top of page

ვინ მოკლა „თოლია“?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

2259.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

ვინ მოკლა „თოლია“?

ანტონ ჩეხოვის პიესა „თოლიას“ სიუჟეტი ნამდვილი ამბავია.  ისააკ ლევიტანმა  - ცნობილმა მხატვარმა თავის მოკვლა სცადა, მასთან გამოძახებულ  ექიმ  ჩეხოვს თავწაკრული ლევიტანი დახვდა, რომელიც სახვევს მოიხსნის, იატაკზე დააგდებს, თოფს აიღებს და ტბასთან გავა. სულ მალე იგი მოკლული თოლიით დაბრუნდა.

პეტერბურგის ალექსანდრეს თეატრში პიესის პრემიერას დიდი სკანდალი მოჰყვა და მალე მოიხსნა, რადგან მაყურებელმა ვერ გაიგო ის ახალი დრამატურგია რამაც მალე „ახალი დრამის“ სახელი მიიღო. მხოლოდ ვერა კომისარჟევსკაიას მიერ განსახიერებული როლი აღმოჩნდა ის, რაზეც აღფრთოვანებული ანტონ ჩეხოვი წერდა; „არავის ასე სწორად, ასე მართებულად  და ღრმად  არ ესმის ჩემი, როგორც ვერა კომისარჟევსკაიას, ბრწყინვალე მსახიობს“.  მოგვიანებით სამხატვრო თეატრში ვ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს დადგმით (არკადინა - ო. კნიპერ-ჩეხოვა, ტრიგორინი-  კ. სტანისლავსკი, ტრეპლევი - ვს. მეორხოლდი, ნინა -მ. როკსანოვა) ეს სპექტაკლი  თეატრის საფირმო ნიშნადაც კი იქცა, რასაც დღესაც ატარებს ეს კოლექტივი.

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. პროფესიულ თეატრში მეორე სეზონია თამაშობენ „თოლიას“, რომელიც ანდრო ენუქიძემ დადგა. რეჟისორი ავტორს ზუსტად მიჰყვება, არა მხოლოდ  დრამატულ ტექსტს, არამედ რეპლიკებსა და მხატვრულ გაფორმებასაც კი. მაგ. სცენაზე მარცხნივ მოწყობილია პატარა  სცენა ტბის პირას, ნავი, სადაც მოგვიანებით ტრიგორინი (დავით ჯაყელი) თევზაობს, ბუჩქები სცენის გარშემო. თუმცა აქ სცენოგრაფიაში მთავარია ის, რომ მაყურებლის ნაწილი ამ პატარა სცენის სიახლოვეს,  ამფითეატრზეა განლაგებული, მარჯვნივ კიდევ ერთი ამფითეატრი კი სპექტაკლის მონაწილეებისათვის განკუთვნილი, სადაც დასაწყისში მხოლოდ მანეკენები (მაყურებლები) სხედან, და სადაც სულ მალე ირინა არკადინა (მაია ცეცხლაძე)  და მისი თანმხმლები პირები განლაგდებიან ტრეპლევის (მამუკა მანჯგალაძე)  პიესის საყურებლად და მოსასმენად.

რაც შეეხება მანეკენებს (მაყურებლებს) ისინი უხვად არიან სცენაზე, მის მიღმაც ბელეტაჟის ლოჟებში და არა მხოლოდ. მთავარი რეჟისორის ლოჟიდან თვით დამდგმელი რეჟისორი ადევნებს თვალს სპექტაკლის მსვლელობას. რასაკვირველია დამდგმელმა რეჟისორმა და მხატვარმა (გოგლა გოგიბერიძე) ამოცანად დაისახეს თეატრი თეატრში წარმოედგინათ, რასაც თავისთავად დრამატურგიაც უწყობს ხელს და რაც მთავარია მსახიობთა თამაში სტილის ასეთივეა: ყველა „თამაშობს“:  არკადინა - დიდ მსახიობს, ნინა ზარეჩნაია (ანი ზურაბიშვილი) დამწყებს, ტრეპლოვი ჰამლეტს, სორინი (ზაალ გოგუაძე) - ავადმყოფსა და დაუძლურებული მოხუცს, მედვედენკო (ლაშა კონცელიძე) - მორჩილ მეუღლეს, პოლინა (ქეთევან ეგუტიძე) მზრუნველ დედას და დედამთილს, უცნაური კაცი (კახა კობალაძე) კი თვით დრამატურგ ანტონ ჩეხოვს. ამასვე მიუთითებს წარმოდგენაში დროდადრო მსახიობთა მიერ  წარმოთქმული ფრაზა „აღარ ვიწყებთ?“ და სპექტაკლის ფინალი, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. თეატრი თეატრში არახალია, მაგრამ ეს  ბათუმის თეატრის წარმოდგენას განსაკუთრებით უხდება თუნდაც დრამატურგიულ მასალას გათვალისწინებით და პარალელებიც შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტთან“ თვით ავტორისეულია.

