ქსოვილებს ვყიდულობთ, რომ ფორმა შეინარჩუნონ და სხვა სპექტაკლებშიც გამოვიყენოთ. სოფლებში ჯერჯერობით ვერ გავდივართ, მაგრამ გეგმაში ესეც გვაქვს. რეკლამამ კარგად იმუშავა და ხალხი წამოვიდა სვანეთიდან, ფოთიდან, ქუთაისიდან, რაც ძალიან გვახარებს და სპექტაკლი მაღალ დონეზე უნდა დახვდეს მაყურებელს.
სახელმწიფო თეატრში 14 პროფესიონალი და სტატისტი მსახიობი დამხვდა. ვინც 30 წელია თეატრში მუშაობს და გამოცდილება აქვს, ყველა სენაკელი, ვინც თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და თეატრს დაუბრუნდა, ვისაც უბრალოდ უყვარს თეატრი, ყველა თეატრშია და სიამოვნებით მუშაობს.
პირველად რომ ჩამოვედი, ბატონი ირაკლი ადამია დამხვდა დირექტორი. იგი, თეატრალური ინსტიტუტის ბოლო, 1992 წლის კურსდამთავრებულია, რომელიც სენაკში დაბრუნდა. მას შემდეგ, აქაური, კაციშვილი არ დაინტერესებულა სამსახიობო და სარეჟისორო დარგით და სპექტაკლი რომ დავდგი, მივხვდი: ოთხი წლის შემდეგ, როდესაც აქ სხვა რეჟისორი მოვა, მას, რეპერტუარი და მსახიობები უნდა დახვდეს. სწორედ ამან მომცა სტიმული, რომ შეგვექმნა სტუდია და ბავშვები გაგვეზარდა.
მართლაც, უფასო საბავშვო სტუდია შევქმენით. სენაკელი ბავშვები, პატარებიც და დიდებიც, ინტერესით მოვიდნენ. დღეს, ამ სტუდიაში, დაახლოებით 45 ბავშვია და მათ, მეც, ჩემი მეუღლეც და თეატრის მსახიობი თამუნა აბშილავაც ძალიან დიდი მონდომებით ვასწავლით მეტყველებას, ოსტატობის ეტიუდებს. ყველაფერს ვასწავლით, რაც თეატრს ეხება; ეხმარებიან კოსტიუმერებს, რეკვიზიტორებს... აქ თეატრის სიყვარულით, პასუხისმგებლობით სავსე პიროვნება ყალიბდება...
მერე ბავშვებს შევთავაზეთ, საკუთარ სკოლებში დაეარსებინათ პატარა თეატრები, დაერქმიათ სახელი, აეღოთ მარტივი მასალა, გაეკეთებინათ აფიშა... და მათ, მართლაც სცადეს. შემდეგ კი სასკოლო ოლიმპიადაც ჩავატარეთ, სადაც ყველა სკოლამ წარმოადგინა ნამუშევარი, ის მასალა, რასაც სწავლობენ. წელს კი, უკვე თემა მივეცით - „საქართველოს მეფეები“ და ყველა სკოლამ წარმოადგინა კომპოზიცია. მომავალ წელს, საუკეთესო ინსცენირების კონკურსის გაკეთებას ვაპირებთ, რომლის პრინციპი ისეთი იქნება, რომ თვითონ იყვნენ რეჟისორიცა და მსახიობიც. სკოლამ, თეატრისათვის სასარგებლო ინიციატივა უნდა გამოიჩინოს, რა დასწრება ექნებათ წლის მანძილზე თეატრში, როგორ დაესწრებიან თავიანთი კოლეგების სპექტაკლებს. მასწავლებლებმა, დირექტორებმა ჩვენი იდეა აიტაცეს და კულტურულ შეჯიბრში მთელი ქალაქი ჩაერთო.
