top of page

Welcome to Georgia

artwork-of-the-musical.jpg

თამარ ცაგარელი
 

„Welcome To Georgia“

 „Welcome To Georgia“ - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“ - ეს არის ქართულ/ინგლისურ ენოვანი რომანტიული მუსიკალური კომედია ორ მოქმედებად საქართველოს შესახებ, რომლის პრემიერა თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულ სახელმწიფო  თეატრში 2018 წლის 12 მარტს შედგა. როგორც ცნობილია, ამგვარი პერფომანსები მსოფლიოში მიღებულია და საკმაოდ პოპულარულიც. გავიხსენოთ, თუნდაც, პორტუგალიაში ფადოს წარმოდგენები, სორენტოში ნეაპოლიტანური კულტურისადმი მიძღვნილი მუსიკალური სპექტაკლები. ამ სახის წარმოდგენები თავის წილ პოპულარიზაციას უწევენ კონკრეტულ ქვეყნებს.  
წარმოდგენა სპეციალურად ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის ინგლისურ ენაზე შეიქმნა. პროექტის მიზანია, სპექტაკლი „Welcome To Georgia“ – The Musical“ საქართვლოში ჩამოსული სტუმრებისთვის მათი კულტურული პროგრამის განუყოფელი ნაწილი გახდეს და ჩვენს ქვეყანაზე რაც შეიძლება მეტი დადებითი ემოცია და კარგი შთაბეჭდილება წაიღონ. იდეის ავტორი/პროდიუსერი - ნათია ამირიძე, მიხეილ მაისურაძე (რომლებმაც საქართველოში შექმნეს საუკეთესო მაგალითი სხვა ანტრეპრენერებისთვის); ინსცენირების ავტორები - ირაკლი კაკაბაძე, რატი წეროძე; დამდგმელი რეჟისორი/ ქორეოგრაფი - არჩილ სოლოღაშვილი. მიუზიკლი რომელიც საუკეთესო საშუალებაა ქვეყნის სტუმრებისათვის კულტურული შთაბეჭდილებების და ქართული სტუმარ-მასპინძლობის უფრო ახლოს გასაცნობად. სპექტაკლი რომანტიულ-კომედიური ჟანრისაა, მასში გადმოცემულია ნაციონალური ცეკვებით, პოლიფონიური და ქალაქური სიმღებით სასიყვარულო ისტორია ქართველი ბიჭისა და ფრანგი გოგონასი. ამბავი საკმაოდ ტრივიალურია (კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ბებია მოუთმენლად ელოდება საფრანგეთში საწავლებლად წასულ შვილიშვილს, გიორგის, რომელიც არდადეგებზე თავის შეყვარებულ ფრანგ გოგონასთან, ჯულიასთან  ერთად ჩამოდის. მარო ბებო და  მეზობელი ქალები ინტერესით ათვალიერებენ  უცხოელ საპატრძლოს და უსმენენ მის მონათხრობს საქართველოში მოგზაურობის შესახებ. ღვინის ფესტივალიდან დაბრუნებული გიორგის პაპა - გივი, ჯულიას ფესტივალზე გამარჯვებულ ქვევრის ღვინოს მარანში დააგემოვნებნინებს. მისი მეგობარი დიმიტრი კი ბიჭებთან ერთად ქათული ღვინის და ეროვნული ფოლკლორის  ტრადიციებს აცნობს. მეორე დღეს, სტუმრის საპატივცემულოდ მთელი სოფელი დიდ ზეიმს აწყობს. იშლება უზარმაზარი სუფრა. ბიჭები ეროვნულ სამოსში - ჩოხებში გამოწყობილან.  