
წყვდია დის გასაფანტად
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

20.03.2026
ლელა ოჩიაური
წყვდიადის გასაფანტად
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში რეჟისორ თემო კუპრავას ახალი სპექტაკლი „ტერორი“ გასცდა ხელოვნების ნაწარმოების ჩვეულებრივი შეფასების ფარგლებს და იქცა შემოქმედებით/სოციალურ პროექტად, რომელმაც საზოგადოების ჩართულობა და აქტიური რეაქცია, გამოხმაურება, მსჯელობა გამოიწვია.
გერმანელ მწერალ, დრამატურგ, კინოსცენარისტ და ადვოკატ ფერდინანდ ფონ შირახის ამავე სახელწოდების პიესა, ჟანრობრივად - „სასამართლო დრამა“ – გერმანისტმა დავით კაკაბაძემ, სპეციალურად, თეატრისთვის, სპექტაკლისთვის თარგმნა. შემდეგ თარგმანი წიგნად, გამომცემლობა „ატლასმა“ და „მარჯანიშვილმა“ გამოსცეს. „ჯიბის ფორმატის“ წიგნს იქვე, „მარჯანიშვილის“ ფოეში ყიდიან, სპექტაკლის დაწყებამდე და შემდეგ - მეტ ეგზემპლარს - ნანახით გაზრდილი ინტერესიდან გამომდინარე.
ამბავი „ტერორში“ სასამართლო სხდომაზე ხდება. პიესა ავტორის რემარკებითაა, აღწერილობებით, დეკორაციის, პერსონაჟების კოსტუმების მითითებების ჩათვლით. თემო კუპრავა ძირითადად მიყვება მოვლენების მსვლელობასა და პასაჟებს, მხოლოდ - ორმოქმედბიან პიესას, ერთ აქტში აქცევს, მოსამართლე და პროკურორ კაცებს ქალებით ცვლის და ერთ მანდატურსაც ამატებს.
ნებისმიერი სასამართლო - სპექტაკლია - რომელშიც, ყველა თავის როლს - მოვალეობას ასრულებს. მონაწილეები, პროცესის დაწყების წინ, იცვლიან კოსტუმებს - ირგებენ მანტიას, უნიფორმას და „თამაშობენ“ მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის „როლებს“, აქვთ „სცენარი“, ტექსტი, გეგმა, კონცეფციაც კი და სავარაუდო ფინალიც - განაჩენი - განსაზღვრული აქვთ. ოღონდ, ნორმალურ, ცივილიზებულ სახელმწიფოებში - სამართლიანად, გადაცდომების, გულგრილობისა და ცრუ ბრალდებების გარეშე. ანუ კანონიერად. და სამართლებრივად.
თემო კუპრავას სპექტაკლში ამბავი მყარ დრამატურგიულ ღერძზეა აგებული - იწყება, იშლება, იძაბება, აქტიურდება, კულმინაციას აღწევს, კვანძი იკვრება და იხსნება. პროცედურული ფორმალობებიცა და იგივე, „მთავარი როლების“ შემსრულებლების შემადგენლობაც დაცულია. და ჩვეულებრივი სქემით - პიესისა და სასამართლოს მსვლელობის „სიუჟეტის“ მიხედვით - ფორმით, მოტივაციითა და წესრიგით ვითარდება.
და ესეც რიგითი, რუტინული პროცესი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ერთი და მთავარი გარემოება. განსახილველი საქმეა უჩვეულო, არატიპური და ამდენად, რთული წარსამართადაც და გადაწყვეტილების მისაღებადაც.
