და ვინ ხარ შენ?

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

232868134_467_0_1158_760_1920x0_80_0_0_191693cb09499bc63c3fd9e68bac11ba.jpeg

ეკა თხილავა

 და ვინ ხარ შენ?

 

 

„ოსტატსა და მარგარიტას“, ალბათ, ყველა ასე კითხულობს - ცოტა თვალებგაფართოებული, ცოტა სულშეძრული, ცოტა გულაჩქარებული.

სტალინსაც აუჩქარდა, ალბათ, გული, მისი კუთვნილი ეგზემპლარი რომ ჩაიკითხა; წაიკითხა. ჩაიღიმა და ჯიუტად მიაწერა - „არაა საბჭოთა ხალხი მზად ამ წიგნის წასაკითხადო“...

მაგრამ ბულგაკოვი არც თავისთან იხმო და არც...  ვირთხებით სავსე რომელიმე ძველ მოსკოვურ სარდაფში მიახვრიტა...

რას ვერჩით?

იქნებ, არც ტყუოდა ამ შემთხვევაში...

რა კანტი, რის ვოლანდი, რა იეშუა???

გაგანია სტალინის ეპოქა იყო...

ვინ დაბეჭდავდა წიგნს, სადაც ეწერა - „ყოველი ხელისუფლება ადამიანზე ძალადობააო“...

დღემდე მკლავს ეჭვი - რატომ არ დახვრიტა?

ცხადია, იცოდა... იცოდა სტალინმაც, რომ ჯერ არ იყო მზად საბჭოთა ხალხი... ჯერ, თორემ ის დროც მოვიდოდა...

დრო, როცა ჩუმად წაიკითხავდნენ ბულგაკოვსაც...

დახშულ ოთახში ჩართავდნენ „ბითზლსაც“...

განაბულები მოუსმენდნენ ბროდსკისაც -

„Не выходи из комнаты, не совершай ошибку.
Зачем тебе Солнце, если ты куришь Шипку?
За дверью бессмысленно все, особенно — возглас счастья.
Только в уборную — и сразу же возвращайся.“

იცოდა ბელადმა,  უსტალინოდ დარჩენილი საბჭოთა ხალხი რომ ასე „აიშვებდა“ და „გაჯიუტდებოდა“...

კარგია, ბროდსკი რომ ვერ მოესწრო სტალინს... უთუოდ დროულად დაიბადა... თორემ მზეც სანატრელი გაუხდებოდა და „უბორნიაც“, ნობელის პრემიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ...

ჩვენი გმირიც დროულად დაიბადა...

სტალინს ვერ „აცდა“, მაგრამ „გადაურჩა“...

1938 წელი იყო...

შუაგული რეპრესიები ხანა - კარზე კაკუნისა და ღამე კიბეებზე ფეხის ხმის გაგონების რომ ეშინოდა ხალხს...

31 ივლისი იდგა... თბილისის ცხელი და მზისგან გათანგული ზაფხულის დღე...

დღესაც 31 ივლისია... 2020 წლის 31 ივლისი...

თუმცა, არც ბროდსკივით თავაშვებულად უცხოვრია... არც უმუშევრობისთვის დაუპატიმრებია არავის... არც წლები არ გადახვეწილა შორეულ ჭალებში... არც ლამის ბომჟივით უვლია ქალაქ-ქალაქ... არც ჰგავდა და მაინც რაღაცით მიაგავდა პოეტს...

მუშაობდა კიდეც (ზედმეტად ბევრსაც)...

უცნაურ და არასაბჭოურ სპექტაკლებსაც დგამდა... (და როგორ დგამდა...)

არც არსად გადაუსახლებიათ...

ჯილდოებსაც მშვიდად იღებდა.

და მტერსაც ეძახდნენ - საბჭოეთის, ცხადია, მაგრამ ყოველთვის „მშრალად“ ამოდიოდა მდინარიდან... და ისევ ჯილდოს ჯილდო ემატებოდა...

არის ამაში გარკვეული და განსაკუთრებული ინტრიგა...

სტალინი სადღა იყო, რომ დაეხვრიტა?

