top of page

ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“   

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

რობერტ სტურუა VS ვეფხისტყაოსანი

Cormorant Garamond is a classic font with a modern twist. It's easy to read on screens of every shape and size, and perfect for long blocks of text.

ლელა წიფურია

ვკითხულობთ „ვეფხისტყაოსანს“   

პრემიერამდე რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრში განხორციელებული სპექტაკლს ამგვარადაც აანონსებდა, სათაურის ერთ-ერთ  ვერსიადაც წარმოადგენდა. დამეთანხმებით ამ ვერსიაში საკმაო მოკრძალება იგრძნობა გენიალური პოემის მიმართ. თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ  რუსთაველის ეროვნული თეატრის სკანდალურ საპრემიერო სპექტაკლში არც ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი და პერსონაჟები  თექვსმეტ მარცვლიანი შაირის სტროფებს ზუსტად და სრულად წარმოთქვამენ,  სკანდალურის მიზეზის გარკვევა ნამდვილად   საინტერესოა. ვნებები არ ცხრება და ტელეგადაცემები თუ ფეისბუქ პოსტები ერთმანეთის გამომრიცხავ პოზიციებს აფიქსირებენ. ერთმა რესპოდენტმა საკმაო ხანს ილაპარაკა ტელეგადაცემაში, მოგვევლინა რუსთაველის და მორალური პრინციპების დამცველად და ბოლოს დაამატა სტურუას სპექტაკლი არ მინახავს და არც ვნახავო...

სანამ სპექტაკლის ჩემეულ ანალიზს შემოგთავაზებთ,  მინდა ერთგვარი „თამაშის წესები “ შემოგთავაზოთ- მოდით პატრიარქის გაერთიანებულ საქართველოს სტურუასეულ „ვეფხისტყაოსნის“ ვერსიას ნუ გავაყოფინებთ. იმაზეც შევთანხმდეთ, რომ პოლიტიკოსები რჩებიან ისტორიაში იმ საზომით, თუ რამდენად წარმატებული იყო მათი მმართველობის დროს ხელოვნება და არა პირიქით. რამდენი მთავრობა შეიცვალა  საქართველოში რობერტ სტურუას ხანგრძლივი შემოქმედების პერიოდში და ვისი მმართველობა მიიჩნევა სტურუას სპექტაკლების ტრიუმფის გამო  წარმატებულად?  კიდევ ერთს დავამატებდი- თუ საქართველოს დღეს ყავს მოაზროვნე ინტელიგენცია და კიდევ ის ახალგაზრდობა, რომელიც ევროპულ მომავალს იცავს, ეს უცილობლად ილიას თაობის და  მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის, თეატრის და შემდგომ კინოს დამსახურებაა. ვინმეს სჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას მთავრობა ან ენჯეო ჩამოაყალიბებს? ვისაც საბჭოთა კავშირში არ უცხოვრია, მისთვის გაუგებარი იქნება, თუ როგორი სირთულეების გადალახვით, სიმბოლურ-მეტაფორული სისტემების შექმნით მოჰქონდათ ხელოვანებს თავისუფლების იდეა. ნახევარი საუკუნის განმავლობაში ქართული  თეატრის ავანგარდში უპირველესად რობერტ სტურუას პოლიტიკური თეატრი მოიაზრება. თავისუფლებისკენ და ევროპული მომავლისკენ  სწრაფვა გენეტიკურ კოდში რომ გვაქვს ქართველებს, ეს ჩვენი ღირსების სინონიმად სწორედ იმ მამულიშვილებმა აქციეს, ვინც დამპყრობლებს არ უშინდებოდა. საბჭოთა დამპყრობლებსაც ცხადია.

 

ნურც იმას დავივიწყებთ, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები არ არის. პოემის პერსონაჟები ადამიანური ცოდვების მატარებელნიც კი არიან. თუნდაც ავთანდილი, რაინდი, რომელიც ყოველგვარი ხერხით ცდილობს მიზნის მიღწევას, ფატმანთან მისი ურთიერთობა გავიხსენოთ და ის გარემოებაც, რომ იგი ყოველგვარი ხერხით, ხშირად მოტყუებითაც ცდილობს მიზნის მიღწევას. ამიტომაც ითვლება ეს პოემა რენესანსის დასაწყისად. რენესანსი ხომ სქოლასტიკური დოგმების უარყოფას და ყოველგვარი ადამიანურის წარმოჩენას გულისხმობს, ისევე როგორც ანტიკურ ეპოქაში იყო და რომლის აღორძინებაც გაიხადეს მიზნად.  ევროპული რენესანსის შიშველ ფიგურებზე არაფერს ვიტყვი-სრულ შოკი დამმართა სიქსტის კაპელამ. ნურც იმას დავივიწყებთ,  რომ „ვეფხისტყაოსანი“  უპირველესად ხალხმა შემოინახა. ერთ-ერთი მიზეზი კი სწორედ პოემის გმირების იდეალურ მახასიათებლებთან ერთად ადამიანური თვისებებია, რომელიც პერსონაჟებს რიგითი ქართველისთვის და შემდეგ კი მსოფლიოსთვის ახლობელს და ადამიანურს ხდის, ისევე როგორც ყველა გენიალურ ნაწარმოებს. ამიტომაც ითვლება რუსთაველის გენიალური პოემა რენესანსის დასაწყისად.  

