top of page

ხალდეს გმირობა გუშინ! (და დღეს?)

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

297456315_365780329071329_9138711907675964344_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ხალდეს გმირობა გუშინ! (და დღეს?)

 

დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დრამატულმა თეატრმა ახალი, სიცოცხლე განახლებული დასით (აქამდე თეატრს მუდმივმოქმედი დასი არ ჰყავდა), ახალი შემოქმედებითი ჯგუფით (თეატრის შემოქმედებითი ჯგუფი მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელით განისაზღვრებოდა) და ახალი ქართული პიესით დაიწყო. სპეციალურად დმანისის თეატრისთვის დრამატურგმა და მწერალმა ნინო სადღობელაშვილმა გიორგი სიხარულიძის შეკვეთით ახალი პიესა - „ხალდე“ დაწერა, რომელიც სვანეთის სოფელ ხალდეს მცხოვრებთა გამორჩეულ გმირობაზე მოგვითხრობს, რომლის შესახებაც ბევრმა არაფერი იცის.

რეჟისორსა და ახლა უკვე დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი სიხარულიძესა და მწერალსა და დრამატურგს ნინო სადღობელაშვილს მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობა და თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აკავშირებთ, რომელიც მესხიშვილის თეატრში დაიწყო სპექტაკლით „ბამბაზიის სამოთხე“. დადგმა მაშინ მესხიშვილის თეატრის სავიზიტო ბარათად იქცა, რომლითაც მრავალი წლის განმავლობაში იხსნებოდა და იხურებოდა ქუთაისის დრამატული თეატრის სათეატრო სეზონი. სპექტაკლს დიდი წარმატება ხვდა წილად არა მხოლოდ თემის, აქტუალური პრობლემების ორიგინალურად წარმოჩენის გამო, არამედ მესხიშვილის თეატრის მსახიობთა: მარიკა სამანიშვილის, ენდი ძიძავას, გიორგი ზანგურის, დათო როინიშვილის, ლელა ლომთათიძის, ვანო ხუციშვილისა და გელა ებანოიძის მიერ შექმნილი ორიგინალური მხატვრული სახეების გამოც. ეს თანამშრომლობა რეჟისორსა და დრამატურგს შორის შემდეგაც გაგრძელდა და სხვა თეატრებშიც. ახლა კი მათი გზები დმანისის თეატრში გადაიკვეთა და ვფიქრობ, ეს კოლაბორაცია წარმატებულიც აღმოჩნდა.

რამ განაპირობა სპექტაკლის წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ, პიესის დრამატურგიულ სტრუქტურაში გარკვეული პრობლემებია? (სიუჟეტის თანმიმდევრული წყობა) თემამ და მისმა აქტუალობამ, რეჟისორის ორიგინალურმა ხედვამ, სცენოგრაფიამ და ზუსტად შერჩეულმა მუსიკალურმა თანხლებამ და რაც მთავარია, მსახიობთა ანსამბლმა, რომელიც სპექტაკლში მონაწილეობს. გამოცდილმა სცენის ოსტატებმა ლილი ხურითმა და გია აბესალაშვილმა, ახალბედა მსახიობებთან კონსტანტინე ფოცხვერაშვილთან, ანა ბერელაშვილთან, ანანო ლომიძესთან, დათო ჩოგოვაძესთან, გიორგი გიორგიძესთან, ნანუკი მაკრახიძესთან და ანა ბანძელაძესთან ერთად, შექმნეს გამორჩეული მხატვრული სახეები. მათ როგორც არტისტებს რთული ამოცანა ჰქონდათ დაკისრებული. ისინი ხან პერსონაჟებს განასახიერებდნენ, ხანაც მსახიობებს, რომლებიც ხალდეს ისტორიას სტუდიაში წერენ. მსგავსი ფორმა, ცხადია, არ ახალია, მაგრამ ყოველთვის რთული განსახორციელებლად, რადგან მსახიობებს ერთდროულად ორი როლის შესრულება უწევთ და ვინაიდან წაშლილია ზღვარი ამ ორ პერსონაჟს შორის, მაყურებლისთვის ადვილი გამოსაცნობი არ არის სად გადის ეს ზღვარი. „ხალდეში“ ეს პრობლემა სრულად მოგვარებულია, უფრო მეტიც, რეჟისორმა ამოცანები გაართულა და ჩვენ არა მხოლოდ ხალდეს გმირთა, არამედ გამხმოვანებელთა ცხოვრებას, ხასიათებს, მისწრაფებებს, ბიოგრაფიებს ვეცნობით.

