top of page

ვის გამოაქვს განაჩენი სინამდვილეში?

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

WhatsApp Image 2026-07-28 at 12.25.34 (1).jpeg

28.07.2026

ზუკა ნემსაძე

ვის გამოაქვს განაჩენი სინამდვილეში?

 

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ბოლო წლებში სულ უფრო თამამად ირჩევს თანამედროვე თეატრის გამომსახველობით საშუალებებს. თეატრის ხელმძღვანელის, გიორგი კაშიას ახალი საავტორო სპექტაკლი „კლიტემნესტრას სეანსი“, რომელიც ამავე სახელწოდების, რეჟისორის მიერ დაწერილი პიესის მიხედვით დაიდგა, სწორედ იმ ტიპის წარმოდგენაა, რომელიც მაყურებელს კომფორტული დისტანციიდან მოვლენების ცქერის საშუალებას არ აძლევს. პირიქით, თავიდანვე გთავაზობს თამაშის ახალ წესებს და გვიბიძგებს, გახდე არა მხოლოდ დამკვირვებელი, არამედ იმ პროცესის მონაწილეც, სადაც მორალი, დანაშაული, სინდისი და პასუხისმგებლობა ერთმანეთს კვეთს.

 

მოქმედება მეფის სასახლეში ვითარდება, თუმცა გიორგი კაშიასთვის ეს სასახლე მხოლოდ ისტორიული სივრცე არ არის. ის ფსიქოლოგიურ/ფსიქიატრიულ ლაბორატორიად და ამავდროულად ლაბირინთად იქცევა, სადაც წარსულში ჩადენილი დანაშაული მუდმივად აწმყოში ბრუნდება. კლიტემნესტრა, რომელსაც ია სუხიტაშვილი განასახიერებს, ფსიქოლოგ ელიას ვარონს მიმართავს იმ იმედით, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებას შეძლებს. თუმცა თერაპიული სეანსი თანდათან სასამართლოს ემსგავსება, სადაც განსასჯელის სკამზე თავად დედოფალი აღმოჩნდება.

 

რეჟისორი ტექსტს არ კითხულობს როგორც ანტიკური მითის მორიგ ინტერპრეტაციას. მისთვის მთავარი ადამიანის შინაგანი სასამართლოა, სადაც განაჩენს არც ღმერთები და არც კანონები არ წერენ - მას თავად ადამიანი, საკუთარი მეხსიერება და სინდისი ქმნის. სწორედ ამ კონცეფციის გამო წარმოდგენა თანამედროვე თეატრის ესთეტიკას ორგანულად ერწყმის და არ ცდილობს კლასიკური ტრაგედიის მხოლოდ ვიზუალურ რეკონსტრუქციას.

 

სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გადაწყვეტა სათამაშო სივრცეა. მაყურებელი სცენაზეა განთავსებული, მაშინ როდესაც მოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი პარტერში ვითარდება. ეს ინვერსია მხოლოდ ფორმალური ეფექტი არ არის. იგი არღვევს თეატრში დამკვიდრებულ ჩვეულ ურთიერთობას მაყურებელსა და მსახიობს შორის. პერსონაჟები თითქოს ჩვენს ყოველდღიურ სივრცეში შემოდიან, ხოლო მაყურებელი უნებურად აღმოჩნდება იმ სამყაროს შიგნით, რომელსაც ჩვეულებრივ დარბაზიდან აკვირდება.

 

ილია საჯაიას მხატვრული გადაწყვეტა ამ კონცეფციას მინიმალისტური, მაგრამ ზუსტი ვიზუალური ენით ამყარებს. გრძელი მაგიდა, ორი სკამი და აბაზანის ნიჟარა - თითქოს სრულიად ჩვეულებრივი საგნები - წარმოდგენის განმავლობაში მრავალფუნქციურ სიმბოლოებად გარდაიქმნება. დეკორაცია არაფერს გიყვება ზედმეტად, თუმცა საკმარისად ტოვებს სივრცეს, რომ მაყურებელმა საკუთარი ასოციაციებით შეავსოს.

 

გიორგი ჯღარკავას მუსიკა, რომელიც რეჟისორის სპექტაკლების განუყოფელ ნაწილად უკვე იქცა, აქაც ზუსტად გრძნობს წარმოდგენის ტემპსა და ემოციურ ტონალობას. მძიმე, ზოგჯერ შემაწუხებელი, თუმცა ყოველთვის გემოვნებიანი მუსიკალური ქსოვილი ქმნის იმ ატმოსფეროს, რომელშიც პერსონაჟების შინაგანი დაძაბულობა კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება.

