top of page

როცა რეჟისორი ქრება...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

729920200_918909777885685_6497573153405865987_n.jpeg

26.07.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

როცა რეჟისორი ქრება...

ედვარდ ოლბის „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ XX საუკუნის ამერიკული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტია. ერთი შეხედვით, პიესა ოთხი ადამიანის ისტორიას გვიყვება, რომლებმაც ერთი ღამე გაატარეს ერთად, თუმცა რეალურად მათი ამბავი უფრო მასშტაბურია. ოლბი პიესაში იკვლევს ურთიერთობების კრიზისს, ძალაუფლებისთვის ბრძოლას, ტყუილისა და ილუზიების როლს, ინტელექტუალურ ძალადობასა და ადამიანის საკუთარი თავის მოტყუების უნარს. სწორედ ამიტომ, პიესა რეალისტური ფსიქოლოგიური დრამაცაა, შავი კომედიაც, გროტესკიც და იმ მიმართულების ნაწილიც, რომელსაც გვიანდელ აბსურდს ვუწოდებთ. მისი პერსონაჟები თითქოს ყოველდღიურ რეალობაში ცხოვრობენ, მაგრამ მათი დიალოგები, ურთიერთობები და ერთმანეთის განადგურების ხერხები ჩვეულებრივი რეალიზმის ფარგლებს სცდება.

ამიტომაც ოლბის ტექსტი განსაკუთრებულ რეჟისორულ სიფრთხილეს მოითხოვს. აბსურდის თეატრში ლოგიკა არასოდეს იკარგება. პირიქით, ის იმდენად მკაცრია, რომ მაყურებელი პერსონაჟების ყველაზე დაუჯერებელ ქმედებებსაც ბუნებრივად იღებს.  აბსურდი არ ნიშნავს ქაოსს და არც გაუგებრობას, მას საკუთარი, მკაცრად ჩამოყალიბებული წესები აქვს, რომლის დარღვევაც მთლიან მხატვრულ კონსტრუქციას ანგრევს.

ადრიან გიურგეას ახალი დადგმა დიდი მოლოდინის საფუძველს არ იძლეოდა. რეჟისორის წინა ორი ნამუშევარი ქართულ თეატრში იმდენად უმნიშვნელოდ გაილია, რომ ოპტიმისტური მოლოდინი არც ამჯერად მქონია. წარმოდგენაზე მისვლის მთავარი მიზეზი მსახიობები იყვნენ. სცენაზე ერთმანეთს ხვდებოდნენ ორი დიდი გამოცდილების მქონე არტისტი, ნინელი ჭანკვეტაძე და გოგა პიპინაშვილი, და ახალგაზრდა თაობის ორი საინტერესო მსახიობი, გაგი შენგელია და ნუცა სულაბერიძე. სწორედ მათი პარტნიორობის ხილვა უფრო საინტერესო ჩანდა, ვიდრე თავად დადგმის მოლოდინი. ინტრიგას სპექტაკლის ფლაერზე დაბეჭდილი ტექსტიც აძლიერებდა, სადაც სპექტაკლის ავტორთა გზავნილი იყო გამოტანილი: „ჩვენ დამახინჯებულ ეპოქაში ვცხოვრობთ. აქ, ამ ადგილას, თითოეული მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს“. ეს განაცხადი მიანიშნებდა, რომ რეჟისორი ოლბის კლასიკურ ტექსტს ჩვენი დროის სოციალურ და მორალურ კონტექსტში წაიკითხავდა. სამწუხაროდ, წარმოდგენის დასრულების შემდეგ ყველაზე მეტად ის რჩება გაურკვეველი, რა უნდოდა ეთქვა რეჟისორს ამ პიესით დღეს.

სპექტაკლი მაყურებელთან ინტერაქციით იწყება. გოგა პიპინაშვილის ჯორჯი დარბაზს მიმართავს, სვამს კითხვებს, ცდილობს კონტაქტის დამყარებას. პირველი წუთები ცოცხალია, ირონიულია და ქმნის მოლოდინს, რომ წინ სარკაზმით, ინტელექტუალური იუმორითა და ურთიერთობების დაუნდობელი ანალიზით გაჯერებული წარმოდგენა გველის. იუმორი თითქოს პირველივე ეპიზოდებთან ერთად სცენიდან ქრება და მის ადგილს არა ოლბისეული აბსურდი, არამედ ყოფითი ერთფეროვნება იკავებს.