ახალგაზრდა მსახიობთათვის სცენის ოსტატებთან თანამშრომლობა ვფიქრობ, დიდი გამოცდილებაა, ერთგვარი სკოლა. ლილი ხურითი და გია აბესალაშვილი კი თავის მხრივ, კიდევ ერთხელ ამტკიცებენ პროფესიონალიზმს და მათ განსაკუთრებულობას. ორივე მსახიობი მასშტაბურ გმირებს ქმნიან სცენაზე, ზედმეტი თეატრალიზებულების, ვიზუალური ემოციურობისა და კეკლუცობის გარეშე. მათ მიერ შესრულებული ტრაგიკული პერსონაჟები კი, განიცდიან ბევრს და დამაჯერებლად, იწვევენ მაყურებელში თანაგრძნობას და ბადებენ დიდ, გულწრფელ ემოციას. ამ ესთეტიკაში (სცენურ გულწრფელობას ვგულისხმობ) არ ჩამორჩებიან ახალგაზრდა მსახიობები და მათგან რამდენიმე ლიდერიც იკვეთება, რომელთაც ძალუძთ მნიშვნელოვანი მხატვრული სახეების განხორციელება მომავალში. მომავალი და პერსპექტივა კი დმანისის თეატრს ნამდვილად გაუჩნდა, ვინაიდან კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით (დამოუკიდებლობის ეპოქაში პირველად) დმანისის თეატრი აღარ არის მხოლოდ ნომინალური პროფესიული თეატრი, მას აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს შემოქმედებით ჯგუფს განვითარებისთვის.

„ხალდე“ ერთი სოფლის მცხოვრებთა გმირობაზე, პრინციპულობასა და პატრიოტიზმზე მოგვითხრობს, რომელიც მაგალითის მიმცემი უნდა აღმოჩნდეს მომავალი თაობებისთვის. ახლა, როცა გაუფასურებულია პატრიოტიზმი (ხოლო ეს თემა ხელოვნებაში) და ამ ცნების მნიშვნელობაც შეცვლილია, ორმაგად მნიშვნელოვანია „ხალდეს“ მსგავსი სპექტაკლებით თეატრების რეპერტუარის შევსება. დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი სიხარულიძის დრამატურგიულ-თემატური არჩევანი არის სწორედ იმ პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც უნდა ატარებდეს დმანისის თეატრი.

სცენოგრაფმა თეო კუხიანიძემ ნინო სადღობელაშვილის პიესის შინაარსის კონტრასტული სამყარო შექმნა. სცენაზე მაყურებლის წინ მოცულობითი, თანამედროვე ხმის ჩამწერი სტუდიაა. სცენოგრაფი დეკორაციისთვის, რომელიც პიესაში განვითარებულ მოვლენებთანაა პირდაპირ კავშირში, მხოლოდ დეტალებს იყენებს, რაც სავსებით საკმარისია მოვლენების ზუსტად აღსაქმელად, ატმოსფეროს შესაქმნელად. ორიგინალურად გადაწყვიტა თეო კუხიანიძემ კოსტიუმებიც. მან ე.წ. თავისუფალი სტილი შეურჩია მსახიობებს, რომლებიც ეპოქის დეტალებით „შეავსო“. ეს ზომიერება კი მეტაფორულ ასოციაციებს აღძრავს, არღვევს დროის კანონზომიერებას და სამართლიანადაც, რადგან ის, რაზეც გვესაუბრებიან მსახიობები სცენიდან დღესაც აქტუალურია და პრობლემა კვლავაც მწვავედ დგას დღის წესრიგში. ანა მურღულიას მიერ შერჩეული მუსიკალური თემები, ცოცხალი ხმაურები და ეფექტები მეტ დრამატიზმს, მისტიკურობას, ვიზუალიზაციას და სიმძაფრეს სძენს სცენაზე გათამაშებულ ამბავს.

პირველი პრემიერა, დმანისის სიცოცხლე განახლებულმა თეატრმა დედაქალაქში, თავისუფალ თეატრში გამართა. ამ ფაქტმა სამართლიანი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. დმანისის თეატრი პირველ ყოვლისა დმანისელებისთვის უნდა არსებობდეს. როგორც გაირკვა, თეატრი არ აპირებს მომდევნო პრემიერების და რიგითი წარმოდგენების სულ თბილისში გამართვას. მანამ, სანამ დმანისის თეატრის შენობის რეაბილიტაცია დასრულდება, დასი წარმოდგენებს ალტერნატიულ სივრცეებში (დმანისში) და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში გამართავს. მსგავსი პრაქტიკა სხვა თეატრებსაც აქვთ, ფოთის, ოზურგეთის, ბათუმის თეატრები შენობათა რეაბილიტაციის პერიოდში წარმოდგენებს ალტერნატიულ სივრცეებსა და საქართველოს ქალაქებში მართავდნენ.

ნინო სადღობელაშვილის „ხალდე“ დმანისის თეატრის წარმოდგენით ღირსების შეგრძნების გაღვიძების მცდელობაა, რომელიც პირდაპირ პატრიოტიზმზე გადის. სპექტაკლი გვახსენებს თუ რა იყო და რა უნდა იყოს ახლა მთავარი და პრიორიტეტული ჩვენი საზოგადოებისთვის. დამდგმელი ჯგუფი კიდევ ერთხელ გვახსენებს ისტორიას, რომელიც როგორც გამორჩეული მაგალითი უნდა გვახსოვდეს დღეს, რადგან დღესაც, ზუსტად იგივე გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც მაშინ.

bottom of page