
ვინ არი ს ბარბაროსი?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
ვინ არის ბარბაროსი?
რეგიონული თეატრების XI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სენაკის თეატრში ლიეტუვურ-ქართული კოპროდუქციის ხილვის საშუალება მქონდა, კერძოდ კი - ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დრამატული თეატრის ევრიპიდეს „მედეას“ ინტერპრეტაციის, რომლის რეჟისორი ბადრი წერედიანია.
სპექტაკლის მხატვრობა (ვიქტორია ვენცკუტე) უკიდურესად მინიმალისტურია; სცენის ბოლოში თეთრი ბაირაღია, რომელიც გამარჯვების სიმბოლოდ შეგვიძლია აღვიქვათ. ერთი მხრივ, იასონმა გამარჯვება მოიპოვა ოქროს საწმისის წამოღებით, მაგრამ ფინალში იგი ბაირაღს ხევს და პროექციის საშუალებით ჩნდება ჰელიოსის გამოსახულება, რაც მეტყველებს იმაზე, რომ იასონი ყველანაირად დაეცა, ხოლო მედეა ამაღლდა და, ფატალური შედეგების მიუხედავად, მაინც გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ მსახიობები არა მხოლოდ სცენაზე, არამედ მთელ დარბაზში მოქმედებდნენ. ცხადია, ამით თანამედროვე მაყურებელს ვერ გააკვირვებ, მაგრამ სივრცის ათვისების თვალსაზრისით ეს გადაწყვეტა არ იყო ურიგო. არ ვიცი, როგორ გამოიყურება ტელშაის დრამატული თეატრის დარბაზი, მაგრამ სენაკის თეატრის ინტერიერს წარმოდგენა ორგანულად შეერწყა.
სპექტაკლის დასაწყისი ოდნავ დამაბნეველია, რადგან თავიდან გაუგებარია, შთამბეჭდავი ვოკალური მონაცემებისა და სილამაზის მქონე ინდრე იუციტე პერსონაჟი, კდემამოსილი გარეგნობით, ქალწული მედეაა თუ გლავკე, რომელსაც ძირითადად რეჟისორები უმწიკვლო კრავად წარმოაჩენენ. იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ ის მღერის, სულ მედეასთან ახლოსაა და გლავკესაც სხვა შემსრულებელი ასრულებს, ხვდები, რომ - კორიფევსია, მედეას ალტერ ეგო, რადგან თავის ნატიფად შესრულებულ სიმღერებში კოლხი ქალის სულიერ სამყაროს აშიშვლებს.
ვიზუალური თვალსაზრისით, წარმოდგენაში ანტიკური ეპოქისა და აღორძინების ხანის სინთეზია, რაც შემსრულებელთა კოსტიუმებში იკითხება - დრაპირებული კაბები - ბერძნული ქიტონები, რენესანსის ეპოქისათვის დამახასიათებელი ფეხსაცმელი. ამასთანავე, მსახიობთა პლასტიკა თავისი სინატიფითა და დინამიკურობით ანტიკური ეპოქის, ფიდიასის მოირებს მოგაგონებთ.
სპექტაკლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სამსახიობო შესრულება, ანსამბლურობაა. თითოეული მსახიობი რუდუნებით ძერწავს თავისი პერსონაჟის მხატვრულ სახეს, და ასევე, ყოველი შემსრულებელი ავლენს პარტნიორული შეგრძნების უნარს.
მედეა (ვილია მატაჩიუნაიტე) სხვა დანარჩენი პერსონაჟებისგან გარეგნობით გამოირჩევა; მას აცვია მოკლე დრაპირებული კაბა, აჩეჩილი თმა აქვს, ველურს მოგაგონებთ, ბერძნები მას ხომ სწორედ ბარბაროსად აღიქვამენ, ამიტომაც ასეთი გადაწყვეტა სავსებით ლოგიკურია. მედეას შემსრულებელს ზომიერად აქვს შეზავებული პერსონაჟის ფსიქო-ემოციური პალიტრა; იგი ბუნებრივად წარმოაჩენს მედეას, როგორც შეურაცხყოფილ, ისე მოსიყვარულე და ამავდროულად გრძნეულ ქალს.
