top of page

ველური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

407417201_862976195833504_459427094086760213_n.jpg

ლაშა ჩხარტიშვილი

ველური ჯაყო და განათლებული თეიმურაზი

 

ნიკა ჩიკვაიძის „ჯაყოს ხიზნები“, ცალსახა მცდელობაა მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი რომანის სცენური ინტერპრეტაციის ტრადიციებისგან გაქცევის. რეჟისორი მისი თაობის კოლეგებისგან სწორედ იმითაც გამოირჩევა, რომ ის კლასიკურ ნაწარმოებს ორიგინალურად, განსხვავებული ხედვით, ნაწარმოებში დასმული პრობლემის თანამედროვე ეპოქასთან მაქსიმალური ასიმილირებით არგებს თანამედროვეობას და სცენას.

 

ნიკუშა ჩიკვაიძე ფოთის დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლით სრულიად ანგრევს არა მხოლოდ შტამპებად ქცეულ ნაწარმოების გააზრებისა და ინტერპრეტაციის ტრადიციებს, არამედ ამბავს ახლებურად, უფრო სწორად დროსთან ადაპტირებულად ფუთავს. ამიტომაცაა, რომ სპექტაკლი იწყება აეროპორტში სცენით (მაყურებელი ხედავს ელექტრონულ დაფას, სადაც თვითმფრინავების მოფრენის განრიგია წარმოდგენილი)- თეიმურაზი (გენა შონია) ტრანსფარანტით „ჯაყო“ ხვდება მოყვარეს (გიორგი სურმავა). რეჟისორი მხოლოდ ამ ეპიზოდით არ ახდენს რომანის დადგმების ტრადიციის ნგრევას, სცენური გარემოს მოდერნიზებას.

 

ერთი მხრივ, ნიკუშა ჩიკვაიძის, ფოთის თეატრში დადგმული „ჯაყოს ხიზნები“ რომანის ახლებური ინტერპრეტაციაა, მეორე მხრივ, მისი ადაპტირებული სცენური ვერსია. ადაპტაციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ სცენური გარემოს მოდერნიზებას და სპექტაკლში გაჩენილ თანამედროვე შტრიხებს თუ დეტალებს, არამედ - ტექსტის საგრძნობლად შეკვეცა-მონტაჟს, რომანიდან მხოლოდ ძირითადი მაგისტრალური ხაზის დატოვებას. ნიკა ჩიკვაიძე სამეულის - ჯაყო, მარგო, თეიმურაზი - კონფლიქტზე აგებს სიუჟეტს. ცხადია, მონტაჟს არაერთი საკვანძო ეპიზოდი შეეწირა და დარჩა მხოლოდ შაბლონი (რეჟისორისთვის მნიშვნელოვანი) რამდენიმე პასაჟით.

 

რეჟისორს ამბავი ჩვენს ეპოქაში გადმოაქვს, ცვლის სივრცეს, მაგრამ არ ცვლის ნაწარმოების იდეას, ძირითად პათოსს. სხვა დადგმებისგან განსხვავებით, ჯაყო სულ სხვაგვარად გამოიყურება (ჟღალი თმა და წვერი, რომელიც რასპუტინს მოგაგონებთ) და სხვანაირად აცვია (მდიდრული ქურთუკი და ჩექმები), გიორგი სურმავა ზუსტად ისე საუბრობს, როგორც მისი წინამორბედი მსახიობები, რომლებიც ჯაყოს როლს ასრულებდნენ. ჯაყოსეულ საუბრის სტილს ერწყმის მეგრული (უფრო სწორად ფოთური) მელოდიკური ინტონაცია და ეს ნაზავი ქმნის ჰიბრიდულ პერსონაჟს - ველური, ხეპრე, დამპყრობელი კაცის გლობალურ მხატვრულ სახეს. გიორგი სურმავას ჯაყოს დიალოგში არაერთხელ წამოსცდება რუსული სიტყვები, რაც ცალსახად მიგვანიშნებს მის წარმოშობას, თუ მხედველობაში მივიღებთ მის ჩაცმულობას და ჰაბიტუსს. ვფიქრობ, ეს მინიშნება რეჟისორის მხრიდან მიზანმიმართულია და რუსი უზურპატორის მაგალითზე სურდა, პრევენციის მიზნით, ჩვენი გაფრთხილება სხვა მორიგი საფრთხეებისგან, ვინაიდან საფინალო სცენაში ვხედავთ კვლავ თეიმურაზს ხელში ფურცლით, ამჯერად აბსტრაქტული (ან უცნობი) სტუმრის დასახვედრად.