სპექტაკლის ყველაზე სერიოზული პრობლემა სწორედ აქ იწყება. ოლბის პერსონაჟები აბსურდული სამყაროს წესებით არსებობენ, თუმცა სპექტაკლში მსახიობები რეალიზმის პრინციპებით, სრული სერიოზულობით მუშაობენ. ტექსტის სტილისტიკა ერთ სისტემას ეკუთვნის, შესრულების მანერა მეორეს. შედეგად, ქმედითი ლოგიკა და თამაშის სტილი ერთმანეთს აღარ ემთხვევა. მაყურებელი იბნევა არა იმიტომ, რომ ავტორი რთულია, არამედ იმიტომ, რომ წარმოდგენა ვერ ადგენს საკუთარ მხატვრულ კანონებს.

ყოველივე ეს, კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება ხანგრძლივ საექსპოზიციო ნაწილში. ჯორჯისა და მარტას დიალოგები დიდხანს გრძელდება, თუმცა ახალი ინფორმაცია თითქმის არ ჩნდება. მაყურებელი მალევე ხვდება, რომ მათ შორის ურთიერთობა დიდი ხანია დანგრეულია, ერთმანეთის მუდმივი დამცირება მათი თანაცხოვრების წესად იქცა - ამის შემდეგ სცენაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვითარება არსებითად აღარ იცვლება. დიალოგები მოძრაობენ, კონფლიქტი კი ადგილიდან არ იძვრის. სწორედ ამიტომ, ორ მოქმედებად გაყოფილი წარმოდგენის აუცილებლობაც ბუნდოვანი რჩება. ბევრჯერ იქმნება განცდა, რომ სცენაზე არაფერი ისეთი არ ხდება, რაც ამ ქრონომეტრაჟს ამართლებდეს.

ყველაზე დიდი იმედგაცრუება მაინც რეჟისორული კონცეფციის არ არსებობაა. თანამედროვე თეატრში რეჟისორი ტექსტის ილუსტრატორი აღარ არის. იგი ქმნის წარმოდგენის ავტორობას, განსაზღვრავს მის რიტმს, ლოგიკას, ხედვას, დამოკიდებულებას. აქ კი სპექტაკლის დასრულების შემდეგ მკაფიოდ სწორედ რეჟისორის არყოფნა იგრძნობა, არა ფიზიკურად, არამედ როგორც მხატვრული ნების, კონცეფციისა და ერთიანი სისტემის დეფიციტი. წარმოდგენა საკუთარი დინებით არსებობს, ხოლო მსახიობები საკუთარი პროფესიული გამოცდილების ამარა არიან დარჩენილი.

ლევან კვარაცხელიას სცენოგრაფია სპექტაკლის ერთ-ერთი ყველაზე გააზრებული კომპონენტია. მხატვარი ქმნის თანამედროვე ინტერიერს, რომელიც ერთდროულად საცხოვრებელი ბინა, სამუშაო სივრცე და ფსიქოლოგიური ბრძოლის ასპარეზიც. სცენა ორ განსხვავებულ ზონადაა დაყოფილი. მარცხენა მხარეს რბილი დივანი, ბარი, სასმელების ბოთლები, თითქოს კომფორტისა და ოჯახური სიმყუდროვის ილუზიას ქმნის. მარჯვენა მხარეს მკაცრი, თითქმის სტერილური კაბინეტია, სამუშაო მაგიდით, სკამებითა და მინიმალისტური ინტერიერით. ერთი სივრცე ემოციებს ეკუთვნის, მეორე კი რაციონალურობას, თუმცა ორივე ერთნაირად ცივი და უსიცოცხლოა. აქ ოჯახიც დეკორაციადაა ქცეული და ინტელექტუალური სამყაროც.

სივრცეს დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს სცენის მარცხენა მხარეს განთავსებული მბზინავი, სარკისებრი კედელი, რომელშიც სცენაზე მყოფი მსახიობები მუდმივად ჩანან. თითქოს პერსონაჟები საკუთარ ანარეკლებთან ცხოვრობენ და რეალობასთან კავშირი კარგა ხნის წინ დაკარგეს. ზემოთ განთავსებული ეკრანი, რომელზეც ჩნდება წარწერები: „თამაში პირველი“, „დაამცირე მასპინძელი“ და სხვა, მაყურებელს მიანიშნებს, რომ თითოეული ეპიზოდი ახალი ფსიქოლოგიური თამაშის დასაწყისია. იდეა თავისთავად საინტერესოა, მაგრამ ეს ტექსტური მინიშნებები ფორმალურ ნიშნებად რჩება. ამით ეპიზზოდებს მხოლოდ სახელი ერქმევა, მათი მნიშვნელობა არ ღრმავდება და დრამატურგიულ ფუნქციასაც ვერ იძენს.