მაშასა (ანანო იაშვილი) და მედვედენკოს (ლაშა კონცელიძე) პირველი სცენა, რომელიც ამ მეორე ამფითეატრზე მიმდინარეობს ერთგვარი „თამაშია“ გულწრფელ სკოლის პედაგოგსა და ტრეპლოვზე შეყვარებულ მაშას შორის, ვისაც სულ მალე ტრეპლევი საუბარს შეაწყვეტინებს  მყუდრო ადგილს დაატოვებინებს: ყველანი სპექტაკლის დაწებას და ირინა არკადინას ელოდებიან. დიდი მსახიობის წინაშე ნინა ზარეჩნაიას სადებიუტო წარდგენა  ღელვას და ნერვიულობას იწვევს, ტრეპლევს „ახალი ფორმების“ ძიების ამოცანა დაუსახავს და მისი პიესაც ამის დამადასტურებელი უნდა გახდეს. დარბაზის სიღრმიდან, ზემოდან კიბეზე ეშვებიან ირინა არკადინა და მისი თანმხლები, ბოლოს კი ტრიგორინი ამოდის სცენაზე. „ჰამლეტიდან“ ციტატებით დედა-შვილის გასაუბრების შემდეგ: არკადინა: „შენ ჩამახედე, შვილო, ჩემო სულის წყვდიადში, სულის ჭრილობა დამანახე განუკურნელი და ახლა ჩემთვის აღარც ხსნაა, არც გადარჩენა“ ...

ტრეპლევი: „რისთვის დაღუპე სული შენი ბიწიერებით, ანდა სიყვარულს რად ელოდი ბოროტებაში“ – სპექტაკლის იწყება.

ნინა ზარჩნაია რაღაც სპირალის მაგვარ რკინის ნაკეთობაში სცენაზე წარმოთქვას მონოლოგს ახალი პიესიდან - უნიჭოდ და არაფრისმთქმელად, „ეს რაღაც დეკადენტურია“ - დამცინავად გადახედავს არკადინა ტრიგორინს. რამდენიმე გადაძახილის შემდეგ არადიანს ფრაზაზე „ექიმმა ქუდი ეშმაკს მოუცადა - მუდმივი მატერიის მფლობელს“ სპექტაკლი შეწყდება და გაბრაზებული ტრეპლევი გარბის. პიესის მთავარი ამბავი ირინა არკადინას და ნინა ზარეჩნაიას დაპირისპირებაა და  ესე ვთქვათ „სასიყვარულო სამკუთხედი“: დედა - საყვარელი - შვილი (ჰერტრუდა-კლავდიუსი-ჰამლეტი). სპექტაკლში არკადინა და ტრიგორინი ზუსტად ისე განლაგდებიან და ისე უსმენენ ტრეპლოვის სპექტაკლს, სადაც ნინა ზარეჩნაია თავის ცნობილ მონოლოგს კითხულობს: „ლომები ლომები, არწივები და კაკბები...“, როგორც ჰერტრუდა და კლაუდისუსი ცნობილ „სათაგურის“ სცენის დროს  „პამლეტიდან“ და ასევე შეაწყვეტინებენ სპექტაკლის მიმდინარეობს, როგორც შექსპირის ამ ტრაგედიაში.

