ვის ეზეიმება ქართული თეატრის დღე?

ვის ეზეიმება ქართული თეატრის დღე?

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ქართული თეატრის დღეს კარგა ხანია აღარ ზეიმობს ერი (ბერი არც არასდროს ზეიმობდა), არც სახელმწიფო აღნიშნავს ამ დღეს განსაკუთრებულად. ისევ ქართული თეატრის გულშემატკივრებს ახსენდებათ ქართული თეატრი და თავად იმათ, ვინც ცხოვრება თეატრს დაუკავშირა. 

 

ბევრმა იცის, მაგრამ ბევრმა არა, რომ 14 იანვარი აღდგენილი ქართული თეატრის დღეა, სწორედ ამ დღეს, 1850 წელს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დარბაზში გაიმართა გიორგი ერისთავის პიესის „გაყრა“ პრემიერა. „გაყრა“ არ არის ერისთავის პირველი პიესა, ისე როგორც არ არის პირველი ქართული სპექტაკლი, როგორც ამას ჟურნალისტები ამბობენ ხშირად ტელეკრანებიდან. ამ რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის შუადღის ეთერში წამყვანები და ქართული თეატრის მოღვაწეები ქართული თეატრის დღეზე და უახლესი ქართული თეატრის პრობლემებზე საუბრობდნენ. ბევრი უზუსტობა და ლეგენდა გააჟღერეს ტელეწამყვანებმა, რომელსაც პროფსიონალ სტუმართაგან მოპასუხე არავინ ჰყოლია. ორმაგად გულდასაწყვეტია, როცა პროფესიონალები უშვებენ უზუსტობებს და ახდენენ ქართული თეატრის ისტორიის დამახინჯების ტირაჟირებას...

 

ამ ბლოგის დაწერამდე FB - ზე თვალი გადავავლე 14 იანვრის მეხსიერებას და მივხვდი, რომ პრობლემები, რომელზედაც წლებია ვსაუბრობთ, კვლავ აქტუალურია და უცვლელი, პირიქით, ისინი დამძიმდა, გაიზარდა და მათ ახალი პრობლემები მიემატა.

 

2019 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილებებიდან ბევრი არაფერი მახსენდება, ან თუ მახსენდება მეტწილად ისინი უცხოურ თეატრს უკავშირდება, რომელთაც საქართველოში (კონკრეტულად კი თბილისში) არსებული საერთაშორისო ფესტივალების წყალობით ვიხილეთ. რაკი ფესტივალებზე ჩამოვარდა სიტყვა აქვე ვიტყვი: უკვე აღარ გვიკვირს და მივეჩვიეთ მათ, მაგრამ აღარ გვახარებს ისე, როგორც წლების წინ, თითქოს საერთაშორისო ფესტივალებმა დაკარგეს ენთუზიაზმი, კონკურენციის გრძნობა და მოტივაცია. ისინი შერჩეული პროგრამის ხარისხითა თუ მასშტაბით ერთმანეთს დაემსგავსნენ. თითქოს ფესტივალებიც რიგით ღონისძიებათ იქცა, რომელიც მხოლოდ საზოგადოებისა და ხელისუფლებისთვის ანგარიშისთვის კეთდება და არა თეატრისთვის, მისი განვითარებისა და მომავლისთვის.

 

2019 წელს ბათუმში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის ინიციატივით კიდეც ერთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა, რომელიც ამბიციური მიზნებით შემოიჭრა ქართულ საფესტივალო ბაზარზე. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დაარსება, მეტ ადრე რეგიონში, თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ხარისხის შენარჩუნებაა.

 

რაკი ფესტივალებზე ვსაუბრობთ, უნდა აღინიშნოს ორი, მცირე მასშტაბიანი და მცირე ბიუჯეტიანი ფესტივალები: -  „მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალი“ ბათუმში და „ახალი დრამის ფესტივალი“ თბილისში, „დიდი ფესტივალებისგან“ განსხვავებული კონცეფციით, მნიშვნელობითა და რესურსით, რომლებიც რეალურად უფრო ეფექტურად უწყობენ ხელს ქართული თეატრის განვითარებას. ასეთი ფესტივალები აჩენს ახალ სახელებს და სახეებს დრამატურგიაში, რეჟისურაში, სამსახიობო ხელოვნებაში... ხელს უწყობს ახალი სათეატრო ენის გამოძებნას და უქმნის სივრცეს თავისუფალ არტისტებს ძიებებისთვის.

