
ვინ ვისი საყვარელია?!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
ვინ ვისი საყვარელია?!
თუ რუსთავის თეატრის რეპერტუარს თვალს გადაავლებთ, მიხვდებით, რომ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, სოსო ნემსაძე, არა მხოლოდ გამოცდილ, არამედ ახალბედა რეჟისორებსაც აძლევს სპექტაკლების დადგმის საშუალებას, რაც ახალგაზრდებისათვის დიდი მოტივაციაა. ამასთანავე, თეატრის რეპერტუარის გამრავალფეროვნების თვალსაზრისითაც, ეს გონივრული გადაწყვეტილებაა.
სოსო ნემსაძის მიერ დაარსებული კომედიის ფესტივალი გამარჯვებულ სტუდენტ რეჟისორს აძლევს რუსთავის თეატრში კომედიური ჟანრის სპექტაკლის დადგმის შესაძლებლობას. 2023 წლის ფესტივალის საუკეთესო რეჟისორი კი იმ დროისთვის რეჟისურის მიმართულების (ანდრო ენუქიძის ჯგუფი) მეორე კურსის სტუდენტი თემო დვალი აღმოჩნდა. 2024 წელს ახალგაზრდა რეჟისორმა თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა სადებიუტო სპექტაკლი – „ვახშამი ექვსისთვის“. სპექტაკლი ფრანგი დრამატურგის, მარკ კამოლეტის სიტუაციური კომედიის – „საღამური ექვსისთვის“ ინტერპრეტაციაა. ქართულ სცენაზე ეს პიესა რამდენჯერმე დადგმულა სხვადასხვა სათაურით – სანდრო ელოშვილმა ილიაუნის თეატრში 2011 წელს „ფრანგული გარნირი“ წარმოადგინა, 2015 წელს სოსო ბაკურაძემ – „სადილი ექვსისთვის“, ხოლო წლევანდელი სეზონის მიწურულს ოთარ ქათამაძემ ახმეტელის თეატრში – „საშიში კომედია პატარა სახლში“. საინტერესოა, რატომ არ შეინარჩუნა ოთხი რეჟისორიდან არცერთმა ორიგინალური სათაური?
თემო დვალმა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა მხატვრებმა (მარიამ კალატოზიშვილი, აწ კურსდამთავრებული; თინა გობეჯიშვილი, მაგისტრანტი; სანდრო ჯავახიშვილი, ბაკალავრი) გარკვეულწილად შეინარჩუნეს ავტორისეული ეპოქა (1980-იანი წლები), რაც გამოიხატება, მაგალითად, იმაში, რომ პერსონაჟები ძველი ე.წ. დისკიანი ტელეფონით ურთიერთობენ და არა სმარტფონებით, თუმცა სცენოგრაფია, თავისი ფლუორესცენტული განათებით, თანამედროვე სახლის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესაბამისად, შემოქმედებითმა ჯგუფმა ეპოქა განაზოგადა.
მოქმედება ვითარდება ახალგაზრდა ცოლ-ქმრის – ჟაკლინის (მარიამ კვიტაიშვილი) და ბერნარის (ირაკლი ჯიშკარიანი) სახლში. სპექტაკლის დასაწყისში მათი საქორწილო სურათი მორყეულია, რაც გვაფიქრებინებს, რომ ამ ოჯახს გაუჩნდა „ბზარი“ და მართლაც, წყვილი ერთმანეთს ღალატობს. სპექტაკლი „ჰეფი ენდით“ სრულდება, მაგრამ მათი სურათი ვარდება. ეს გადაწყვეტა შესაძლოა მეტყველებდეს იმაზე, რომ, რაც არ უნდა სახალისო იყოს ამბავი, ღალატი მაინც ღალატად რჩება და ასეთი ოჯახის ბოლო დაცემაა ან, არ არის გამორიცხული, რომ ესაა ურთიერთობების ძველი ეტაპის დასასრულისა და ახლის დასაწყისის გამომხატველი.
სტუდენტ რეჟისორს ჯერ მხოლოდ ორი სპექტაკლი აქვს დადგმული: თუ რუსთავის თეატრში კომედია დადგა, საკურსო სპექტაკლისთვის არჩევანი ფსიქოლოგიურ დრამაზე შეაჩერა და წარმოადგინა თანამედროვე ფრანგი დრამატურგის, ფლორიან ზელერის, „შენ რომ მომკვდარიყავი“. გამოიკვეთა ისიც, რომ თემო დვალი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ფრანგული დრამატურგიისადმი. ასევე, მნიშვნელობა არ აქვს, კომედიას მიმართავს თუ დრამას – მისთვის მთავარი საკვლევი თემებია სიყვარული და ღალატი.
