top of page

ვის სჭირდება სიმართლე

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.TWe5kC2-sb6AxmZ9r0I6nXHRbJcIbZ1xMRM8wOfBmTg.jpg

ლელა ოჩიაური

ვის სჭირდება სიმართლე

უნდობლობა, არაკომუნიკაბელობა, საკუთარ თავში ჩაკეტილობა  სიმართლის მალვას იწვევს. ან პირიქით. სიცრუე (თუნდაც დაფარული) იწვევს  გაუცხოებას, ურთიერთობების დაშლას ყველაზე ახლობელ ადამიანებს შორისაც. ოჯახებში, მეგობრებში, ახლობლებში, სხვადასხვა საფუძველზე და მიზეზით. შემდეგ, როდესაც  ყველაფერი მჟღავნდება, ცხადი ხდება, რომ რაღაც კარგად არაა „ამ სამეფოში“, მის „სიმყარეს“ მხოლოდ ტყუილი ამაგრებს და ადრე თუ გვიან, დაშლისთვისაა განწირული.

როგორც კი სიმართლე მჟღავნდება (სხვადასხვანაირი და არავისთვის სასურველი) პირად ცხოვრებასაც ფარდა ეხდება და ყველაფერი, რაც თითქოს ცნობილი იყო, უცნობი ხდება და თავიდან  აშკარავდება. და ახალ „გამომჟღავნებებს“ იწვევს - ადამიანების ნამდვილი ბუნების, თვისებების, ხასიათის უცნობი ნიშნების, დამოკიდებულებების, შეხედულებების, რაც რეალურად არსებობს, მაგრამ შენიღბულია, „გამოცხადების“ დროს დადგომამდე.

ამგვარი გაუცხოების,  თანამედროვე საზოგადოების ურთიერთობებში არსებული წინაღობებისა და  სხვა არა ერთი პრობლემაა წამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე წარმოდგენილ ახალ სპექტაკლში „უცნობები“ (პაოლო ჯენოვეზეს ფილმის, მისივე სცენარის მიხედვით), რომელიც  ახალგაზრდა რეჟისორმა და მსახიობმა გიორგი სულთანიშვილმა დადგა, ახალგაზრდა მსახიობების მონაწილეობით, სხვადასხვა ასაკის მაყურებლისთვის (16+), რომელიც სხვადასხვა ასაკის მაყურებლის ყურადღებას თანაბრად იპყრობს.

ამბავი და ჟანრი კომედიური სვლებითა  და სახასიათო სახეებით, იუმორითა და ექსცენტრული მოვლენებით, თავიდანვე იწვევს ინტერესს, თუმცა, პირველ რიგში, მიმზიდველია თემა და პრობლემა, რომელიც სიმართლის მაძიებელ ან პირიქით, სიცრუეში, ეჭვებსა და უნდობლობაში მცხოვრებ საზოგადოებას აინტერესებს, საკუთარ თავსა და სხვებზე, საკუთარ თუ სხვების ცხოვრებაზე დასაკვირვებლად.

ამბავი ერთ ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ საღამოს, ოჯახურ წვეულებაზე შეკრებილი 7 მეგობრის წრეში ვითარდება. (როგორც ბევრჯერ და ბევრგან ხდებოდა, ხდება და მოხდება) მეგობრების, რომლებიც ვახშმობას, მთვარის დაბნელების ერთად ყურებასა და შეხვედრის სასიამოვნოდ გატარებას აპირებენ. ერთმანეთს  თავიანთ თუ სხვების სიახლეებს უზიარებენ, ცეკვავენ, ვახშმობენ, სვამენ და თითქოს უწყინარ თამაშში ერთვებიან - ერთმანეთის სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების ხმამაღლა, საჯაროდ  კითხვას იწყებენ. დასამალი თითქოს არაფერია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ თითოეულ მათგანს აქვს ფარული, მეორე და მესამე ცხოვრება. უკვე არსებული, ზოგს - ნამდვილი და ზოგს სამომავლოდ დაგეგმილი, წარმოსახული ან განზრახული. და ეს თამაში იქცევა თითოეულის რეალური  ცხოვრების გამომჟღავნებისა და მათი ნამდვილი სახეების გამოააშკარავების საფუძვლად.

