
იქნე ბ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

11.10.2026
ზუკა ნემსაძე
იქნებ სადმე ხანძარია? - დაპოსტე, რომ გავიგოთ!
ეჟენ იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალი“ აბსურდის თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია. პიესა, რომელშიც ყოფითი საუბარი თანდათან კარგავს ლოგიკურ კავშირებს და ნებისმიერი წარმოთქმული სიტყვა (ერთი შეხედვით) შინაარსისგან დაცლილია. კომუნიკაცია კი ადამიანებს შორის ურთიერთგაგების ნაცვლად გაუცხოების ფორმად იქცევა.
სწორედ ამ ხაზს მიყვება რეჟისორი თეიმურაზ დვალი, რომელიც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი 2026-ის გამარჯვებული რეჟისორია და სწორედ ამ ფესტივალისა და კულტურის სამინისტროს დახმარებით, სპექტაკლი „მელოტი პრიმადონა“ მან ფოთის თეატრში დადგა.
სპექტაკლის მხატვრობა ლილუ ბირკაძემ იმუშავა, კომპოზიტორი - დაჩი დოდაშვილია, ქორეოგრაფი კი ირინა კუპრავა, ხოლო ტექნიკური რეჟისორი ეკა ჩაკვეტაძეა.
თეიმურაზ დვალი, ამჯერად, საკმაოდ ზუსტად გრძნობს იონესკოს დრამატურგიულ ბუნებას და რაც მთავარია, კარგად იჭერს იმ რთულ ზღვარს, სადაც აბსურდი და კომედია შეიძლება გაერთიანდეს.
რეჟისორი არ ცდილობს ტექსტის ხელოვნურად „გართულებას“ ან მისთვის ზედმეტი ინტელექტუალური სიმძიმის მინიჭებას პირიქით, ენდობა იონესკოს პარადოქსულ იუმორს და სცენაზე მისთვის შესაბამის რიტმს ქმნის. თეიმურაზ დვალს კარგი ალღო აღმოაჩნდა კომედიური სიტუაციების მიმართაც: რიგ ეპიზოდებში სიცილი სწორედ პერსონაჟების ქცევის ალოგიკურობიდან, გამეორებებიდან, მოულოდნელი რეაქციებიდან და ერთმანეთთან თითქოს სრულიად აცდენილი კომუნიკაციიდან იბადება. ამ ყველაფერს რეჟისორი ერთიან თამაშის წესად კრავს და შედეგად აბსურდი სცენაზე მხოლოდ ფორმალურ ხერხად აღარ რჩება, იგი ცოცხალი, დინამიკური და მაყურებლისთვის ადვილად წასაკითხი ხდება. ამ დადგმაში განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ რეჟისორმა იონესკოს სამყაროსთან საერთო ენა იპოვა და მისი კომედიური ბუნების სცენურად ამუშავებაც შეძლო. „ვპოსტავ ანუ ვარსებობ“ მოტივი, მთელი სპექტაკლი განმავლობაში ლაიტმოტივია, რომელიც აჩრდილივით დასდევს ყველა პერსონაჟს.
რეჟისორმა, 21-ე საუკუნის უმთავრესი პრობლემა იკვლია - გაჯეტები, ვაიფაის მოდემი, თანამედროვე ადამიანის მნიშვნელოვანი პრობლემა სოციალურ ქსელები. რაც მთავარია, რეჟისორი მორალს არ კითხულობს სცენიდან, იგი ცდილობს უბრალოდ დააფიქროს მაყურებელი და აძლევს შანსს, რომ დასვას კითხვები და თავად გასცეს დასმულ კითხვებს პასუხი.
ცალკე უნდა აღინიშნოს რეჟისორის მიერ პარტერთან ურთიერთობის პრინციპი - თეიმურაზ დვალი სპექტაკლის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ მაყურებელთან უშუალო კონტაქტზე აგებს. შეიძლება ითქვას, ზოგჯერ ამ ხერხს გადაჭარბებულადაც კი მიმართავს, თუმცა საინტერესოა, რომ ეს ინტენსიური კომუნიკაცია არც ერთ მომენტში არ ხდება შემაწუხებელი ან დამღლელი. პირიქით, მსახიობებისა და მაყურებლის მუდმივი ურთიერთქმედება ორგანულად ერწყმის სპექტაკლის საერთო რიტმს, აძლიერებს მის კომედიურ ბუნებას და პარტერს სცენაზე მიმდინარე აბსურდული თამაშის თანამონაწილედ აქცევს. შედეგად, მაყურებელთან პირდაპირი დიალოგი დადგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სარეჟისორო ხერხად ყალიბდება და წარმოდგენის დინამიკას ბოლომდე ინარჩუნებს.