ან დახვრეტდა კი იმ ცნობილი მარქსისტის შვილიშვილს, ვისი რეკომენდაციითაც მიიღეს პარტიაში თავად ბელადი?

თუმცა, სტალინს რას გაუგებ?

კაკო ბაქრაძე წერდა ერთგან - „რობერტ სტურუას რის ეშინია? შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავსო“...

(ისევ ბულგაკოვის ასოციაცია „მოვიდა“ - ის მხიარული და დიდად დიპლომატი კატა - სახელად ბეჰემოტი)...

ესეც ნიჭია...

და დიდი ნიჭიც...

იყო და არც იყო მტერი...

გმტრობდნენ და გაღიარებდნენ...

უყვარდეთ და ძულდეთ...

ტაშს გიკრავდნენ და ყველა ნაბიჯზე გაკონტროლებდნენ...

ერთდოულად ყველა თავისი გმირის ნიჭი „აღმოაჩნდა“ - ყვარყვარესიც, რიჩარდისაც, აზდაკისაც...

სამართლიანობისა და უსამართლობის ბეწვის ხიდზე იარა...

სასტიკიც გახადა (ალბათ) ამ გზამ...

უხეშიც...

ხან აზდაკივით იცხოვრა... ხან ქრისტეს კვართში გამოხვეულ ყვარყვარედაც იქცა, ალბათ...

თუმცა, თუთაბერივით არასდროს უკითხავს - საიდან მოხვდა იქ?

კითხვებს არ სვამდა და არც პასუხებს იძლეოდა..

ესეც ფორმაა...

ფორმა  თვითგადარჩენისა და თვითშენიღბვის...

მისი ტემპერამენტისა და განწყობის ადამიანი საბჭოელი ბოლომდე მოწესრიგებული ბავშვი არასდროს იქნებოდა.

ისედაც სჩვევიათ სიჯიუტე ინტელიგენტების შვილებს...

მაგრამ ტაშის ხმა მაშინაც მოსწონდა, ალბათ...

ბავშვობაში პირველი როლი ჩაგრული ფერადკანიანის ითამაშა სკოლის სპექტაკლში და „დიდობაში“ ანტისემიტობა „მიაწერეს“ ... უფრო სწორედ, თავად „მიიწერა“...

უყვარს თამაში... პარადოქსული თამაში...

რას ვიზამთ? „ძალიან მალე, ძალიან მალე, იცვლება აზრი, იშლება კვალი...“ (არადა, როგორ არ უყვარს კვალის წაშლა... თუმცა, მაინც ახერხებდნენ და „უშლიდნენ“... „ყვარყვარეს“ ჩანაწერიც „გადაუშალეს“ და კოლმეურნეების ცხოვრება გადააწერეს ზემოდან... ასეთია საბჭოთა ირონია და საბჭოური დასჯის მეთოდი...)

განა ბულგაკოვმაც გოეთეს ცნობილი სიტყვებით არ დაიწყო „ოსტატი და მარგარიტა“? – „და მაინც, ვინ ხარ ბოლოს და ბოლოს“...

რას ვიზამთ?

თან იცხოვრო საბჭოთა კავშირში...

თან შექსპირი „ყირამალა“ დააყენო...

თან, როგორც ამბობდნენ, „თავისუფლება ცკ-ს დაქირავებაზე გაცვალო“ და მაინც დარჩე ნამდვილ, დიდ რეჟისორად,  მხოლოდ აზდაკსა და ყვარყვარეს შეეძლო ერთად...

ახსოვს საბჭოეთს ვერგაძლების შემზარავი ისტორიები...

და იშვიათად ახსოვს ასეთი სინთეზიც... გენიალური სინთეზი...

ოთარ ჭილაძე წერდა თავის დღიურებში: „არ დაუჯეროთ მწერალს, რომელიც ამბობს, ავტობოიგრაფიული არაფერია ჩემს ნაწერებშიო“.

ასეცაა...

სადღაც ფრთხილად, მაგრამ მაინც „კრთება“ ავტორი.