ახლა ისეთი დროა, რომ სკოლები არ ენდობიან თეატრებს, იმიტომ რომ მოვდივართ და ნაწარმოებს ვერ ვცნობთ, სხვა რამ გვხვდებაო... რეგიონებში კი საბავშვო თეატრი არ არსებობს და ვფიქრობ, სახელმწიფომ ყველა თეატრს უნდა დაავალოს, რომ რეპერტუარში აუცილებლად ჰქონდეთ საბავშვო სპექტაკლი, აქედან ხომ მომავალი მაყურებელი იზრდება.
-
ინდოდა თეატრისთვის კადრები გამეზარდა, ინტერესი გამეჩინა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში წასულიყვნენ. შეიძლება ცოტა გულუბრყვილოა, შეიძლება უფრო კარგი პროფესია აირჩიონ, მაგრამ მგონია, რომ ამ თეატრს უნდა ჰყავდეს მსახიობები და წელს, ერთი სტუდიელი უკვე აბარებს თეატრალურ უნივერსიტეტში, მომავალ წელს - სამი აპირებს.
-
რაც შეეხება, „კაცია-ადამიანს?!“, ჩვენთვის ტექსტის შენარჩუნება იყო მნიშვნელოვანი. ინსცენირებასთან ძალიან ფრთხილად მომიწია მუშაობა. ის ხომ პიესა არ არის, რომელიც შეიძლება გადააკეთო. მე უბრალოდ ვაცოცხლებდი ამბავს, რომლის ხერხემალიც მიუწვდომელია, ძნელია მისი დაჭერა რეჟისორისათვის... მგონია, რომ ამ ნაწარმოებს, საბჭოთა დროს ზედმეტი ვოდევილობა მისცეს, თითქოს მისი ბოლო ფურცელი - ილიასეული, ჟანრის მიმანიშნებელი თეზისები, თითქოს რეზიუმეს რომ აკეთებს, არ წაუკითხავთ... ღრმად თუ ჩაუკვირდებით, ძალიან სამწუხარო სანახაობაა, ლუარსაბი ხომ ისე გარდაიცვალა, თავისი სიკვდილით, არც არაფერი დააკლო და არც არაფერი შემატა ამ ქვეყანასო... ძალიან სევდიანი ნაწარმოებია და მასში ყველაზე მნიშვნელოვანი, ასე მგონია, ორი ძმის ერთმანეთთან შუღლია, რაც ჩვენი საზოგადოების განზოგადებულ სახესაც ჰქმნის. თითქოს გვიმალავდნენ ამ ნაწარმოებს, რადგან მოსწონთ მოქეიფე ქართველი კაცი... მაგრამ ყველაფერი უფრო ღრმაა. ადამიანები ცხოვრობდნენ და გარდაიცვალნენ, მეტი არაფერი?..
სპექტაკლი ისე ავაგე, რომ იგი დიალოგებისაგან და სცენებისაგან, იმგვარი მოქმედებისაგან შედგება, რომელიც დიალოგში იგულისხმება. ყველა სიტყვა მოქმედებაა და ამიტომ ჩემთვის, პირობითად, ეს ნაწარმოები ასე დავყავი: დიალოგი და სცენა, რომელიც სიტუაციაა, სადაც რაღაც ამბავი ხდება...
დიალოგი ძალიან ძნელი ფორმაა, მაგრამ ეტყობა მე მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი, ერთი რამ არის კიდევ, თანამედროვე მსახიობს აღარ შეუძლია ასე დიდხანს დიალოგის წარმართვა, იტყვის, არ მინდა ამდენი ტექსტიო... მუშაობისას, ვიგრძენი კიდეც, როგორ ამოწურეს საკუთარი თავი მსახიობებმა, ხშირად სცენაზე ძალა არ ჰყოფნიდათ, მაგრამ ყველაფერი გამოცდილებაა... რეჟისორმა მსახიობს ხელი უნდა შეუწყოს, ეს ხომ რთული ხელოვნებაა, მე მხოლოდ შემიძლია გზა ვუჩვენო, ვუკარნახო მოქმედება სიტყვიერი, ან ფიზიკური, ან ფსიქოფიზიკური, მაგრამ მსახიობი პირველი პოულობს მოქმედებას...
