top of page

ხალხის მტერი თუ სტატისტიკაში ჩატეული შენ?!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

თოქშოუდ ქცეული სამყარო

14.07.2026

მარი ჩაფიძე
ხალხის მტერი თუ სტატისტიკაში ჩატეული შენ?!

ნორვეგიელი მწერლის, ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“ სოციალური დრამაა, სადაც ერთი ადამიანი საზოგადოებას უპირისპირდება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად.
„ხალხის მტერის“ მთავარი პერსონაჟი ექიმი სტოკმანი ყველასათვის საყვარელი, პატივსაცემი ადამიანია. მოვლენები პატარა ქალაქში ვითარდება, სადაც სტოკმანმა არცთუ ისე დიდი ხნის წინ სამკურნალო წყლები აღმოაჩინა. მოგეხსენებათ, ეკონომიკური თვალსაზრისით, პატარა ქალაქისთვის როგორი ღირსშესანიშნავი მოვლენაა თუმცა, როცა პიესა იწყება ვხვდებით იმ მოვლენის ეპიცენტრში, სადაც ექიმი სტოკმანი ახალ აღმოჩენას გააკეთებს და დაამტკიცებს, რომ სამკურნალო წყარო კანალიზაციის ნარჩენებით იწამლება, რის შედეგადაც პაციენტების ჯანმრთელობა ფატალური ხდება. როგორც ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი, ექიმი სტოკმანიც შეშფოთებულია ამ ამბით და ცდილობს მთელ ქალაქს მიაწოდოს ინფორმაცია. თუმცა პიესა ყველაზე საინტერესო სწორედ მაშინ ხდება, როცა საკუთარი ძმა, რომელიც ქალაქის მერია, უპირისპირდება და ესაუბრება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც ადმინისტრაციული საიდუმლოება და ეკონომიკური ზარალია.


ამავე სახელწოდების, მარჯანიშვილის თეატრში დადგმული, სოფიო ქელბაქიანის სპექტაკლი გამოხმაურებაა საქართველოში არსებულ აბსურდულ პოლიტიკურ თუ სოციალურ მდგომარეობაზე. ექიმ სტოკმანს ნიკა თავაძე განასახიერებს. თავაძის პერსონაჟი ოპტიმისტურადაა განწყობილი გარშემომყოფების მიმღებლური ხასიათისა და ახალი ინფორმაციის მიღების მზაობისკენ. როგორც პიესაში, ისევე სპექტაკლშიც, ქალაქის მერი(დავით დვალიშვილი)  ყველა ხერხს ცდის, რომ საკუთარ ძმას გადააფიქრებინოს იარაღად ქცეული სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა. მოკლედ, რომ ვთქვათ ვხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს და მთელი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, თუ საბოლოოდ ვინ შეძლებს თავის დაცვას.


 ნელ-ნელა მედიასთან აღწევს ახალი ინფორმაცია, სადაც ძალიან კარგად ჩანს მათი დუალური სახე. ზოგადად, ინტერესი, ეჭვი, ცნობისმოყვარეობა ადამიანს ავითარებს და წინ სწევს, მაგრამ შიშის შემოსვლისთანავე ეს ყველაფერი ქრება და რჩება მხოლოდ ერთი უალტერნატივო გზა, რომელსაც ვერ გადაუხვევ. სწორედ, ასეთ პერსონაჟებს განასახიერებენ გიორგი შარვაშიძე, ირაკლი ჩხიკვაძე და  გიორგი კიკნაძე. ისინი ოჯახთან დაახლოებული პირები არიან, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად სტუმრობენ მათ. სანდომიან პიროვნებებს ვერ დავარქმევთ, რადგან სოფიო ქელბაქიანი ამის საშუალებას  არ გვაძლევს და მუდმივად გვახსენებს, რომ „ჯამბაზის თავი“  ხელიდან ხელში გადადის. ამ შემთხვევაში ისევე სწრაფად იცვლება მდგომარეობა, როგორც მედიის პროფესიული მიზნები და ინტერესები.

