
ვინ ხარ შენ?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

22.12.2025
ლაშა ჩხარტიშვილი
ვინ ხარ შენ?
„ვინ ხარ შენ?!“ - ეს კითხვა სპექტაკლში მეტაფორულად დასმულია სიკვდილის მიერ და მიმართულია თავად ნიკო ფიროსმანისადმი, თუმცა საბოლოოდ ის მაყურებელზეც ვრცელდება. ბათუმის მუსიკალურ ცენტრში დადგმული სპექტაკლი, რომლის რეჟისორია ზაზა სიხარულიძე, ზვიად ბოლქვაძის კონცეპტუალურ მუსიკაზეა აგებული და ორ მსახიობს: კახა კობალაძესა და თათია თათრაშვილს აერთიანებს. ფორმით ეს არის დრამა მუსიკის თანხლებით, თუმცა არსებითად სპექტაკლი სცდება ტრადიციული ჟანრული ჩარჩოების ფარგლებს: აქ მუსიკა და თეატრი თანაბარი უფლებებით არსებობენ და ერთდროულად წარმმართველ ძალად გვევლინებიან.
ამ წარმოდგენაში მუსიკა არ არის მხოლოდ ატმოსფერული ფონური ელემენტი ან ემოციური გამაძლიერებელი; იგი თავად წარმოადგენს პროტაგონისტს, სპექტაკლის ჩონჩხს, ხერხემალს, რომელზეც შენდება რეჟისორის მიერ გამოყენებული ყველა სხვა თეატრალური კომპონენტი. ზვიად ბოლქვაძის მუსიკალური პარტიტურა განსაზღვრავს რიტმს, დრამატურგიას, სცენურ ლოგიკასა და მოქმედების განვითარებას. თანამედროვე თეატრალური რეჟისურა აქ სწორედ მუსიკის ილუსტრაციას ახდენს, მსახიობების, პლასტიკისა და ვიზუალური ხერხების დახმარებით. ეს იშვიათი შემთხვევაა, როდესაც თეატრი შეგნებულად უთმობს პირველობას მუსიკას და საკუთარ თავს მის თანმდევ, მაგრამ სრულფასოვან პარტნიორად განიხილავს.
ზაზა სიხარულიძის რეჟისურა მკაფიოდ ამართლებს ამ კონცეფციას. მისი თეატრალური ენა თანმიმდევრულია და ცნობადი, თუმცა ამ სპექტაკლში იგი განსაკუთრებულ სიზუსტესა და თავშეკავებულობას ავლენს. სცენოგრაფია, ვახტანგ ბესელიას მიერ შექმნილი, გამორჩეულია სისადავისა და მონუმენტურობის ერთდროული არსებობით. სცენაზე მხოლოდ ერთი, უბრალო ხის საწოლი დგას, მინიმალისტური საგანი, რომელიც მრავალფუნქციურ სიმბოლოდ იქცევა. მოქმედება სარდაფში ვითარდება: აგურის კედელი ბათქაშელახულია, თითქმის ჩამოცვენილი, სივრცე დახშულია და მძიმე. აქვეა ხის ჭრიალა კარი, საიდანაც სიკვდილი შემოდის დიდ მხატვართან. ეს სივრცე არ არის მხოლოდ რეალისტური გარემო; იგი ფიროსმანის შინაგან მდგომარეობას, მის მარტოობასა და ცხოვრების ბოლოს მოახლოებულ სიცარიელეს გამოხატავს.
კედელზე პროექციის სახით ცოცხლდება ფიროსმანის ნახატები — არა ყველა, არამედ ის ნამუშევრები, რომლებიც მისთვის არსებითად მნიშვნელოვანი იყო. ეს ვიზუალური რიგი არ წარმოადგენს უბრალოდ ბიოგრაფიულ ილუსტრაციას. თითოეული გამოსახულება უკავშირდება კონკრეტულ მოვლენებს, გამოცდილებებს, ცხოვრებისეულ ტრავმებსა და ნათელ მომენტებს. ნახატები გვახსენდება არა იმიტომ, რომ ისინი ცნობილია ან ესთეტიკურად მიმზიდველი, არამედ იმიტომ, რომ მათში ჩაბეჭდილია ფიროსმანის პირადი ისტორია და შინაგანი დრამა.
სპექტაკლი მუსიკალური შესავლით იწყება, როგორც საოპერო ნაწარმოები უვერტიურით ან საორკესტრო პრელუდიით. პირველივე წუთიდან მუსიკა წარმართავს ყველაფერს: ქმნის განწყობას, გვიყვება ისტორიას და გვახედებს მარტოსული ადამიანის სულში დატრიალებულ ქარიშხლებს. დასაწყისი ეფექტურია და მკაფიოდ განსაზღვრავს სპექტაკლის ესთეტიკურ და ემოციურ ტონს. მუსიკის დრამატიზმსა და გრადაციას განათება განასახიერებს. სოფიტები ხშირად ჩამოდის დაბლა. ეს ხერხი ზაზა სიხარულიძის სხვა სპექტაკლებშიც გვხვდება, თუმცა აქ იგი გამეორებად კი არ აღიქმება, არამედ აუცილებლობით არის განპირობებული. მკვეთრი შუქი თითქოს ზეცის ჩამოქცევას გვაგრძნობინებს ფიროსმანისთვის, როგორც მარტოსული ხელოვანისთვის, რომლის კართანაც სიკვდილი დგას.