ჩემამდე ფრაზებად მოღწეულ „ყვარყვარეში“ ერთი სცენა ყოფილა - ფეხებს მოწაფეები ბანდნენ მასწავლებელს...

ამ ეპიზოდმა პიკასოს სიტყვები გამახსენა - „ადამიანებს შორის ასლი უფრო მეტია, ვიდრე ორიგინალიო“...

არ უყვართ „ორიგინალებს“ „ასლები“, თუმცა მშვიდად თანაცხოვრობენ მათთან... საჭირონი არიან - ტაშის დამკვრელებად... ფეხის დასაბანად... სიმშვიდისთვის...

და არც არაფერია ამაში უცნაური...

თუმცა, სიყვარული, ნამდვილი სიყვარული მისადმი არ იზომება... ან რა საჭიროა? შექსპირისა არ იყოს, „არაფრად ღირს ის სიყვარული, რომლის გაზომვაც შეიძლება“.

 

***

 

რუსმა ჟურნალისტმა კითხა ცოტა ხნის წინ -

- А кто ты?

- Я Христос! - ასეთი იყო პასუხი.

არადა, როგორ ველოდი, რომ იტყოდა -

- Я   Воланд И  Христос.

ვერ გამოვიცანი. და ასეც სჯობდა, ალბათ...

რა საჭიროა, ზუსტად გავთვალოთ, რას იტყვის და რატომ?

რა საჭიროა, ავხსნათ, რას წერს სადღაც და რატომ?

რა საჭიროა, ვიფიქროთ, რა სურს და რატომ?

რა საჭიროა, ვიცოდეთ, ვინ არის და რატომ?

რა საჭიროა, გავაანალიზოთ, რატომ იქცევა ცოტა არ იყოს, აროგანტულად საქართველოში და რატომაა სრულიად სხვა - რბილი, ლმობიერი, ღიმილიანი, კეთილგანწყობილი ტიპაჟი აქედან შორს... შორეულ ცივ ქვეყნებში...

რა საჭიროა, ვიკამათოთ რატომ იწყება „კავკასიური ცარცის წრის“ წარდგენა გერმანულ, რუსულ და ბოლოს ქართულ ენებზე? (მინიშნება ხომ ისედაც ცხადია)...

რაც საჭიროა, ისედაც ვიცით!

ყველაფერს გაუძლო ყველაფრის ფასად იქ, სადაც უამრავი ვოლანდი ან „ასლი ადამიანი“ ცხოვრობდა...

ბულგაკოვის იეშუა ამბობს - „თქვენ დამცინით, რადგან არ გგავართ, მე კი დაგცინით, რადგან თქვენ ერთმანეთისგან არ განსხვავდებით“...

 

***

ამას წინ ერთი ნაცნობი ამბობდა, ბოლო დროს სენტიმენტალური გახდაო...

წლებს დააბრალეს ირგვლივმყოფებმა...

დიდად არ მჯერა.

ასეთი იყო ყოველთვის, ალბათ.

მაგრამ იმ ეპოქაში სად იყო სენტიმენტების დრო?

თუ გადარჩენა გინდოდა, ან სტურუა უნდა ყოფილიყავი და ან - ბროდსკი...

სხვა შემთვევაში გზა მხოლოდ „უბორნიამდე“ მიდიოდა...

სულ ზღაპარია -

„ცრემლები?

ცრემლებზე ბოდიში!

ღიმილი?

ღიმილი რამდენიც გინდა!“

საბჭოური ზღაპარი, რომლისაც ყოფილ „საბჭოელებს“ ა(ღა)რ გვჯერა!

თუმცა, ერთი კია -  სენტიმენტები ჩვენს გმირს ცოტა მაინც შემოპარვია.

სიკვდილიც უნახავს სიზმარში.

როგორია, არ ამბობს. ან არ ახსოვს. ან არ ამხელს.

მაგრამ იცის, რომ ქალია და თუ თავად არ მოისურვებს, ვერსად წაიყვანს.

ისიც იცის, რომ „იმ ქალთან“ შეხვედრა არგენტინაში სურს...

არადა, ვინ იფიქრებდა ამას?

ერთი შეხედვით როგორი არაარგენტინული იმიჯი აქვს.