აიდას მატუტისის იასონი არის ხეპრე, ამაზრზენი და მოძალადე მამაკაცი, რომელიც ფიზიკურად თუ მორალურად ავიწროებს მედეას, რადგან მძაფრად მიუთითებს ცოლს იმაზე, რომ იგი ბარბაროსია და ყველაფერში მხოლოდ მას მიუძღვის ბრალი, ამასთანავე, თმით ათრევს ყველას წინაშე. მსახიობი ძალზე ბუნებრივად ქმნის რეჟისორის მიერ შემოთავაზებული იასონის მხატვრულ სახეს. იგი არაა სტერეოტიპულად ათლეტური იასონი, რომელსაც ანტიკურ გამოსახულებებსა თუ სხვა რეჟისორების მიერ შემოთავაზებულ ნამუშევრებში ვხედავთ, იგი უფრო ზევსს მოგაგონებთ. შესაძლებელია, რეჟისორმა არა მხოლოდ გარეგნული სტერეოტიპების დასამსხვრევად შეაჩერა არჩევანი აიდას მატუტისზე, არამედ იასონის ბუნების სხვა რაკურსით წარმოჩენის მიზნითაც, რადგან ბადრი წერედიანის ინტერპრეტაციაში იასონი იმდენად აროგანტულია, რომ საკუთარ თავს მედეას ფონზე ღმერთად აღიქვამს.
ამასთანავე, გლავკეც (ვიქტორია მილიაუსკაიტე) არასტერეოტიპულადაა წარმოდგენილი; იგი არაა კდემამოსილი, როგორც ძირითადად ამ პერსონაჟს რეჟისორები წარმოაჩენენ, არამედ პირიქით - „აღვირახსნილია“, ბოჰემური ცხოვრების მოყვარული, მასხარების წინაშე იასონთან კავდება სექსით, თვრება ღვინით, ისე ერთობა, თითქოს დიონისეს დღესასწაულზეა.
ის, რომ იასონს გლავკე მხოლოდ ძალაუფლების და სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით სჭირდება, სწორედ ამ რეჟისორული გადაწყვეტით გამოვლინდა. ასევე, იასონი არ ერიდება საცოლეს და მის წინაშე მედეას ეუბნება, რომ კრეონის ასული მას მხოლოდ ძალაუფლებისთვის და ოჯახური კეთილდღეობისთვის სჭირდება. გლავკე მოჩვენებითად ღელავს ამ სიტყვებზე, რადგან ყოველგვარი გულწრფელობის გარეშე გამოხატავს ამ ემოციას, თანაც მასხარები მას გაშარჟებულად ამშვიდებენ - მარაოს უქნევენ, რომ სუნთქვა უკეთ შეძლოს. ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ არ ადარდებს გლავკეს იასონის ასეთი საქციელი? რადგან კრეონის ასული თავად მომხმარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავს საქმროს მიმართ და მასში მხოლოდ სექსუალურ ობიექტს ხედავს.
იოგაილა შიმკუსი და კამილე პილიბაიტიტე მცველების, მასხარებისა და მედეას შვილების როლებს ასრულებენ. ორივე მსახიობი გარდასახვის შესანიშნავი უნარით გამოირჩევა, ამიტომაც არაა გასაკვირი ის, თუ რატომ შეაჩერა რეჟისორმა არჩევანი ამ ორ შემსრულებელზე.
მართალია, მედეას მიიჩნევენ ბარბაროსად, მაგრამ სწორედ ბერძენი პერსონაჟები არიან წარმოჩენილნი „ველურებად“, რაც გამოიხატა მსახიობთა მოძრაობებსა და ხმებში, რომლებიც ჯუნგლებიდან გამოქცეული ცხოველების ხმებს მოგაგონებთ. ასევე, მედეას სასახლიდან ცხოველურად აგდებენ, მაგრამ, შეურაცხყოფის მიუხედავად, მედეა დინჯად და ამაყად დაიარება. მსგავსი გადაწყვეტა გამოკვეთს იმას, რომ კრეონის (როლანდას ნორმანასი) მმართველობა უკიდურესად დასუსტებულია, იმდენად, რომ სამეფო კარი მორალურად დეგრადირდა.
ზოგადად, კრეონის კარი „გარყვნილების ბუდედაა“ წარმოდგენილი, სადაც ბოჰემური ცხოვრება სუფევს; გეგონება იგი სახელმწიფოს ნაცვლად ღამის კლუბს განაგებს. ამ ატმოსფეროს შექმნაში კი მნიშვნელოვანი როლი უკავია კომპოზიტორ გიორგი ხოსიტაშვილის მუსიკალურ აქცენტებს. არა აქვს მნიშვნელობა - იქნება ეს როკ მუსიკა თუ ელექტრონული, იგი ორგანულად ესადაგება სპექტაკლის დანარჩენ კომპონენტებს და გამოკვეთს რეჟისორის გადაწყვეტებს.
საბოლოო ჯამში, ბადრი წერედიანის „მედეა“ რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის გამორჩეულ სპექტაკლად იქცა, სწორედ მაღალი მხატვრული ხარისხის გამო წარმოდგენა იმსახურებს როგორც ჩვეულებრივი, ისე პროფესიონალი მაყურებლის ყურადღებას.