ესენი არიან  - თანამედროვე კოსტუმებში შემოსილი, სხვადასხვა პროფესიისა და ბიოგრაფიის, სოციალური მდგომარეობისა და განსხვავებული ბედის თანამედროვე, ახალგაზრდა ადამიანები  - მასპინძლების ოჯახი - ევა - ლალი ღერკენაშვილი, როკო - ალექსანდრე შარაბიძე და მათი შვილი - სოფი - ანა თოგოშვილი და ნანა მეტრეველი; სტუმარი ოჯახები - ელე - მია მიქელაძე და თამარ ქადაგიძე და ლეო - ნიკოლოზ ხრიკული;  ბიანკა - ანა თოგოშვილი და ნანა მეტრეველი და ლუკა - ალექსანდრე კვეზერელი და პეპე - ნიკოლოზ ჭკადუა  და , და იმ უხილავი (ნაცნობი და უცნობი, ახლობელი და უცხო) ადამიანების ხმები, რომლების სატელეფონო ზარები, ხმოვანი გზავნილები არღვევენ თითქოს მოწესრიგებულ, გამართულ და უღრუბლო ურთიერთობებს - რომლებიც ეკუთვნით - მარიამ ბოლქვაძეს, კესო ავალიშვილს, კობა ნასყიდაშვილს, ირაკლი სიქტურაშვილს, ილია ზარდიაშვილს,  ნიკოლოზ გუგუნავას, ლევან გვაზავასა და დიმიტრი ხვთისიაშვილს.

თითოეულს მკვეთრად გამოკვეთილი, ზუსტად მიგნებული დეტალებით აწყობილი ხასიათები აქვს. ამის მიხედვით მოქმედებენ, მეტყველებენ, მოძრაობენ და აშკარად გამოხატავენ პერსონაჟების არაერთგვაროვან, არასიბრტყობრივ და არაპლაკატურ თვისებებს, კონკრეტულ და განზოგადებულ ტიპებსა და ფსიქოლოგიის თავისებურებებს.

ზოგ პერსონაჟს  ერთი, ზოგს ორ-ორი შემსრულებელი ჰყავს, ზოგი ერთმანეთის დუბლია ან მომდევნო წარმოდგენაში სხვა გმირის სახეს ქმნის - ანა თოგოშვილი და ნანა მეტრეველი სოფის როლს ცვლიან;  მია მიქელაძე და თამარ ქადაგიძე - ელესას; ანა თოგოშვილი და ნანა მეტრეველი  კი,  მორიგეობით თამაშობენ ბიანკას.

ბექა ჩადუნელის სცენოგრაფიაში (იგია კოსტუმების მხატვარიც), მოქმედება ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ და ყოფის სულ რამდენიმე ატრიბუტით აგებულ გარემოში ხდება, რომელიც შედგება  - მაგიდების (ავანსცენასა და მეორე პლანზე), სკამების, მაღალი და დაბალი ტუმბოების, ჭურჭლის, ნაგვის ურნის, გამჭვირვალე თეჯირი-კედლისგან და მოქმედების ადგილების მონაცვლეობის მიხედვით - განათება-ჩაბნელებით ცოცხლდება.  

მოქმედების ცენტრალური სივრცე - რამდენჯერმე ირღვევა - იცვლება - როდესაც მსახიობები ამა თუ იმ ეპიზოდში - დარბაზიდან ადიან სცენაზე ან სცენიდან დარბაზში გადადიან; როდესაც ავანსცენის ერთ კუთხეში რამდენიმე, სხვის თვალს მიფარებული ეპიზოდი თამაშდება; როდესაც მოქმედება თეჯირს მიღმა გადადის და ცენტრალურის პარალელურად, „ცოცხალი“ ჩრდილების გამოსახულებით იშლება - როგორც მისი არსებითი ნაწილი, მეორე შრე ან როგორც „რემარკა“, დამატებითი ინფორმაციის გზავნილით.

