top of page

ხალდეს სახელი

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

297207958_365780382404657_7721761975111069283_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

ხალდეს სახელი

 

„[...]„იფრალელებო, ეცერლებო, ბეჩოელებო, ვიჩნაშელნო, ზაგრალელნო!.. [...]“

ესმა ყურსასმენებს იხსნის.“

ნინო სადღობელაშვილის პიესიდან - „ხალდე“.

 

პრუსტის რომანის „დაკარგული დროის ძიებაში“ მთავარი პერსონაჟი წარსულის რეკონსტრუირებას სწორედ სახელებით ცდილობს. სახელები, ესე იგი - სახელები და გვარები, სახელწოდებანი, ტერმინები, სიტყვები, ფრაზები და გამონათქვამები, ფლობენ გმირის სამყაროს, მათ უპყრიათ მისი განცდების, შთაბეჭდილებათა, ზმანებათა, მოგონებათა და ცოდნის (შემეცნებითი ლაბირინთის) გასაღები. ირკვევა, რომ სახელი, გაჟღერებული გამორჩეულად ოდესღაც ყურისთვის, ცვლის და ასხვაფერებს გარემოს, სიტუაციას, პერსონაჟის განცდის ტონალობას, განცდის საზრისსა და სტრუქტურას, თავად სუბიექტის ჭეშმარიტებას, სიმართლეს; როგორც ფრანგები იტყოდნენ - „verité pour un subjet“ (ჭეშმარიტება/სიმართლე, რომელიც სუბიექტისთვის არსებობს, რომელიც სუბიექტურია: ჩემი ჭეშმარიტება რამეში, საზრისი ჩემთვის რაიმედან). გმირი ვერ გაურბის სახელის მისტერიას. პირიქით, თავის ჭეშმარიტებას სწორედ სახელის მოგონებაში ეძებს, მისი გამოხმობით, მოსმენით აღადგენს. უპირველეს ყოვლისა, სახელი (სთავაზობს და) აძლევს გმირს იმას, რაც მან დაკარგა: აუნაზღაურებელს; რომელიც არსებობს ფაქტობრივ სამყაროში, მაგრამ ფიქციურია, თუმცა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტობრივი სამყარო, რადგან სუბიექტის ჭეშმარიტებას, მისი ცხოვრების საზრისს (იმას, რამაც ის შვა და რაც მას მიიღებს) წარმოადგენს.

სახელის მისტერია არა მხოლოდ პრუსტთანაა რეპრეზენტირებული, არამედ ნინო სადღობელაშვილის პიესასა და გიორგი სიხარულიძის სპექტაკლში - „ხალდე“.    

დმანისის თეატრის გულის შემძვრელი ნამუშევარი თბილისის თავისუფალ თეატრში 2022 წლის ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში წარმოადგინეს.

პიესაში ნინო სადღობელაშვილი, ვფიქრობ, შეეჭიდა სახელის საკითხს, როგორც პრუსტი - თავის რომანში. პიესა აგებულია ზე-დროულის, ტრანს-ეპოქალურის - სახელებისა, და თანამედროვეობის (თანამედროვე სახელები და ჩვენი ყოველდღიური, არაფორმალური მეტყველება) დაპირისპირებაზე. ხმის ჩამწერ სტუდიაში მიმდინარეობს ხალდეს ისტორიის, განწირული ბრძოლის ამბის ჩაწერა. ხალდეს მცხოვრებთა - ქალთა და მამაკაცთა პერსონაჟებს ახმოვანებენ თანამედროვე მსახიობები: ანა, ნინაკა, ლიკუნა, ბანძელა, კოსტა, აბესალომი და ესმა ხდებიან - გეგი, მარიამ, ჩარგაზ, მიქაელ, სოფი, ქვარა, სალამე, თენგიზ და ბესარიონ. სტუდია იქცევა ხალდედ, ლაზღანდარობას (რომელიც ნიშნავს მეგობრობას, კოლეგიალობას, პროფესიულ საქმიანობას, მოქალაქეობას, ერთდროულად ფარულ იერარქიას, ფარულ ჩაგვრას და ამავე დროს დაფასებას, პატივისცემას და თვითშეწირვას) ანაცვლებს თავგანწირვა და ტრაგედია სრულად დაღუპვისა.

ხმის ჩამწერ სტუდიაში ამბის რეკონსტრუირება, პირველ რიგში, ხაზს უსვამს ჟღერადობას, აკუსტიკას: სახელებს. სპექტაკლის მთავარი პერსონაჟები ხმები და სახელები არიან, ტრანს-ეპოქალური მეტყველება. ვინაცვლებთ დაკარგულ დროში, რომელიც აქ არ არის, მაგრამ აქაა: სახელებშია; ჩვენ ვართ.