რეჟისორი მატრაბაზობად გადაქცეულ პირდაპირ ეთერს გვაყურებინებს, სადაც მთლიანი სცენა და დარბაზი მწვანედ შუქდება. პირდაპირ მიანიშნებს ჩვენს უშუალო კავშირს იმ წარმოდგენასთან, რასაც სცენაზე ვხედავთ. ინტერაქციული ეთერის დაწყებიდან წამყვანი გვაძლევს ასოციაციურ გამოცანას. ეკრანზე ვხედავთ სხვადასხვა საგნებს, რომლებიდანაც თანმიმდევრობით გადავყავართ. საბოლოოდ, კი ჩვენივე ჩაფიქრებული და ბოლო საგანი აღმოჩნდება ის, რომელსაც წამყვანი ამბობს. ეს საუკეთესო მაგალითია იმისა თუ, როგორ მარტივად შეიძლება საზოგადოების ფიქრების წარმართვა იქით საითაც ზემდგომს სურს. ზოგადად, ფიქრების გაკონტროლების მცდელობა ერთი შეხედვით აბსურდული და წარმოუდგენელია, თუმცა წარმართვა არც ისე, იმიტომ, რომ :  „ყველა ცხოველი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.


ამ ეთერში ორი ოპონენტი და დამსწრე საზოგადოება გვყავს - სტოკმანის ოჯახის წევრები/მეგობრები.

ფრუ სტოკმანს(თეონა ქოქრაშვილი) დამზავებლური როლი აქვს შეთავისებული. სპექტაკლის დაწყებიდან დასასრულამდე იგი ღელავს. მისი შეშფოთება უსაფუძვლო სულაც არ არის, თუმცა, დახმარების ხელის გაწვდენადაც არ ჩაითვლება. მისი ერთადერთი საზრუნავი ოჯახის დაცვა და მშვიდობაა, რაც თავისთავად ცუდი არ არის. თუმცა, მეუღლის სიმართლეში თითქოს თვითონაც არ არის დარწმუნებული ან კი ვის რაში სჭირდება ასეთი სიმართლე. ამიტომ, მხარს მხოლოდ ეთერის დროს უჭერს, როცა ოჯახის მომავალი ზღურბლზე დგას და გამოსავალი ერთად დგომის გარდა სხვა არ არის.


რასაც ვერ ვიტყვით უფროს ქალიშვილ პეტრაზე (ნატალია გაბისონია). ის თავიდანვე ეხმარება მამას სიმართლე დაამტკიცოს. იგივე მორალურ ღირებულებას იზიარებს და ეთერის დროს, როცა ექიმ სტოკმანს ბრალს სდებენ უმეცრებაში პეტრა დამსწრე საზოგადოებას გამოეყოფა, მიკროფონთან მიდის და სიტყვას ამბობს.  „ერთი ადამიანის ხმა აღარ ნიშნავს არაფერს იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ინდივიდები აღარ ვართ. ჩვენ ვართ სტატისტიკა და ამიტომ ჯობია დღეს ჩუმად, მშვიდად გადავყლაპოთ ტყუილი, თუნდაც ის ხვალ მოწამლულ მომავლად გვექცეს“ ხშირად, ადამიანები ერთიმეორეს ისევე სწრაფად უარვყოფთ, როგორც გვიყვარდება. საზოგადოებაშიც ასევე ხდება, სწრაფ აღფრთოვანებას მოულოდნელი სიძულვილი ჩაანაცვლებს ხოლმე. რადგან ყველაზე მარტივი სხვისი დადანაშაულებაა. ინფორმაციულ ვაკუუმში, სადაც მხოლოდ იმას გაწვდიან რისი მოცემაც თვითონ სურთ, სადაც მართალი სიმართლისთვის ბრძოლას ნებდება, სადაც მიზანი არც საშუალებას ამართლებს და არც თვითონ შედეგს, საზოგადოება მიდის იმისკენ ვინც ესაუბრება. შედეგად ვიღებთ ნორმალიზებურ ჩაგვრას.