სიკვდილი სცენაზე შემოდის გაფრთხილებით, კაკუნით, რაც უნებლიედ გვახსენებს ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის ცნობილ „ბედისწერის კაკუნს“. ზვიად ბოლქვაძის მუსიკაში კი სიკვდილი აბრახუნებს ფიროსმანის კარზე და მერე არის სიჩუმე, კარის ჭრიალი, სიკვდილის მშვიდი და არხეინი შემოსვლა.
კახა კობალაძის მიერ შესრულებული ფიროსმანი ჰაბიტუსითაც საოცრად ემთხვევა მხატვრის სახეს: მაღალი, გამხდარი, წვერიანი, პოეტური გარეგნობითა და მოკრძალებული, არაომახიანი საუბრის ტონით. მისი ფიროსმანი მშვიდია, შინაგანად შეკრული და იმდენად ადამიანურად ახლობელი, რომ სიკვდილთანაც, რომელსაც თათია თათარაშვილი ასრულებს, იდეალურ კომუნიკაციას ამყარებს. ეს არ არის დაპირისპირება, ეს არის დიალოგი, ძალიან საინტერესო დიალოგი (ტექსტზე თავად ზაზა სიხარულიძემ იმუშავა, სპექტაკლი კი ცნობილი მთარგმნელის თამაზ გიდერძიშვილის ხსოვნას მიუძღვნა, რომელთანაც რეჟისორი ხშირად თანამშრომლობდა).
განსაკუთრებით შთამბეჭდავია კახა კობალაძის პირველი მონოლოგი, სადაც პერსონაჟი გვიზიარებს ცხოვრების გამოცდილებას და საკუთარ დაკვირვებებს სამყაროზე. ამ დროს სოფიტები ბოლომდე დაშვებულია, შუქი მაქსიმალურად დაწეულია, თითქოს ფიროსმანს სუნთქვა უჭირს და სული ეკვრება. სიკვდილი ახლოვდება და კარის ჭრიალის შემდეგ სცენაზე შავებში ჩაცმული ლამაზი ქალი ჩნდება. ქალი, რომელიც ერთ ეპიზოდში მარგარიტადაც გვევლინება, ფიროსმანის მიერ დახატულ და ვარდებით შემკობილ სახედ. სწორედ ის სვამს საკვანძო კითხვას: „ვინ ხარ შენ?!“ თათია თათრაშვილი სიკვდილის სახეს ქმნის მოზომილი, მკაცრად კონტროლირებადი ემოციური პალიტრით. მისი შესრულება აგებულია გრადაციაზე: პერსონაჟი ხან მშვიდი და თავშეკავებულია, ხან ამაღელვებელი და დამძაბველი, ხანაც სასტიკი და დაუნდობელი, თუმცა ამავე დროს შეუძლია გარდაისახოს ლმობიერ, თითქმის ადამიანურ არსებად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსახიობის პარტნიორობის განცდა. ის სცენაზე მუდმივად „ისმენს“ კახა კობალაძის ფიროსმანს, რითაც მათი დიალოგი კონფლიქტიდან თანაარსებობამდე ბუნებრივად ვითარდება.
რეჟისორი ხშირად იყენებს ე.წ „სრულ დაბნელებას“ სცენაზე, როგორც გამომსახველობით ხერხს, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მუსიკალურ პარტიტურას. ასევე ხშირია კონტრაჟური განათება, რომელიც პარტერში მსხდომ მაყურებელს თვალში ჭრის და მუდმივ ფხიზელ მდგომარეობაში ამყოფებს. ეს დისკომფორტი მიზანმიმართულია და სპექტაკლის ემოციურ ზემოქმედებას აძლიერებს. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და შინაარსობრივად დატვირთული სცენაა ის მომენტი, როდესაც ფიროსმანი და სიკვდილი ერთად წვებიან. მათი მოძრაობა ისეა გადაწყვეტილი, თითქოს ისინი ერთი მთლიანია — სიცოცხლე და სიკვდილი, ერთი სფეროს ორი ნაწილი, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და არა უპირისპირდებიან. ქორეოგრაფმა კოტე ფურცელაძემ სახიერი სასცენო მოძრაობით კიდევ უფრო გაამძაფრა და ხაზი გაუსვა პერსონაჟთა სულიერ მდგომარეობას, რომელიც მოძრაობაში გამოვლინდა.
მსახიობები ტექსტს მიკროფონში წარმოთქვამენ, რის შედეგადაც ხმა ძლიერდება და მუსიკას უტოლდება. ეს ტექნიკური გადაწყვეტა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სპექტაკლის მთავარ პრინციპს: მუსიკისა და სიტყვის თანაბარ მნიშვნელობას. მთლიანობაში წარმოდგენა გამოირჩევა დახვეწილი მხატვრობით, ზუსტი ქორეოგრაფიით, სასცენო მეტყველების კულტურით, მაღალი საშემსრულებლო დონით, მუსიკალური მთლიანობითა და გააზრებული რეჟისურით.
„ვინ ხარ შენ?“ არ გვაძლევს ერთმნიშვნელოვან პასუხებს, მაგრამ გვიტოვებს ყველაზე მთავარ კითხვასთან პირისპირ, რაც ამ სპექტაკლის მთავარი ღირებულებაა.
ფოტოები: ირაკლი კიკვაძის