პროგრამა, რომელიც ფოთის თეატრში ყველას მოგვცეს ასეთი ფრაზა წერია: სპექტაკლის სამყარო ყალბი და პლაკატურია. ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც რეჟისორმა დასვა და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე გადასვლის შესაძლებლობაც მომცა - სწორედ ამ „სიყალბის“ კონტექსტში საინტერესო ხდება სამსახიობო ანსამბლზეც საუბარი თუმცა აქ უკვე რთულია ყოველთვის ზუსტად გაარჩიო, სად მთავრდება რეჟისორის მიერ განზრახ შექმნილი ხელოვნურობა და სად იწყება თავად მსახიობის სცენური არაორგანულობა. ყველა შემსრულებელი თანაბრად დამაჯერებელი ნამდვილად არ არის: ზოგიერთ მათგანთან პერიოდულად იგრძნობა თამაშის სიყალბე, რომელიც იონესკოს სამყაროსთვის აუცილებელ პირობითობას სცდება და უბრალოდ ხელოვნურ ინტონაციად თუ ქცევად რჩება. პარადოქსულად, სპექტაკლში, რომლის სამყაროც შეგნებულად ყალბი და პლაკატურია, სწორედ ეს ზღვარი მოითხოვს მსახიობისგან განსაკუთრებულ სიზუსტეს - აბსურდის თამაში ხომ სულაც არ ნიშნავს არაორგანულად თამაშს.
ნინო გოშაძის მისის სმიტი სცენაზე ნამდვილი ვულკანური ამოფრქვევაა, მით უფრო, რომ სწორედ ის იწყებს წარმოდგენას და პირველივე წუთებიდან სპექტაკლის თამაშის წესსაც განსაზღვრავს. აშკარაა, რომ მაყურებლით სავსე პარტერთან ურთიერთობისას მსახიობი იმპროვიზაციასაც თავისუფლად მიმართავს. პრემიერაზე „სამთავრობო რიგად“ ცნობილ რიგში „თეატრმცოდნე“ სტუმრები ვისხედით, ჩემს გვერდით კი „თეატრალური სივრცის“ მთავარი ცეცხლის დამნთები, თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი აღმოჩნდა, ხოდა ნინო გოშაძის მისის სმიტმაც ბევრი ფიქრის გარეშე, არჩევანი მალევე გააკეთა ხან ხელებს უკოცნიდა, ხან ეთაყვანებოდა, ბოლოს კი ლამის სრულფასოვან სასცენო პარტნიორადაც აქცია: ტელეფონი მიაჩეჩა და თანამედროვე სამყაროსთვის ასე ნაცნობი „ვლოგის“ გადაღებაც დაავალა. ლაშა ჩხარტიშვილიც, უნდა ითქვას, რომ მსახიობს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა და მის მითითებებს სანიმუშო მორჩილებით ასრულებდა. და მაინც, რა ირონიულია ყველაფერი - შეგიძლია პარტერში მთელი „ვაგონი“ თეატრმცოდნეები დასვა, მაგრამ ქართველი არტისტის გული, როგორც ჩანს, მაინც კრიტიკული ლაშა ჩხარტიშვილისკენ მიიწევს.
რაც შეეხება ბექა ჯუმუტიას მისტერ სმიტს, მსახიობი ქმნის ოდნავ „მოაბდლო”, თავისებური მეტყველების მანერით გამორჩეულ პერსონაჟს, რომლის კომიკურობაც სწორედ ამ გარეგნული სიმარტივისა და უცნაურობის ერთობლიობიდან იბადება. ბექა ჯუმუტია ზუსტად გრძნობს აბსურდული კომედიის ბუნებას, არ ცდილობს პერსონაჟის ზედმეტად გამძაფრებას და მისტერ სმიტის მხატვრულ სახეს მკაფიო, სახასიათო შტრიხებით აყალიბებს.
საბა ნუცუბიძის, მისტერ მარტენი და მაშიკო თვალაბეიშვილის, მისის მარტენია სპექტაკლის ერთ-ერთ მთავარ ხაზს ქმნიან. გაჯეტებით შეპყრობილი, გარემოსა და ერთმანეთისგანაც გაუცხოებული, რეალობას მოწყვეტილი პერსონაჟების მხატვრული სახეებს ქმნიან, რაც განსაკუთრებით ზუსტად ერგება დადგმის კონცეფციას. მარტენები აქ ყველაზე ალოგიკური, არათანმიმდევრული და თითქოს მუდმივად „სხვაგან მყოფი“ პერსონაჟები არიან - ფიზიკურად სცენაზე იმყოფებიან, მაგრამ გონებით ამ სამყაროს თითქმის აღარ ეკუთვნიან. საბა ნუცუბიძე და მაშიკო თვალაბეიშვილი ამ მდგომარეობას კარგი პარტნიორული თამაშითა და კომედიური სიზუსტით გადმოსცემენ. ორივე მსახიობი გამორჩეული სასცენო ფაქტურითა და ვიზუალური მომხიბვლელობით გამოირჩევა; მათი ხაზგასმული სექსუალურობაც პერსონაჟთა სცენური სახის ორგანულ ნაწილად იქცევა.