სასამართლოზე განიხილება რეაქტიული გამანადგურებლის პილოტ ლარს კოხის - პაატა ინაური - საქმე. განიხილავენ: დაპირისპირებული მხარეები პროცესზე და ურთიერთკეთილგანწყობილი კოლეგები მის დაწყებამდე: სასამართლოს თავმჯდომარე - ეკა ჩხეიძე, ადვოკატი - ნინი ნოზაძე (ნინი კვირიკაშვილი), პროკურორი - ნატალია გაბისონია (ანუკი ბუბუტეიშვილი); მოწმეები არიან: დაცვის მხარე - უფროსი ლეიტენანტი კრისტიან ლაუტერბახი - ალეკო მახარობლიშვილი; ქვრივი, ბრალდების მოწმე - ფრანცისკა მაიზერი - ანიკო ეზიაშვილი (თეა ალფაიძე); წესრიგის იცავენ და პროცესის წარმართვაში დამხმარეების ფუნქცია აქვთ - ბადრაგი -გიორგი სირბილაძე, მანდატური - ირიკო აბულაძე; სხდომას სტენოგრაფიულად იწერს - მდივანი - ელენე ჭავჭავაძე.
ამ პროცესში თითოეულს თავისი ფუნქცია და აუცილებლად შესასრულებელი როლი/მისია აქვს. და ისინი ასრულებენ თავ-თავიანთ როლებს, როგორც არ უნდა აფასებდნენ, განსახილველ საკითხს და როგორი შედეგითაც უნდათ მისი დასრულება, მსახიობებსა და მათ პერსონაჟებებს. ეს ზღვარი თან არსებობს და თან იშლება.
„ტერორის“ კიდევ ერთი ღირსება, სწორედ სამსახიობო ანსამბლია (ნაწილობრივ, ორი შემადგენლობით), სხვადასხვა თაობის, გამორჩეული და ვარსკვლავი, დიდი დიაპაზონის არტისტები, ასეთივე და საიმედო ახალგაზრდებთან, მათ შორის, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის II-კურსელ სტუდენტებთან ერთად, გოგი მარგველაშვილის ჯგუფიდან.
პრეისტორია ასეთია - ტერორისტების ჯგუფმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა და მისით, სტადიონოს პიკეტირებასა და აფეთქებას აპირებდა, ფეხბურთის მატჩის დროს (70000 გულშემატკივრით, ფეხბურთელებითა და პერსონალით). ტერაქტი აცილებულია, მაგრამ ინციდენტი მაინც ტრაგედიით დამთავრდა. თვითმფრინავი არა ტერორისტებმა, არამედ რეაქტიული გამანადგურებელის პილოტმა გაანადგურა, ტერორისტებსა და 164 მგზავრთან ერთად. თითოეულის სიცოცხლე კი, ბუნებრივია, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თითოეულის - 70000-იდან + 164 მგზავრის.
სწორედ ამაშია ბრალდებული ლარს კოხი, ახალგაზრდა მფრინავი, რომელმაც ტერორისტებიანი თვითმფრინავის ჩამოგდების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, უშუალოდ მათ, რომლების მოვალეობაშიც შედის სახელმწიფო უსაფრთხოება და ტერორისტების გამკლავება - არაფერი/ვერაფერი იღონა ტერაქტის თავიდან ასაცილებლად. ასე რომ მომხდარიყო და სტადიონი დაეცალათ (ერთ საათამდე დრო ჰქონდათ საამისოდ) 70000 ადამიანი გადარჩებოდა. ტერაქტი ალბათ მაინც მოხდებოდა, მაგრამ თვთმფრინავს ტერორისტები ააფეთქებდნენ, 164 მგზვრთან ერთად და არა ლარს კოხი.
მომხდარის შეფასებასა და გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობასაც მოსამართლე თავიდან იცილებს (თუმცა არა იმიტომ, რომ სხვა კოლეგებთან ერთად ან პოზიცია არ აქვს ან უსამართლოა) და სპექტაკლის დასაწყისში, მაყურებელს ერთგვარ ხაფანგში აბამს, აფრთხილებს, რომ ვერდიქტის მიღებას მას აკისრებს, და ნაფიც მსაჯულებად „ნიშნავს“, რომლებმაც განაჩენი უნდა გამოიტანონ, საკუთარი გულისა და გონების კარნახით. პრობლემა ტერორისტები რომ იყვნენ, გასარჩევიც არაფერი იქნებოდა. და განაჩენიც - ერთმნიშვნელოვანი. მაგრამ შემთხვევა ლოგიკას, კანონმდებლობას, სამართლებრივ ნორმებს არ ექვემდებარება. და მაყურებლის ვერდიქტიც მხოლოდ მორალს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობასა და შეგრძნებებს უნდა დაეყრდნოს.