 

მსახიობთა გუნდი რეჟისორულ ჩანაფიქრს ერთიანად ემსახურება. ია სუხიტაშვილი კლიტემნესტრას არა როგორც მხოლოდ მითოლოგიურ ფიგურას, არამედ შინაგანად დანგრეულ ადამიანს ქმნის, რომლის ყველაზე დიდი სასჯელი საკუთარი მეხსიერებაა. ირაკლი ჯიშკარიანის ელიას ვარონი კი ფსიქოლოგსა და მოსამართლეს შორის არსებულ ზღვარს მუდმივად შლის, რის გამოც პერსონაჟი მაყურებლისთვის ბოლომდე ამოუცნობი რჩება. გიგა აბულაძე, მარიამ მღებრიშვილი, ლევან გოგოხია და კობა მატკავა წარმოდგენის საერთო რიტმს ზუსტად მიჰყვებიან და ქმნიან იმ ანსამბლურ მთლიანობას, რომელიც თანამედროვე თეატრის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.

 

ია სუხიტაშვილის კლიტემნესტრა უჭკვიანესი და გამჭრიახი ქალია. ყველაფერი წინასწარ იცის, რადგან აქვს იშვიათი ინტუიცია. მსახიობი წამითაც კი არ იტყუება. ძალიან დამაჯერებელი და ორგანულია. მისი სცენური გრანდიოზულობა მაყურებელს უბიძგებს, სივრცე და დროს სხვაგვარად აღიქვას, მსახიობი ქმნის ემოციურ სამყაროს, რითაც აუდიტორიას მთლიანად იპყრობს. მისი სამსახიობო ოსტატობა, სხეულის ენა, ყოველ ნაბიჯზე ვლინდება. საინტერესო და შთამბეჭდავია მიზანსცენებში სადაც იგი, მთლიანად იაზრებს მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის მძიმე სულიერ მდგომარეობას და თავს არ ზოგავს მის გადმოსაცემად. ია სუხიტაშვილის მიერ განსახიერებული კლიტემნესტრას, თითოეული ჟესტი, ემოცია და სიტყვა ორგანულად ერწყმის პერსონაჟის შინაგან ბუნებას. მსახიობი მაყურებელს, სრულიად ძირავს მისი პერსონაჟის სამყაროში და აიძულებს მის მიერ გათამაშებული ყველა დეტალის თანამონაწილე გახადოს.  მიუხედავად, ამბის სიმძიმისა, რეჟისორს ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაყურებლისთვის გემოვნებიანი იუმორი შემოაქვს, რაც ადვილს ხდის უყურო იმ ყველაფერს რაც შენ წინ ხდება.

 

ირაკლი ჯიშკარიანი ელიას ვარონს, საინტერესო მხატვრულ სახეს გარდაქმნის, წინასწარ ვერ ხვდები რას შეიძლება მისგან ელოდო?! ექიმია? მოსამართლე? ვინ არის? საიდან და რატომ მოვიდა? იქ, სადაც ადამიანებს სიკვდილით სჯიან. ირაკლი ჯიშკარიანი სხეულის პლასტიკურობით ავლენს, პერსონაჟის ფარულ შრეებს, თითების, ხელების, ფეხების მოძრაობით, მიმიკების, სხეულის ენის გამოყენებით მაყურებელს აიძულებს, რომ მასზე იყოს კონცენტრირებული. იგი ფლობს, ღრმა ფსიქოლოგიური გადმოცემის უნარს, რითაც პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ყველა დეტალს მაყურებელს უზიარებს. მაშინაც კი როცა, ია სუხიტაშვილზეა ჯერი, რომ მაყურებლის წინ წარსდგეს, მსახიობი თავს  მოდუნების შესაძლებლობას არ აძლევს და უკვე სხეულის ენითა და ქცევებით აგრძელებს პერსონაჟის განსახირებას.

 

 

გიგა აბულაძის აგამემნონი და მარიამ მღებრიშვილის იფიგენია მამისა და შვილის ტრაგიკულ ურთიერთობას წარმოაჩენენ. რეჟისორული გადაწყვეტით, ისინი მაყურებლის სივრცეში არიან განთავსებულნი, საიდანაც სცენაზე განვითარებულ მოვლენებს აკვირდებიან და საჭირო მომენტებში თავადაც ერთვებიან მოქმედებაში. ეს საინტერესო კონცეფცია პერსონაჟებს ერთგვარ მოწმეებადაც აქცევს და იმავდროულად საკუთარი ტრაგედიის თანამონაწილეებადაც. თუმცა, ცალკეულ ეპიზოდებში მათი არსებობა სპექტაკლის ძირითად რიტმსა და კონცეფციას სრულად ვერ ერწყმის, რის გამოც პერსონაჟთა ხაზი ადგილ-ადგილ ფრაგმენტულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მიუხედავად ამისა, იმ მიზანსცენებში, სადაც პატრიოტიზმის იდეით შეპყრობილი აგამემნონი საკუთარი ქალიშვილის მსხვერპლად შეწირვის გადაწყვეტილებას იღებს, გიგა აბულაძე და მარიამ მღებრიშვილი პროფესიული სიზუსტითა და ემოციური სიღრმით ქმნიან ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ეპიზოდს. სწორედ ამ სცენებში მათი სამსახიობო ოსტატობა განსაკუთრებული სიცხადით ვლინდება და ტრაგედიის შინაგან დრამატიზმს სრულფასოვნად წარმოაჩენს.