რისთვის დასჭირდა ანტონ ჩეხოვს ასეთი პარალელები შექსპირის „ჰამლეტთან“ - ამის შესახებ რამდენიმე მოსაზრება არსებობს. მაგრამ ყველაზე ლოგიკური მაინც ბორის ზინგერმანის მოსაზრებაა: „როგორც ცნობილია „თოლია“ ჩეხოვის ყველაზე ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია, პიესა რომელთანაც პირველ რიგში დაკავშირებულია „ახალი თეატრალური სისტემის“ დაბადება (ბ. ზინგერმანი, „ჩეხოვის თეატრი და მისი  მსოფლიო მნიშვნელობა“, მ., 1988 წ. გვ. 58-59). შექსპირის ჰამლეტი ხომ ის გმირია, რომლისთვისაც ცხოვრების არსის ძიება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მისი პირადი მიზნები და მისთვის ბრძოლა. ამ ნაწარმოებით  იწყებს ანტონ ჩეხოვი იმდროინდელი თეატრში დაკანონებული სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას და აღწევს კიდევაც თავის შემდგომ პიესებშიც.  რეჟისორი ანდრო ენუქიძე ამ სპექტაკლში სწორედ შექსპირის „ჰამლეტისეულად“ აწყობს მიზანსცენებს. ტრეპლევი ნამდვილი ჰამლეტია, არკადინა ჰერტრუდა და ნინა კი ოფელია, რომელიც თავს იკლავს,   მისი დროებითი რომანი ტრიგორინთან საბედისწერო  აღმოჩნდება. რეჟისორი როგორ იტყვიან დანის წვერზე გადის - არანაირი კუპიურები, ავტორისეული სრული ტექსტი შესაძლებელი იყო მოსაწყენი და რთული აღსაქმელი გამხდარიყო მაყურებლისთვის (ეს ოდნავ მაინც  იგრძნობა პირველი მოქმედების დასასრულში ნინასა და ტრიგორინის სცენაში ნავში: „...ჩემი თავი როგორც მწერალი არასოდეს მომწონებია...“ თუმცა უცნაური კაცის - ჩეხოვის რეპლიკამ „ანტრაქტი“ იხსნა სიტუაცია).

ირინა არკადინა (მაია ცეცხლაძე) მანერულია, ხელების უცნაური მოძრაობით და „ლალალა“-თი (საკმაოდ გადამეტებულიც კი, იმდენად რომ როლს ერთფეროვან ხასიათს აძლევს), იგი სამკვდრო -სასიცოცხლოდ ჩასჭიდებია ტრიგორინს, არც თუ ნიჭიერ მწერალს, რომელიც მხოლოდ მისთვის წერს პიესებს, ამიტომ მისი დაკარგვა კატასტროფის ტოლფასია - ამაყი ბუნებით თავსაც კი იმცირებს მის წინაშე - დასაწყისში როგორი უსუსურია მასთან საუბარში, როცა გაიგებს რომ მის მიტოვებას აპირებს, ღირსებადაკარგული ფეხქვეშ გაეგება და ფეხებსა და ხელებს უკოცნის, მაგრამ საკმარისია ტრიგორინი დაიყოლიოს, კვლავ ფეხზე წამოიმართება ღირსებას დაიბრუნებს -  „რა ვქნა უნებისყოფო ვარ“ ტრიგორინის   სიტყვების შედეგ თავს გამარჯვებულად თვლის - „ახლა კი ჩემი ხარ“- ამაყად აცხადებს არკადანა. მეორე მოქმედებაში ორი წლის მერე დაბრუნებული არკადინა იგივე კაბით?! თითქმის არაა შეცვლი, მიუხედავად იმისა, რომ დიდი პერიპეტიები გადაიტანა ტრიგორინის „დროებითი“ რომანის გამო.

ტრიგორინი (დავით ჯაყელი) ნამდვილად უნებისყოფო და უპრინციპო ადამიანია - მისთვის მთავარია ვიღაც ზრუნავდეს მასზე და თავისუფალ დროს თევზაობაში ატარებდეს. თავის ჩადენილ საქციელზე მაშინვე უარს ამბობს, როგორც კი ამის საჭიროება დგება. ბოლო შეხვედრის დრო,  როცა ნინა ზარეჩნაია ყველას თანდასწრებით სიყვარულს უხსნის, ტრიგორინი ურცხვად პასუხობს რომ არაფერი ახსოვს. აქ უნდა აღინიშნოს რომ არკადინასა და ნინას შეხვედრა ტრეპლევის თვითმკვლელობის წინ პიესაში არაა. რეჟისორი კიდევ ერთხელ ახვედრებს მათ, სადაც ნინა ახსენებს ირონა არკადინას რომ ტრიგორინი მასთან ღალატობდა. ამ აღსარების შემდეგ იგი იატაკზე დაეცემა მკვდარი თოლიასავით, რომელიც ტრეპლევმა სულ ადრე ტბაზე მოკლა.

