
ვიზიტი ვამპირთა მასკარადზე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

26.02.2026
თამარ ქუთათელაძე
ვიზიტი ვამპირთა მასკარადზე
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის „სასწავლო თეატრის“ სცენაზე წარმოდგენილი 2026 წლის პირველი პრემიერა „ვიზიტი“, ჯონ ბოიტონ პრისტლის პიესა „ინსპექტორი მოვიდას“ მიხედვით განხორციელდა. იგი მიმდინარე თეატრალური სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო სტუდენტურ წარმოდგენად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თინათინ ქათამაშვილი პროფესიით მსახიობი, რეჟისორი, ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი და მრავალწილიანი სტაჟის მქონე პედაგოგია მსახიობის ოსტატობაში. დამოუკიდებლად თუ პროფესორ-ასისტენტის რანგში მუშაობისას, მას უკვე დადგმული აქვს არაერთი წარმოდგენა, თუმცა ამჯერად განხორციელებული სპექტაკლი, მისი ყველაზე სრულყოფილი, დამოუკიდებელი რეჟისორული ნამუშევარია, რომელიც მრავალმხრივ იპყრობს ყურადღებას.
თინათინ ქათამაშვილის მიერ ჯონ ბოიტონ პრისტლის საკმაოდ ვრცელი პიესის კანონიკური ტექსტიდან ერთ მოქმედებად შეთხზული, ლაკონური წარმოდგენა გულგრილს ვერავის დატოვებს. სპექტაკლი მძაფრად, ორიგინალურად ეხმიანება თანამედროვე სამყაროში განვითარებულ მოვლენებს, მოსალოდნელ საფრთხეებსა თუ ჩვენს ამწუთიერ, მშფოთვარე რეალიებს. შეუძლებელია არ აღინიშნოს თავად პიესის ზუსტი, უჩვეულოდ დროული არჩევანი, თამამი, გამოკვეთილი რეჟისორული კონცეფცია, დახვეწილი სასცენო ტექსტი, მსახიობებთან მუშაობის მაღალი კულტურა, დამდგმელი ჯგუფის თანამოაზრეობა და ზოგადად მყარად შეკრული სანახაობის ანსამბლურობა.
1946 წელს შექმნილი პიესა აღწერს XX საუკუნის 10-იანი წლების ურთიერთობებს, მაგრამ აშკარად ავლენს მსოფლიო პროცესების სიღრმისეულ ცოდნას, კაპიტალიზმის გარდაუვალი კრახის ნიშნებს, მის ფატალურ შედეგებს, რომელიც არ სცნობს მსხვერპლსა თუ სისტემის შემოქმედს. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორიც შეუმცდარად წვდება პიესის გულისგულს და სასცენო ტექსტის ლაკონური ფორმით, მსახიობების ზუსტი, გააზრებული სახე-ხასიათების გამომსახველობითი ხერხების ძერწვით, მოქმედებებითა თუ დინამიკური ტემპო-რიტმით, მაყურებელს თვალწინ გადმოუშლის დრამატურგის ნააზრევის შრეებს, მის მიერ არ, თუ ვერ დაწერილი, თუმცა უდავოდ ნაგულისხმევი მესიჯების ყველაზე მტკივნეულ აქცენტებს.
სპექტაკლის დასაწყისში გაჟღერებული მუსიკალური უვერტიურა (მუსიკალური გაფორმება - თინათინ ქათამაშვილის) და მსახიობ მერაბ (დაჩი) ცაავას მიერ განსახიერებული ხმელ-ხმელი მამაკაცის, ე.წ. ინსპექტორის, რეალურად კი უზენაესი მსაჯულის აივნიდან სცენისკენ მიმართული მკაცრი მზერა, მისტიკურ ენერგეტიკაში ახვევს მაყურებელს. ამ დროს, სცენოგრაფიის შავ ფონზე მდგარ გრძელ შავ მაგიდაზე ახალგაზრდა ქალის თხელი სხეული ასვენია, ხოლო ირგვლივ, ხალისიანი ჟრიამულია გამართული. სიმულტანურ მიზანსცენაში მოწმენი ვხდებით არა მხოლოდ სიკვდილ-სიცოცხლის მარადიული მონაცვლეობის, არამედ პრივილეგირებულთა კასტის მიერ უკვე ტრადიციად დამკვიდრებული, ყველა ღირსებისადმი გულგრილი, განსაკუთრებით კი ე.წ. პატარა ადამიანის სიცოცხლისადმი ცინიკური დემონსტრირების. წარმოდგენაში სინქრონულად ვეცნობით მიწიერ ყოფას დიდი ტკივილით განრიდებული მშვენიერი ახალგაზრდა ქალის ისტორიას და იქვე, სიცოცხლით ტკბობას, უზრუნველი, კომფორტული ყოფით გალაღებული ორი მდიდარი ფაბრიკანტის ნაშიერთა სარგებლიანი ნიშნობით განცდილ ზეიმს, ამაღლებულ განწყობას.