ამ ეთერის მსვლელობისას ექიმი სტოკმანი ნებდება. ბოლოს, როცა ჯერი მოხსენების წაკითხვაზე მიდგება ხვდება, რომ აზრი აღარ აქვს. ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება ნიჭის მოხმარების უნარია, რასაც სტოკმანი უარყოფს. მისი ბრძოლის სურვილი უარყოფის ეტაპზე გადადის და ჩხუბობს. სოფიო ქელბაქიანი პირდაპირი ეთერის მიმზიდველ მხარეს გვიჩვენებს. აქ უტიფრად დასცინიან მართალს, მოსახლეობას აბუჩად იგდებენ და თვალში ნაცარს აყრიან.
 

ძალიან საინტერესო და სახასიათო პერსონაჟია მორტენ კიილი(დიმა ტატიშვილი), ფრუ სტოკმანის მამობილი, რომლის პოზიციას საერთოდ ვერ გაიგებ. სოციუმში ყოველთვის არის ერთი (მეტიც) ასეთი, რომელიც რეალურ სახეს ბოლო წამამდე არ გაჩვენებს. დინებას მიჰყვება და როგორც მისთვის უკეთესია ისე იქცევა. სტოკმანის მხარდასაჭერად ეთერში მისული კიილი ოჯახს უკან მიჰყვება და ტელევიზიიდან გადის. თუმცა, მდუმარედ. თითქოს ყველა ადამიანს რაღაც აქვს სათქმელი, მაგრამ რასაც რეჟისორი გვთავაზობს უბრალო შორისდებულებზე მეტია - მჭახე დუმილი, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ხმის ამოღებაა. სპექტაკლის ბოლოს, როცა ქუჩაში დარბევა ხდება, სტოკმანის ოჯახი იძულებულია სხვაგან გადავიდეს საცხოვრებლად.  მამობილი ეკრანიდან გვეცხადება და ამბობს, რომ სანატორიუმის სააქციო ფასი იმდენად მისაღები აღმოჩნდა მისთვის, ქალიშვილისა და შვილილიშვილებისთვის შენახული ფინანსებით შეისყიდა. ამიტომ ჩვენს სასარგებლოდ მდინარის კალაპოტის შეცვლა შესაძლებელია თუმცა, მთავარია ისეთი მდინარე ვიპოვოთ, რომელიც არ ჩაგვყლაპავს.


რაც შეეხება, კოკო როინიშვილის პერსონაჟს  სახალხოდ გადამწყვეტ სიტყვას არ ამბობს, მაგრამ ხელს გაუწვდის თომას სტოკმანის ოჯახს, რადგან პეტრას და მამამისის მხარე დაიჭირა ტელევიზიაში, ხალხის თვალწინ, სამსახურიდან გაათავისფლეს. ასევე მოექცნენ ყველას ვინც კი სიმართლის მხარეს დადგა. ერთადერთი ბერკეტი სიმართლესთან ბრძოლაში მუქარა, დაშინებაა. ხოლო, როცა ესეც არ ჭრის ამ ყველაფრის აღსრულება რჩება.

ასევე მინდა ვისაუბრო ტომას ოსტერმეიერის დადგმულ „ხალხის მტერზე“. ეს დადგმა იმით გამოირჩევა, რომ მეოთხე მოქმედება მთლიანად ინტერაქციულია. მსახიობები თამაშს წყვეტენ და სცენიდან მაყურებელს მიმართავენ, სადაც ეწყობა დისკუსია. მაყურებელი აღარ არის პასიური. მათ ეძლევათ შანსი დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება დემოკრატიასა და კაპიტალიზმზე.  ოსტერმეიერმა და ფლორიან ბორხმაიერმა სტოკმანის სიტყვა შეცვალეს, სადაც იგი არა მხოლოდ წყლის დაბინძურებაზე საუბრობს, არამედ თავს ესხმის ოპონენტს და ანტიკაპიტალისტური მანისფესტით წარსდგება.