ამ სცენებში ისეთი მხატვრული სადადგმო ელემენტებია მოქცეული, რომლებიც თითქოს სცდებიან ამბის განვითარების, მოქმედების მსვლელობის ძირითად ღერძს. გამჭვირვალე თეჯირს მიღმა,  სადაც მხოლოდ ჩრდილები მოქმედებენ, და სადაც, ერთი მხრივ, პარალელური „რეალური“, „სხვების“ თვალს მიფარებული მოვლენები ხდება, ან, ისეთი, რომლებიც ადამიანების თითქოს შინაგან მდგომარეობას გამოხატავს (მაგალითად, ევას ცეკვა), როგორც კომენტარი ამა თუ იმ ამბავსა თუ ფაქტზე.

ასეთი მხატვრული გადაწყვეტა ქმნის ჩაკეტილ სივრცეში მოქცეული მოქმედების დინამიკას, არღვევს სტატიკურობას (რისი საშიშროებაცაა ხოლმე მსგავს სამოქმედო სივრცეებში) და სხვადასხვა ტიპის, კატეგორიის სადადგმო ხერხებისა და ელემენტების გამოყენების საშუალებას აძლევს რეჟისორს და მსახიობებს - სხვადასხვა საშემსრულებლო ხერხის გამოყენების, შეცვლის შესაძლებლობას.

დინამიკურობასა და თავისებურ ტემპო-რიტმს, მოქმედების მიხედვითა და სარეჟისორო გადაწყვეტის ხერხებიდან გამომდინარე, ქმნის - „ცოცხლად“ შესრულებული ცეკვები და პლასტიკაში გადაწყვეტილი, „განყენებული“ სცენები, დავით მეტრეველის ქორეოგრაფიაში.

შიდა ხმოვანი წყაროდან „ცოცხალი“ მელოდიები და ფონური მუსიკა, განსხვავებული აქცენტებითა და აზრობრივ-ემოციური დატვირთვით, გიორგი სულთანიშვილის ჩანაფიქრისა და კონცეფციის მიხედვით, აძლიერებს და აქცენტებად გამოკვეთს,  ცალკეული ეპიზოდის არსსა და ერთიან მხატვრულ მოცემულობას.

გზადაგზა ირკვევა, რომ ყველას დიდი თუ პატარა, საბედისწერო თუ ნაკლებმტკივნეული საიდუმლო აქვს, სხვისთვისა თუ საკუთარი თავისთვის, ურთიერთობებისთვის საზიანო, ხელისშემშლელი ან გამანადგურებელი. სწორედ ამ გამომჟღავნების ეტაპებით მიდის მოქმედება და ურთიერთობები კულმინაციამდე.  თუმცა, რომელიმეს განსჯა არც დრამატურგის ამოცანაა, არც რეჟისორისა და არც როლების შემსრულებლების.

შემდეგ თამაშში თამაშისა და სიმართლის დამალვის მიზეზით, ახალი „გარიგება“ და ინტრიგა ჩნდება, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას, ერთი მხრივ, აღრმავებს კომედიურ სვლებსა და აბსურდამდე მისულ სიტუაციებს ააქტიურებს.

მოქმედი გმირებიც ამის მიხედვით, უფრო და უფრო, თანდათან იცვლებიან. ახალ და ახალ ნიღბებს იძულებით იხსნიან და ნამდვილ სახეებსა და ხასიათებს ამჟღავნებენ, რთულ და მტკივნეული გარდასახვის პროცესში.

საბოლოოდ კი, ყველა თავის ბუნებასა და განწყობებს, პირველ რიგში,  პეპესთან მიმართებაში ავლენს - რომელიც, გასაგები მიზეზებით, მეგობრებსაც კი ვერ უმხელს, რომ გეია. და რომლის იდენტობის მიმართ დამოკიდებულებაც თითოეულის მორალის, მიმღებლობისა და  ფობიის ზოგად საზომადაც იქცევა.

და როგორც ხშირად ხდება ხოლმე სინამდვილეშიც, ამ ადამიანებში ყველაზე „მორალისტი“ ყველაზე „ცოდვილი“ და არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდება, რომელსაც ახალშერთული ცოლი, პარალელურად, ორი საყვარელი ჰყავს, რომელთაგან ერთი ბავშვს ელოდება და მეორე კი, მისი მეგობრის ცოლი და მეგობარი - ევაა.

