top of page

ვიდრე შეიყვარებდი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_8136.JPG

ლაშა ჩხარტიშვილი

ვიდრე შეიყვარებდი

 

კავკასიაში პირველმა პროფესიულმა თეატრმა 261-ე სეზონი პრემიერით დახურა. რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ დადგა (როცა ამ ფაქტის შესახებ გავიგე, მეც თქვენსავით გამიკვირდა). თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა პაატა გულიაშვილმა, რომელიც მუდმივად ღიაა თანამშრომლობისთვის სხვადასხვა თაობის რეჟისორებთან, ამჯერად, საბა ასლამაზიშვილთან გამონახა საერთო ენა. თელავის თეატრის დასსაც არ უჭირს მისთვის უცნობი რეჟისორის მიღება, რადგან ამ მხრივ მათ, სწორედ სამხატვრო ხელმძღვანელის დამსახურებით, დიდი გამოცდილება აქვთ. მათ უმუშავიათ რობერტ სტურუასთან, ლევან წულაძესთან, ავთანდილ ვარსიმაშვილთან, ელენე მაცხონაშვილთან... და ამ თანამშრომლობას ბევრი წარმატებაც მოუტანია თელავის თეატრისთვის.

საბა ასლამაზიშვილზე არაერთხელ მითქვამს, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რეჟისორია, არა მხოლოდ მის თაობაში. ახლა, იმასაც დავძენ, რომ შეგვიძლია ყველაზე პროდუქტიულიც ვუწოდოთ, რითაც ის ელენე მაცხონაშვილსაც კი დაეწია, რომელიც სეზონის მანძილზე 10-მდე ან მეტ ახალ სპექტაკლს დგამს.

საბა ასლამაზიშვილი თბილისიდან („დონ ჟუანის“ პრემიერის შემდეგ) გასული არ მეგონა, ახალციხეში რომ დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება“ გამოუშვა და რამდენიმე დღეში თელავის თეატრის საპრემიერო აფიშა ვიხილეთ, რომელიც იუწყებოდა, რომ საბა ასლამაზიშვილი მორიგ ახალ დადგმას ამზადებდა. აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ერთი მხრივ, გამოცდილებას სძენს ხელოვანს, მაგრამ მეორე მხრივ, ის ამსგავსებს ქარხანას, რომელიც ერთ ყალიბზე მორგებულ, ერთი სახეობის პროდუქტს უშვებს. ამ მხრივ, საფრთხე საბა ასლამაზიშვილის, როგორც რეჟისორის, ავტორიტეტს შეექმნა და სავსებით სამართლიანად. ინტენსიური მუშაობა თუ ხელოვანს წვრთნის, ცვეთასაც განაცდევინებს. ამიტომ ახალგაზრდა რეჟისორი ახლა ბეწვის ხიდზე გადის, ზედაპირულობასა და ანალიტიკას, დილეტანტიზმსა და პროფესიონალიზმს შორის... ამიტომაც, საბა ასლამაზიშვილი დილემის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებლად მოუწევს პრიორიტეტის გამოკვეთის მიზნით, არჩევანის გაკეთება, პროდუქტიულობასა და ხარისხს შორის. არჩევანში კი ის თავისუფალია.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლები ფაქტობრივად არ ჰგავს ერთმანეთს, არც სტილისტიკით, არც შინაარსობრივად. მათ შორის ერთიანი რაიმე სახის ხაზის გამოკვეთა ძნელია, ეს ერთი მხრივ, განპირობებულია მის მიერ დრამატურგიის მრავალფეროვანი არჩევანით, ფართო სპექტრით, ხოლო მეორე მხრივ, მუდმივად ცვალებადი შემოქმედებითი ჯგუფით (მხატვარი, კომპოზიტორი, მსახიობები). იმასაც დავძენ, რომ ის ნიჭიერი ხელოვანია და შესწევს უნარი არა მხოლოდ ადმინისტრაციული საქმის ორგანიზების, არამედ შემოქმედებითი პროცესის წარმართვის, მაგრამ ამ ნიჭს ანალიტიკური აზროვნების შეშველებაც სჭირდება, რათა სრულყოფილი მხატვრული პროდუქტი მივიღოთ მისგან.