თემო დვალის ორი დადგმიდან გამომდინარე, შესამჩნევია, რომ ახალბედა რეჟისორი საკუთარ თავს სხვადასხვა ჟანრში სინჯავს, თანაც ფორმის თვალსაზრისით ექსპერიმენტებს არ მიმართავს, ნაბიჯ-ნაბიჯ ქმნის თავის შემოქმედებით პალიტრას, რაც თავის მხრივ ლოგიკური გადაწყვეტილებაა, რადგან ამ ეტაპზე იგი პროფესიის საფუძვლებს ეუფლება. შესაბამისად, აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ თავისი სადიპლომო სპექტაკლით რეჟისორი განსხვავებული რაკურსით დაგვანახებს თავს.
სპექტაკლის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი სამსახიობო ანსამბლია, „ვახშამი ექვსისთვის“ კი სწორედ ამის მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ თემო დვალი ჯერ კიდევ სტუდენტია, მან წარმატებით მოახერხა არა მხოლოდ ანსამბლის შეკვრა, არამედ თითოეულ მსახიობთან ინდივიდუალურად მუშაობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სცენაზე ყოველი მათგანი ძალზე ბუნებრივია და სკრუპულოზურად ამუშავებს თავისი პერსონაჟის მხატვრულ სახეს. მართალია, პიესის ჟანრიდან გამომდინარე, მსახიობები გარკვეული დოზით ექსცენტრიკულები არიან, მაგრამ ამას ისინი ორგანულად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოხატავენ.
ნათია არბოლიშვილმა სიუზის მხატვრული სახის გამოძერწვით შექმნა გამორჩეულად სახასიათო პერსონაჟი. პინგვინისებრი სიარულის მანერით, კარიკატურული მიმიკით და ელვისებური გარდასახვის უნარით გამორჩეული მზარეული მაყურებელზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, რაც მათ ემოციებში გამოიხატება სიუზის პერსონაჟის სცენაზე ყოფნისას.
კოსტიუმების მხატვრების ნამუშევარს ეტყობა, რომ მათ სათანადოდ აქვთ შესწავლილი პერსონაჟთა გრძნობათა ბუნება, რაც გამოიხატება იმაში, რომ კოსტიუმები ორგანულად ესადაგებიან მოქმედი პირების ხასიათებს. მაგალითად, ბერნარის საყვარელი (ალექსანდრა თელია) ვარდისფერ კაბაშია, ბარბის მოგაგონებთ – მართლაც, იგი ლამაზი თოჯინაა, რომელიც გონებამახვილობით ნაკლებად გამოირჩევა. ასევე, მზარეული სიუზის ექსცენტრიკულობა ფაშფაშა ქვედაბოლოთი და დიდი სათვალით გამოიხატება. ჟაკლინის სამივე კოსტიუმში კი დომინირებს იისფერი. ეს ფერი შეიძლება ასოცირდებოდეს საიდუმლოებასთან – ჟაკლინი ხომ პირველია ოჯახში, ვისაც ფარული რომანი აქვს ქმრის მეგობართან. ამიტომაც, მხატვრის კოლორისტული გადაწყვეტა აბსოლუტურად ლოგიკურია. მზარეულის მეუღლე (ლაშა კანკავა) სახის მეტყველების საშუალებით და კოსტიუმიდან გამომდინარე (ტყავის სამოსი, ბენდენა) აროგანტული ბაიკერის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როგორც კი ცოლს დაინახავს, ფუმფულა დათუნიად იქცევა, რადგან დაწვრილებული ხმით სიუზის მიმართ აღტაცებას გამოხატავს. საპირისპირო ეფექტის შექმნამ კი მეტი კომიზმი შესძინა წარმოდგენას.
მართალია, როგორც ბერნარის, ისე რობერის (ნიკოლოზ გვაზავა) სამოსი შეიძლება კლასიკურად ჩაითვალოს, მაგრამ მცირე დეტალები გამოკვეთენ ამ ორი პერსონაჟის განსხვავებულ გრძნობათა ბუნებას. ირაკლი ჯიშკარიანის პერსონაჟს მეტად თავისუფლად აცვია, პერანგი შეხსნილი აქვს, ხოლო რობერს მოტკეცილი, ყელამდე შეკრული პერანგი და ნაქსოვი მოსაცმელი აცვია. ბერნარი მეტად ცუღლუტი, ლაღი, თავდაჯერებული მამაკაცია, ხოლო რობერი, ეშმაკური ბუნების მიუხედავად, მშიშარა და მორიდებულია – კრიტიკულ სიტუაციაში ეგრევე გაქცევას ცდილობს. სწორედ ამ მინიმალისტურ დეტალებში ჩანს, რომ მხატვრებმა სკრუპულოზურად იმუშავეს სპექტაკლის კოსტიუმებზე.
საბოლოო ჯამში, თემო დვალის სპექტაკლი „ვახშამი ექვსისთვის“ წარმატებული ნამუშევარია. მიუხედავად იმისა, რომ ეს სადებიუტო დადგმაა, ახალბედა რეჟისორმა შემოქმედებით ჯგუფთან მუშაობის კარგი უნარი გამოავლინა, რაც ჩანს იმაში, რომ სპექტაკლის თითოეული კომპონენტი ქმნის ერთიან მხატვრულ ორგანიზმს.
ფოტო – ირინა აბჟანდაძე