 

ლევან გოგოხიას კალქასი სპექტაკლში ძალაუფლებისა და გარდაუვალი განაჩენის სიმბოლოდ გვევლინება. ერთი შეხედვით, იგი თითქოს მოვლენებისგან დისტანცირებულია, თუმცა სინამდვილეში სწორედ ის განსაზღვრავს ყველაფერს, რაც სცენაზე ვითარდება. მისი უხმო არსებობა მუდმივ დაძაბულობას ქმნის, ხოლო ყოველი გამოჩენა მაყურებელს ახსენებს, რომ ამ სპექტაკლში საბოლოო სიტყვა სწორედ მას ეკუთვნის.

 

წარმოდგენის ყველაზე ემოციურ მონაკვეთში მაყურებელი თვალს ადევნებს, როგორ ცდილობს ირაკლი ჯიშკარიანის ელიას ვარონი წამალდამოკიდებულებისა და მძიმე წარსულის ტყვეობიდან გამოიყვანოს ია სუხიტაშვილის კლიტემნესტრა. თუმცა თანდათან აშკარა ხდება, რომ ეს თერაპია გადარჩენისკენ კი არა, საბოლოო განაჩენისკენ მიმავალი გზაა - პერსონაჟი თითქოს რეალობაში მხოლოდ იმისთვის უნდა დაბრუნდეს, რომ სიცოცხლე სწორედ იქ დასრულდეს.

 

ამ მძიმე ემოციურ ფონს გიორგი კაშია მოულოდნელად არღვევს და მაყურებლის მოლოდინს სრულიად სხვა მიმართულებით ავითარებს. სცენაში, სადაც ირაკლი ჯიშკარიანსა და ია სუხიტაშვილს შორის პერსონაჟთა საზღვრები დროებით იშლება და დიალოგი უკვე მსახიობებს შორის წარმოსახულ დაპირისპირებას ემსგავსება, ჯიშკარიანის გმირი თითქოს უარს ამბობს დაკისრებული მოქმედების შესრულებაზე. ია სუხიტაშვილის ირონიული რეპლიკა - „მაშინ წადი სპექტაკლიდან, თუ როლის გააზრება არ შეგიძლია“ - ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს წარმოდგენა მოულოდნელად რეპეტიციის სივრცეში გადავიდა.

სწორედ ამ მომენტში, როცა ირაკლი ჯიშკარიანი სცენის დატოვებას გადაწყვეტს, განათდება ჩაბნელებული პარტერი. იქ გამოჩნდება ლევან გოგოხიას კალქასი, ხელში დაშნით და რეჟისორისთვის (გიორგი კაშიას ვგულისხმობ) დამახასიათებელი ზუსტი რიტმით წარმოთქვამს ფრაზას: „ხელშეკრულება, ირაკლი... ხელშეკრულება.“ მოულოდნელი რეჟისორული სვლა ტრაგიკულ ატმოსფეროში ირონიის ძლიერ მუხტს ქმნის, რასაც დარბაზი სიცილით პასუხობს. სწორედ ასეთი მოულოდნელი ტონალური ცვლილებებით ახერხებს გიორგი კაშია, რომ მაყურებელი მუდმივად შეინარჩუნოს დაძაბულობა და გამოიწვის დროებითი გაურკვევლობის ეფექტი.

 

კობა მატკავას მსახური სპექტაკლში მცირე სასცენო დროით არის წარმოდგენილი. პერსონაჟი ძირითადად მოქმედების დასაწყისსა და დასასრულში ჩნდება და კომპოზიციურ ფუნქციას ასრულებს. მიუხედავად შეზღუდული სასცენო შესაძლებლობისა, იგი ორგანულად ერგება რეჟისორის ჩანაფიქრს და წარმოდგენის საერთო სტრუქტურაში თავის ადგილს იკავებს.