რეჟისორი პერიოდულად პროექციებსაც მიმართავს. ეკრანზე ჩნდება ვიდეოფრაგმენტები, ზოგჯერ პერსონაჟთა ახლო ხედები, ინტიმური სცენები, რფაც პერსონაჟების შინაგან მდგომარეობას უნდა წარმოაჩენდეს. მაგრამ ესეც ბოლომდე ვერ იქცევა დამოუკიდებელ მხატვრულ ენად. პროექცია არც მოქმედებას ავითარებს, არც ახალ მნიშვნელობას სძენს სცენებს, ამიტომ საბოლოოდ უფრო ვიზუალურ გაფორმებად რჩება, ვიდრე სპექტაკლის ორგანულ კომპონენტად.

არანაკლებ პრობლემურია ხმოვანი პარტიტურაც. მუსიკა მხოლოდ ეპიზოდებს შორის ისმის (მუსიკალური გამფორმებელი თავად რეჟისორია), თავად სცენური მოქმედება კი თითქმის მთლიანად მუსიკალური ფონის გარეშე ვითარდება. ცხადია, ყველა სპექტაკლს მუსიკა არ სჭირდება, მაგრამ მაშინ დიალოგმა თავად უნდა შექმნას რიტმი, ენერგია და შინაგანი მუსიკალურობა. აქ კი სწორედ ეს აკლია. ურთიერთობები საკმარისად ცოცხალი არ არის, დიალოგები ხშირად ერთ ტონალობაში ვითარდება, ამიტომ მელოდიის არ არსებობა სცენურ სიმშრალეს კიდევ უფრო ამძაფრებს. იქ, სადაც ურთიერთობების ტემპორიტმი ვეღარ მუშაობს, მუსიკას შეეძლო ემოციური დაძაბულობის გაძლიერება, მაგრამ რეჟისორი ამ შესაძლებლობას თითქმის არ იყენებს.

მსახიობთა ანსამბლშიც არაერთგვაროვანი სურათი იკვეთება. ოთხეულიდან ყველაზე გამოკვეთილ შთაბეჭდილებას ნუცა სულაბერიძე ტოვებს. მისი ჰანი მხოლოდ გულუბრყვილო, ინფანტილური ახალგაზრდა ქალი არ არის. მსახიობი ქმნის ექსცენტრულ, ირონიულ და ხასიათიან პერსონაჟს, რომელიც სცენაზე მუდმივად იცვლება. ქორეოგრაფიულ ეპიზოდებში (ქორეოგრაფი ქეთი ასათიანი) მისი პლასტიკა თავისუფალია, ხასიათი მკვეთრად იკვეთება და ყოველ გამოჩენაზე ახალ ენერგიას სძენს წარმოდგენას. ნუცა სულაბერიძე იშვიათად აჩენს განცდას, რომ უბრალოდ ტექსტს კითხულობს. იგი სცენაზე ცხოვრობს.

გაგი შენგელია ახერხებს ნიკის ტიპაჟის გამოკვეთას. ახალგაზრდა პროფესორის თავდაჯერებულობა, კარიერული ამბიცია და თანდათანობით გამომჟღავნებული დაუცველობა ვითარდება. მართალია, რეჟისურა მას დიდ სივრცეს არ უქმნის, მაგრამ პერსონაჟი მაინც იძენს ინდივიდუალურ სახეს და საერთო ფონზე გამოირჩევა.

განსხვავებული ვითარებაა გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის შემთხვევაში. ორივე უდავოდ დიდი გამოცდილების მსახიობია, რომელთაც არაერთი მნიშვნელოვანი მხატვრული სახე შეუქმნიათ ქართულ თეატრში. თუმცა ამ სპექტაკლში მათი პროფესიული შესაძლებლობები სრულად ვერ რეალიზდება. გოგა პიპინაშვილი დიდწილად იმ გამომსახველობით საშუალებებს იმეორებს, რომლებიც მისი წინა როლებიდან კარგად გვახსოვს. ინტონაცია, პაუზა, ემოციის აგების ხერხი და სცენური არსებობის მანერა ახალი აღმოჩენის განცდას აღარ ტოვებს.