მაყურებელიც ფრაგმენტულ თხრობასაა მიჩვეული და უნდა ყველაფერი მაქსიმალურად იყოს მოცემული, მაგრამ ილიასგან გამომდინარე, მე მაინც ყველაფრის გააზრება მინდოდა და არ მივმართავდი მეტაფორას, რომელსაც შეეძლო აზრი მოეკლა... დიალოგში, რაღაც მჟღერი მოცულობაა საჭირო. მაგალითად, კამათისას, რომელი სჯობს თართი?.. თუ ბოზბაში?.. საქმე ხომ საჭმელში არ არის, ეს ხომ თამაშია, ჩვეულებრივი ადამიანური თამაში, რომელიც უცებ იქცევა სკანდალად, როდესაც, ის უკვე პრინციპულად ამბობს, მე ვარ მართალი და მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ნამდვილი და სწორიო... ლუარსაბი, მთელი თავისი ხიბლით, საკმაოდ მკაცრი, ხისტი ადამიანია, შეძლებულიც, არაფერი უჭირს, უბრალოდ არ უვლის მამულს, მაგრამ ჩნდება კითხვა და ეს არის ყველაზე მტკივნეული მომენტი, როდესაც ღმერთს ესაყვედურება, რის გამო არ მაძლევ შვილსო? როგორც ილია ჭავჭავაძე გვეუბნება, მთავარი კონფლიქტი აქ არის დამარხული, რატომ არ ჰყავს მას შვილი? რატომ არის დაწყევლილი? თვითონ ლუარსაბი კითხულობს, რატომ ვარ დაწყევლილი, ვინ დამწყევლაო? მართლაც რატომ არის ის უბედური? იმიტომ რომ ბავშვი არ ჰყავს? არა მგონია. იმიტომ რომ იგი ძმას ვერ პატიობს, არ პატიობს.... მისი უბედურება აქ არის ჩამარხული და ილიაც ამას გვეუბნება, როცა ლუარსაბი კითხულობს, რა გავაკეთე ასეთიო? აქ არის სწორედ აზრი მთელი ამ ნაწარმოების თემის. როგორი იქნებოდა, ვთქვათ, მისი იდეალური ცხოვრება? დავუშვათ, არ ჰყავს ბავშვი, კონფლიქტი ძმასთან მაინც ექნებოდა? იქნებ, ძმისშვილებს გაზრდიდა, სახლს დაასრულებდა, მაგარმ იგი ხომ სახლსაც არ აქცევს ყურადღებას, რადგან ეს სახლიც ძმას უნდა დარჩეს, მის შვილებს და სწორედ ეს ვერ აუტანია. ზარმაცი არ არის ლუარსაბი, არ ვართ ქართველები ასეთი ზარმაცები, აქამდე ვერ მოვიდოდით, ეს არ არის მთავარი თემა, საერთოდ, ყველა მიდრეკილია სიზარმაცისაკენ, ეროვნებაც არაფერ შუაშია. ასე მგონია, სიზარმაცის ეს იდეა, ქართველებს თავს მოგვახვიეს... ლუარსაბი არ პატიობს ძმას და ამაშია მისი დაწყევლის მიზეზიც!.. იმიტომ რომ სიძულვილით ცხოვრება ძალიან დიდი წყევლაა, პატიებაა საჭირო, ამის სწავლაა საჭირო, უფრო ადვილია მაშინ ცხოვრება.