 

ზემოთ აღვნიშნე, რომ ლევან გოგოხიას კალქასი ერთგვარად თავად რეჟისორის, გიორგი კაშიას, პროტოტიპად იკითხება. ეს ასოციაცია სპექტაკლის განმავლობაში არაერთხელ მყარდება. სწორედ მაშინ, როდესაც მაყურებელი ემოციურ პიკს აღწევს და მოუთმენლად ელის მოვლენათა შემდგომ განვითარებას, რეჟისორი მოულოდნელად არღვევს დრამატულ უწყვეტობას. განათდება პარტერი, ლევან გოგოხიას კალქასი, კი სრულიად ყოფითი ინტონაციით წარმოთქვამს: „შემდეგი სცენა, მოამზადეთ სცენა.“

 

სივრცეში შემოდის ტექნიკური ჯგუფი, რომელიც მაყურებლის თვალწინ იწყებს დეკორაციის გადალაგებას. პროცესი არაფრით არის შენიღბული - ყველაფერი ღიად, თეატრალური პირობითობის სრული გაცნობიერებით მიმდინარეობს. ტექნიკური პერსონალი სამუშაოს პარალელურად ერთმანეთთან ჩვეულებრივ დიალოგსაც მართავს, რაც სცენას ყოველდღიურობის ელფერს სძენს და კიდევ უფრო შლის ზღვარს თეატრალურ ილუზიასა და რეალობას შორის. სწორედ ამ დროს კვლავ ჩნდება ლევან გოგოხიას კალქასი, რომელიც მკაცრი ტონით კითხულობს: „რა ქენით?“ პასუხი: „მზად ვართ“  -  ეძახის ია სუხტაშვილს და წარმოდგენაც ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

 

ეს ეპიზოდი გიორგი კაშიას რეჟისორული კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოხატულებაა. იგი შეგნებულად ანგრევს თეატრალურ ილუზიას, მაყურებელს კულისებს უხსნის და წარმოდგენის შექმნის პროცესსაც სპექტაკლის ორგანულ ნაწილად აქცევს. შედეგად, მაყურებელი მხოლოდ დრამატული ისტორიის მოწმე აღარ არის, ის თავად სპექტაკლის შექმნის პროცესის თანამონაწილედაც იქცევა.

 

სპექტაკლის ფინალი კი ყველაზე საინტერესო კითხვას სწორედ მაყურებელს უსვამს. როდესაც ელიას ვარონი კლიტემნესტრას ბედის გადაწყვეტამდე მიდის, საბოლოო გადაწყვეტილება დარბაზში მყოფ ადამიანებზე გადააქვს. „მოვკლა?“ - ეს კითხვა ერთდროულად ირონიულიც არის და შემაშფოთებელიც. თითქოს თეატრი ამოწმებს, რამდენად მართალია გავრცელებული წარმოდგენა, რომ მაყურებელს ტრაგედია, სისხლი და შურისძიება იზიდავს. მაგრამ იმ საღამოს პასუხი სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდა - დარბაზიდან გაისმა „არა“. მეც ამ პასუხს შევუერთდი. ირაკლი ჯიშკარიანის ირონიულად დასმული შეკითხვის პასუხს  - ია სუხიტაშვილის კლიტემნესტრამ ღიმილითა და ირონიით გამოეხმაურა - „კეთილი კაცი“. ერთი შეხედვით მსუბუქი რეპლიკა სპექტაკლის ყველაზე ადამიანურ ეპიზოდად იქცა, რადგან რამდენიმე წამით ანტიკური ტრაგედია რეალურ ადამიანებს შორის დიალოგად გარდაიქმნა.

 

რეჟისორი ფინალურ სცენაში ოსტატურად ქმნის ილუზიას, თითქოს კლიტემნესტრას ბედს მაყურებელი წყვეტს. თუმცა ეს მხოლოდ ფორმალური „თავისუფლებაა”. სინამდვილეში წარმოდგენა თავად აჩენს კითხვას - ვის გამოაქვს სინამდვილეში კლიტემნესტრასთვის განაჩენი?  - მაყურებელს, პერსონაჟს თუ თავად რეჟისორს, რომელმაც მთელი სპექტაკლის განმავლობაში ყველა გადაწყვეტილება წინასწარ განსაზღვრა?

 

გიორგი კაშიას „კლიტემნესტრას სეანსი“ არ არის სპექტაკლი, რომელიც მხოლოდ ანტიკურ სიუჟეტს აცოცხლებს, ეს არის წარმოდგენა დანაშაულზე, მეხსიერებაზე, სინდისზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც საბოლოოდ ვერც სასამართლო და ვერც ფსიქოთერაპია ვერ იხსნის. რეჟისორი თანამედროვე თეატრის გამომსახველობით საშუალებებს არა ფორმალური ეფექტისთვის, არამედ აზრის გასამძაფრებლად იყენებს. სწორედ ამიტომ, სპექტაკლი მაყურებელში დასრულების შემდეგაც აგრძელებს არსებობას - როგორც პასუხგაუცემელი კითხვების, მორალური არჩევანისა და საკუთარი სინდისის წინაშე დარჩენილი ადამიანის ისტორია.

bottom of page