ტატო გელიაშვილის მიერ სპექტაკლისათვის შექმნილი შთამბეჭდავი მხატვრული და ქორეოგრაფიული გაფორმება, ზუსტ კამერტონს სძენს სასცენო ფიცარნაგზე განვითარებულ მოვლენებს. სცენის თავზე დაკიდული ჭაღი, მიცვალებულის თავთან მდგარ კანდელაბრსაც მოგვაგონებს და კეთილდღეობის ზენიტში მყოფი საზოგადოების დარბაზის ინტიმსაც ქმნის. ფილისტერული მორალის მქონე ოჯახის უფროსი არტურ ბირლინგის როლის შემსრულებელი მსახიობი თორნიკე ფანქველაშვილი, თამაშობს პროვინციული წარმომავლობის მდაბიოს, რომლის მთელი მოძღვრებაც ერთ ფრაზაშია განთავსებული - „იზრუნეთ მხოლოდ საკუთარ თავზე“. თაღლითურ მანიპულაციებში გაწაფული, მოგების აზარტით გათავხედებული კუზიანი უზნეო ფაბრიკანტი, სიხარულის ეიფორიაშია. ეს წუთია თავისი მთავარი კონკურენტის ვაჟმა, მისი ქალიშვილი დანიშნა.
სცენაზე წარმოჩენილი მოვლენები ასახავს პირველი მსოფლიო ომის წინაპერიოდს, - მონოპოლისტური ურთიერთობების ფორმირების ანატომიას. სპექტაკლში ერთი ოჯახის მაგალითზე ნაჩვენებია სისტემის მოდელი, რომელიც კლავს ადამიანს, ყველა ღირსებას, მარადიულ ფასეულობებს და უსწრაფესი ტემპით მიაქანებს სამყაროს ტოტალური ქაოსის, წარმართული ეპოქის დემიურგის მეფობის ხანაში. აშკარაა რომ თაღლითურ-კრიმინალური მანიპულაციებით მიღწეული მმართველობა შთანთქავს არა მხოლოდ სასიცოცხლო წყაროს ძიებაში ჩართულ ახალგაზრდა ქალს, მასთან ერთად კი ნებისმიერ მოკვდავს, არამედ თავად ამ მკვლელი სისტემის ყველა შემოქმედს.
ძალაუფლებით, გავლენიანი გარემოცვით უსწრაფესად დეგრადირებული საზოგადოება უმწეოა გააცნობიეროს საკუთარი დანაშაული, გარდაუვალი ხვედრი. ისინი მხოლოდ დროებით, ან ნაძალადევად თუ ახერხებენ, ფარისევლურად აღიარონ საკუთარი ცოდვების მასშტაბი. სისასტიკის ყოველდღიურ რეჟიმს ჩვეული, სახედაკარგული, თავდაცვისათვის გააფთრებული ოჯახის წევრები, დაუნდობლად იღვწიან მკვლელობაში დამნაშავის მთავარი სტატუსი ერთმანეთს „გადაულოცონ“. თითოეული მხოლოდ დანაშაულის გახმაურებას, სასჯელს, მიღწეული კომფორტის დაკარგვას უფრთხის, წარმოსახვაში გავლენიან მფარველს ეძებს, რომ თავიდან აირიდონ უსიამოვნება, კვლავ დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. სპექტაკლის ფინალი მკაფიოდ უჩვენებს რომ სისტემასთან შეზრდილი საზოგადოება პოზიტიურ ცვლილებას არ ექვემდებარება. მათ მიერ გათამაშებული აღსარება თუ მონანიება ფიქციაა. ეს საზოგადოება და მასთან ერთად მთელი სამყარო ბუნებრივი თვითგანადგურებისკენ მიექანება.