 

სკანდალის უმთავრესი მიზეზი თინათინის გამჭვირვალე შავი კაბაა, რომლის შიგნითაც ხორცისფერი „კოლგოტკები“ და შავი კორსეტის მაგვარი რამ აცვია. ჩვენს  დარაზმულ უმრავლესობას თბილისში, საერთაშორისო  ფესტივალებზე მსოფლიოში აღიარებული რეჟისორების დეკლან დონელანის „ოიდიპოს მეფე“ ან  ოსკარას კორშუნოვასის „ტარტიუფი“  რომ ენახათ სრულიად გაშიშვლებული მთავარი გმირებით,  გამჭვირვალე კაბა აღარ გააკვირვებდათ. ბოლოს და ბოლოს ყველას აქვს უფლება საკუთარი ხედვა ქონდეს. მით უმეტეს რობერტ სტურუას. გამოუტყდეთ ერთმანეთს, რომ სტურუას სპექტაკლებში ირონია, გროტესკი, პროვოკაციაც კი ჩვეულებრივი ამბავია. განსაცვიფრებელი ის იქნებოდა თავისთავად მშვენიერ, მაგრამ მაინც მეცხრამეტე საუკუნეში დახატული მიხაი ზიჩის  პერსონაჟების კოსტიუმებში რომ გვეხილა ოცდამეერთე საუკუნის წარმოდგენაში „ვეფხისტყაოსნის“ გმირები. ელოდა კი ვინმე სტურუასგან გახმოვანებულ ცოცხალ სურათებს? მეეჭვება.

ტემპო-რიტმი და ექსპრესია სტურუასეული, თანამედროვე სასცენო ეფექტებიც სტურუასეული, ულამაზესი პოსტმოდერნისტული სახილველი - ესეც სტურუასეული. თუმცა პოსტმოდერნიზში დეტალების გამოყენება შეიძლება სერიოზულიც იყოს და ირონიულიც, რაც  სავსებით შეესატყვისება რობერტ სტურუას შემოქმედების  ესთეტიკასაც და კონცეფციასაც. „ვეფხისტყაოსანშიც“ ასეა- როსტევან მეფე (დავით უფლისაშვილი) ლიუკიდან, მიწისქვეშეთიდან ამოდის. რეჟისორი და მსახიობი  როსტევანს გროტესკულად წარმოსახავენ: სიხარბეს ატანილი მოხუცი, რომელიც სრულად თავისი ახირებების ასპარეზად მოიაზრებს სამეფოს. ძირს დაფენილ არაბეთის რუკაზე გადაგორდება, („რიჩარდ მესამის“ ციტატა),   სიუხვისკენაც მოუწოდებს თინათინს და რეალურად, როდესაც თინათინი გახსნის საჭურჭლეს და უხვად გასცემს ოქრო ვერცხლს,  როსტევანი შფოთავს, როგორც ძუნწ  მოხუცს ჩვევია. კედლებზე აბრჭყვიალებული მონეტები მის მოძრაობებს ფრაგმენტულად აჩვენებს.

თინათინი- ქეთი სვანიძე- ნამდვილ რენესანსულ პერსონაჟად ყავს მოაზრებული რობერტ სტურუას. სპექტაკლის მანძილზე პერსონაჟი სრულ ტრანსფორმაციას განიცდის. პირველ ეპიზოდებში თინათინი მორცხვი გიმნაზისტის სამოსში სრულიად გაუბედავი, დამფრთხალია მოსალოდნელი პასუხისმგებლობის წინაშე. გამეფების შემდეგ ქეთი სვანიძე მთელი ხმით და მტკიცედ აცხადებს „ლეკვი ლომისა სწორია...“ ძალაუფლება მის ხელშია.

