ვინ არის ადამიანი?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

IMG_7985.JPG

მაკა ვასაძე

ვინ არის ადამიანი?

 

ვინ არის ადამიანი? რას ნიშნავს - ადამიანი? რატომ არის ადამიანი? რისთვის არის ადამიანი?

რა არის სიცოცხლე? რას ნიშნავს სიცოცხლე? რატომ არის სიცოცხლე? რისთვის არის სიცოცხლე?

რა არის ცხოვრება? რას ნიშნავს ცხოვრება? რატომ არის ცხოვრება? რისთვის არის ცხოვრება?

რა არის სიყვარული? რას ნიშნავს სიყვარული? რატომ არის სიყვარული? რისთვის არის სიყვარული?

რა არის სიკვდილი? რას ნიშნავს სიკვდილი? რატომ არის სიკვდილი?

რა არის ომი? რას ნიშნავს ომი? რატომ არის ომი? ვინ ომობს? რისთვის ომობენ?

ეგზისტენციალურ-ფილოსოფიური კითხვები, რომლებიც ჰომო საპიენსს დღიდან გაჩენისა აწუხებს, იკვლევს, დაასკვნის და ისევ თავიდან... ვინაიდან კითხვებზე ვერავინ უპასუხებს, ვერავინ უპასუხებს, თუკი თავად არ გააცნობიერებს, რომ ... ბუნებამ, უფალმა მშვენიერი სამყარო, სიცოცხლე შექმნა და ადამიანი მოაზროვნე არსებად, სიცოცხლის გამგრძელებელ მოაზროვნე არსებად მოავლინა. და, არა, სიცოცხლის, ცხოვრების დამანგრეველ ურჩხულად.

ლვოვის მარია ზანკოვეცკას სახელობის ნაციონალური აკადემიური დრამატული თეატრის ორპერსონაჟიანი სპექტაკლი - „ცხოვრება P. S.“ - ორი ადამიანის სიცოცხლეზეა, ცხოვრებაზეა, სიყვარულზე, სიკვდილზე და ომზეა, ყველაფრის დამანგრეველ, გამანადგურებელ ომზე.

კამერული ტიპის წარმოდგენის მსვლელობისას ემოციები ყელში გებჯინება, გახრჩობს და თან ეგზისტენციალური ფიქრების ორომტრიალი არ გასვენებს. უკრაინაში ომია, ადამიანები, ბავშვები, კაცობრიობის სიცოცხლის გამგრძელებლები იღუპებიან, მთელი ცივილიზებული სამყარო თითქოს ამ ომის წინააღმდეგია, მაგრამ...

„ცხოვრება P. S.“- უკრაინელი ჟურნალისტის, ვალერია (ლერა) ბურლაკოვას,  რომელიც ომმა (2013 წლიდან 2018 წლამდე, აგრესორი რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ) უკრაინული არმიის ჯარისკაცის აქცია, რომანის მიხედვით შექმნილი ინსცენირებაა, ეფუძნება რეალურ ამბავს.

საყვარელი ადამიანის, უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ, ქალი ჯარისკაცი, იმისთვის რომ თავი არ მოიკლას, დღიურების წერას იწყებს და 40 დღის განმავლობაში განცდილსა და ნაფიქრალს გადმოსცემს.

ლვოვის თეატრი და სპექტაკლი მაყურებელს მოუთხრობს ადამიანზე, რომელსაც ომმა „ცხოვრება P. S“-ად უქცია.

სამშობლოს დასაცავად ომში წასვლა, ადამიანის და მით უმეტეს, ქალის, გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩენა, ბრძოლა, ომის საშინელებების მიუხედავად შეყვარება, დაქორწინებაზე, შვილების გაჩენაზე, სიცოცხლის გაგრძელებაზე ოცნება, ფიქრი და მწარე რეალობასთან, სიკვდილთან, საყვარელი ადამიანის გარდაცვალებასთან „შუბლით შეხლა“, ჩვეულებრივ ცხოვრებასთან ადაპტირების მცდელობა - სპექტაკლის ფაბულაა.

ოლგა ანანენკოს გასცენიურებული, რეჟისორ ნაზარ პავლიკის დადგმული, ნატალია ტარასენკოს მინიმალისტური სცენოგრაფიით შექმნილი, მსახიობების: მარიანა კუჩმას - ლერას და ოლეს ფედორჩენკოს - მეზღვაურის (საბრძოლო მეტსახელი) გათამაშებული შექმნილი წარმოდგენა რეალურისა და ირეალურის, სიზმრისეულის ზღვარზე მიმდინარეობს და მაყურებლის გულსა და გონებას მთლიანად იპყრობს.

ოზურგეთში, ნოდარ დუმბაძის მესამე საერთაშორისო ფესტივალზე, ნათამაშები სპექტაკლი - „ცხოვრება P. S.“ - სხვადასხვა ქვეყნის მაყურებლისთვის ერთნაირად გულისშემძვრელი, სულის ამაფორიაქებელი იყო. მაგრამ, ალბათ, ყველაზე მტკივნეული, 1991 წლიდან 31 წლის განმავლობაში (მანამდე 2 საუკუნე) იმპერიალისტურ, დიქტატორულ, ბოლშევიკურ, ავტოკრატიულ რუსეთთან მუდმივად ომში მყოფი ქვეყნის - საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაყურებლებისთვის. სპექტაკლი დამთავრდა, ყველა ტიროდა - ლვოვის თეატრის წარმომადგენლები, რეჟისორი ოკუპირებული ხერსონიდან (ხერსონის თეატრი ამ რეჟისორის ოლქანდრ კნიგა (მელპონა ტავრიას ფესტივალის დამფუძნებელი, ხერსონის დრამატული თეატრის დირექტორი) სპექტაკლით ფესტივალზე უნდა ყოფილიყო, რომ არა ომი), ფესტივალის დამფუძნებელი, ორგანიზატორები, მაყურებელი.

ყველა ტიროდა და ალბათ, ერთი კითხვა აწუხებდა: რატომ? ღმერთო რატომ?