დრამის ფაკულტეტის, დრამისა და კინოს მსახიობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტები (ჯგუფის ხელმძღვანელი - პროფესორი გიორგი შალუტაშვილი) სასცენო სივრცის თავისუფალი ფლობით, ზუსტი ინტონირებებით (მეტყველების პედაგოგი - პროფესორი მანანა ბერიკაშვილი), მკვეთრი ფერებით, გემოვნებით ქმნიან თანამედროვე ადამიანების - მსხვერპლისა თუ მოძალადის ღია თუ ფარული ტკივილებით აღსავსე, მეტაფორულ სახე-ხასიათებს.
სალომე ქშუტაშვილის მიერ შექმნილი ევა სმიტი შრომისა და სიცოცხლისმოყვარე, ცისქვეშეთში საკუთარი მოკრძალებული ადგილის თავგანწირვით მაძიებელი ახალგაზრდა ქალია. მისი ბრძოლა თვითრეალიზებისთვის, სარგებლისმოყვარე, მომხმარებლური მორალის მქონე საზოგადოებაში მხოლოდ ჩაგვრას განიცდის. ამიტომაც, ყოველმხრივ ხელმოცარული, დამცირებული, ნივთივით მოსროლილი, დაუნანებლად განერიდება ყველა ღირსების შეურაცხმყოფელ სინამდვილეს. მსახიობი სცენაზე ქმნის ემოციურ, გამომსახველ, უსაზღვროდ ტკივილიან სახეს. მისი პერსონაჟის შექმნისას ახერხებს მოძებნოს ზუსტი ფერები.
ელიზაბეტ ლალიაშვილის სიბილ ბირლინგი, ბიურგერის ტიპური წარმომადგენელია. ეს თავმომწონე, ხისტი ქალბატონი ტრაგიკულად განიცდის საკუთარი კომფორტის ზონის ხელყოფას. თავისი თანამეცხედრის მსგავსად, მისი ჩვეული ცხოვრების წესი, აზროვნებისა და ურთიერთობების დადგენილი სტანდარტი, ცვლილებას არ ექვემდებარება.
ნატალია ვაჩეიშვილის მიერ შექმნილი შეილა ბირლინგის ექსცენტრიული სცენური სახე მხოლოდ დროებით განიცდის გამონათებას. საკუთარი ოჯახის ღირსეული „პროდუქტი“, მხოლოდ წამიერად თუ ახერხებს თავდახსნას მამის ფილისტერული მორალის ტყვეობისგან. მისი აღსარება უსწრაფესად ეძლევა სამარადისო დავიწყებას.
მირიან კოხრეიძის მიერ განსახიერებული, ანგელოზისებრი იერსახის მქონე ჯერალდ კროფტი, ეს უსაზღვროდ ეფექტური, დახვეწილი, ზრდილი, თვინიერი, დროდადრო კეთილზნეობითაც შემკული ახალგაზრდა, ქამელეონივით იცვლის განწყობას. ისიც ისევე, როგორც მსუყე ფინანსური მოგებების ვნებით შეპყრობილი არაკეთილსაიმედო ელიტური ჯგუფი, ფრთხილი ბურჟუის კლასიკურ სახედ წარმოგვიდგება. ის მხოლოდ ეპიზოდურად განიცდის ემოციურ აფეთქებას, ზნეობრივ ფერიცვალებას და კვლავ ჩვეულ, მყარად ფორმირებულ კლანურ მსოფლწესრიგს, ტრადიციულ „ყალიბს“ უბრუნდება, სადაც ყველაზე დაცულად გრძნობს თავს.
ირაკლი ლომიძის ერიკ ბირლინგი, სპექტაკლის დასაწყისიდან ფინალამდე თამაშობს დაბნეულ, აფორიაქებულ, საკუთარ გარემოცვასთან ამბოხისთვის განწყობილ, მამათა მანკიერი თვისებების მამხილებელ, თითქოსდა მასთან გაყრის მოსურნე ინდივიდს. თუმცა, მალევე ხდება ნათელი, რომ ეს უნებისყოფო ახალგაზრდა, ვერასდროს შეძლებს ფორმირებას, ცოდვებით აღსავსე მშობლიური წიაღისგან თავდახსნას.
სპექტაკლის დამდგმელი ჯგუფი ძალზე ახალგაზრდაა. მიუხედავად ამისა, უდავოდ ახერხებს შექმნას მაღალპროფესიული, მკვეთრი მოქალაქეობრივი პოზიციით აღბეჭდილი სანახაობა, სადაც თვალნათელია არა მხოლოდ პროფესიული უნარ-ჩვევების ფლობა, არამედ შთამბეჭდავი აზროვნების, მისი სახიერი, დახვეწილი გამოვლენის კულტურაც.