არსებობს დამამძიმებელი გარემოებები და არსებობს ქმედების გამამართლებელი მოტივები, რომელიც არჩევანს განსაზღვრავენ. პირდაპირი და ერთმნიშვნელოვანი პასუხი - არ არსებობს. ან, ვის შეუძლია ან აქვს უფლება - საკუთარ თავზე აიღოს და გადაწყვიტოს ერთი, ასი, ათასი ადამიანის ბედი და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს?
სითამამე და ვაჟკაცობა უნდა ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. შინაგანი თავისუფლება და პასუხისმგებლობის გრძნობა და ლარს კოხი იღებს ამ გადაწყვეტილებას - გაწიროს, რომ გადაარჩინოს. ბედისწერას მიანდოს საკუთარი რეპუტაციაც და თავისუფლებაც, შინაგანი წონასწორობა დაირღვიოს.
და აქ იკვეთება სპექტაკლის მეორე, უფრო სწორად, პირველადი და ზოგადად, უმთავრესი პრობლემა - როდესაც სახელმწიფო დუმს და პასუხისმგებლობას არ იღებს, მაშინ ინდივიდები იღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, როგორი მძიმეც უნდა იყოს ასეთი არჩევანი - სხვების გადასარჩენად.
სასამართლოზე ფაქტობრივად არავის ახსოვს და განსჯის არც ტერორისტებს, არც ხელისუფლებას, რომელმაც მოვალეობა არ შეასრულა. ეს მათი პროცესი არაა. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. წესი წესია, კანონი კანონია, მაგრამ უფრო მაღალი და უტყუარი ღირებულებებიც არსებობს.
ანკა კალატოზიშვილის დეკორაცია - სცენის მთელ სივრცეზეა გაშლილი და რეალური მოქმედების ადგილის - სასამართლო დარბაზის განლაგების სქემას მეტ-ნაკლებად იმეორებს. პროცესის წარმმართველებისა და მასში ჩართულების ადგილები - მაგიდები, სკამები, შემინული ბარიერი განსასჯელისთვის, გამჭვირვალე შირმის მსგავსი კედლები და გამჭვირვალე განათებული კოლონები - მოქმედების ადგილის ძირითადი მეტყველი ელემენტებია. ისინი ამსუბუქებენ და გაშლილ სივრცეს კიდევ უფრო შლიან და განავრცობენ. ამას ემატება მაყურებლის რიგების შემცირება, დარბაზისა და სცენის დონეების გაერთიანებითა და გათანაბრებაით მიღწეული თანადასწრების ეფექტი.
სცენის შიდა კედელზე მონიტორებია, რომლებზეც ჩანს - დათა დვალიშვილის ინსტალაცია, ცვალებადი გამოსახულებით - აეროპორტის დარბაზი და საფრენი ბილიკები, სტადიონის სქემები გულშემატკივრებიანად და სათადარიგო გასასვლელებიანად, თვითმფრინავის მარშრუტების ტრაექტორია, თვითმფრინავის ტრასა და მარშრუტი, სტადიონის ზედხედი და თვითმფრინავის კატასტროფა, აეროპორტის სადამკვირვებლო შტაბი, მონიტორებითა და მართვის პულტებით, რომლის ეკრანებიდან, სხვადასხვა გარემოში, წერტილიდან და რაკურსებში - სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, კოხი და მათთან ერთად, მაყურებელი მოვლენების მსვლელობას, აკვირდებიან.