 

მხატვარმა ანანო დოლიძემ სპექტაკლისთვის თანამედროვე, ორიგინალური და ორგანული სცენური სივრცე შექმნა. მოქმედება აეროპორტში, საწოლში, ეკლესიაში, პარტერში მიმდინარეობს. ფაქტობრივად საჯარო სივრცეებში, საწოლიც ამ სპექტაკლში საჯარო სივრცეა, რადგან მასზე წვდომა ჯაყოსაც აქვს. ყველა მოვლენა ხალხის (საზოგადოების) თანდასწრებით ან მონაწილეობით (ჩართულობით) მიმდინარეობს. მხატვარი ქმნის ერთდროულად რეალისტურ და ამავდროულად პირობით გარემოს, რომელშიც სპექტაკლის მოქმედი გმირები ბუნებრივად ცხოვრობენ.

 

ძირითადი მოვლენების ეპიცენტრი სპექტაკლში გრძელი საწოლია. ჩვენ ვუყურებთ თეიმურაზის - ქართველი დიდგვაროვანი მამაკაცის - სარეცლის (ოჯახის სიმბოლოს) ეტაპობრივ გარყვნას, მისი სულიერი, მორალური, ფინანსური და ფიზიკური დაცემის სწრაფ პროცესს, რომლის ხარჯზეც იზრდება ჯაყოს ძალაუფლება და შესაბამისად, საყოველთაო გავლენები, მრავლდება კიდეც, შთამომავლებს აჩენს. გენა შონიას თეიმურაზი უნიათო, თავმოყვარეობა შელახული და უუნარო კაცია, რომელსაც არ ძალუძს არც ოჯახის, არც ცოლის და არც საკუთარი თავის (ღირსების) დაცვა, უფრო მეტიც, ის იმდენად უსუსურია, რომ არც ცდილობს. ამიტომაცაა, რომ ვისაც ძალა აქვს, ის ახერხებს ყველას და ყველაფრის დაპატრონებას. ჯაყო დაუფარავად, ცხადად მოცოცავს მარგოსა და თეიმურაზის სარეცელისკენ და იპყრობს მოყვრის ტერიტორიას და ყველას, ვინც მისი მიზნების არეალში ექცევა.  ანი ანდღულაძის მარგო გადის ადამიანის/ქალის გადაგვარების გრძელ, რთულ, დრამატულ გზას. თავადის ქალიდან - ჯაყოს რიგით მოახლეობამდე. ანი ანდღულაძე ოსტატურად გვიჩვენებს ქალის ტრანსფორმაციას - ამაღლებული, პოეტური, ღირსეული ადამიანიდან უკიდურეს სულიერ კრიზისამდე, ზნედაცემულობამდე, გვიჩვენებს როგორ იქცა ღირსეული ქალი დაუცველობის გამო ანგარებიან და ხარბ არარაობად. სპექტაკლში კრებით მხატვრულ სახეს ქმნის რამინ კილასონია, რომელიც მთხრობელიცაა, საზოგადოებაც, ივანეც, ექიმიც და მღვდელიც. სპექტაკლში გვხდებიან შვეიცრები, ერთგვარი მოახლეები (შოთა სასანია, ალიკა ცეკვაშვილი, ნიკა კვარაცხელია, გუკა დვალიშვილი), რომლებიც ჯაყოს ჩემოდნებს აქეთ-იქეთ დაატარებენ. სპექტაკლში კიდევ ერთი ნიშანდობლივი პასაჟია, ერთგვარი სცენური მეტაფორა - როცა ჯაყო შვეიცარს უნიფორმას ხდის და თეიმურაზს აცმევს, როცა თავადი თეიმურაზ ხევისთავი მოჯამაგირედ უდგება თავის ყმას, გამდიდრებულ და ძლევამოსილად ქცეულ ჯაყოს.

 

მრავალშვილიანი და მრავალცოლიანი ჯაყოს დიდების ხანა სრულდება, მაგრამ სულიერად დაცემული თეიმურაზი, რომელმაც დაშვებული შეცდომები თითქოს გააცნობიერა და გააანალიზა, კვლავ ახალი, აბსტრაქტული სტუმრის მოლოდინშია. აი, რაზე დაფიქრებისკენ (არც თუ ურიგოდ) მიგვანიშნებს რეჟისორი.

ველური, წერა-კითხვის უცოდინარი, უკულტურო ჯაყო ბოლომდე იმონებს განათლებულ, მაგრამ უსუსურ და უუნარო თეიმურაზს, რომელსაც არ ძალუძს დაიცვას და უბედურებას გადაარჩინოს სიყვარული, რომელიც შესაძლოა არა მხოლოდ ლამაზ ქალში იყოს გამოხატული, არამედ სამშობლოშიც.

bottom of page