
ვინ არი ს მტერი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თამთა ქაჯაია
ვინ არის მტერი
თოჯინების თეატრი - სცენური ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ფორმაა, რომლის მთავარი გამომსახველი (თოჯინა) საშუალებით იქმნება ესთეტიკური, კულტურული და ხშირად საგანმანათლებლო სპექტაკლი. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრში 25 მაისს გაიმართა ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის პრემიერა - „მტერი“ სადაც, გაერთიანებულია ვიზუალური ხელოვნება, მუსიკა, ქორეოგრაფია, მოძრაობა, ხმოვანი ეფექტები და ტექსტი.
სპექტაკლის ნარატივი აგებულია საბრალო ადამიანის ცხოვრების გარშემო, როგორ ექცევა სოციუმი ბუნებით სუსტ ადამიანს. ვინ არის მტერი - საზოგადოება თუ საკუთარი თავი - ამ შეკითხვას აჩენს სპექტაკლის სათაური, რომელზეც ცალსახა პასუხი არ არსებობს, რადგან უმოქმედობა ხშირად ადამიანის ყველაზე, ფარული და ყველაზე ძლიერი მტერია, რომელიც ჩუმად აკავებს გრძნობებს. ამავდროულად საზოგადოება ყოველთვის ქმნის „ნორმის“ წესებს, მათი დარღვევა კი ავტომატურ გარიყვას გულისხმობს.
მოქმედება იწყება ნახევრად ბნელ სცენაზე, მსახიობები მოძრაობენ სივრცეში, მათი ქმედებები დროის მიმდინარეობაზე მიგვანიშნებს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ თოჯინას, როგორც პასიურ სუბიექტს - დაბადებიდან გარდაცვალებამდე. თითოეული ეპიზოდი მის უმოქმედობას უფრო მეტად უსვამს ხაზს, რაც ამბივალენტურ ემოციებს იწვევს მაყურებელში ბრაზსა და სიბრალულს.
სპექტაკლში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თეთე ბერძენიშვილის (თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის - II კურსი) ცოცხლად შესრულებული აკომპანემენტი, მუსიკაზე აგებული ნარატივი სიუჟეტურ განვითარებასა და ემოციურ დინამიკას აყალიბებს. მუსიკა ამ წარმოდგენაში არ არის მხოლოდ ატმოსფერული ელემენტი - იგი განსაზღვრავს ამბავს, რითაც გადმოიცემა ემოციური ნიუანსები, გმირების განწყობა, დრამატული კულმინაციები - მეტაფორა ყოველგვარი ვერბალური დიალოგის გარეშე. სპექტაკლში სწორედ მუსიკამ დაიკავა ის ფუნქცია, რომელსაც დრამატულ თეატრში ტრადიციული ტექსტი ასრულებს.
წარმოდგენაში მონაწილეობენ თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობები: მარიკა ძაგნიძე, ნინო პაპიაშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, ნათია ხმიადაშვილი, დავით ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი. ასევე, თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტები: ნუცა აბაშიძე, ნანა ახვლედიანი, მარიამ ბერუაშვილი, თეთე ბერძენიშვილი, ლუკა ბურდიაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, მარიამი გაბაძე, რაჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, თორნიკე მიქაძე, ნიკი ტაბაშიძე, ლუკა ფესვიანიძე, სანდრო ფოლადაშვილი, ნინო ჯალაღონია.
მსახიობები ახერხებენ და გვაჩვენებენ ადამიანსა და თოჯინას შორის ურთიერთობას - ორსახოვან, ადამიანურ და არაადამიანურ ურთიერთობების სირთულეს. სპექტაკლში სცენაზე საგნები ცოცხლდება, მეტყველი ხდება სუბიექტი, ობიექტსა და ხელოვნებას შორის ბუნდოვანი საზღვრები იშლება, ერთიანდება ორი სამყარო სადაც, ყოველივე სიცოცხლის ერთობლიობას ნიშნავს.. თოჯინების თეატრი ხომ ის ადგილია სადაც ტერმინებს „ობიექტსა“ და „ნივთს“ შორის ჩნდება განსხვავება.
ერთ-ერთ სცენაში ვხედავთ თოჯინური თეატრის ძირითად სპეციფიკას - მასშტაბებისა და აღქმის თამაში. თოჯინური სამყარო თვითონვე არის რეალობის მინიატიურული მოდელი, როდესაც ცოცხალ პლანში მსახიობი (მამა) ესვრის ბურთს თოჯინას (შვილს) ვხედავთ თოჯინას სამყაროში ამ აქტის სიმბოლურ „შემცირებას“ - პატარა ბურთით. აღნიშნული ქმედება ადამიანის რეალურ სამყაროსა და თოჯინას ილუზიური სივრცის განმასხვავებელი ზღვარია. ამ მოქემდებით სამყაროში ერთი და იგივე ქმედების განსხვავებულ მასშტაბში აღიქმება მოცემულობა, რაც დიდია ერთისთვის შეიძლება უმნიშვნელო იყოს მეორისთვის. აღნიშნული სცენა მაყურებლის ემოციურ ჩართულობას იწვევს, ამით კი იქმნება მაგიური რეალიზმის ეფექტი - სადაც ფიზიკური ლოგიკა ყოველთვის არ მუშაობს, მაგრამ ემოციური ძლიერად მოქმედებს.
სპექტაკლი განკუთვნილია მოზარდებისთვის და მოზარდი მაყურებლისთვის (+8) რადგან ცენტრალურ თემად წარმოდგენილია ფსიქოლოგიური ზეწოლა, წნეხი, ჩაგვრა - ისინი სწორედ იმ ასაკობრივ ფაზაში იმყოფებიან, როდესაც პიროვნული იდენტობის ფორმირება, თანატოლებთან ურთიერთობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
თოჯინები წარმოადგენენ ბავშვების შინაგან ხმას, იმ ხმას, რომელიც ხშირად ჩუმდება შიშით, სირცხვილით ან იმით, რომ არავის სჯერა მათი. თოჯინა იგივეა რაც შიში, ტკივილი, სირცხვილი - თუ ამ ხმას მოვუსმენთ და არ დავთრგუნავთ, ის გადაიქცევა ჩვენს ძალად. და მაინც ვინ არის მტერი - საზოგადოება თუ საკუთარი თავი.