 

ტახტი რომელზეც თინათინი ზის ზემოთ იწევა და მის აღმატებულობას თვალსაჩინოს ხდის. ოდიოზური გამჭვირვალე კაბიანი ეპიზოდი, ანუ ავთანდილის გაშვება უცხო მოყმის საძებნელად სხვა არაფერია, თუ არა ქალური საწყისის გამოღვიძება ახალგაზრდა მონარქში. სცენიური პერსონაჟი არ მხოლოდ როგორც მეფე,  არამედ როგორც ქალი ისე სთხოვს მიჯნურ ავთანდილს (ლევან ხურცია) უცხო მოყმის მოძებნას. „სამსა ძებნე წელიწადსა...“ საკმაოდ ხანგრძლივ დროში გაწელილ დავალებას აძლევს მიჯნურს. ლევან ხურციას ავთანდილის ტრფობა ეჭვს არ იწვევს, მსახიობის ემოციურად წარმოთქმული სტროფები პერსონაჟის განცდათა სიწრფელეზე მეტყველებს. ჩნდება განცდა, რომ თინათინს სამი წლით გაშვებულ მიჯნურს, სტურუას ინტერპრეტაციით სურს დაამახსოვროს თავი, როგორც ყველაზე სასურველმა ქალმა. პოემის სტროფების წარმოთქმისას მსახიობების ინტონაცია თითქოს პათეტიკურიც კი არის. მათი სიყვარულის გაცხადება ემოციურობის პიკზე თამაშდება. ცხადია სპექტაკლში თინათინის და ავთანდილის ურთიერთობა პლატონურად არ მოიაზრება. თუ სამომავლოდ ავთანდილის თავგადასავალს გავიხსენებთ გულანშაროში, გასაგებიც გახდება თინათინის მისწრაფება. ზოგადად, რენესანსული პერსონაჟები სქოლასტიკისგან საკმაოდ შორს არიან. „ვეფხისტყაოსნის“ გმირების ადამიანური თვისებების და მისწრაფებების განმასახიერებლები არიან წარმოდგენაში, ასეთადვე უყვარს ისინი ქართველ მკითხველს და ამიტომაც არის ეს პოემა მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო და გასაგები.

სპექტაკლის დასაწყისში „შენ ხარ ვენახის“ ფონზე ზემოდან ეშვება წიგნი- „ვეფხისტყაოსანი“, ასევე ზემოდან ეშვება სამეფო ტახტი. ზეაღმატებული ატრიბუტიკა მიწისქვეშეთიდან ამომძვრალი როსტევანისთვის არ არის განკუთვნილი. სპექტაკლი მუსიკალურად სიმონ ჯანგულაშვილმა და რობერტ სტურუამ გააფორმეს. ქართული საგალობლების და არაბული ტრადიციული მუსიკის გარდა თხუთმეტი შესანიშნავი კომპოზიტორის ნაწარმოებთა ნაწყვეტებია გამოყენებული. დამეთანხმებით, შთამბეჭდავი რიცხვია. მსგავს მრავალგვარობას ეკლექტიკასაც უწოდებენ, თუმცა ორი ნიჭიერი შემოქმედი ყოველი ეპიზოდის შესატყვის მუსიკალურ ფრაზას გვთავაზობს და ამდენად არ იწვევს ჟანრთა აღრევის განცდას. სპექტაკლში რობერტ სტურუას მიერ წაკითხული „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებიც ისმის. რობერტ სტურუა ანა ნინუასთან ერთად სპექტაკლის სცენოგრაფიც არის.

 

მინიმალიზმი-ერთი სიტყვით ასე დავახასიათებდი სპექტაკლის მხატვრულ გაფორმებას. დარბაზთან პანდუსებით და კიბეებით დაკავშირებულ თითქმის ცარიელ სცენის მარცხენა კედლისკენ  ხმლებია ჩარჭობილი - მუდმივი საბრძოლო მზადყოფნის სიმბოლოდ. ზევით თეთრი ვეფხვის გამოსახულება ძველ ქართულ მინიატურასაც გვაგონებს და ლევან ცუცქირიძისეულ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციასაც. წარმოდგენაში რეკვიზიტი ზუსტად მონიშნულ ფუნქციებს ასრულებს. ყვავილების თაიგულებით აღჭურვილ დარაზმულ თაყვანისმცემლებს თინათინი შუბით  იგერიებს. ასევე, რამდენადმე იუმორითაც აღიქმება ანტიკური სვეტის თავი და უცხო მოყმის  (ლაშა ჯუხარაშვილი) ვეფხის პრინტიანი მსუბუქი ნაჭრის მოსასხამი. 

 

ნადირობის ეპიზოდში აღმართული ბოძები და მშვილდიდან ნასროლი ისრები ამ სცენის საოცარ განათებასთან ერთად  სინათლის სვეტებით ქმნიან იმგვარ სახილველს, რომ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რობერტ სტურუას დიდ ტალანტში და იმაში, რომ 88 წლის რეჟისორი კვლავ ფორმაშია და ისევ ძალუძს ნებისმიერი რანგის ლიტერატურული ნაწარმოების სრულიად ახლებური ხედვა შემოგვთავაზოს.

როგორი საქართველო უნდოდა რუსთაველს? სადაც თხა და მგელი ერთად ძოვდეს. მისი იდეალი ეს იყო. მოდით კიდევ ერთხელ წავიკითხოთ „ვეფხისტყაოსანი“ და ჩვენდა წილად ვეცადოთ ისეთი საქართველო გვქონდეს, როგორიც გენიალურ პოეტს და პატრიარქს სურდათ.

bottom of page