საბა ასლამაზიშვილმა თელავის თეატრი მორიგი ექსპერიმენტისთვის „გამოიყენა“. ყველასთვის გასაკვირად, მან არჩევანი ლაშა თაბუკაშვილის არცთუ ხეირიან პიესაზე „ათვინიერებენ მიმინოს“ შეაჩერა. რაც არ უნდა წარმატებულმა, გამოცდილმა და ოსტატმა რეჟისორმა მოკიდოს ხელი „ათვინიერებენ მიმინოს“, ის მაინც ვერ გაკეთილშობილდება, რადგან პიესის დრამატურგიულ სტრუქტურაში შეიმჩნევა მთელი რიგი ნაკლოვანებები, სიუჟეტური გაუმართაობა, მოვლენებს შორის ლოგიკური ჯაჭვის დაკარგვა, პერსონაჟთა ხასიათის სქემატიზმი. პიესის ამ პრობლემებთან გამკლავება არც საბა ასლამაზიშვილს ძალუძს, ვინაიდან პრობლემის აღმოფხვრა ახალი პიესის შექმნას უდრის. ახალგაზრდა რეჟისორი კი საგრძნობლად შეეცადა პიესის გადაკეთებას. მან საკმაოდ მოურიდებლად დაამონტაჟა ეპიზოდები და მოვლენები სპექტაკლში და სრულიად ახალი ვერსია შემოგვთავაზა. ეს არც გამკვირვებია, ვინაიდან საბა ასლამაზიშვილი მოლიერს და შექსპირს არ „ერიდება“ თაბუკაშვილს რომ მორიდებოდა, მაგრამ ეს ჩარევა (რომელიც შესაძლოა უხეშ ჩარევადაც მოინათლოს) მხოლოდ სპექტაკლის გადარჩენით იყო განპირობებული.

საბა ასლამაზიშვილი ერთი მხრივ ცდილობს გაექცეს, დაშორდეს ლაშა თაბუკაშვილის პიესის ატმოსფეროს, ეპოქას, განწყობას, ხოლო მეორე მხრივ, ის მაინც დრამატურგის პირველწყაროში ტრიალებს. ამ გაქცევაში მას ელისაბედ ჭიჭინაძის სცენოგრაფიაც ეხმარება, რომელიც სტატიკურია და თითქოს არა მხატვრული, ყოფითი. სპექტაკლში კი პერსონაჟები და რეჟისორი ყოველგვარ ყოფითობას გაურბის. ვფიქრობ, სცენოგრაფია სპექტაკლის რეჟისორული გადაწყვეტის კონტრასტული კომპონენტია. ერთადერთი, რაც სცენოგრაფიაში „თამაშობს“, ეს ფრესკებია, რითაც მინიშნებაა იმაზე, რომ მთავარი იდეოლოგის - პატრონის (ასე ეძახიან პერსონაჟს) „სამჭედლო“ ყოფილ ეკლესიაშია განთავსებული, ანუ ნაეკლესიარზეა აღმოცენებული, რითაც მინიშნებაა იმაზე, რომ ეკლესიამ როგორც ინსტიტუციამ დაკარგა მისი პირვანდელი სახე, როლი, ფუნქცია და დღეს, მასში ბნელი ძალების, ადამიანების ტვინების სამრეცხაოა განთავსებული. ხუხულა, რომელზედაც პატრონი აშენებს ახალ ურთიერთობათა სისტემას, ინგრევა და პატრონის იდეა მარცხდება, სიყვარული იმარჯვებს, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში, ვინც სუსტია, ის ადვილად ერგება ცხოვრების ახალ წესს და სავალალო ის არის, რომ ბრმა ერთგულება საშიში ხდება, ადამიანს ადამიანობას აკარგვინებს, აზროვნების უნარს ართმევს, ხოლო ადამიანი, რომელიც ვეღარ აზროვნებს, ის საშიშია კაცობრიობისთვის. ასე მოხდა ანის შემთხვევაში, რომელსაც მსახიობი ნინო დვალიშვილი, საკმაოდ უღიმღამოდ, ასრულებს. სპექტაკლში ანი უფერო, სქემატურ პერსონაჟად იქცა, რითაც მსახიობმა პერსონაჟს მასშტაბი და ფუნქცია შეუზღუდა. სხვა მსახიობები კი ასე თუ ისე, ახერხებენ დახატონ პერსონაჟები, ტიპაჟები. მთლიანობაში, ყველა მსახიობი ქმნის სახე-ტიპს, მაგრამ მათ პერსონაჟებს აკლიათ დრამატურგიული სიმძაფრე, თანმიმდევრულობა, განვითარების ხაზი, რაც თავად პიესის „დამსახურებაა“ და ამიტომაც რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ, მაყურებელი ამბავს ფრაგმენტულად, დანაწევრებულად ვადევნებთ თვალს. სინამდვილეში აქ არც რეჟისორი სცოდავს (მან საკმაოდ შეამცირა პიესა), მთავარი „დამნაშავე“ პიესაა. მაშინ ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ჰკიდებენ რეჟისორები ხელს ისეთ პიესებს, რომლებიც არ არის სტრუქტურულად გამართული, რომელიც აპრიორი იცი, რომ ხელს შეუშლის მსახიობს სრულყოფილი მხატვრული სახის გამოსახატად და შესაქმნელად?! პასუხი ალბათ მარტივია: - აქ მთავარია ამბავი...