ნინა ზარეჩნაია (ანო ზურაბიშვილი)- ოფელია მსახიობობაზე ოცნებობს, ამიტომაცაა ტრეპლევთან და ცდილობს მისი მუზა უნდა გახდეს. თუმცა ტრიგორინთან შეხვედრის შემდეგ მაშინვე მის მოხიბლვას ცდილობს. პირველი შეხვედრა ტბასთნ ხდება, სადაც ნავის ერთ ბოლოში არკადინა და ტრიგორინი სხედან, მეორე ბოლოში კი ნინა, სულ მალე ტრიგორინი ირინას მიატოვებს და ნინას მიუჯდება გვერდში, არკადინა თითქოს ამას ყურადღებას არ აქცევს, იმდენად დარწმუნებულია რომ მათ სიყვარულს საფრთხე არ ემუქრება. წარმატებული დებიუტის შემდეგ ნინა ტრეპლევს მიატოვებს და ტრიგორინს გაეკიდება და მის საყვარელი ხდება, მაგრამ სულ მალე მასაც მიატოვებენ  - ზარეჩნაია ოფელიას მსგავსად ასრულებს სიცოცხლეს,  პროვინციაში გადასახლებას და იქ სამსახიობო კარიერის გაგრძელება აპირებდა, მაგრამ ტრიგორინის ხელახლა უარყოფის შემდეგ იატაკზე დაეცემა ტრეპლოვის მიერ მოკლული თოლიის მსგავსად.  დამდგმელი რეჟისორი აქაც ცვლის ავტორისეულ მიზანსცენას. პიესის მიხედვით ნინა იქამდე გარბის, ვიდრე არკადინა და მისი ამალა დაბრუნდება - ანდრო ენუქიძემ, გადაწყვიტა კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა ნინა, არკადინა და ტრიგორინი და კიდევ უფრო გაეღრმავებინა მათ შორის კონფლიქტი, რასაც ნინის საბოლოო განადგურებამდე მივყავართ, აქედან სრულიად გასაგები ხდება ტრეპლოვის თვითმკვლელობის მეორე მცდელობა რაც ამ შემთხვევაში აღსრულდება კიდევაც.

ტრეპლევი (მამუკა მანჯგალაძე) - ნამდვილი ჰამლეტია (პერსონაჟიც და მსახიობური შესრულებით). მისი ექსცენტრიული ხასიათი და მეამბოხე ბუნება პირველივე სცენიდან ვლინდება: ერთი ცინიკური მზერა და ირონიული ფრაზა არკადინას მიერ დიდი კონფლიქტის საბაბი ხდება და მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაც ამ საბედისწერო სამკუთხედის: დედა-საყვარელი-შვილი გამოძახილია. მამუკა მანჯგალაძის ტრეპლევი ეჭვიანი, საკუთარ ნიჭში დარწმუნებული ახალგაზრდაა, ორი წლის მერეც ვერ დარწმუნდა საკუთარ უნიჭობაში და მაინც „ლიტერატურული მოღვაწეობითაა“ დაკავებული, მასში შეყვარებულმა მაშამ აისრულა სურვილი და დროდადრო ღამეს მასთან ატარებს, რაც სერიოზულად აღელვებს მის მეუღლეს მედვედენკოს, თუმცა არანაირად არ აწუხებს დედამის პოლინას (ქეთევან ეგუტიძე). ამ სახლში ყველანაირი ზნეობრივი ნორმები მორღვეულია და პასუხისმგებლობა საკუთარი საქციელის მიმართ მინიმუმამდეა დაყვანილი. ამდენად ამ წარმოდგენაში კიდევ ერთხელ გაცხადდა, რომ  პიესაში ჟანრობრივი სტრუქტურა ტრაგედიის ნიშნებს ატარებს (თუნდაც ის, რომ მთავარი გმირი კვდება), მაგრამ ჩეხოვი მას კომედიას უწოდებს.

სპექტაკლში ახლებურად გამოჩნდნენ მსახიობები ტიტე კომახიძე (დორნია), ზაალ გოგუაძე (სორინი) და ზაზა ზოიძე  (შამრაევი). მათ მიერ გახორციელებული სცენური სახეები ჩეხოვისეულია, ღრმა, საინტერესო და მნიშვნელოვანი არა მხოლოდ სპექტაკლისთვის, არამედ მათ მსახიობურ კარიერაშიც.

სრულად ფანტასმაგორიული, სიმბოლური და ფოირვერკულია სპექტაკლის ფინალი, ავტორის ჩეხოვის ნიშანზე, ამბავი დამთავრდა მისი ყველა მონაწილე შეძახილებით თავს ესხმის ამ სპექტაკლის „მაყურებლებს“, თეატრი ინგრევა, სცენაზე თანამიმდევრობით ენარცხებიან გარშემო და ბელეტაჟის ლოჟაში განლაგებული მანეკენი-მაყურებლები და ზევიდან დირექტორი ლოჟიდან თავზე „რეჟისორიც“ კი დაემხობათ.

bottom of page