აღსანიშნავია სამსახიობო თამაშის სპეციფიკა. კოლაჟურ მოქმედებებში მსახიობები სრულად ავლენენ გამომსახველობით ტექნიკას (ხმით, სახის მიმიკრიითა და ჟესტიკულაციით), გარდასახვას. გახმოვანების ტექნიკურობა, რასაც სტუდიაში მუშაობისას ვხვდებით, სწორედ ამ მომენტის წყალობით, კონტრასტის ძალით საოცარ მასშტაბს სძენს მსახიობის გარდასახვას. გარდასახული არ ეკუთვნის სცენას, არამედ მხოლოდ რეპრეზენტირდება სცენაზე: ის უკვე ეკუთვნის მაყურებლის განცდას, შთაბეჭდილებასა და წარმოსახვას, სახელები რომ მიუძღვიან. უცნაურად შთამბეჭდავი სანახაობა ვითარდება, რომელიც მოიცავს სცენასა და მაყურებელს და კიდევ იმას, რაც მაყურებლის უკანაა, საიდანაც მაყურებელი მოდის: სამყაროს, რომელსაც სახელის გვირგვინი ადგას.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რეჟისორის მოსმენის კულტურა, ის, თუ როგორ უსმენს ის სცენებს, როგორ უსმენს თავად პიესას. არის მომენტები, როცა რეჟისორი კითხულობს პიესაში „გამოტოვებულ“ ადგილებს. მაგალითად, როცა სპექტაკლში ესმას ეტყვიან, რომ სწორი პათეტიკით ჩაწერა თავისი პასაჟი და არაჩვეულებრივი იყო, ესმა პასუხობს: სწორედ ის არ მინდოდა, რომ პათეტიკური ყოფილიყო, ხელახლა ჩავწერ! პიესის სამუშაო ვერსიაში ასე არ არის, მაგრამ აშკარად სწორი „ჩამატებაა“: აღნიშნული დეტალი აღრმავებს და ავთენტურ ხიბლს სძენს ესმას პერსონაჟის პერფექციონიზმს, იმპულსურობასა და სტუდიის სამუშაო გარემოს სპეციფიკას.

სპექტაკლის ნაკლად უნდა შეფასდეს ის, რომ მაყურებლის განტვირთვისთვის, სული ამოთქმისთვის საჭირო ზოგიერთი მომენტი, ჩემი აზრით, სათანადოდ არ არის განვითარებული. ვისურვებდი მეტი დღესასწაული ყოფილიყო ესმას დაბადების დღის მილოცვის სცენაში (მიუხედავად ტრაგიკული ისტორიისა - მამის ამბავი - რომელიც ბოჭავს ამ სცენას და მუქი ფერებით მოსავს); ვფიქრობ, სტუდიაში არაფორმალურ ურთიერთობებს მეტი სილაღისა და ნათელი ფერების დამატება სჭირდება. სავარაუდოდ გეი-პერსონაჟი კოსტა - მსახიობი კონსტანტინე ფოცხვერაშვილი (სწორედ ამ პერსონაჟის გარდასახვაა ყველაზე საინტერესო ხმის ტემბრისა და განსხვავებული ქცევის სტილის გამო) შეიძლება მეტი ინტენსივობით შემოვიდეს არაფორმალური ურთიერთობების დროს (პირადი ისტორიის შემოჭრა). სტუდიას აკლია ფლირტის მსუბუქი მომენტიც. ჩამოთვლილი შტრიხები მეტ კონტრასტს მოგვცემდა ხალდეს თემასთან და სპექტაკლი უფრო შევსებული და სრულფასოვანი გამოვიდოდა.

„ხალდე“ უცნაური ტექსტი და სპექტაკლია იმ აზრითაც, რომ გვაძლევს სივრცეს საჭირო საკითხებზე დასაფიქრებლად: ხმის როლი სპექტაკლში; ხმის/სახელის ძალაუფლება: რას უშვრება მსახიობს და რას უშვრება სცენას? სახელის/სიტყვის მაგია დრამაში: სუბიექტის ჭეშმარიტების ტრაექტორიას როგორ სახავს სახელთა ლაბირინთი. ეს საკითხები მოითხოვს თეორიულ კვლევას, დისერტაციებსა და მონოგრაფიებს, რომელთა გარეშეც ეროვნული თვითგამორკვევის გზაზე ფონს ვერ გავალთ.

რა დაემართებოდა პრუსტს, ჩვენ შორის რომ გაჩენილიყო და ჩვენი სახელები მოესმინა: ხალდე და სხვა სახელები? უეჭველად გაგიჟდებოდა, ისევე, როგორც ჩვენ გავგიჟდით. რადგან ერთი ადამიანისთვის და ერთი ხალხისთვის უზომოდ ბევრი, შემძვრელი სახელი ჟღერს ჩვენს ენაში, ჩვენს სამშობლოში (ჩვენი ნამდვილი და შესაძლოა, ერთადერთი და უკანასკნელი სამშობლო ჩვენი ენაა, უფრო ზუსტად - ენები; აქაც, ენის სახელიც კი არაერთი გვაქვს...). პრუსტი გენიალურად ნორმალური დარჩა, რაციონალური, ევროპული, ჩვენ კი გავგიჟდით, სახელთა აუტანელმა მაგიამ გაგვაგიჟა; მაგრამ ჩვენ ამას ვმალავთ, არ ვიმჩნევთ, არავის ვეუბნებით. მხოლოდ, ზოგჯერ, ნინო სადღობელაშვილისნაირ შესანიშნავ დრამატურგს ხელი წაუცდება და ხალდესმაგვარ პიესას დაწერს, რომელშიც ჩვენს მთავარ საიდუმლოს - სახელ(ებ)სა და სიგიჟეს - გაამხელს.

ჩვენი სახელია ხალდე, ნინო სადღობელაშვილის საოცარ სახელთან ერთად ქართულ დრამატურგიაში; და მსახიობების სახელებთან ერთად, რომლებშიც მიუწვდომელს, როგორც აქმყოფს, ვიხსენებთ:

კონსტანტინე ფოცხვერაშვილი

ანა ბერელაშვილი

ანანო ლომიძე

დათო ჩოგოვაძე

გიორგი გიორგაძე

ნანუკი მაკრახიძე

ანა ბანძელაძე

bottom of page