ნინელი ჭანკვეტაძე მთელი ძალით ცდილობს მარტას წინააღმდეგობრივი ბუნების წარმოჩენას. მის გმირში ერთდროულად უნდა თანაარსებობდეს აგრესია, დაუცველობა, სარკაზმი, სასოწარკვეთა და ვნება, მაგრამ ეს რთული ფსიქოლოგიური პორტრეტი საბოლოოდ ბოლომდე ვერ ყალიბდება. ვიზუალურად ეს ყველაფერი სახეზეა, მაგრამ მას აკლია ფსიქოლოგიური სიღრმე. მსახიობი ცდილობს შექმნას განსხვავებული მარტა, თუმცა ეს მცდელობები სცენურ მთლიანობად ვერ გარდაიქმნება. ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მხოლოდ მსახიობს ვერ დაეკისრება. ასეთი სირთულის როლებს ძლიერი რეჟისორული პარტნიორობა სჭირდება.

სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული განცდა.  ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სცენაზე თეატრის ორი დიდი ვარსკვლავი კი არა, საშუალო თაობის ჩვეულებრივი მსახიობები დგანან, რომელთაც საკუთარი პროფესიული პოტენციალის სრულად წარმოჩენის შესაძლებლობა არ მიეცათ. ეს შეფასება მათ შესაძლებლობებს კი არ ეხება, არამედ იმ მხატვრულ გარემოს, რომელმაც მათი უნარები ვერ წარმოაჩინა. ნინელი ჭანკვეტაძეს აქვს რამდენიმე ეპიზოდი, სადაც მისი პროფესიული ოსტატობა მაინც იკვეთება. განსაკუთრებით ფინალისკენ, როდესაც მარტა იძულებულია საბოლოოდ დაემშვიდობოს იმ ილუზიას, რომელზეც წლების განმავლობაში საკუთარი ცხოვრება ააგო. სწორედ ამ სცენებში მსახიობი უარს ამბობს გარეგნულ ეფექტებზე და პერსონაჟის შინაგან ნგრევას უკიდურესი თავშეკავებით გვიჩვენებს. ემოციის ზედმეტი დეკლარირების გარეშე იგი აღწევს იმ მდგომარეობამდე, როდესაც მაყურებელი ხედავს არა სკანდალურ ქალს, არამედ დაცარიელებულ ადამიანს, რომელსაც საკუთარი გამოგონილი სამყაროც ხელიდან ეცლება.

გოგა პიპინაშვილის ჯორჯიც საინტერესო ფინალურ ეპიზოდში ხდება. მსახიობი აღარ ცდილობს ირონიით ან ინტელექტუალური უპირატესობით მოწინააღმდეგის დამარცხებას. იგი თითქოს იღლება მრავალწლიანი თამაშით და სიმართლის თქმას იწყებს. ამ მონაკვეთში მსახიობი ბევრად უფრო ბუნებრივია, ინტონაციაც მშვიდდება, პაუზებიც აზრს იძენს და პერსონაჟი პირველად ხდება ადამიანურად ახლობელი. სწორედ აქ ჩანს, როგორი საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო მისი ჯორჯი, ეს ხაზი მთელი სპექტაკლის განმავლობაში რომ განვითარებულიყო.

 

სპექტაკლის მსვლელობისას არაერთხელ გამოიყენება პარალელური დიალოგების ხერხი, როდესაც ორი ან რამდენიმე პერსონაჟი ერთდროულად ლაპარაკობს. ასეთი პოლიფონიური კონსტრუქცია თეატრში ეფექტური მხოლოდ მაშინ არის, როდესაც მაყურებელმა იცის, რომელ ხაზს გაჰყვეს, ან როდესაც ამ ქაოსს საკუთარი შინაგანი ლოგიკა აქვს. აქ კი ხშირად იქმნება საპირისპირო შედეგი. ერთმანეთზე გადაფარული ტექსტები არა დაძაბულობას, არამედ გაუგებრობას წარმოშობს. მაყურებელი ვეღარ წყვეტს, ვის მოუსმინოს, რომელ პერსონაჟს გაჰყვეს, რის გამოც მნიშვნელოვანი ფრაზებიც იკარგება. ფორმა აქ შინაარსს აღარ ემსახურება.