ყველაზე კეთილი, შემწყნარებელი და უწყინარი კი - ფსიქოლოგიურად ყველაზე ტრავმირებული - როკო („დანაშაულად“ ფსიქოთერაპევტთან დამალულ ვიზიტებს თუ არ ჩავუთვლით), რომელსაც ერთდროულად, შეუძლია იყოს გაწონასწორებული და მიმღები იყოს  - ცოლის ღალატის, გეი მეგობრისა და სოფის ბავშვურ-ყმაწვილური პრობლემების, რომლისაც კარგად ესმის და რომლის მორალური მხარდამჭერი და დასაყრდენია.

დაბოლოს - არანაკლებ მნიშვნელოვანი და შეიძლება, ამ შემთხვევაში, პირველადიც, რაც უნდა ითქვას და რაც ბოლოსთვის განგებ შემოვინახე - „უცნობების“ მონაწილეები - ეს ახალგაზრდა მსახიობები (და ამ სიტყვას თამამად ვწერ) საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტები არიან, დიმიტრი ხვთისიაშვილის სახელოსნოში, იგია „უცნობების“ დადგმის ხელმძღვანელიც,  გიორგი სულთანიშვილი კი, დიმიტრი ხვთისიაშვილის ასისტენტი და ჯგუფის პედაგოგია.

ახალს არაფერს ვიტყვი, რომ საუნივერსიტეტო, სასწავლო სპექტაკლების სპეციფიკისა და სწავლების აკადემიური ნორმები მოითხოვს და მათი მიხედვით, „უცნობების“ რეჟისორი და პედაგოგი მონაწილეებს ყველა პირობას უქმნის, მონაცემების, უნარ-ჩვევების გამოსავლენად და პროფესიის სხვადასხვა კუთხით სასწავლად, გასამყარებლად.

ასეთ შემთხვევაში (და ბუნებრივია, ზოგადად) მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორ მეტყველებენ მსახიობები. მეტყველების პედაგოგ ეკა ქუთათელაძის მუშაობის შედეგია, რომ „არ იკარგება“ არც ერთი სიტყვა, ბგერა, მარცვალი. 

სათქმელია ისიც, რომ ესაა არა მხოლოდ ჯგუფი, არამედ ინდივიდუალური მონაცემების მსახიობების გუნდია (იმასაც ვიტყვი, რომ მიჭირს რომელიმეს გამორჩევა), რომლის წევრებიდან ყველა ინარჩუნებს ხარისხსა და თავისუფლებას. თითოეული  „გრძნობს“ პარტნიორს (რაც ასევე „საჭიროა“ მსახიობისთვის); სტუდენტ-მსახიობებს - მათი განსახიერებული პერსონაჟებისგან განსხვავებით - ერთმანეთის კარგად და „სწორად“ ესმით და - სწორედ ამით ქმნიან ერთობას.

სპექტაკლში მონაწილე „მეტყველი“ ხმების ძირითადი ნაწილიც, პროფესიონალების გვერდით, სტუდენტი მსახიობებისაა - მარიამ ბოლქვაძე, კესო ავალიშვილი, კობა ნასყიდაშვილი, ირაკლი სიქტურაშვილი, ილია ზარდიაშვილი  - ნინო ლიპარტიანის სტუდენტები არიან, ნიკოლოზ გუგუნავა - გიორგი შალუტაშვილის.

მათი უმრავლესობისთვის „უცნობები“ პირველი გამოსვლაა მაყურებლის დიდი აუდიტორიის წინაშე; ზოგს უკვე სხვა გამოცდილებაც აქვს  - ნიკოლოზ ხრიკული, ალექსანდრე შარაბიძე, ალექსანდრე კვეზერელი „მოზარდშიც“ და სხვაგანაც (თეატრი სახელოსნო 42, ახალი თეატრი) - „დიდ სცენებზეც“ და წარმატებით თამაშობენ.

„უცნობები“ კი მოზარდმაყურებელთა თეატრის რეპერტუარში შევიდა. და, ვფიქრობ, სპექტაკლის რეჟისორისა და მონაწილეების სახელებს ამ და სხვა სივრცეებშიც, მომავალშიც კიდევ არა ერთხელ გავიგონებთ.

bottom of page