თამადა  ტრადიციულ სადღგრძელოებში საქართველოს შესახებ საინტერესო ამბებს ყვება. ყველანი მღერიან, ცეკვავენ, ხუმრობენ  და ერთობიან. ბოლოს გიორგი ჯულიას ყველას თანდასწრებით ხელს სთხოვს, ჯულია თანხმობას აცხადებს, რასაც ტრადიციული „მრავალჟამიერი“ აგვირგვინებს.), სიუჟეტი ქართულ სოფელში ვითარდება, სადაც ქართველი ბებია (მარო  - გიორგის ბებია  -  მსახიობი: მარინა ჯოხაძე) შვილიშვილს - გიორგის (მსახიობი ლევან კახელი), მის მეგობრებს (სალომე - მსახიობი: ნინო მითაიშვილი, გიგი  - მსახიობი: გიგი ქარსელაძე, ნატა  - მსახიობი: ნატა ბერეჟიანი, ანუკი  -  მსახიობი: ანა ჯავახიშვილი, ნიკა  - მსახიობი: ნიკა ნანიტაშვილი, გიო   - მსახიობი: გიორგი ტორიაშვილი, ანა - მსახიობი: ანა ზამბახიძე) და  გიორგის ფრანგ შეყვარებულს (ჯულია  -  მსახიობი: ეკა დემეტრაძე) მასპინძლობს. თუმცა, აქ აქცენტი გაკეთებულია არა ამბავზე, ინტრიგაზე, არამედ ჩვენი ადათ-წესებისა და კულტურის წარმოჩინებაზე. მაყურებელი იხილავს ნაციონალურ კოსტიუმებში შესრულებულ ქართულ ცეკვებს, მოისმენს ხალხურ პოლიფონიურ  და ქალაქურ სიმღერებს ცოცხალი შესრულებით, ასევე გაიგებს საინტერესო ფაქტებს საქართველოზე, მიიღებს ინფორმაციას ჩვენი კულტურის, ისტორიის,  ყოფის,  ადათ-წესების, ღვინისა და ქართული სუფრის შესახებ.
პერფომანსში რამდენიმე თემაა წამოწეული, რომლებიც საქართველოს და საქართველოში მცხოვრები ადამიანების უკეთ გაცნობას უწყობს ხელს: სტუმართმოყვარეობის, მეგობრობის, მეზობლობის და ურთიერთდახმარების, ქალის პატივისცემისა და ამავე დროს, გენდერული თანასწორობის, ტრადიციულობისა და პატრიოტიზმის, და, რა თქმა უნდა, ქართული სუფრისა და ქართული ღვინის თემა.
წარმოდგენა ვიზუალური თვალსაზრისით გემოვნებითაა შექმნილი. სცენოგრაფია და კოსტიუმებიც, რომელიც ნაციონალური ხასიათისაა  (კოსტიუმების მხატვარი - ანანო მოსიძე; სცენოგრაფი - გიორგი უსტიაშვილი) ხაზგასმით ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობასა და პროპაგანდას ემსახურება. სცენოგრანფმა დეტალებით შეძლო სოფლის ეზოს  ლამაზი და მყუდრო გარემო  შეექმნა - აივანზე გადმოკიდებული ძველებური ფარდაგი, ღობესთან მიგორებული ქვევრი, პატარა მრგვალი მაგიდა და ვენური სკამები, აქა-იქ მიყრილი სამფეხა სკამები და მთელ სცენაზე განლაგებული ქვევრის თავები, გიტარა და დოლი. 
ქართული სუფრის სიუხვესთან ერთად სწორად და მართებულად არის გამოყენებული ქართული ტრადიციული ლურჯი სუფრა, რომელსაც საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია აქვს. ცნობილია, რომ  ტრადიციული ლურჯი სუფრა XIX-XX საუკუნეების ქართული ყოფის ერთ-ერთი გამორჩეული და სახასიათო ატრიბუტია, რომელსაც საქართველოში ყველა იყენებდა, განურჩევლად სოციალური ფენისა და სტატუსისა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ლურჯი სუფრები საახალწლო, სააღდგომო ან რაიმე სხვა სადღესასწაულო რიტუალების დროს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წარმოდგენაში ამგვარი ატრიბუტიკის „გაცოცხლებით,“ შემოქმედებითი ჯგუფი არ ივიწყებს არც ერთ დეტალს, რომელიც ჩვენი კუტურასა და ტრადიციებს უსვამს ხაზს. 