რაც შეეხება ანი ანდღულაძის მერის, მსახიობი გამოირჩევა სცენური თავისუფლებით, კარგი რიტმის შეგრძნებითა და მკაფიო კომედიური ალღოთი. შემთხვევითი არ არის, რომ რამდენიმე მიზანსცენა სწორედ მის პერსონაჟზეა აგებული, ანი ანდღულაძე თავისუფლად მართავს ამ ეპიზოდებს, ინარჩუნებს მათ დინამიკას და პარტნიორებთან ურთიერთობისასაც ზუსტად გრძნობს თამაშის საერთო წესს. მისი მერი ცოცხალი, სახასიათო და დასამახსოვრებელი პერსონაჟია, ხოლო თავად მსახიობი ამ დადგმაში საკუთარ პროფესიულ შესაძლებლობებს საკმაოდ დამაჯერებლად ავლენს.
ნიარა ჭიჭინაძის მეხანძრე ამ სპექტაკლის ნამდვილი ფოიერვერკია. მსახიობი ახალგაზრდა პარტნიორებთან ერთად სცენაზე საოცარი ენერგიითა და სამსახიობო ოსტატობით არსებობს და აჩვენებს, რამდენად ზუსტად გრძნობს აბსურდის ბუნებასა და მის კომედიურ რიტმს. მისი მეხანძრე, რომელიც „შლანგით” ხელში გამუდმებით დარბის და თითქოს სასოწარკვეთილი ეძებს ცეცხლს, რომ სადმე მაინც ჩააქროს, იონესკოსეული ალოგიკურობის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და სახალისო სახედ იქცევა. ნიარა ჭიჭინაძე თითოეულ მოძრაობას, ინტონაციასა და რეაქციას ზუსტად აკონტროლებს და სწორედ ამ სიზუსტით ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს სცენაზე ყველაფერი სპონტანურად, იმ წამს იბადება. ნიარა ჭიჭინაძეს აქვს ის იშვიათი სასცენო თავისუფლება, როდესაც პროფესიული გამოცდილება არა სიმძიმედ, არამედ თამაშის უსაზღვრო შესაძლებლობად იქცევა. მისი სცენაზე ყოფნა იმდენად ზუსტი, ენერგიული და ბუნებრივია, რომ ყველაზე მცირე ეპიზოდშიც კი მაყურებლის ყურადღების ცენტრს დაუყოვნებლივ თავისკენ იზიდავს. მიზანსცენა - ნიარა ჭიჭინაძის, მეხანძრის მიერ მოტაცებული ვაიფაის მოდემი, რომელიც მსახიობს „შლანგთან” ერთად ეჭირა ხელში - გავდა, სცენას ჩვენი რეალობიდან როცა ვაიფაის მოდემს თიშავს, ჩვენი ოჯახის უფროსი წევრი, რომ ცოტა ხანი რეალობაში დაბრუნდე და ყურადღება მიაქციო.
განსაკუთრებით დასაფასებელია ისიც, რომ ნიარა ჭიჭინაძე ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად სრულად მიჰყვა რეჟისორის მიერ შეთავაზებულ თამაშის წესს, უარი თქვა ყოველგვარ სცენურ სერიოზულობაზე, თავისუფლად ჩაერთო ამ განზრახ თავშეუკავებელ, ლაღ და ექსცენტრიულ თამაშში და შთამბეჭდავი შედეგიც შექმნა. სწორედ ეს პროფესიული თავისუფლება და თვითირონიის უნარი აძლევს მას შესაძლებლობას, სცენაზე ახალგაზრდა პარტნიორების ენერგიას არა მხოლოდ აუწყოს ფეხი, არამედ ხშირ შემთხვევაში თავადაც განსაზღვროს მისი ტემპი.
საბოლოოდ, თეიმურაზ დვალის „მელოტი პრიმადონა“ საინტერესო სპექტაკლია, რომელსაც საკუთარი სარეჟისორო ხედვა, გამოკვეთილი თამაშის წესი და მაყურებელთან ურთიერთობის მკაფიო ფორმა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის შესაძლებლობაც, რომელსაც რეგიონული თეატრების საერთაშორისო ახალგაზრდული ფესტივალი, ახალგაზრდა რეჟისორებს აძლევს - გამარჯვებულისთვის იდეა მხოლოდ საკონკურსო განაცხადად არ რჩება და რეალურ პროფესიულ სივრცეში განხორციელების შესაძლებლობას იძენს. ამ პროცესს უკვე მეორე წელია მხარს უჭერს ფოთის თეატრიც, საბა ასლამაზიშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორებს საკუთარ სცენას უთმობს და მათი პროფესიული ძიებისა და განვითარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცევა. თეიმურაზ დვალის ეს ნამუშევარიც სწორედ იმის კარგი მაგალითია, რომ ახალგაზრდა რეჟისორისთვის მიცემული შესაძლებლობა შეიძლება საინტერესო და ღირსეულ სცენურ შედეგად გარდაიქმნას.
P.S სანამ ფოთის თეატრში, „მელოტი პრიმადონათ“ დატრიალებული ხანძარი ბზვინვარებს - მეც დავწერ, რომ მერე ეს რეცენზია დაიპოსტოს და თქვენც გაიგოთ.
ფოტო: მიხეილ შენგელია