„ტერორი“ პროცესის სიმძიმის, შინაგანი დაძაბულობისა და ჩიხურობის მიუხედავად (მათ შორის, მაყურებლისაც) მშვიდ, მდორე ტემპში, მიდის. ალბათ, როგორც სასამართლოს მსვლელობა მოითხოვს, სადაც არავის ეჩქარება და ყველაფერი ბოლომდე უნდა ითქვას. გაიშიფროს. გამოჩნდეს. დროდადრო, მონოტონურობას პერსონაჟების ემოციები (განსაკუთრებით, ფრანცისკა მაიზერის - ყველაზე ექსპესიული, ორივე ეპიზოდში და განსაკუთრებით, ფინალში), მწვავე, ხისტი და სამართლიანი (პროკურორი), არაერთგვაროვანი, არაგულწრფელი და უსახური (კრისტიან ლაუტერბახი), საქმიანი, ირონიული და ნეიტრალური (სასამართლოს თავმჯდომარე), მტკიცე, თავდაჯერებული და მოქნილი (ადვოკატი), ნეიტრალური, უტყვი და ძლივსშესამჩნევი პოზიციით (ბადრაგი, მანდატური, მდივანი) რეაქციები, შეფასებები, „პასუხები“ და დაცვისა და ბრალდების მხარეების „გათამაშებული“ და ნამდვილად დაპირისპირებების მონაკვეთები არღვევს.
სასამართლო პროცესი - პერსონაჟების ქცევისა და მსახიობებების მიერ, მათი მოცულობითი და ფსიქოლოგიურად ძლიერი, დამაჯერებელი სახეების შექმნისას გამოყენებული მრავალმხრივი ხერხების მიხედვით, თეატრალურ სინამდვილედ იქცევა, რომელშიც მსახიობი ლიდერობს. თითოეული აფიქსირებს პოზიციას და ნამდვილ დამოკიდებულებას მალავს (სხვადასხვა მიზეზით. ზოგს გამოხატვის უფლება არ აქვს, ზოგს - ასე აწყობს და ზოგს აღარაფერი აქვს დასამალი). ამბავი ყოველი მომდევნო სცენით უფრო და უფრო იხსნება, სხვადასხვა ჭრილში და ახალ რაკურსში აჩვენებს თითოეულის ვინაობას, ურთიერთობებს - ერთმანეთთან, ბრალდებულთან, მოწმეებთან და ეს პროცესი, მოვლენების მსვლელობასთან ერთად, ახალი ნიუანსებით ივსება, ძლიერდება და მყარდება.
სპექტაკლში ბევრს ლაპარაკობენ. ბევრს (მეტს) ლაპარაკობენ პიესაშიც - რადგან სასამართლოში საუბრობენ ბევრს. სწორედ ესაა ნებისმიერი სასამართლოს ფორმატი. მხოლოდ მანდატურები და სტენოგრაფისტი დუმან და რაც მთავარია, ძირითადად, დუმს ლარს კოხი. მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ამბობს, როდესაც სიტყვას აძლევენ და როდესაც უნდა გაიხსენოს, რა მოხდა და თავისი საქციელის მოტივაცია თუ პოზიცია დააფიქსიროს.
ლარს კოხს სამხედრო მუნდირი აცვია, ბრალდებულის სკამზე ზის თავდახრილი, სახე იშვიათად და ოდნავ შესამჩნევად ეცვლება. მსახიობი შინაგანად გადის ყველაფერს, რაც შეიძლებოდა სიტყვით ან თუნდაც, მოძრაობით, ჟესტით ეთქვა და ეჩვენებინა. საოცარი და მეტყველი დუმილია, რომლითაც აშკარაა ყველაფერი, რაც მასში ხდება, იგრძნობა, თუ როგორც რეაგირებს ყველა სიტყვაზე, ყველა რეპლიკაზე, იმაზე რას ფიქრობს, რისი გაკეთებაც მოუწია, როგორი ადამიანია და რა განცდები აქვს, არა მხოლოდ პროცესზე, მას შემდეგაც, რაც მაყურებელი გაამართლებს და თავისუფლებას გადაუწყვეტს.
რაღაც კუთხით, გამამართლებელ შედეგს ხელს უწყობს ლარს კოხის როლის შემსრულებელი პაატა ინაური, რომლის, თუნდაც, გარეგნობა, ფაქტურა, თავდაჭერა, ქცევა მაყურებელზე ფსიქოლოგიურადაც მოქმედებს და კეთილგანწყობასა და თანაგანცდას დასაწყისიდანვე იწვევს. შემდეგ, ძლიერდება და მყარდება სპექტაკლის - პროცესის - მსვლელობისას, როდესაც ნელ-ნელა ირკვევა, რა და როგორ იყო, რაც და რატომაც ჩაიდინა განსასჯელმა.