თემურ ხუნაშვილის მიერ შექმნილი პატრონის სახე მოაზროვნე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომაც ამ პერსონაჟის მაყურებელს არ ეშინია, მიუხედავად იმისა, თუ რამდენ ბოროტებას სჩადის ის, მაყურებელს მაინც სჯერა, რომ ბოლოს პატრონი გაკეთილშობილდება, რომ მასში გაიღვიძებს ადამიანობა, გრძნობა... სწორედ ასეთ პერსონაჟს ქმნის თემურ ხუნაშვილი, რომელიც ე.წ. „ძველ სკოლას“ მიეკუთვნება, რაც ნიშნავს პროფესიონალიზმის სხვა ხარისხს, რაც პირველ რიგში გამართულ მეტყველებაში, სწორად დასმულ აქცენტებსა და ინტონაციებში, შინაგან და გარეგნულ გამომსახველობით ფორმებში ვლინდება. სწორედ ასეთ ხარისხს თემურ ხუნაშვილთან ერთად, გვთავაზობს ეთერ ბაბილაშვილი, რომელიც „მიმინოების“ სცენურ ისტორიაში დამუნჯებულ ბაზიერს თამაშობს. რეჟისორმა ბაზიერი ყრუ-მუნჯად აქცია, თუმცა მაყურებელიც ზუსტად ხვდება, რომ ეს ყრუ-მუნჯობა ბაზიერის ეშმაკური ხერხია, ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ეთერ ბაბილაშვილი ერთდროულად სასაცილო და სევდიან ტიპაჟს ქმნის. მისი აბრაკადაბრა სიტყვებით სავსე, გაუგებარი მონოლოგები, მსახიობის მიერ შემოთავაზებული გამომსახველობითი საშუალებების წყალობით, გასაგებია და იოლი გამოსაცნობი და მომენტი, როცა ყრუ-მუნჯ ბაზიერს გამართული ტექსტი აღმოხდება ბაგეთაგან. სპექტაკლში მნიშვნელოვანი ფიგურაა იონა, რომელსაც ბექა სონღულაშვილი ასრულებს. პიესის მიხედვით ეს დამხმარე (მეორე პლანის) პერსონაჟია, რომელიც ყველაზე მეტად ბედავს ამ სოციუმში სიმართლის თქმას, მაგრამ მსახიობმა პერსონაჟი სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ გმირად აქცია. მსახიობმა ზედმიწევნით კარგად შეფუთა (გრიმით, კოსტიუმით, პერსონაჟის ხასიათში ღრმა წვდომით და მის რეპრეზენტირებით) პერსონაჟი, რამაც ის მთავარ გმირად აქცია. არანაკლებ დასამახსოვრებელი ტიპაჟია მელოტი, რომელსაც დათა ხუნაშვილი ასრულებს. მსახიობმა ზუსტად იცის მელოტის ხასიათი, მისი ადგილი და მისია პიესაში. დათა ხუნაშვილის მელოტი იუმორთან ერთად სევდასა და დანანებას  იწვევს მაყურებელში. დრამატულ და გაწონასწორებულ პერსონაჟს ხატავს მანანა აბრამიშვილი, რომელიც მერის როლს ასრულებს. მსახიობი მწირი გამომსახველობითი საშუალებებით ახერხებს მაყურებელს აჩვენოს მერის ხასიათის სიღრმე, შეუპოვრობა, განვლილი მძიმე ცხოვრების ეპიზოდები, მის ისტორიას მისი სახე უყვება მაყურებელს. პიესის და სპექტაკლისაც გამორჩეული პერსონაჟია გიო, რომელსაც მსახიობი ლაშა წიფლაშვილი ასრულებს. მსახიობის ფიზიკური ფაქტურა და შინაგანი ტემპერამენტი ზედმიწევნით ენათესავება ლაშა თაბუკაშვილის პიესების პროტოტიპებს. ამიტომაც მსახიობს არ გასჭირვებია გიოს როლის შესრულება, რომელიც სცენურ გულწრფელობასთან ერთად, ფსევდო ემოციურობას და თეატრალობასაც მოითხოვს. ლაშა წიფლაშვილი ქმნის მებრძოლი გმირის მხატვრულ სახეს, რომელიც არასდროს თანხმდება სხვის არჩევანს და ყოველთვის თავად წყვეტს საკუთარ ბედს.

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში ერთმანეთს ენაცვლება და ექიშპება სიძულვილი და სიყვარული, სასოწარკვეთა და ოპტიმიზმი, სიბრალული და დაუნდობლობა, როგორც რეალურ ცხოვრებაში. მაყურებელს კი სცენაზე რეალური ცხოვრების ანარეკლის ხილვა ყოველთვის უყვარს. ვფიქრობ, „ათვინიერებენ მიმინოს“ თელავის თეატრის მაყურებლის ერთ-ერთ ფავორიტ სპექტაკლად იქცევა.

bottom of page