თუმცა, რა დროს არგენტინა, იმიჯი და „ის ქალია“? 

 

***

 

იყო და არა იყო რა...

„იყო შაშვი მგალობელი“...

ყველა შაშვივით დაბნეული და გზაარეული.

იმ შაშვს მეგობარი ჰყავდა ერთი - ზოლიანი პერანგით, სახასიათო ულვაშითა და თოკზე ასხმული საბჭოური ბუბლიკებით.

შაშვმა ვერ გაუძლო და დაბნეულად დაასრულა (ან არც დაასრულა) ერთფეროვანი, მოსაწყენი. უღიმღამო ცხოვრება. იმ ქვეყანაში ასე ხდებოდა... იმასაც ვერ ხვდებოდი, იყავი, არსებობდი ისევ, თუ - არა.

ზოლიანპერანგიანი მეგობარი კი კერკეტი კაკალი გამოდგა. ჯიუტი და პრინციპული (ბოროტი ხმები ამბობდნენ, უხიაგიცააო. ან, იქნებ, არცაა ეს ხმები ბოროტი? ან, იქნებ, უხიაგობა აუცილებელია გადარჩენისთვის?).

იარა. ბევრი იარა.

ბევრი გზაც გამოიარა.

ღმერთიც სხვადასხვა სახითა და ფორმით შემოხვდა ამ გზაზე.

დაკარგა და იპოვა.

იპოვა და დაკარგა...

მერე მაინც იპოვა...

„ათეისტი ბოლშევიკზე უარესიაო“ - ამასაც მიხვდა...

ხან შეუყვარდა ადამიანი.

ხან - შეძულდა.

ხან მარტომ იარა.

სულ მარტომ...

ერთი უცნაური კაციც „იპოვა“ ამ გზაზე -  ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, მისნაირი აღარასდროს რომ აღარ შეხვდებოდა არც ერთ ბილიკზე... ჩამოძონძილი... გაბურძგნული... სიზმარივით კაცი - სულ სხვა ფერებს რომ ხედავდა დედამიწაზე... იქნებ, სწორედ იმ მგზავრის - სერგო ფარაჯანოვის ფილმებმა და ახლართულმა ბროწეულმა დაარწმუნა სწორედ, რომ უფერული საბჭოეთიდანაც შეიძლება ასეთად აღიქვა სამყარო. რომ ხშირად ფასადური „ჭუჭყის“ მიღმაა ყველაზე დიდი სილამაზე...

გზადაგზა თანამგზავრებიც (მსახიობები) შემოიერთა. უმეტესობა მარიონეტად აქცია (მაგრამ არა -„ასლად“). ვიღაცები ჩამოიშორა. ვიღაცები თავად ჩამოშორდნენ. დამწყებ „თანამგზავრებსაც“ ხშირად ტოვებდა პირველივე გაჩერებაზე (პირველივე როლის მერე) უცერემონიოდ...

გზადაგზა „ორიგინალებთანაც“ უწევდა ბრძოლა... ხანდახან არც თუ სამართლიანი... არც „მამების თაობას“ ინდობდა.

არ იყო მარტივი მათთან ბრძოლა - სტალინს „გადარჩენილები“ მას „ემსხვერპლნენ“...

კანტი წერდა -  „ვინც მეტისმეტზე უარი თქვა, გაჭირვებისგან იხსნა თავიო“...

არადა, სწორედ ეს „მეტისმეტი“ უყვარდა ყოველთვის ჩვენს გმირს...

უყვარდა და არც „გაჭირვება“ აკლდა...

მაინც მოვიდა...

ამ ქვეყანაში იშვიათად ახერხებენ „აქამდე“ მოსვლას...

 

 

 

 

P.S. ნეტა, იმ „ბოლშევიკ“ კატას რა ერქვა?

ან თუ ჰგავდა ბულგაკოვის „ბეჰემოტს“?

ან რატომ იყო რევოლუციონერი? კლანჭი ხომ არ გაჰკრა განაწყენებულ მბრალდებელს?

არადა, როგორ მგვანებია ბუნებით პატრონს...