 

გაგიკვირდებათ და, ყველაზე მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება 2019 წელს ქართულ თეატრში განხორციელებულ სპექტაკლებს შორის არა რომელიმე აკადემიურ და მაღალბიუჯეტიანი თეატრის სცენაზე დადგმულმა გამოცდილი რეჟისორების სპექტაკლებმა მოახდინეს პირადად ჩემზე, არამედ მცირე გამოცდილების მქონე შემოქმედებითი ჯგუფის ერთობლივმა პროდუქტმა, რომელიც საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების რესურსით შეიქმნა. ამავე უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სპეციალობის III კურსის სტუდენტმა გეგა გაგნიძემ მარტინ მაგდონას „ბალიშის კაცუნა“ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან სანდრო სამხარაძესთან, გიორგი წერეთელთან, დაჩი ბაბუნაშვილთან, ნინო ანანიაშვილთან და ბიჭკა ჭეიშვილთან (კურსდამთავრებული) დადგა. სპექტაკლის რეჟისორი თეატრალური პრემია „დურუჯის“ ჟიურიმ საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოვა, ხოლო „ბალიშის კაცუნა“ „წინანდლის პრემიის“ ლაურეატი გახდა სათეატრო ხელოვნების ნომინაციაში.

რა არის „ბალიშის კაცუნას“ ასეთი წარმატების მიზეზი? თეატრალური უნივერსიტეტი? რომელსაც ასე ინტენსიურად აკრიტიკებენ  კურსდამთავრებული თუ სტუდენტი რეჟისორები? თუ ახალგაზრდების ნიჭიერება, რომლებმაც ეს პროდუქტი შექმნეს? შრომისმოყვარეობა? იქნებ ამ სფეროში დამკვიდრების დიდი სურვილი? შესაძლოა ყველაფერი ერთად. გეგა გაგნიძე და მისი არტისტები ახლა იწყებენ, ახლა იმკვიდრებენ თავს. მათზე უფროსებმა კი უკვე დაიმკვიდრეს თავიანთი ადგილები და ახლა მათ სხვა რამ აღელვებთ, ისინი უკვე „აკურთხა“ ქართულმა სათეატრო კრიტიკამ, მათ უკვე მიიღეს ყველა ჯილდო და ტიტული, აღიარება და დიდება. ამ მოცემულობამ ჩიხშიც კი შეიყვანა ბევრი მათგანი. 

 

2019 წელს ქართული თეატრის სცენებზე დედაქალაქსა თუ რეგიონებში ბევრი საინტერესო სპექტაკლი დაიდგა. ზოგი მათგანი გამოირჩევა თვითმყოფადი რეჟისურით, ზოგიც სამსახიობო ანსამბლითა თუ ინდივიდუალური არტისტული ნამუშევრით, სცენოგრაფიითა თუ ქორეოგრაფიით... უკვე რამდენიმე ქართველი რეჟისორი დგამს ევროპაში, მათ შორის, ახალგაზრდები, ჩვენი თეატრები ხშირად დადიან უცხოეთში და მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ფესტივალებში... ვფიქრობ, ესეც წარმატებაა. მაგრამ ეს მოცემულობა დამშვიდების საშუალებას მაინც არ გვაძლევს, რადგან ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მონიტორინგი სახელმწიფო თეატრებზე, დაფინანსების სისტემა, სახელმწიფოს მიერ სათეატრო პოლიტიკის არარსებობა, რომ არაფერი ვთქვათ, შემოქმედებით პრობლემებზე.

 

ქართული თეატრების უმრავლესობა მაინც ჩაკეტილ სივრცეებად რჩება, მათ შორის, ღია თეატრებიც, რომელთა ღიაობა მოჩვენებითია.

ქართული თეატრის წინაშე თეატრის მოღვაწეებს, სახელმწიფო სტრუქტურებს და კრიტიკას შორის კომუნიკაციის პრობლემაც დგას, რომელიც ხელს უშლის თეატრის, როგორც ინსტიტუციის განვითარების პროცესს. 2020 წელი გარდამტეხი წელი იქნება თეატრისა და კრიტიკის კომუნიკაციაშიც.

 

და მაინც, ვის ეზეიმება ქართული თეატრის დღე? მათ, ვისაც გულწრფელად უყვარს ქართული თეატრი და აწუხებს მისი ბედი, და არა მათ, ვისაც „ხელოვნების ტაძარი“ საპენსიო ფონდად ან საკუთარ საფეოდალოდ გადაუქცევია, ვისაც დავიწყებია, რომ ოდესღაც თავადაც იყო ახალგაზრდა და მასაც ჰქონდა პრინციპები, რომელსაც უღალატა.