„ტერორი“ პასუხისმგებლობაზეა. არჩევანზე და გადაწყვეტილების მიღებაზე, ექსტრემალურ და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის საქციელზე, რომელიც ნორმებსა და დანაშაულის სასჯელის არც ერთ მუხლს არ ერგება. არც ამ გადაწყვეტილებაზე არსებობს ზუსტი და ერთგვარი პასუხი. არ არსებობს - „ასეთი“ ან „ისეთი“ - მყარი პოზიცია.
ასეთია „ტერორი“ - ყველაზე გამოუვალ ვითარებაში მყოფ ადამიანების ბედზე, და ერთზე - ყველას წინააღმდეგ - რომელმაც გადაწყვიტა, აირჩია და ფაქტობრივად, თავი გაწირა. წყვდიადის ოდნავ მაინც გასაფანტად.
ამიტომ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა მაყურებელმაც. ეს რთული ინდივიდუალური არჩევანია. თითოეული ისე მოიქცა, როგორც მოიქცა მაყურებელმა უნდა შეაფასოს არა ის, თვითონ რას გააკეთებდა? რას იზამდა - განადგურებულ თვითმფრინავში მისი ახლობელი რომ ყოფილიყო? (ამ კითხვაზე პასუხი პაატა ინაურის გმირს და ალბათ, არავის არ აქვს) და სტადიონზე რომ ყოფილიყო? ან მგზავრი თვითონ რომ ყოფილიყო? - მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად სწორია ლარს კოხის საქციელი და რამდენად აქვს გამართლება მის ჩადენილ მკვლელობას.
საბოლოო განაჩენი, მაყურებლისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილება პაატა ინაურის გმირს არც შინაგანად ათავისუფლებს და არც სინდიდის ქენჯნისგან. ამაში ვერავინ, ვერც ერთი მაყურებელი ვერ დაეხმარება. ლარს კოხი და ამ ამბავთან დაკავშირებული სხვა ადამიანები, ვერაფერით და ვერასდროს დაივიწყებენ მომხდარს. ის თვითმფრინავი, ის 164 დაღუპული, მათ შორის, ბავშვები მუდამ შეახსენებენ თავს, მკაფიო თუ ფერგაცლილი სურათივით, ყოველთვის „დაენახებიან“ და ააფორიაქებთ.
სტატისტიკით, მსოფლიოში, ათეულობით თეატრში, ლარს კოხს გამამართლებელი განაჩენი მაყურებლის 63.9 პროცენტმა გამოუტანა - საერთო სასამართლოების განჩინებით. საინტერესოა, რა მოხდება სპექტაკლში მაშინ, თუ მას გაამტყუნებენ.
სპექტაკლის სახელწოდებაშიც და ზოგადად, სიტყვა ტერორსაც, რამდენიმე მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს - ტერორის განცდა, შიში, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა; სახელმწიფო ტერორი, ძალადობრივი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებს სტრესის, მუდმივი წინააღმდეგობების პირობებში ამყოფებს, ანადგურებს ფიზიკურად და მორალურად.
თემო კუპრავას „ტერორი“ მისი, როგორც მოქალაქისა და რეჟისორის რეაქცია და პასუხია სინამდვილეზე, ტერაქტების, ძალადობის, ადამიანების მასობრივი თუ ცალკეულად დევნის, განადგურების შემთხვევებზე, უწყვეტ პროცესებზე - ერთი, რამდენიმე ტერორისტის მხრიდან, თუ ტერორისტული სახელმწიფოს პოლიტიკის შედეგად; ომებზე, „მშვიდობიან“ ტერორზე, უსამართლობაზე, უკანონობაზე.
ტერორისტების არც ერთი დანაშაული და არც ერთი შემთხვევა, შემსუბუქებას, შეწყალებასა და საქმის სიძველეს არ ექვემდებარება. ლარს კოხის გზა კი, თავისუფლებისკენ იხსნება.