სპექტაკლში პერიოდულად ჩნდება საინტერესო მიგნებებიც. აპარტეები, მაყურებელთან პირდაპირი დიალოგი, „თამაშებად“ დაყოფილი ეპიზოდები, პროექციების გამოყენება, სცენური სივრცის დაყოფა, გარკვეულ მომენტებში იდეის არსებობის განცდას ტოვებს, თუმცა ეს იდეები განვითარების ნაცვლად ჩანაფიქრის დონეზე ჩერდება. თითქოს რეჟისორი ყოველ ჯერზე საინტერესო მიმართულებას პოულობს, მაგრამ ბოლომდე აღარ მიჰყვება. ამიტომ სპექტაკლი ცალკეული ეპიზოდებისა და მიგნებების ერთობლიობად უფრო აღიქმება, ვიდრე დასრულებულ მხატვრულ მთლიანობად.

ოლბის პიესის მთავარი ღირსება ის არის, რომ იგი დაუნდობლად ააშკარავებს ადამიანურ ტყუილს, ოჯახურ ძალადობას, ინტელექტუალურ მანიპულაციას, ურთიერთობების ნგრევას და იმ ილუზიებს, რომელთა გარეშეც პერსონაჟებს არსებობა აღარ შეუძლიათ.

ადრიან გიურგეამ აქამდე ქართულ თეატრში ორი სპექტაკლი დადგა. ერთი პრემიერის შემდეგ მალევე მოიხსნა რეპერტუარიდან, მეორე კი იშვიათად თამაშდება. რა ბედი ელის „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“, ამას დრო აჩვენებს.

ოლბის ტექსტი დღემდე აქტუალურია, რადგან ის ადამიანის სინდისზე, მარტოობაზე, ძალაუფლებაზე, სიყვარულისა და სიძულვილის უცნაურ თანაარსებობაზე გვესაუბრება. სწორედ ამიტომ, ყოველი ახალი დადგმა ამ პიესასთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვს. თუმანიშვილის თეატრის წარმოდგენაში ეს პოზიცია ბუნდოვანია. სცენაზე დგანან გამოცდილი მსახიობები, წარმოდგენილია საინტერესო სცენოგრაფიული სივრცე, რამდენიმე წარმატებული სამსახიობო ნამუშევარიც იკვეთება, მაგრამ ისინი მთლიან მხატვრულ სისტემად ვერ ერთიანდებიან.

 

ფოტოები რეპეტიციიდან. ფოტოს ავტორი ზურაბ ობოლაძე

P.S.

თეატრი ცოცხალი ხელოვნებაა და არც ერთი საპრემიერო ჩვენება არ არის დადგმის საბოლოო ვერსია. სპექტაკლი შეიძლება გათამაშდეს, რიტმი შეიძინოს, სასცენო პარტნიორობა დაიხვეწოს, მსახიობებმა ახალი შრეები აღმოაჩინონ. მით უფრო, როდესაც სცენაზე ნინელი ჭანკვეტაძე დგას, მსახიობი, რომელსაც არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ როლი პრემიერით არ სრულდება. პირიქით, იგი მუდმივად მუშაობს პერსონაჟის ხასიათზე, ხვეწავს, ცვლის და ავითარებს მას.

თუმცა ჩვენი ეპოქა ლოდინის ფუფუნებას სულ უფრო ნაკლებად გვიტოვებს. სპექტაკლებს მაშინ ვუყურებთ, როდესაც ამის შესაძლებლობა გვეძლევა, შთაბეჭდილებებსაც მაშინვე ვწერთ და ვაქვეყნებთ. ამას კრიტიკოსის პროფესიული პასუხისმგებლობაც გვავალდებულებს, რადგან ჩვენი მოვალეობაა სწორედ ცოცხალი თეატრალური პროცესის დაფიქსირება და იმ პირველი შთაბეჭდილების გაზიარებაა, რომელსაც მაყურებელი პრემიერის შემდეგ იღებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი გურული ხასიათიც არ მაძლევს იმის ფუფუნებას, თვეები ველოდო, ვიდრე წარმოდგენა საბოლოო სახეს მიიღებს.

ამიტომაც, თუ ჩემი ზოგიერთი შეფასება დროზე ადრე გაკეთებული აღმოჩნდება, ან მომავალში თავად სპექტაკლი შეცვლის ჩემს დღევანდელ წარმოდგენას, ამას მხოლოდ მივესალმები. და თუ ოდესმე თავს ვაიძულებ, ეს წარმოდგენა მეორედაც ვნახო, პირობას ვდებ, მკითხველსაც გულწრფელად გავუზიარებ, შეიცვალა თუ არა ჩემი დამოკიდებულება.

bottom of page