თვითონ ილიასაც ხომ ასე აქვს, ერთსულ და ერთხორც იყვნენო!.. პრინციპში, ეს ერთი ადამიანია,მხოლოდ გაორებული. ილია ხომ ირონიით შესცქერის თავის გმირებს. ამას მე კი არ ვამბობ, ლუარსაბი ამბობსო, ამ დროს კი იგი გვეუბნება და გველაპარაკება ასე ირონიულად, ცინიკურად. მემგონი ილიას ძალიან უყვარს ეს გმირები, ეცოდება კიდეც, შეიძლება გაბრაზებულიც არის მათზე, ის ხომ საკმაოდ პრაგმატული კაცი იყო, ბანკირი, მისი სიტყვები პოეტის სიტყვები კი არ არის, არამედ მათემატიკოსის, ყოველი სიტყვა, მკაცრად გააზრებულია... თითქოს, ტექსტუალურად ერთობა, მაგრამ ქართველია და უყვარს ქრთველი, ამავე დროს,ბრაზობს კიდეც...
პირველი აქტი, ექსპოზიცია, დრამატული სტრუქტურა რომ აიღო, მოვლენები ჯერ კიდევ წინაა. ჩვენზე წარსული ზემოქმედებს, მისი გავლენა საგრძნობია და რაღაც მოვლენები მომავლის საწინდარიცაა ხოლმე, რომ რაღაც კარგი მოხდება და გაგვაბედნიერებს... ამიტომ ვეცადე ეს ორი აქტი ისე ამეწყო, რომ ყოფილიყო წარსულის პერსპექტივა მომავლისაკენ და მომავლიდან კი - წარსულის ხედვა... თუნდაც ჩვენი გასტროლი რუსთაველის თეატრში და მის მიხედვით ჩვენი თეატრის პერსპექტივა... 2023 წელს, მოლიერის „ჰარპაგონი“ ვითამაშეთ და ახლა უკვე ორი სპექტაკლით წარვსდეგით თბილისელი მაყურებლის წინაშე...
- საუბარში გართულებს, რეპეტიციიდან მომავალი ქალბატონი ნანა ფაჩუაშვილი მოგვიახლოვდა და თბილი, კეთილი სიტყვებით მიმართა ვახტანგ ნიკოლავასა და სოფი ჩალაშვილს:
ნანა ფაჩუაშვილი: ძალიან კმაყოფილი ვარ გუშინდელი სპექტაკლით, თქვენი არჩევანი, ძალიან მომწონს. სცენიდან სრული ტექსტის სმენამ ცოტა დამღალა, მაგრამ ამიხსნეს, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი გადაწყვეტა და მისი დანიშნულება სკოლისათვის, მოსწავლეებისათვის, პედაგოგებისათვის. სოფი კი, პირველად რომ ვნახე სცენაზე, რაღაცით იზა გიგოშვილს მივამსგავსე. ისეთი პლასტიკა აქვს, რომლითაც ბუნებამ დააჯილდოვა და ნიჭიერება, რაც მას შინაგანად აქვს, დედიკოს და მამიკოს ბრალია... როცა ნიჭიერს დავინახავ, მიხარია... ერთი სიამოვნება იყო მისი სცენაზე გავლა, მერე ხელები ვედრებით რომ ასწია... ჩემო საყვარელო, ძალიან მიხარია თქვენი წარმატება, ალბათ დადგება დრო, თქვენ ამ თეატრში მოხვალთ. ყველაფერი წინ არის, ახლა თქვენი მუშაობაა მთავარი... ამ სპექტაკლის მიზანსცენებით იმდენი რამ აღმოვაჩინე, რომ ვფიქრობ, ბევრი კარგ სპექტაკლს დადგამ იქ და მერე, რა თქმა უნდა, მოჰკიდებ შენს ცოლ-შვილს ხელს და ჩამოიყვან აქ...