  რაც შეეხება კოსტიუმებს, მხატვარმა  ანანო მოსიძემ შეძლო სრულად გამოეყენებინა ფერთა ის პალიტრა, რომელმაც საშუალება მისცა ეჩვენებინა ორი თაობის განსხვავებულობა და, ამავდროულად, სიახლოვეც. უფროსი თაობის კოსტიუმების ფერები ღვინისფერ ქართულ სუფრასთანაა შერწყმული, რაც მათ „დაღვინებას“  და სოლიდურობას უსვამს ხაზს. ეროვნული სამოსის ელემენტებიც სწორედ უფროსი თაობის კოსტიუმებშია გამოყენებული - ყაბალახი, ჩექმები, ყანწიმები და სხვა.  ხოლო ახალგაზრდა თაობა უფრო ნათელი ფერებით და თანამედროვე სტილით გამოირჩევა, თუმცა მეორე მოქმედებაში სწორედ ახალგაზრდა თაობა გვევლინება ტრადიციულ ქართულ ტანსაცმელში, რაც ტრადიციის თაობიდან თაობაში გადაცემაზე მეტყველებს.
სწორედ ამგვარი ვიზუალის ფონზე, ცოცხალი შესრულებით, ერთმანეთს ენაცვლება, პოლიფონიური, ქალაქური სიმღერები. კომპოზიტორმა რუსუდან მორჩილაძემ თანამედროვე ჟღერადობა და მუხტი შესძინა ისეთ ტრადიციულ ნაწარმოებებს, როგორებიცაა „სიმდი“ და „კინტოური“.  სწორედ „სიმდის“ ამ ვარინტზეა დადგმული მეორე მოქმედების დასაწყისი სცენა - „სუფრის გაშლა“, რომელსაც ყველა მონაწილე ქორეოგრაფიული ნახაზით წარმოდაგენს. მაყურებლის უდიდეს მოწონებას იმსახურებს „კინტოურის“ ვოკალური ვერსიაც. ძალიან საინტერესოდ ჟღერს ფრანგული „Nე მე ქუიტტე პას”   და ბორის თბილელის „იაგუნდი“-სა და ასევე  ფრანგული და ქართული ხალხური  სიმღერების ე.წ. მიქსი. და, რაც ყველაზე შთამბეჭდავია: ქართული ხალხური ცეკვები, რომლის ქორეოგრაფიც თავად არჩილ სოლოღაშვილი გახლავთ, რომელიც პროფესიონალურად, გემოვნებითა და ინტელექტუალურად ააქვს განხორციელებული და რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა  ენიჭება სპექტაკლში, ქართული ეროვნული ცეკვები ხომ, ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ქართული ხასიათის ნიშანთვისებებს. თითქმის ყველა სცენას თავისი ქორეოგრაფიული ნახაზი  და რითმული ხასიათი აქვს (მაგალითად: ბებოების „ფიქრის“ ეპიზოდი მთლიანად ქართული დოლის რითმზეა აგებული), რაც ამა თუ იმ მოვლენას უფრო გამომსახველს ხდის და სიუჟეტის განვითარებას ეხმარება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მუსიკალური და საცეკვაო კულტურის ისეთი მარგალიტები, როგორებიცაა „შენ ხარ ვენახი“, „მრავალჟამიერ“, „ცეკვა ქართული“ და სხვა - ტრადიციულად, აკადემიურ სტილში სრულდება.
მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ხაზი ამ სპექტაკლის ჟანრობრივი გადაწყვეტის ერთ-ერთი უმთავრესი ფორმაა.
მკითხველისთვის ნათელია, რომ ძირითადად, სპექტაკლი განკუთვნილია ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის, ასევე საქართველოში მცხოვრები უცხოელებისთვის. თუმცა, ამ პერფომანსის ნახვა ნებისმიერი მაყურებლისთვის  სასიამოვნო იქნება, რადგანაც, წარმოდგენა, მიუხედავად იმისა, რომ გათვლილია არა მხოლოდ თვითდაფინანსებაზე, არამედ ინვესტიციის დაბრუნებასა და მოგებაზე, მაღალ შემოქმედებით სტანდარტს ინარჩუნებს. 

bottom of page