ძალიან კარგად აქვს აქცენტი დასმული სამთავრობო სტრუქტურების კომპრომისებზე. პოლიტიკურ ელიტას პირდაპირ ამხელს, რომლებიც ფინანსურ მოგებას ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა აყენებენ. უპირისპირდება მომხმარებლურ საზოგადოებას, კონფორმისტებს. მსახიობები პერსონაჟების თვისებებს ინარჩუნებენ, მაგრამ დარბაზიდან წამოსულ ნებისმიერ ფრაზაზე რეაგირებენ. მერი ცდილობს პოლიტიკური ჭრილიდან გაამძაფროს სიტუაცია და მაყურებელი მორალური დილემის წინაშე დააყენოს. ამბობს, რომ გადასახადები გაიზრდება, ბიზნესი დაინგრევა..


ამ ინტერაქციის გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ დებატების შედეგი სტოკმანის სასიკეთოდ სრულდება, თუმცა როცა მოქმდება სცენაზე ბრუნდება მერი ამბობს: „სტოკმანი ხალხის მტერია“. უმრავლესობის აზრის არაფრად ჩაგდებით ჩვეულ რიტმს უბრუნდება და თითქოს ეს ყველაფერი ამაოდ დახარჯული სიტყვებია.


იბსენის პიესის დასასრულში სტოკმანი არ ნებდება და ქალაქიდან წასვლაზე უარს ამბობს. ღარიბი ბავშვებისთვის სკოლის გახსნა სურს, რათა აღზარდოს თავისფლად მოაზროვნე თაობა. მის იდეალისტურობაზე ძალიან კარგად მიგვითითებს ფრაზა „ყველაზე ძლიერი ადამიანი ქვეყნად ის არის, ვინც მარტოდ დგას“.


ოსტერმეიერის ფინალი პრაგმატიზმით აღსავსე და დამთრგუნველია. ცოლ-ქმარი უსიტყვოდ უყურებს აქციების ქაღალდებს. რაც მიგვანიშნებს, რომ ისინი ამ სისტემას ურიგდებიან და შეიძლება აქციები შეიძინონ - იდეალიზმის სრული დამსხვრევაა. საზოგადოება, რომელიც მუდმივად რაღაცაზე ბრაზობს, არ ურიგდება სისტემას. მზად არის ჰქონდეთ თავისუფალი სიტყვა, რეალობის წინაშე დადგომის დროს როგორ იქცევა? ჩვენ როგორ ვიქცევით? ამას რეჟისორი ღიად ტოვებს, როგორც ჩვენ ყველა.

სოფიო ქელბაქიანის დადგმაში ვხედავთ ინტერაქციის გადათამაშებას. თითქოს ამით მიგვანიშნებს, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგვიძლია, თუმცა წამყვანი, როცა ამბობს რომ ვაშლი ჩავიფიქრეთ ამ დროს შენც ნებდები და სულ რომ არ გეფიქრა იმ ვაშლზე აღარც იტყვი. სწორედ, ეს არის დღევანდელი რეალობა, რაც სცენაზე გადმოიტანა ქართველმა რეჟისორმა.


ამის მიუხედავად, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სოფიო ქელბაქიანი სპექტაკლის ბოლოს რწმენად გვიტოვებს სტოკმანის ახალ აღმოჩენას, რომელიც არ ვიცით რა არის, რა ბედი ეწევა და ა.შ. მაგრამ დანებება არასდროს არის გამოსავალი.


თვითონ სპექტაკლის პირველი მოქმედება დინამიკურია. თითქმის ჰარმონიულობასთან ასოცირებული. სცენოგრაფიის ფერებიც ხელს გვიწყობს მყუდრო და პატივსაცემი ოჯახის წარმოდგენაში. თუმცა, მეორე მოქმედება იმ მწვავე რეალობაში გვაგდებს, სადაც უსამართლობას ვეჯახებით და გვთრგუნავს.


უნდა ითქვას, რომ საჭირო დროს დადგმული სპექტაკლია. ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც მრავალი სტოკმანია, რომლებიც საკუთარი სიმართლისთვის იბრძვიან.
 

bottom of page