- ხედავთ, რა კონპლიმენტები მიიღეს სენაკის სამხატვრო ხელმძღვანელმა და მისმა მშვენიერმა მეუღლემ ქალბატონი ნანასგან... ჩემმა ყურადღებამ სოფი ჩალაშვილისკენ გადაინაცვლა. იგი ხომ ლამაზისეული იყო სპექტაკლში. ნაზი, ჩიტივით მხრებაწურული და ფრთამოტეხილი დადიოდა სცენაზე და საოცარ თანაგრძნობას იწვევდა მაყურებელში.
სოფი ჩალაშვილი - როგორია ჩემი ლამაზისეული? იგი თანაუგრძნობს თავის ბატონებს, უყვარს ისინი, მორიდებულია და თან დაჩაგრული, ამათგან კი არა, უბრალოდ ასეთი ცხოვრება აქვს, მსახურია და მათ ყველას განსაზღვრული ცხოვრებისეული წყობა აქვთ, მაგრამ ამასთან ერთად, უყვარს ისინი, ერთგულია მათი, მათთან ერთად განიცდის და უნდა მათი კარგად ყოფნა, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ. რა თქმა უნდა, ვახო მიმანიშნებდა და მეც ინტუიციურად მივდიოდი ლამაზისეულისკენ...
-
ნიკოლავა - ლამაზისეული გამჭოლი პერსონაჟია, ილია ორი სიტყვით აღწერს მას, მაგრამ ძალიან მკვეთრად... ნაწარმოები ხომ სახლისა და ლამაზისეულის აღწერით იწყება. ბევრჯერ არ მონაწილეობს, მაგრამ სულ იგრძნობა მისი იქ ყოფნა, და რომ კითხულობ, სულ ელი მის გამოჩენას. თითქოს არც ჩნდება, მაგრამ სულ გრძნობ, რომ ის იქ არის... იმდენად საშინლადაა აღწერილი, რომ საფრთხეა, საზიზღარი არ გამოვიდეს ლამაზისეული, ამიტომ შინაგანი მომხიბლაობით დაჯილდოებულმა მსახიობმა უნდა ითამაშოს... სისუფთავე უნდა იყოს ამ გმირში და ვფიქრობ, სოფიმ მშვენივრად გაართვა თავი. მისი უსიტყვო სცენები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ პატრონის გარეშე ლამაზისეული განწირულია, ვერ გადარჩება.
-
მინდა აღვნიშნო ბატონი ლომგულ მურუსიძის შესანიშნავი სცენოგრაფია: სასცენო მოქმედებისათვის ძნელად გასაკეთებლი კონკრეტული ინტერიერი, მოქმედების სხვადასხვა, ცვლებადი ადგილი, რაც სცენაზე რთული გასაკეთებელი ამოცანაა. ბატონმა ლომგულმა იდეალური სამყარო შექმნა - სახლი სახურავის გარეშე, რომელიც ოდესღაც სასახლე იყო და ახლა მხოლოდ ნარჩენებია. საშუალება მომეცა გარშემო ყველაფერი ადვილად შემეცვალა, აბსტრაქტული გამეხადა, კონკრეტული კი კონკრეტულად დამეტოვებინა.
მუსიკა ლევან მიქელაძეს ეკუთვნის, შუბერტისგაქართულება ვცადეთ... ლევანს შესანიშნავი გემოვნება აქვს და შესანიშნავად გაართვა თავი.
ჩვენი პროფესია ტექსტს ეყრდნობა, რომელიც ფიქრის, ფანტაზიის, კეთების საშუალებას გვაძლევს და ის იდეები, რაც ტექსტში უნდა ჟღერდეს, უნდა ჟღერდეს კიდეც! რა თქმა უნდა, ლაკონურობა სულ სხვა რამაა, მას მთელი ნაწარმოების კვინტესენსია უნდა მოჰქონდეს, მაგრამ მხოლოდ ბატონ რობერტ სტურუას შეუძლია გააკეთოს ისე, რომ ყველაფერი შესაძლებელი იყოს, ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან...